პარტია „ლელო“ პარლამენტთან სოლიდარობის აქციას მართავს

86
spot_img

ოკუპირებულ აფხაზეთში, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად პარტია „ლელო“ პარლამენტის უკანა შესასვლელთან სოლიდარობის აქციას მართავს.

მათ ხელში უჭირავთ ბანერი, წარწერით, „სოლიდარობა ირაკლი ბაბუას”.

„ლელოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, ირაკლი ბებუას გათავისუფლება ეროვნული ინტერესის და ღირსების საქმეა.

„ჩვენ, „ლელო”, ირაკლი ბებუასა და დანარჩენ ადამიანებს, რომლებიც როგორც სოხუმის, ასევე ცხინვალის იზოლატორებში იმყოფებიან, სოლიდარობას ვუცხადებთ. ირაკლი ბებუას და ქრისტინა თაკალანძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია და სასწრაფოდ საჭიროებს რეაგირებას. სახელმწიფოს, ხელისუფლებას შეუძლია, რომ ძალისხმევა საერთაშორისო დონეზე გააძლიეროს. ბებუას გათავისუფლება ეროვნული ინტერესის, ღირსების საქმეა. საჭიროა, რომ ყველა არსებული ბერკეტი გამოიყენონ, ამის ბერკეტები აქვთ განსაკუთრებით ძალოვან უწყებებს. თუ ისურვებენ, იქნება სახელმწიფოებრივი მიდგომა და პატრიოტული სულისკვეთება, ეს ადამიანები სწრაფად უნდა დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს”, – განაცხადა ლანა გალდავამ.

ცნობისთვის, ირაკლი ბებუა 2020 წლის სექტემბერში დააკავეს. მან გალის რაიონში „აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა“ დაწვა. ის ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის”, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანების” და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის” მუხლებით გაასამართლა. მას 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.