„რა ვნახე და რა ვისწავლე უკრაინაში 650-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ყოფნის დროს“ – რას წერს ჟურნალისტი კოლინ ფრიმენი

144
spot_img

 „უკრაინის არმიის კონტრშეტევას შთამბეჭდავს ვერ ვუწოდებ“, – წერს ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) ჟურნალისტი კოლინ ფრიმენი, რომელმაც სამი კვირა გაატარა რუსეთ-უკრაინის ომის ფრონტის წინა ხაზზე. სტატიაში სათაურით „რა ვნახე და რა ვისწავლე უკრაინაში 650-კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ყოფნის დროს“, იგი აღწერს თავის შთაბეჭდილებებს და ხაზს უსვამს:უკრაინელი ჯარისკაცები ჯერ კიდევ „სულით ძლიერნი“ არიან, მაგრამ თუ რიგი მიზეზების გამო მათი სულის ძლიერება შესუსტდება, ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს“.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

უკრაინის არმიის 80-ე სადესანტო ბრიგადის ლეიტენანატი ნიკოლაი სტრიგუნოვი გასული ზაფხულის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა – ნატოს სართვნელ ბაზაში, კემპ-ნუკში, დასავლური სტანდარტებით მომზადების მიზნით. მას დრო არ ჰქონდა რაიმე დაეთვალიერებინა, რადგან უკრაინის არმიის კონტრშეტევას სასწრაფოდ ჭირდებოდა ნატოს ყაიდაზე მომზადებული ოფიცრები. უკრაინაში დაბრუნების შემდეგ იგი მძიმე ბრძოლებში მონაწილეობდა – სოფელ კლეშჩევკასთან. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკმ ნიკოლაი სტრიგუნოვს და სხვა მებრძოლებს სოფლის დაკავებისათვის მადლობა გადაუხადა. მაგრამ მომდევნო წარმატება, ალბათ, მალე აღარ იქნება – დონბასში წვიმიანი შემოდგომა მოვიდა, ტყეებში ხეებს ფოთლები დასცვივდა, ანუ უკრაინელი მებრძოლები და სამხედრო ტექნიკა რუსების შეუმჩნევლად ვეღარ დაიმალებიან, უგზოობის დროს კი ტანკებიც კი ღრმა ტალახში ჩაეფლობიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკრაინის არმიის კონტრშეტევა ძალას დაკარგავს –  არავითარი გარღვევა ამ წლის დარჩენილ დროში აღარ მოხდება.

არადა, რა დიდი იმედი და რა მტკიცე რწმენა იყო ივნისში, რომ დასავლური იარაღით მომარაგებული უკრაინის კარგად გაწრთვნილი არმია, მაღალი საბრძოლო სულისა დთ და ნატოს იარაღით, რუსეთის ტთვდაცვის ზღუდეებს გაარღვევდა, მტერს სწრაფად შემუსრავდა და აზოვის ზღვისაკენ გაიჭრებოდა. მართალია, გამოცდილი გენერლები კიეველ პოლიტიკოსებს აფრთხილებდნენ, რომ ბრძოლები გაჭიანურდებოდა, შეიძლება თვეებით და წლობითაც, მაგრამ მათ ცოტა ვინმე თუ უსმენდა.

მაგრამ საკითხავია, დაელოდებიან თუ არა ამდენ ხანს კონტრშეტევის შედეგებს უკრაინის დასავლელი მოკავშირეები? ამერიკაში და ევროპაში პოლიტიკური სიტუაცია იცვლება: აშშ-ში ახლოვდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც შეიძლება დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს, ის კი უკრაინისადმი დახმარების წინააღმდეგია. ევროპულ მხარდაჭერაშიც ბზარები გაჩნდა: უნგრეთზე რომ არაფერი ვთქვათ, სლოვაკეთის ხელისუფლებაში პრორუსულად განწყობილი პოპულისტები მოვიდნენ რობერტ ფიცოს მეთაურობით. ახლო აღმოსავლეთში გაჩენილმა ომის დიდმა ხანძარმა კი უკრაინის მოვლენები საერთაშორისო ყურადღების ფოკუსიდან განზე გასწია… მსოფლიოში კი კიდევ ბევრი ფეთქებადსაშიში კონფლიქტი ღვივის…

მაინც როგორია უკრაინის წარმატებები? ჩვენმა კორესპონდენტმა სამკვირიანი მივლინების დროს ფეხით გაიარა 650 კილომეტრი ფრონტის ხაზზე – არტემოვსკიდან ზაპოროჟიემდე და ხერსონამდე. შორეულ და გრძელ გზაზე იგი ბევრ მებრძოლს ხვდებოდა -ტანკისტებს, არტილერისტებს, მერაკეტეებს… ფაქტების ერთ მთლიანობად დაკავშირება ძნელი საქმეა. ყოველი ჯარისკაცი ბრძოლის დროს მხოლოდ იმ მიწას ხედავს, რომელიც მის წინ არის, ოფიცრები კი, რომლებმაც სიტუაცია უფრო მეტად იციან, დუმილს ამჯობინებენ.

და მაინც სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ უკრაინის არმიის ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი ოფიცერიც კი ვერ უწოდებს კონტრშეტევას წარმატებულს. გეგმის მიხედვით, ივნისის დასაწყისში მთავარი დარტყმა რუსების პოზიციებზე ზაპოროჟიეს ოლქიდან, ორეხოვოდან უნდა განხორციელებულიყო, უკრაინელები წინ 80 კილომეტრით სწრაფად წაიწევდნენ, დაიკავებდნენ ქალაქ მელიტოპოლს და ბერდიანსკის ნავსადგურთან აზოვის ზღვის ნაპირზე გავიდოდნენ. ამით „გადაიჭრებოდა“ ის სახმელეთო დერეფანი, რომელიც ყირიმს და დონბასს ერთმანეთთან აკავშირებდა.

მაგრამ ოპერაციამ „ბუქსაობა“ პირველივე კვირიდან დაიწყო:  რუსების მიერ აგებულ და ნაღმებით სავსე თავდაცვის ზღუდეზე – „სუროვიკინის ხაზზე“ – ბევრი გერმანული „ლეოპარდი“ და ამერიკული „ბრედლი“ განადგურდა. ხუთთვიანი ბრძოლების შემდეგ ზოგიერთ ადგილზე უკრაინის არმიამ  წინ წაიწია, მაგრამ მხოლოდ 16 კილომეტრით და შეჩერდა: დანაკარგები ძალიან დიდი აღმოჩნდა.

ჯარისკაცები გმირულად იბრძვიან, მაგრამ მტერიც არ თვლემს. ფრონტის ხაზზე მდებარე სოფლების უმეტესობა ნანგრევებადაა ქცეული. ანუ სოფლის დაკავება პრაქტიკულად მხოლოდ ნანგრევების დაკავებას ნიშნავს, სადაც სახლიც კი აღარ არის დარჩენილი, დროშა რომ აღმართო. ზოგჯერ კი დროშის აღმართვაც საშიშია – რუსული დრონები არემარეს განუწყვეტლივ ზვერავენ.

ბრიტანელი სამხედრო ექსპერტის ჯასტინ კრამპის თქმით, „უკრაინის წარმატებები ესოდენ ძლიერად გამაგრებულ თავდაცვის ხაზზე საკმაოდ არსებითია“, მაგრამ იგი აღიარებს: „რუკაზე ასეთი წინსვლა შთამბეჭდავად არ ჩანს.  დასავლეთი ამას ვერ ხედავს“.

ამასთან, კიევის ხელმძღვანელობა თვლის, რომ „ნახევარი ძალით იბრძვის, რადგან ერთი ხელი ზურგსუკან გაკრული აქვს“. საქმე მხოლოდ იმაში არაა, აქვს თუ არა უკრაინას თანამედროვე „მოდური“ დასავლური ჯავშანტექნიკა. როგორც ერთ-ერთი უკრაინელი ტანკისტი, საბჭოური ძველი Т-64-ის ეკიპაჟის წევრი ალექსანდრე ამბობს, „ტანკით ბრძოლის დროს მთავარია მოხერხებულობა და უნარიანობა გამოიჩინო. ტანკი ახალიც რომ იყოს, თუ მისი მართვა არ იცი, თუ ჯავშანს და ძრავას არ გრძნობ, მაინც ვერაფერს გააკეთებ“. კიევი კონტრშეტევის დაყოვნებას ავიაციის უქონლობასაც აბრალებს: თუ ჰაერიდან დაცული არ ხარ, ხმელეთზე შეტევის განხორციელება რთულდება.

უკრაინა უფრთხილდება თავისი ყოველი ჯარისკაცის სიცოცხლეს, რუსებისათვის კი სამხედრო პირის სიცოცხლეს ჩალის ფასი აქვს. კრემლს შეუძლია შტურმის დროს ბატალიონის ნახევარი დაკარგოს და დაღუპულები სხვებით ჩაანაცვლოს. მათთვის ჯარისკაცი საზარბაზნე ხორცს წარმოადგენს“.

უკრაინელი სამხედროები ჩივიან – „დასავლეთს რომ იარაღი ჩვენთვის დროზე მოეწოდებინა, რუსები „სუროვიკინის ხაზის“ აგებას ვერ შეძლებდნენო. გარდა ამისა, კიევის შტაბში უკმაყოფილონი არიან დასავლეთის საყვედურებით – „რატონ არის შენელებული კონტრშეტევის ტემპიო“. ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები აზრზეც კი არ არიან, თუ რაოდენ რთულია თანამედროვე ბრძოლა. „დასავლეთს ამგვარი ინტენსიური საომარი მოქმედებების გამოცდილება არ აქვს. აქ ისეთივე მძიმე ბრძოლებია, როგორც პირველ და მეორე მსოფლიო ომების დროს. თუ ვინმეს ჩვენზე მეტად სურს წარმატების მიღწევა, კეთილი ინებოს, ფრონტის ხაზზე მოვიდეს და თვითონ სცადოს ბრძოლა. რუსები იარაღით ჩვენზე ძლიერები არიან, მაგრამ მათ დაბალი სულისკვეთება აქვთ. ეს კი ომის დროს ყველაზე მთავარია“, – ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

დიახ, უკრაინელები ამტანები არიან, მაგრამ ყველზე გამძლე ჯარისკაცსაც გაუჭირდება ბრძოლა ზამთარში. საქმე მხოლოდ იმაშია არაა, რომ მძიმე ტექნიკას გადაადგილების დროს თოვლი და ტალახი ხელს უშლის. ბრიტანელი ინსტრუქტორის დენიელ რიდლის თქმით (იგი წინა ზამთარს უკრაინის ფროტზე იბრძოდა), 20-25 გრადუსიან ყინვაში ნორმალურად არაფერი აღარ მუშაობს – არც ტექნიკა და არც ჯარისკაცები. „ასეთი ყინვის პირობებში ტრანშეიდან ამოსვლას არავინ არ მოისურვებს, შტურმის განხორციელებაზე რომ არაფერი ვთქვათ. ძლიერი სიცივის დროს თანამედროვე ელექტრონული აპარატურა პარალიზებულია. მინუს 20 გრადუსი ყინვის დროს დრონების აკუმულატორები წუთიერად განიმუხტებიან, თბოვიზორები კი არ მუშაობენ. თვით ტრანშეებიც კი ყინულით იფარება. თუ ცივი ზამთარი იქნება, რაიმე შეტევა არც უკრაინელებისაგან და არც რუსებისაგან მოსალოდნელი არ არის“, – ამბობს დენიელ რიდლი.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ გარღვევის ვადებმა გადაიწია – ალბათ, მომავალი წლის გაზაფხულისათვის. ამ მომენტისათვის კონფლიქტს უკვე ორი წელი შეუსრულდება. როცა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გასული წლის თებერვლაში, ომის პირველ წლისთავზე კითხვა დაუსვეს, როგორ განწყობაზე იქნებით, თუ ომი კიდევ ერთი წელი გაგრძელდებაო, მან უპასუხა, რომ ასეთ დრამაზე ფიქრიც კი არ სურს.

დღეს ასეთი დრამა რეალურია. ამიტომაც ალბათ, არავისთვის მოულოდნელი სიურპრიზის არ იქნება, რომ შეიძლება უკრაინელი ჯარისკაცების მორალური სულისკვეთების დონე დაეცეს. არაოფიციალური შეფასებით, უკვე დაიღუპა 70 ატასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე – დაახლოებით ათჯერ მეტი, ვიდრე ტერორიზმთან დასავლეთის 20-წლიანი ომის განმავლობაში. ასევე არაოფიციალურად, რუსებმა 120 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, მაგრამ კრემლს რესურსები აქვს და ამიტომ ვლადიმერ პუტინი უკან დახევას არ აპირებს.

„რა თქმა უნდა, ჯარისკაცები ომით დაიღალნენ, – ამბობს მაქსიმ არტემჩუკი, რომელმაც მომზადება „სამკბილას“ („ტრეზუბეცის“) პროგრამით გაიარა, – მაგრამ თუ ჩვენ მოლაპარაკებაზე დავთანხმდებით, მტერი იფიქრებს, რომ უკრაინის არმია სუსტდებაო. ცხადია, რომ ომის დროს მსხვერპლი გარაუვალია, მაგრამ ადამიანისთვის მთავარი თავისუფლებაა, რომლის გარეშეც ცხოვრებას აზრი არ აქვს“.

წყარო