Home Blog Page 1958

საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ქემალ ქილიჩდაროღლუმ გაიმარჯვა

ექვსპარტიული ოპოზიციური ეროვნული ალიანსიდან თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე გაიმარჯვა.

ოფიციალური მონაცემებით, ქილიჩდაროღლუს ხმა მისცა 639-მა ამომრჩეველმა (63,58%), მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს – 315-მა (31,34%).

საერთო ჯამში საქართველოში ხმა თურქეთის 1005-მა მოქალაქემ მისცა.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის ლიდერმა ქილიჩდაროღლუმ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების უმრავლესობაში გაიმარჯვა.

მან, მაგალითად, გაიმარჯვა რუსეთში, უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ჩინეთსა და ავსტრალიაში.

უცხოური მედიის ინფორმაციით, თურქეთში დიდი ალბათობით მეორე ტური გაიმართება.

“კრემლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას იწყებს?! -დასავლეთი კი სანქციებით გვემუქრება!”- ლევან მამალაძე

“კრემლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას იწყებს?! დასავლეთი კი სანქციებით გვემუქრება!
დასავლეთი საქართველოს მიმართ პოლიტიკურ თამაშებს აგრძელებს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიცემისთვის , საქართველოს დაუსაბუთებელ პრობლემებს უქმნიან. აშშ კი ჩვენგან მეტ მორჩილებას ითხოვს, განსაკუთრებით რუსეთ -უკრაინის შორის მიმდინარე ომთან დაკავშირებით. წერს- სოციალურ ქსელში “სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში.
მამალაძის განცხადებით, პუტინის  ნაბიჯი დასავლეთმა გამოწვევად აღიქვა და საქართველოს დამატებით სანქციებით დაემუქრა.
“რუსეთი დიდი ხანია აკვირდება იმას, რომ საქართველო ევროკავშირში შესვლისთვისა იღწვის, ასრულებს მათ მოთხოვნებს , მაგრამ უსაფუძვლოდ წელავენ ამ პროცესს. დასვლეთი ევროკავშირში ინტეგრაციას პოლიტიკური დაძაბულობისთვის იყენებს, დაფინანსებული პოლიტიკურ ძალთა გამოყენებით ცდილობს ხელისუფლება დაასუსტოს და რუსეთთან პირდაპირ დაპირისპირებაში შეიყვანოს. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი გადაიღალა ასეთი უსამართლო მოპყრობით და ევროკავშირში ინტეგრაციის მოწინააღმდეგეთა რაოდენობამ ზრდა დაიწყო. ეს ვითარება რუსეთს არ გამოეპარა და თავისი პოზიციების გასამაგრებლად პირველი ნაბიჯი გადადგა, გააუქმა ვიზები და პირდაპირი ავიარეისების შესრულებაზე აკრძალვა მოხსნა. ეს არამარტო ჩვენ თანამემამულეებს გაუადვილებს სამშობლოსთან კავშირ, არამედ გაზრდის გადახდისუნარიანი რუსი ტურისტების ნაკადს და ქვეყნისთვის შემოსავლებს.
პუტინის ეს ნაბიჯი დასავლეთმა გამოწვევად აღიქვა და საქართველოს დამატებით სანქციებით დაემუქრა. რათქმაუნდა რუსეთი ასეთ რეაქციას ელოდა და ახლო მომავალში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესიის დაწყებას გეგმავს. კრემლის კულუარებში ამაზე საუბარი გააქტიურდა, მაგარმ არ ჩქარობენ, ვინაიდან სოხუმის და ცხინვალის დეფაქტო ხელისუფლების უნდობლობა და მღელვარება არ გამოიწვიონ. პირველ ეტაპზე იგეგმება ურთიერობების აღდგენა, მოქალაქეთა უპრობლემო გადაადგილება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეწყობა და ცხინვალი -თბილისი და სოხუმი-თბილისის სატრანსპორტო კავშირების აღდგენა. რუსეთმა ეს პროცესი რეალურად რომ დაიწყოს, აფხაზები და ოსების საქართველოს მიმართ დადებითად განაწყოს, გავლენის სერიოზულ ბერკეტს მოიპოვებს. მოსახლეობის უმრავლესობა საქართველოს გამთლიანების დაუჭერს მხარს და თავს შეიკავებს დასავლეთთან არაპარტნიორულ და დროში გაწელილ ინტეგრაციაზე. დასავლეთის გავლენის შესუსტებისთვის რუსეთმა მოქმედება უკვე დაიწყო, მალე გამოჩნდება რამდენად რეალურია საქართველოსთვის ტერიტორიული პრობლემების მოგვარების სცენარი!
ცხადია , რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგები სერიოზულ გავლენას მოახდენს საქართველოზე. დღევანდელ პირობებში ევროკავშირმა და აშშ-მ მუქარისა და სანქციების ნაცვლად საქართველოს უპირობო ინტეგრაცია უნდა დააჩქაროს, კანდიდატის სატატუსიც უნდა მოგვცენ და ამერიკის ვიზების მიღების გამარტივება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ხელშეწყობას, დასავლეთი ვერაფერს ვერ დაუპირისპირებს და დაფინანსებული მეხუთე კოლონის პროვოკაციებიც ვერ მახდენს ამაზე შესატყვის ზეგავლენას!
მსოფლიოში არსებული გლობალური დაპირისპირების პირობებში, ევროპას ალტერნატიული კორიდორები სჭირდება. საქართველოს მნიშვნელობა და საჭიროება იზრდება, კასპია-შავი ზღვის კორიდორით ნავთობისა და გაზის გატარების გაზრდას , შავი ზღვის ფსკერზე დიდი სიმძლავრის ელექტრო სადენის პროექტიც დაემატება. ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ტვირთების მოზიდვა საქართველოს პორტების გავლით, დამატებით შემოსავლების წყაროს გააჩენს. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ არსებული ვითარებით, ვიმოქმედოთ მხოლოდ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა!” -წერს მამალაძე.

“კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა” – კელი დეგნანი

მე ვფიქრობ, კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა. მე ვფიქრობ, ქართველების უმრავლესობა უფრო მეტად ბედნიერი იქნებოდა პუტინს რუსული ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რომ გაეყვანა, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

ელჩის თქმით, მას ესმის, რატომ აქვს საქართველოს მოსახლეობის ნაწილს კითხვის ნიშნები, რადგან კითხვა უნდა დაისვას იმაზე, რატომ აღადგინა პუტინმა პირდაპირი ფრენები და გააუქმა სავიზო რეჟიმი, ნაცვლად იმისა, რომ მიეღო საქართველოსთვის მართლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

„მე მესმის, რატომ აქვთ ქართველებს კითხვის ნიშნები პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის. მე ვფიქრობ, აქ კითხვა იმაში მდგომარეობს, რატომ აძლევს პუტინი ამ საჩუქარს საქართველოს ახლა. მე ვფიქრობ, ქართველების უმრავლესობა უფრო მეტად ბედნიერი იქნებოდა პუტინს რუსული ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან რომ გაეყვანა, შეესრულებინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და უკან გაეხმო აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება. ეს იქნებოდა ნამდვილად ჟესტი, რომელსაც ექნებოდა მნიშვნელობა საქართველოსთვის. პუტინი უბრალოდ არაფერს გასცემს, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია კითხვის დასმა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გასცემს ის ამას ნაცვლად ისეთი რაღაცისა, რაც იქნებოდა ნამდვილად მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რაც იქნებოდა აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარების გაუქმება და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება“, -განაცხადა კელი დეგნანმა.

კითხვაზე, აშშ თავის მხრივ განიხილავს თუ არა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებსა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას, ელჩმა აღნიშნა, რომ პირდაპირი ფრენები კომერციული საკითხია.

„საქართველოსთან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდით. ეს კომერციული გადაწყვეტილებაა, რომელსაც ავიაკომპანია უნდა დათანხმდეს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ და ვფიქრობ, საქართველოც“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

2022 წელს უმუშევრობა 3.4 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური სამუშაო ძალის მაჩვენებლებს (დასაქმება და უმუშევრობა) ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, უმუშევრობა 3.4 პროცენტით შემცირდა და და 17.3% შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (47.4 პროცენტი), ხოლო ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში (3.6 პროცენტი).

კვლევის მიხედვით, უმუშევრობის დონე უფრო მაღალია კაცებში, ვიდრე ქალებში. თუმცა, საქსტატში ასევე აღნიშნავენ, რომ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე კაცებში (2.1 და 3.1 პროცენტი).

„სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2022 წელს
აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 41.5 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.0 პროცენტს შეადგენდა.
წინა წელთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 1.0 პროცენტული
პუნქტითაა გაზრდილი, ხოლო კაცებში – 1.1 პროცენტული პუნქტით. 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 3.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 3.5 პროცენტული პუნქტით“, – აღნიშნულია კვლევაში.

ამას გარდა, საქსტატის ცნობით, 2022 წელს უმუშევრობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში წინა წელთან შედარებით შემცირებულია 3.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.5 პროცენტული პუნქტით.

„წინა წელთან შედარებით 2022 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მეტად შემცირებულია მცხეთა-მთიანეთის, შიდა-ქართლის და რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონებში, შესაბამისად 6.2, 5.3 და 5.2 პროცენტული პუნქტით“, – აცხადებენ საქსტატში.

2022 წელს დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.9 პროცენტს შეადგენდა, რაც 0.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დასაქმებულთა განაწილება დასაქმების სტატუსის მიხედვით 2010-2022 წლებში.

ირაკლი ღარიბაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ლარს ლოკე რასმუსენს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენს დანიის მხრიდან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს ის ნაბიჯები, რომლებსაც საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად დგამს.

დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი დანიის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე, მათ შორის, ენერგეტიკის, თავდაცვის, ტურიზმისა და სხვა სფეროებში. განიხილეს, თუ რა მიმართულებებით არის შესაძლებელი საქართველოსა და დანიას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.

ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მნიშვნელობას. აქვე, ხაზი გაესვა საქართველოს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს.

შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა თბილისში დანიის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას.

შეხვედრას დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუდმივი სახელმწიფო მდივანი იეპე ტრენჰოლმ-მიკელსენი, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალური მრჩეველი კარენ კლემენტი, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი ჰენრიკ ვინსერი, დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსენი, ხოლო საქართველოს მხრიდან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე ესწრებოდნენ.

ზუგდიდში, ვეტერანებისთვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩატარდა

მიმდინარე წლის 13-14 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა; საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 13 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექონოლოგიური აპარატურით.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციით ისარგებლა სამსახურის 106-მა ბენეფიციარმა, განხორციელდა 250-ზე მეტი ვიზიტი; ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, უსასყიდლოდ გადაეცათ 254 სათვალე;

აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვაჟა დალაქიშვილი.

აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქცია, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მიმდინარე წელს, უკვე მეორედ ჩაატარა; პირველი უფასო აქცია, კლინიკამ, მიმდინარე წლის მარტში გამართა, რომლის ფარგლებშიც, საჭიროების მქონე ბენეფიციარებს, მინი-ოპერაციებიც ჩაუტარდათ; ორივე აქციის ფარგლებში, კვალიფიციური ოფთალმოლოგიური გამოკვლელვა ჩაუტარდა სამსახურის 195 ბენეფიციარს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. უფასო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

„კონცეპტ თავგადასავალი 2“: მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში

თიბისი კონცეპტი და „მოგზაური“ ამჯერად გთავაზობთ დაუვიწყარ მოგზაურობას სამცხე-ჯავახეთში. 23-25 ივნისის გასტრო-კულტურულ ტურში, მესხეთის მდიდარი ისტორიის, უძველესი კულტურული ძეგლებისა და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკური მრავალფეროვნების პარალელურად, თქვენ აღმოაჩენთ რამდენად განსხვავებული და განსაკუთრებულია მესხური კულინარია.

ტურის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთის მკვლევარი, ისტორიკოსი კუკური მეტრეველი გაგაცნობთ, პრეისტორიული და ფეოდალური ხანის ძეგლებს – გაზიარებთ აბულის ციკლოპური ციხის მისტიკას და ვარძიის სამ იარუსად ნაშენი კომპლექსის.

სამსარის კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის, საროს მთავარანგელოზთა ეკლესის, უძველესი მესხური დარბაზების, ხერთვისისა და თმოგვის ციხეების ხილვისას, თქვენს წინაშე ისტორიული საქართველოს სხვადასხვა ეპოქა გაცოცხლდება.

ტრადიციული მესხური კერძების დაგემოვნებასთან ერთად, რესტორატორი ქეთი ბაქრაძე, მისეული იმპროვიზაციებით, ქართული კულინარიის ნაკლებად ცნობილ გემოებსა და არომატებს აღმოგაჩენინებთ.

სამცხე-ჯავახეთის გრძელი და გაშლილი ლანდშაფტების, თვალწარმტაცი მთების, საქართველოში უდიდესი ტბების, დუხობორების ფერადი სახლების და ზოგადად, მესხეთის ეთნიკური მრავალფეროვნების კვალზე, თიბისი კონცეპტისა და „მოგზაურის“ ტური დაუვიწყარი და შთამბეჭდავი თავგადასავალი იქნება.

ტურის განმავლობაში, მონაწილეებს ნათია ფანჯიკიძე უმასპინძლებს თემით „ნამდვილი ცოდნით მხოლოდ ის იცი, რაც გინახავს და განგიცდია”.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს სამცხე-ჯავახეთის ტურზე სპეციალური შეთავაზება გელოდებათ:

1 ადამიანი 2 ადგილიან ნომერში 1480 ლარია 20% ფასდაკლებით.

1 ადამიანი 1 ადგილიან ნომერში 1600 ლარია 20% ფასდაკლებით.

გაეცანი დამატებით ინფორმაციას ტურის შესახებ.

 

R

“საპარლამენტო არჩევნების საბოტაჟის გამო, იძულებული გავხდით, მიგვეღო რეგულაციები” – ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო არჩევნების საბოტაჟის გამო იძულებული გავხდით, ისეთი რეგულაციები მიგვეღო, რამაც იქამდე მიგვიყვანა, რომ ორ წელზე მეტია შეუძლებელია ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შერჩევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, ახალი წესის შემოღება სწორედ ამ ხარვეზის გამოსასწორებლად მომზადდა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე საერთაშორისო პრაქტიკასთან.

„ვინც საბოტაჟის შემოქმედი იყო, ისინი დღეს ამბობენ, რომ ასეთ ცვლილებებს არ ეთანხმებიან. პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობა უზრუნველყოფილია, მისი წარმომადგენელი იქნება კომისიაში. თუ ვერ იქნება კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატები, მაშინ პრეზიდენტს შეეძლება, კანდიდატები ერთპიროვნულად წარადგინოს. კონსტიტუციით, პრეზიდენტი კანდიდატების განწესებაში იღებს მონაწილეობას და როგორ იღებს, ეს რეგულირდება ორგანული კანონით. ვხედავთ, ორ წელში კონსენსუსს ვერ მივაღწიეთ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „საარჩევნო კოდექსს“ ხმა საერთოდ არ მისცა. წინააღმდეგობის მიზეზია, ცესკო-ს საბოტაჟი მოხდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“რასაც ოპოზიცია ითხოვს, არის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება რუსეთმა ცალმხრივად მიიღო, ამიტომ ხელისუფლების დადანაშაულება, თითქოს საქართველომ ამ პროცესში რაიმე ტიპის მონაწილეობა მიიღო, სპეკულაციაა.

როგორც თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ხელისუფლებას სთხოვს, რომ საკუთარ თანამოქალაქეებს სანქციები დაუწესოს, თუმცა ხელისუფლება ამგვარი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღებას არ აპირებს.

„ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაფიოა. ის, რასაც ოპოზიცია ითხოვს, არის საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. ისინი ხელისუფლებას გვთხოვენ, რომ დავასანქციროთ ჩვენი მოქალაქეები და თანამემამულეები. ბუნებრივია, ჩვენ არ ვაპირებთ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას. საქართველო ძალიან მშვიდად, პრაგმატულად, თავის პარტნიორებთან კოორდინაციით განაგრძობს საკუთარი მშვიდობის და უსაფრთხოების დაცვას. დღეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რთულ რეგიონში, სადაც ისედაც არაერთი გამოწვევა იყო და ახლა ძალიან რთული ომი მიმდინარეობს, შევინარჩუნოთ მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი მშვიდობა, უსაფრთხოება და ეკონომიკა და არ მივცეთ რადიკალურ ოპოზიციას, თუ ჩვენი ქვეყნისადმი არაკეთილგანწყობილ ძალებს იმის შესაძლებლობა, რომ რაიმე პროვოკაცია დაგეგმოს და განახორციელოს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

ეს გადაწყვეტილება თავის დროზე მიიღო რუსეთის ფედერაციამ, როდესაც სანქციები დაუწესა ჩვენ მოქალაქეებს და ახლაც, ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო რუსეთის ფედერაციამ. შესაბამისად, სპეკულაციებია, როდესაც საქართველოს ადანაშაულებენ, თითქოს ჩვენ რაიმე მონაწილეობა მივიღეთ ამ გადაწყვეტილების შემუშავებაში.

ეს არის სიგნალი, ასევე ევროკავშირის და ევროპელი პოლიტიკოსების მიმართ. ნებისმიერი გადავადება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში, რა თქმა უნდა, რისკებს და გამოწვევებს ზრდის საქართველოსთვის და ბუნებრივია, ააქტიურებს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებებს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიღებული იყოს პასუხისმგებლობიანი და დროული გადაწყვეტილება. საქართველოს სჭირდება კანდიდატის სტატუსი, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ისევე, როგორც ევროპას სჭირდება რეგიონში საქართველო, როგორც ძლიერი და საიმედო პარტნიორი. ეს პასუხისმგებლობა საქართველომ არაერთხელ გამოხატა და დაადასტურა თავისი მოკავშირეების, სტრატეგიული პარტნიორების მიმართ და ახლა, დროა, რომ ევროკავშირმა მიიღოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

“არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით, სანქციებისთვის თავი აერიდებინა” – ილია დარჩიაშვილი

თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ომი მიმდინარეობს და საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით, სანქციებისთვის თავი აერიდებინა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ლარს ლოკე რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო პირნათლად ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აიღო.

„უკვე თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ეს ომი მიმდინარეობს და საქართველოში არც ერთი შემთხვევა არ არსებობს, რომ ვინმეს ჩვენი ქვეყნის საშუალებით თავი აერიდებინა სანქციებისთვის. ეს არის ჩვენი ვალდებულება ჩვენი პარტნიორების წინაშე და ეს ვალდებულება შესრულება ყოველთვის, რადგან ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. შესაბამისად, ამ საკითხში საქართველო ძალიან ტრანსფარენტული, ღიაა და საქართველო გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან და პარტნიორებთან ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას. ეს უკვე პრაქტიკაში და ფიზიკურად დადასტურდა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ძალიან ახლო კოორდინაციაში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან და კონკრეტულ ამ საკითხებთან, სანქციებთან მიმართებაში, ძალიან ტრანსფარენტულად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან,” – განაცხადა დარჩიაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევნები 20-21 მაისს გაიმართება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლანა ღვინჯილიას განცხადებით, პარტიაში ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაცია დასრულებულია.

მისივე თქმით, ხუთ საარჩევნო ოლქში გასამართ, რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევაში მონაწილეობის სურვილი 9543 პირმა გამოთქვა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ორგანიზაციების სტრუქტურების საბოლოოდ ჩამოსაყალიბებლად და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობის სრულად ფორმირებისთვის გასამართ პარტიის რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაცია დასრულებულია.

წალენჯიხის, წყალტუბოს, ქუთაისის, მარნეულისა და ახალქალაქის საარჩევნო ოლქებში, სადაც არჩევნები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბებში გაიმართება, ამომრჩეველთა რეგისტრაცია, როგორც ელექტრონული, ისე არაელექტრონული ფორმით მიმდინარეობდა.

საბოლოო მონაცემებით, ზემოხსენებულ ხუთ საარჩევნო ოლქში გასამართ, რაიონული (საქალაქო) ორგანიზაციების თავმჯდომარეების არჩევნების კენჭისყრაში, ამომრჩევლად მონაწილეობის სურვილი 9543 პირმა გამოთქვა.

უნდა აღინიშნოს, რომ იმ რეგიონებში, სადაც კონკურენცია შეიქმნა და კენჭისყრა ტარდება, პარტიის ამომრჩეველთა აქტივობა ორჯერ უფრო მაღალია, ვიდრე პარტიის თავმჯდომარის ასარჩევად, რამდენიმე თვის წინ ჩატარებულ კენჭისყრაში, რაც პარტიის მხარდამჭერთა დემოკრატიული პროცესებისადმი გაზრდილ ნდობაზე მიუთითებს“, – განაცხადა ლანა ღვინჯილიამ.

როგორც მან აღნიშნა, ამომრჩეველთა სიები საბოლოოდ საარჩევნო კომისიის მიერ 2023 წლის 14 მაისიდან 2023 წლის 17 მაისის ჩათვლით დაზუსტდება.

„აქვე გაგაცნობთ საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას აღნიშნულ საარჩევნო ოლქებში არჩევნების ჩატარების თარიღების თაობაზე. კომისიამ გაითვალისწინა ამომრჩეველთა მაღალი ინტერესი და ასევე, კანდიდატების თხოვნა და არჩევნები არასამუშაო დღეებში გაიმართება. კერძოდ: წყალტუბო – 20 მაისი; ქუთაისი – 20 მაისი; ახალქალაქი – 20 მაისი; წალენჯიხა – 21 მაისი; მარნეული – 21 მაისი,“ – განაცხადა ლანა ღვინჯილიამ.

“სტრასბურგის სასამართლოს სრულ ნდობას ვუცხადებ, არ მიმაჩნია, რომ ვინმე ჩაერია და რაიმე ტიპის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი”-ანა ნაცვლიშვილი

სტრასბურგის სასამართლოს სრულ ნდობას ვუცხადებ, არ მიმაჩნია, რომ ვინმე ჩაერია და რაიმე ტიპის მოსყიდვას ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილმა აღნიშნა, სასამართლომ არ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე არსებობს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის სამართლებრივი თვალსაზრისით უკიდურესი აუცილებლობა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ სტრასბურგმა სამართლებრივი თვალსაზრისით ეს საკითხი ამ ეტაპისთვის შეაფასა. ჩვენი მოწოდება ხელისუფლების მიმართ იგივე რჩება. მათ ამ საკითხს უნდა შეხედონ არა მხოლოდ სამართლებრივი პერსპექტივიდან. არამედ პოლიტიკური პერსპექტივიდან. ხელისუფლება ნიშნავს იმას, რომ ის პოლიტიკური მიზანშეწონილობით და საჭიროებით იღებს გადაწყვეტილებებს და არა მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით. სტრასბურგის სასამართლოს მანდატი არ არის და ის ვერ იმსჯელებდა რა არის სწორი პოლიტიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით. „ლელოს“ მოსაზრება არის ის, რომ მათ შორის დეპოლარიზაციისთვის, რომელიც 12 პუნქტიდან ერთ-ერთი მთავარი საკითხია, მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა და ამ საკითხის დასრულება ცივილიზებულად, ეს არის დღეს მნიშვნელოვანი საქართველოში პოლიტიკური დეპოლარიზაციისთვის. ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ეს პოზიცია, რომელსაც ძალიან ბევრი ადამიანი და პოლიტიკური ძალა იზიარებს, სწორია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.