Home Blog Page 1946

“იმპიჩმენტის პროცედურით რუსეთს ასიამოვნეს” – პაატა მანჯგალაძე

იმპიჩმენტის პროცედურით რუსეთს ასიამოვნეს – რუსებმა თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ფაშინიანზე პრაგმატულია და მასზე კარგად იქცევა, დსთ -შიც გველოდებიან, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოში პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლოსგან სამართლებრივ მსჯელობას არ ველოდები, გადაწყვეტილება იქნება მოტივირებული პოლიტიკიდან გამომდინარე, რადგან კობახიძისთვის იმდენად რეპუტაციულია ეს საკითხი, წინასწარი გარანტიები რომ არ ჰქონოდა საკონსტიტუციო სასამართლოსგან, რომ მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება გამოვიდოდა, არ გარისკავდა და არ შეიტანდა წარდგინებას საკონსტიტუციო სასამართლოში. იმპიჩმენტი პარლამენტში არის პოლიტიკური საკითხი და კარგად იცის კობახიძემ, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილობით ხდება საკითხის გადაწყვეტა, მაშინ ისმის კითხვა, რატომ წამოიწყო “ქართულმა ოცნებამ” ეს პროცესი, თუ პარლამენტში საკმარისი ხმა არ აქვს?! მე არ ვიცი, რამდენი ხმა აქვს “ქართულ ოცნებას”, ჩვენ რა თქმა უნდა ამაში მონაწილეობას არ მივიღებთ. ამით “ქართულმა ოცნებამ” ორ მიზანს მიაღწია, ევროპელებში გააჩნია განცდა, რომ არ უნდათ სტატუსის მიღება, რადგან ბევრმა ევროპელმა ლიდერმა გვითხრა, რომ ამ მიზეზით (ევროპაში ვიზიტები) იმპიჩმენტის გამოცხადება არ ეხმარება სტატუსის მიღებას. იმპიჩმენტის მეორე მიზეზი ისაა, რომ რუსეთს ასიამოვნეს რუსებმა თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლება ფაშინიანზე პრაგმატულია და მასზე კარგად იქცევა, დსთ- შიც გველოდებიან,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

“უკრაინა განწირულია? – ომით დაღლა უკვე არამარტო მეომარ მხარეებს, არამედ მთელ მსოფლიოს ემჩნევა”-The Statesman

ინდოეთის ინგლისურენოვან გაზეთ „სთეითსმენში“ (The Statesman) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „უკრაინა განწირულია? // ომით დაღლა უკვე არამარტო მეომარ მხარეებს, არამედ მთელ მსოფლიოს ემჩნევა“. მასში გაანალიზებულია ამჟამად მიმდინარე ის საერთაშორისო მოვლენები, რომლებმაც უკრაინის მდგომარეობაზე ნეგატიური გავლენა შეიძლება მოახდინონ (ან უკვე ახდენენ).

გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

რუსეთ-უკრაინის ომი თავის მეექვსასე დღეს უახლოვდება. ომისგან დაღლილობა არა მარტო დაპირისპირებულ მხარეებს ემჩნევათ, არამედ მთელ მსოფლიოსაც. გაჭიანურებულმა კონფლიქტმა ყველგან ფასების ზრდა გამოიწვია როგორც სურსათზე და კვების პროდუქტებზე, ასევე ენერგოშემცველებზე, რითაც კვლავ დიდი დარტყმა განიცადა მსოფლიო ეკონომიკურმა სისტემამ, რომელმაც, როგორც იქნა, პანდემიის მიერ მიყენებული ზარალის აღდგენა დაიწყო.
გასაკვირი არაა, რომ რუსეთიც და უკრაინაც მსოფლიოს საზოგადოების მხარდაჭერას კარგავენ, თუმცა უკრაინა უფრო მეტად ზარალდება. ისეთი ერთგული მოკავშირეები, როგორიც პოლონეთია, „გემიდან გარბიან“, ხოლო სლოვაკეთი რუსეთის მხარეზე გადადის. ნატოსა და ევროკავშირის, რომლებიც ადრე უკრაინის მტკიცე მომხრეები იყვნენ, ახლა რუსეთის იაფი გაზის უარყოფის გამო გამოწვეულ ზარალს ითვლიან და ყოყმანი ეტყობათ. აშშ-ში, რომელიც უკრაინის მთავარი მოკავშირეა, იქაც კი მატულობს უკმაყოფილო ადამიანთა რაოდენობა უკრაინისადმი გადაჭარბებული დახმარების გამო. 2024 წლის არჩევნებში მონაწილე პრეზიდენტობის კანდიდატებიც, განსაკუთრებით რესპუბლიკური პარტიიდან (დონალდ ტრამპი, ვივეკ რავასვამი, რონ დესანტისი…), უკრაინის ბედის ანაბარად მიტოვებას გეგმავენ.

რუსეთისათვის მომგებიანია, რომ ომი უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. რუსული არმია მეთოდურად ანგრევს უკრაინას – ქალაქებს, სოფლებს, ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას. ქვეყნის ნახევარი ფაქტობრივად უკვე ნანგრევებადაა ქცეული. უკრაინამ თითქმის 8 მილიონი მოქალაქე დაკარგა – ომში დაღუპულების და ლტოლვილების სახით. შრომისუნარიანი მოსახლეობის წილი მკვეთრად შემცირდა.

რა თქმა უნდა, დაზარალდა რუსეთიც – ეკონომიკა რყევას განაგრძობს, მატულობს ინფლაცია. რასაკვირველია, ომში რუსებიც დიდი რაოდენობით იღუპებიან. ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან, სამობილიზაციო რესურსები მცირდება. რუსეთი ზარალდება საგარეო პოლიტიკაშიც – მოსკოვი იძულებულია შეურიგდეს თავისი ინტერესების შეზღუდვას კავკასიაში, სადაც თურქეთი და აზერბაიჯანი აქტიურდებიან. კრემლი იძულებულია ანგარიში გაუწიოს ჩინეთს და ბევრი რამ დაუთმოს, დახმარების მიღების იმედად.

მაგრამ რუსეთი შორს არის დამარცხებიდან. ბოლო მონაცემებით, რუსეთის ეკონომიკა, მტკიცედ გადადის საომარ რელსებზე. ეკონომიკა სწრაფად მილიტარიზდება. მოსკოვი საბრძოლო იარაღს ბევრად იაფად აწარმოებს, ვიდრე დასავლეთი, რომელიც იძულებულია უკრაინის მზარდი მადა დააკმაყოფილოს. კრემლმა, ევროპაში განცდილი დიპლომატიური მარცხისა და დასავლეთის ანტირუსული სანქციების კვალობაზე, თვალი აზიას აფრიკას და ლათინურ ამერიკას მიაპყრო და გლობალური სამხრეთის გადაბირება დაიწყო.

ნაპოლეონმა და ჰიტლერმა საკუთარ გამოცდილებაზე გააცნობიერეს, რომ რუსეთი „კერკეტ კაკალს“ წარმოადგენს. უკრაინა იმედოვნებდა, რომ დასავლეთის დახმარებით რუსეთს დააჩოქებდა, მაგრამ დრო მოსკოვის სასარგებლოდ მუშაობს. კიევისათვის სიტუაცია გაართულა ახლო აღმოსავლეთში შექმნილმა რთულმა მდგომარეობამ: ამჟამად მსოფლიოს ყურადღება უკრაინიდან ისრაელსა და „ჰამასზეა“ გადართული.

ისე ჩანს, რომ აშშ-ის გარდა, ნატოს არცერთი ქვეყანა არ არის დაინტერესებული სამხედრო ხარჯების ზრდით. ალიანსის წევრები იძულებულნი არიან ვაშინგტონს ანგარიში გაუწიონ, თორემ მათ ნებაზე რომ იყოს, ისინი უკრაინას ნაკლებ ყურადღებას დაუთმობდნენ.

დიდი ალბათობით, უკრაინის კონფლიქტი მალე ჩიხში შევა იმდენად, რამდენადაც უკრაინას მცდელობა გააძევოს რუსეთის ჯარები თავისი ტერიტორიიდან – ჯერ-ჯერობით წარუმატებელია. კონტრშეტევა ბუქსაობს და თავდაპირველი იმედები არ მართლდება.

რასაკვირველია, ომის შედეგების წინასწარ ზუსტად გამოცნობა შეუძლებელია, მაგრამ არსებობს რამდენიმე სცენარი, თუ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს.

ერთ-ერთის თანახმად, რუსეთი შეინარჩუნებს დაკავებულ ტერიტორიას, ხოლო ის ნაწილი, რომელსაც კიევის ხელისუფლება აკონტროლებს, დასავლურ ბლოკში იქნება ინტეგრირებული (როგორც ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის გაყოფის დროს მოხდა), თუმცა ამ სცენარის რეალიზება ნაკლებად სავარაუდოა.
მეორე სცენარი ეფუძნება რუსეთის სრული მარცხის ალბათობას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ბევრი რამ გათვალისწინებული არ არის. რუსეთი იოლად დასამარცხებელი ქვეყანა არ არის. მოსკოვი დღეს კიევზე უფრო უკეთეს მდგომარეობაშია, არაფერი რომ არ ვთქვათ მის ბირთვულ პოტენციალზე.
მესამე სცენარი – უკრაინის ტერიტორიის გაყოფა ისე, როგორც ახლა კორეის ნახევარკუნძულია გაყოფილი ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის, ანუ ფაქტობრივად ომის მდგომარეობა გრძელდება, თუმცა ორივე ქვეყანას თავისი მიზნები აქვს.
მაგრამ სამივე სცენარის დროს მტკიცე მშვიდობა გარანტირებული მაინც არ არის. საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება საეჭვოა. შესაბამისად, გაგრძელდება ადამიანთა მსხვერპლი და ზარალის მიყენება.
სამწუხაროდ, კაცობრიობა, მრავალ სფეროში წარმატების მიღწევის მიუხედავად, დღემდე ვერ აცნობიერებს ომის ჭეშმარიტ ფასს და მის უსარგებლობას.

„ყოველი წარმოებული ქვემეხი, ყოველი წყალში ჩაშვებული სამხედრო ხომალდი, ყოველი აწყობილი თვითმფრინავი და რაკეტა საბოლოო ჯამში რესურსების მოპარვას ნიშნავს მათთვის, ვინც მშიერია, ვინც შიშველია და სიცივისაგან იყინება. კაცობრიობა თავის რესურსებს, მეცნიერთა გენიას და საკუთარი ბავშვების იმედებს ომით აცამტვერებს. ასეთი ცხოვრება დაუშვებელია და არ შეიძლება“, – ეს სიტყვები აშშ-ის პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა, რომელიც პირადად მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში, 1953 წელს წარმოთქვა და დღესაც აქტუალურია.

წყარო

“ავდეევკაზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა რიტორიკა შეცვალა” – „ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი“

დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკაზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რიტორიკა შეცვალა, – ამის შესახებ ომის კვლევის ინსტიტუტი იუწყება.

„ავდეევკაზე წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსმა ოკუპანტებმა და მათმა დიქტატორმა რიტორიკა შეცვალეს. პუტინს, სავარაუდოდ, ნაკლებად აქვს მოლოდინი, რომ ავდეევკას გარშემო რუსეთის ჯარები წინსვლას შეძლებენ“, – აცხადებენ ანალიტიკოსები.

პუტინმა განაცხადა, რომ რუსული ჯარები „აქტიურ თავდაცვას“ ახორციელებენ ავდეევკას, კუპიანსკსა და ზაპოროჟიეს მიმართულებით.

ექსპერტების აზრით, პუტინმა ავდეევკას მახლობლად შეტევას უწოდა „აქტიური თავდაცვა“ და არა აქტიური საბრძოლო მოქმედებები, ის ცდილობდა შეემცირებინა რუსეთის მნიშვნელოვანი წინსვლის მოლოდინი ამ მიმართულებით.

„ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ჯარები ახლო მომავალში ავდეევკას მიმართულებით გარღვევას ან ფართომასშტაბიან წინსვლას შეძლებენ“, – დასძენენ ექსპერტები.

ანალიტიკოსების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა განაგრძეს შეტევა, რომელიც მიზნად ისახავდა ავდიივკას ალყაში მოქცევას 15 ოქტომბერს, მაგრამ ჯერჯერობით ვერავითარ პროგრესს ვერ მიაღწიეს.

რუსულმა წყაროებმა განაცხადეს, რომ საოკუპაციო ძალებმა ვერ მიაღწიეს სასურველ სწრაფ გარღვევას, დაზარალდნენ, დიდი მსხვერპლი განიცადეს და, სავარაუდოდ, წინსვლა უფრო ნელია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

„თუმცა, ოკუპანტები სავარაუდოდ გააგრძელებენ შეტევითი ოპერაციებს ამ შემცირებული ტემპით უახლოეს პერიოდში და დარჩებიან საფრთხედ უკრაინული ძალებისთვის ამ ტერიტორიაზე, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიაღწევენ გადამწყვეტ გარღვევას ან ავდეევკას ალყაში მოქცევას. რუსული შეტევითი ოპერაციების ტემპის შემცირება შესაძლოა ტაქტიკურ ვითარებაში დროებითი მორგების შედეგი იყოს და დამპყრობლებმა უახლოეს დღეებში გააძლიერონ ავდიივკას ალყაში მოქცევა“, – დასძენენ ანალიტიკოსები.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქალის მიმართ ადევნების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამხილა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ნაცნობი ქალის მიმართ განხორციელებული ადევნების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უბნის უფროსი ინსპექტორი იქნა მხილებული. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცავი 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში, ქ. რუსთავში, არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა ნაცნობ ქალბატონთან, კერძოდ, მისი ნების საწინააღმდეგოდ ხვდებოდა მას, ასევე, შეხვედრის მოთხოვნით უკავშირდებოდა ტელეფონისა და სოციალური ქსელების საშუალებით, ემუქრებოდა მათი მიმოწერის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, გარდა ამისა, ადევნების გზით, უკანონოდ აკონტროლებდა მის გადაადგილებას.

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებული ქალის მომართვის შემდეგ, საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, რის შედეგადაც მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსპექტორს ბრალდება ადევნებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის შედეგად, სამსახურის ამოქმედებიდან დღემდე, არასათანადო მოპყრობასა და ძალადობრივ დანაშაულში ჯამში, 62 სამართალდამცავია მხილებული“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება

სტარტი აიღო Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ პრე-აქსელერატორმა, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 60-მდე სტარტაპმა და განაცხადებისა და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 21 გუნდი, რომელიც მომდევნო თვის განმავლობაში იმუშავებს საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე.

 შერჩეული სტარტაპები:

 

  • Addme – სოციალური ქსელების, ვებ-გვერდის, ელ-ფოსტის, მობილურის ნომრის თუ სხვა საკონტაქტო ინფორმაციის გაზიარების სწრაფი და მარტივი პლატფორმა.
  • Bitpulse – კრიპტოვალუტების ფასების პოტენციური ცვლილებების იდენტიფიცირების პორტალი.
  • Connect. – მარკეტფლეისი, რომელიც ამარტივებს სამედიცინო ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სხვა სერვისების მიღებასა და ანგარიშსწორებას.
  • Coiners – სოციალური პლატფორმების მონეტიზაციის ვებ.აპლიკაცია.
  • Gakvetilo.ge – რეპეტიტორებისა და მოსწავლეების დამაკავშირებელი პლატფორმა.
  • Helio.AI  რეკრუტინგის მართვის სისტემა, რომელიც კომპანიებს პროცესის სრულ ავტომატიზაციაში ეხმარება.
  • Hotcard – ჰორეკა სექტორის ექსკლუზიური შეთავაზებების (Buy One, Get One) აპლიკაცია.
  • Justpay – გადახდის ბმულები მარტივი სოციალური კომერციისთვის.
  • Kiddos – საბავშვო ნივთების გადაყიდვის (re-sale) პლატფორმა.
  • KidNest – საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მშობლების დამაკავშირებელი აპლიკაცია.
  • MaxHP – კომპლექსური მობილური თამაშები მათთვის, ვინც კომპიუტერული თამაშებიდან, მობილური თამაშებისკენ ახდენს მიგრაციას.
  • My Traders – ტრეიდინგ და საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს სანდო ტრეიდერებთან.
  • Rollycks – ელექტრონული გორგოლაჭები და თანმხლები აპლიკაცია, რომელიც  საშუალებას აძლევს მომხმარებელს აღმოაჩინოს ახალი ადგილები, თანამოაზრეები, ჩაერთოს შეჯიბრში და მოიპოვოს წამახალისებელი პრიზები.
  • Roommate Georgia – პლატფორმა, სადაც სტუდენტები ინტერესების მიხედვით პოულობენ ოთახის მეზობლებს, ბინის ქირის ხარჯის გაყოფის მიზნით.
  • Sanolink – პლატფორმა, რომელიც ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მაძიებლებს აკავშირებს შესაბამის ტრენერებთან.
  • TourTour – სამოგზაურო ტურების დაგეგმვის ციფრული პლატფორმა.
  • UBIQ – სოციალური ქსელი საერთო ინტერესების მქონე ადამიანებისთვის.
  • Verify.com.ge – დასაქმების კანდიდატების სკრინინგისა და მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების პლატფორმა დამსაქმებლებისთვის.
  • Wenroll – ონლაინ-კურსების ინტერაქციული მობილური აპლიკაცია.
  • Wisp – ჟესტური ენების შემსწავლელი აპლიკაცია.
  • Woofio – პლატფორმა, რომელიც აკავშირებს შინაური ცხოველების მფლობელებს სერვისის პროვაიდერებთან.

 

პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ფიზიკური და ონლაინ შეხვედრები), გაგრძელდება 3 თვეს (ოქტომბერი 2023 – იანვარი 2024) და შედგება 8 ძირითადი კომპონენტისგან:

  1. 2 ბუტკემპი (1 თბილისში, 1 საერთაშორისო);
  2. თემატური სესიები (კვირაში 3 დღე, 2 საათი);
  3. ინდივიდუალური შეხვედრები ქოუჩთან (მოთხოვნის შესაბამისად);
  4. ინდივიდუალური ონლაინ მენტორინგი სფეროს ექსპერტებთან;
  5. ნეთვორქინგი – P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, Stand-up-ები;
  6. სპეციალური შეთავაზებები სტარტაპებს
  7. იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა (მოთხოვნის შესაბამისად);
  8. დემო დღე – მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით.

პრე-აქსელერატორში მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაციამომხმარებლის სეგმენტაციაფასეული შეთავაზებამარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვებიGrowth MarketingMVP – ტექნიკური პროდუქტის შექმნაბიზნესმოდელი და ფინანსებიPitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო სამი ნაკადი, ჯამში 60 სტარტაპი და მთლიანობაში გუნდებმა 1 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიცის/გრანტის მოიპოვება მოახერხეს.

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ აქ: https://preacceleration.com

სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: Entreprenership Academy, თიბისი.

R

 

“სასამართლომ ერთადერთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს – საქართველოს პრეზიდენტისგან კონსტიტუციის დარღვევა დაადგინოს”

ჩვენ ვერ დავუშვებდით და ვერ დავუშვებთ, რომ ნებისმიერ კანონზე და მით უმეტეს, კონსტიტუციაზე მაღლა ვინმე დადგეს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისი თქმით, კონსტიტუციის პრინციპებზე დაყრდნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ მათი წარდგინება უნდა დააკმაყოფილოს.

„მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება თვალყურს ადევნებდა კონსტიტუციის უხეში დარღვევის კონკრეტულ ფაქტებს. როგორც ჩანს, ის მაინც ფიქრობდა, რომ კონსტიტუციაზე მაღლა იდგა. ამის გაგრძელება იყო ის, რომ ჩვენ ვერ დავუშვებდით და ვერ დავუშვებთ, რომ ნებისმიერ კანონზე და მით უმეტეს, კონსტიტუციაზე მაღლა ვინმე დადგეს. ჩვენ იძულებული გავხდით, კონსტიტუცია დაგვეცვა. სხვა შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ, თანაზიარი ვიქნებოდით კონსტიტუციის დარღვევის. ვფიქრობ, რომ სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკური და კონსტიტუციის პრინციპებზე დაყრდნობით, სასამართლომ ერთადერთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და დაადგინოს საქართველოს პრეზიდენტისგან კონსტიტუციის დარღვევა, უნდა დააკმაყოფილოს საკონსტიტუციო წარდგინება“, – განაცხადა ღუდუშაური.

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს. დღეს გახდება ცნობილი, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა ქვეყნის მთავარი კანონი. ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით გაირკვევა, პროცესები გადაინაცვლებს თუ არა საკანონმდებლო ორგანოში.

“არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ” -საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ხელს, დაახლოებით, 12:00 საათის შემდეგ მოაწერენ. ამის შესახებ მერაბ ტურავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად მთელი რიგი პროცედურები აქვს ჩასატარებელი.

„გადაწყვეტილების გამოცხადების და გამოქვეყნების დღეა 16 ოქტომბერი. 16 ოქტომბერი შედგება რამდენიმე საათისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლეები შეიკრიბებიან 12 საათის შემდეგ, მოაწერენ ხელს გადაწყვეტილებას, ამის შემდეგ დაახლოებით ორი საათი სჭირდება იმას, რომ გამოსაცხადებლად მომზადდეს გადაწყვეტილების ტექსტი. ექსპერტიზა უნდა გაიაროს სამართლებრივ დეპარტამენტში, ხოლო მას შემდეგ გამოცხადდება, რამდენიმე საათში, დღის განმავლობაში გამოქვეყნდება. მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცი ჩემი და მოსამართლეების პოზიციებიც, კანონიდან გამომდინარე, არ ვარ უფლებამოსილი, ეს კანონდარღვევა იქნება, რომ დოკუმენტის ხელმოწერამდე გამოვაცხადო ჩემი პოზიცია. არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, ამის შესახებ ინფორმირებულები იქნებოდით და ჩვენ განვაცხადებდით. არ გვჭირდება ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.

ჩვენ შევიკრიბეთ, ვითათბირეთ და ცნობილია სხვა მოსამართლეების გადაწყვეტილება. იყო თუ არა აზრთა სხვადასხვაობა, ესეც არის თათბირის საიდუმლოება. ვიცით ერთმანეთის პოზიცია, თათბირის საიდუმლოებას ვერ გავამჟღავნებთ. მას შემდეგ რაც დოკუმენტს ხელი მოეწერება… ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული იქნება. ნორმალური საქმე იყო, დროში ვიყავით შეზღუდულები. ეს იყო ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა. შეიძლება თავისი მნიშვნელობით, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სამართლებრივად გადასაწყვეტად ჩვენთვის არ იყო განსაკუთრებულ სირთულეებთან დაკავშირებული. როგორიც უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება, ისეთი მივიღეთ“, – განაცხადა მერაბ ტურავამ.

“ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მედეგობა იმისა, რომ გაუძლოს „ქართული ოცნების“ წნეხს”

ვისურვებდი, საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდეს მედეგობა იმისა, რომ გაუძლოს „ქართული ოცნების“ წნეხს, – ასე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატი, თეონა აქუბარდია პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს განხილვას. ის ფიქრობს, რომ იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს და ხელისუფლების კრახით დასრულდება.

„ჩვენ ვნახეთ, თუ რამდენად ძლიერი წნეხი აქვს მათ შორის ეროვნულ ბანკზე “ქართულ ოცნებას”. ამიტომ, გამომდინარე იქიდან, რომ თავად ირაკლი კობახიძე ელოდება პარლამენტში ამ პროცესის გადმოტანას, ვვარაუდობ, რომ ეს პროცესი პარლამენტში გადმოვა, თუმცა “ქართული ოცნების” კრახით დასრულდება, რადგან მან ეს პროცესი ქვეყნის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟირების მიზნით წამოიწყო”,- განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ “ქართული ოცნების” ავტორობით მომზადებული წარდგინება ოქტომბრის დასაწყისში განიხილა. განხილვა 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მმართველ პარტიას, რომელიც პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, სხდომებზე უმრავლესობის 4 დეპუტატი, მათ შორის “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარმოადგენდა, პრეზიდენტის წარმომადგენლები კი იურისტები – თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იყვნენ. თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი სასამართლო განხილვებს არ დასწრებია.

“ქართული ოცნება” პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, ევროპაში მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ვიზიტების გამო ედავება.

“ისრაელი უარყოფს ინფორმაციას, რომ დღეს რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გახსნა იგეგმება” – CNN

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნის შესახებ ღაზასა და ეგვიპტეს შორის რაიმე შეთანხმება არსებობს.

„ამ დროისთვის ღაზის სექტორში არ მოქმედებს არც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და არც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უცხოელების გასვლის სანაცვლოდ“, – განუცხადეს CNN-ს ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში.

განცხადება გაავრცელა „ჰამასმაც“, სადაც აღნიშნულია, რომ ეგვიპტიდან არ მიუღიათ დადასტურება რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის შესაძლო გახსნის შესახებ.

შეგახსენებთ, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს რაფაჰის სასაზღვრო გადასასვლელის გახსნა იგეგმებოდა, რომელიც ღაზას ეგვიპტესთან აკავშირებს. ამასთან, Reuters-ის ცნობით, იმისთვის, რომ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა შესაძლებელი გახდეს, ისრაელი დღეს დილით, ადგილობრივი დროით 9:00 საათიდან სამხრეთ ღაზაში ცეცხლის დროებით შეწყვეტაზე დასთანხმდა.

“სავსებით შესაძლებელია პოლონეთში სამოქალაქო ომი დაიწყოს” – დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში პოლონეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება. მისი თქმით, შესაძლოა, ამ არჩევნების შედეგად ქვეყანაში უმართავი პროცესები დაიწყოს.

„პოლონეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. მმართველმა პარტიამ დიდი ალბათობით, დაკარგა უმრავლესობა 460-მანდატიან სეიმში. იაროსლავ კაჩინსკის პარტია “სამართალი და სამართლიანობამ” ეგზიტპოლების მიხედვით, აიღო ამომრჩეველთა 36,8%. მისი უახლოესი კონკურენტია “სამოქალაქო კოალიცია”, რომელიც აერთიანებს ფემინზმის, ლიბერალიზმის, სეკულარიზმისა და “LGBT” თემების ინტერესდამცველებს – 31,6%. ოპოზიციური “მესამე გზა” აგროვებს 13%-ს, ხოლო “მემარცხენეები” – 8,6%. ასე რომ, თუ ოპოზიციური სპექტრი შეძლებს გაერთიანებას, სეიმის უმრავლესობაც მათ ხელში იქნება და მთავრობის ჩამოყალიბების ბერკეტებიც. ოდნავ მაინც რომ გვქონდეს წარმოდგენა, რა ტიპის პოლონეთთან შესაძლოა გვქონდეს საქმე ახლო მომავალში, მხოლოდ ერთ მაგალითს მოვიყვან: “სამოქალაქო კოალიციის” ლიდერი რაფალ თშასკოვსკი, სულ რაღაც სამი წლის წინ გამოდიოდა ინიციატივით, ქვეყნის კათოლიკური ეკლესიის ბაზაზე შექმნილიყო ცალკე ტაძრები, რომელთა “მრევლი” მხოლოდ “LGBT” თემის “მორწმუნე” წარმომადგენლები იქნებოდნენ, შესაბამისი ორიენტაციის “სამღვდელოებით”. მსგავსი სიგიჟე პოლონურ ეკლესიას მისი დაარსების დღიდან ჯერ არ შეხებია. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ქვეყნის კონსერვატიულ მხარეზე უკვე გაისმის რადიკალური მოწოდებები. ასე მაგალითად, პოლონეთის არმიის გენერალმა პეტერ პიტელმა განაცხადა, რომ არჩევნებში მმართველი პარტიის მარცხის შემთხვევაში, ის არ გამორიცხავს ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შენარჩუნების შესაძლებლობას. ქვეყნის ექსპრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ კი დასძინა, რომ სავსებით შესაძლებელია, პოლონეთში დაიწყოს სამოქალაქო ომი და ქვეყნის მოსახლეობის ჯანსაღმა ნაწილმა ხელში იარაღი აიღოს,” – წერს ქართველიშვილი.

“სიძულვილის ენის გამოყენება მედიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პრობლემას წარმოადგენს” – ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, სიძულვილის ენის გამოყენება მედიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პრობლემას წარმოადგენს. იოსელიანმა მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე “მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები შეაფასა, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

ლევან იოსელიანის თქმით, ის ინიციატივას არ იცნობს, თუმცა მიიჩნევს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში სიძულვილის ენა მატულობს.

„კანონპროექტს არ ვიცნობ, მაგრამ ზოგადად, შემიძლია ვთქვა, რომ სიძულვილის ენის გამოყენება მედიაში იქნება, პოლიტიკურ დისკუსიაში თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, პრობლემა არის და ამ მიმართულებით, ალბათ, წინასაარჩევნოდ ჩვენც გვექნება გარკვეული მოსაზრებები და ინიციატივები იმიტომ, რომ რასაც თვალყურს ვადევნებთ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სიძულვილის ენის ხარისხის მასშტაბი ჩვენს ქვეყანაში მატულობს. ამ ინიციატივას არ ვიცნობ, ამიტომ, ვერაფერს გეტყვით”,-განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, მედიის მიერ სიძულვილის ენისა და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელების საკითხზე “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ ხორციელდება.

„ქართული ოცნების” დეპუტატებმა მოამზადეს პროექტი, რომლის გათვალისწინებით, ასეთ დარღვევაზე მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება.

“მოსასყიდი ხალხის მეტი რა იყო, წუწკად იქცევიან, იმპიჩმენტის სურვილი არ აქვთ” – იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებაზე“

წუწკად იქცევიან, იმპიჩმენტის სურვილი არ აქვთ – ეს ყველაფერი მგონი, პრეზიდენტთან ვითომ გამიჯვნის თამაში იყო, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად, „ქართული ოცნება” სალომე ზურაბიშვილთან გამიჯვნას თამაშობს, რათა მისი მეშვეობით, დაკარგული პროდასავლური ელექტორატი დაიბრუნოს.

„საკონსტიტუციო სასამართლოში სიურპრიზების მოლოდინი არ მაქვს, დარწმუნებული ვარ იქ „ქართული ოცნება“ ტრიუმფალურ გამარჯვებას მოიპოვებს. რაც შეეხება პარლამენტში პროცესის გაგრძელებას, რაღაც არ ეტყობათ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდათ, მგონი ეს ყველაფერი პრეზიდენტთან ვითომ გამიჯვნის თამაში იყო, რომ პრეზიდენტი ე.წ. ოპოზიციურ მოედანზე გადააგდონ და ამით ე.წ. პროდასავლური ხმები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ხელიდან გაუვარდა, ზურაბიშვილის მეშვეობით უკან დაიბრუნონ. მე მგონია, ეს არის ამ კამპანიის მიზეზი, რომელიც ასე მდორედ მიმდინარეობს, თორემ აქამდე მოსასყიდი ხალხის მეტი რა იყო. „ქართულ ოცნებას” რომ იმპიჩმენტი უნდოდეს, იმდენი ადამიანი მეგულება ოპოზიციაში, ოდნავ მატერიალურად რომ წახმარებოდნენ, მზად იყვნენ და შეუძლებელია ეს არ მოგვარებულიყო, მაგრამ ამისთვის არ იბრძვიან, წუწკად იქცევიან და შესაბამისად, არც სურვილი აქვთ იმპიჩმენტის,”- განაცხადა ხვიჩიამ.