Home Blog Page 1919

“პოლონეთის მხრიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა სუვერენული გადაწყვეტილებაა” – პენტაგონი

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პოლონეთის გადაწყვეტილება, შეწყვიტოს იარაღის მიწოდება უკრაინისთვის, არის „სუვერენული გადაწყვეტილება“.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, რომ გადაწყვიტონ, რა დონის მხარდაჭერის გაწევას აპირებენ”, – აღნიშნა პენტაგონის პრესმდივანმა, პატრიკ რაიდერმა.

რაიდერი ვერ ამბობს, გამოიწვევს თუ არა პოლონეთის გადაწყვეტილება სხვა ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის მეტი დახმარების მიწოდების აუცილებლობას, მაგრამ ხაზი გაუსვა პოლონეთის უკვე გაწეული დახმარებას.

„პოლონეთი იყო ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა უკრაინაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. არა მხოლოდ უსაფრთხოების, არამედ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისა და მხარდაჭერის კუთხით მილიონზე მეტი დევნილი უკრაინელისთვის, რომლებიც პოლონეთში წავიდნენ რუსეთის შეჭრის შედეგად“, – განაცხადა რაიდერმა.

„რუსეთთან ურთიერთობას პოზიტიური კუთხით განვაგრძობთ” – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი რუსეთთან პოზიტიური ურთიერთობის შენარჩუნებას აპირებს.

„რუსეთთან ურთიერთობას პოზიტიური კუთხით განვაგრძობთ, რადგან საკითხი, რომელიც ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, არის ის, რომ ვზრუნავთ თრაკიის ბუნებრივი აირის კერად ყოფნაზე. ამჟამად, ბუნებრივი აირის თითქმის ნახევარს რუსეთიდან ვყიდულობთ“, – განაცხადა ერდოღანმა თურქულ მედიასთან საუბრისას.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ბუნებრივი აირის კუთხით ევროპას სერიოზული პრობლემა აქვს, თუმცა მათ ამ მიმართულებით სირთულე არ შეჰქმნიათ. ერდოღანი ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით იმედოვნებს, რომ მსგავსი პრობლემა ქვეყანაში არ იქნება.

ამასთან, როგორც ერდოღანმა აღნიშნა, არასწორად მიაჩნია მსოფლიო ლიდერების მხრიდან პუტინის მიმართ ცუდი დამოკიდებულება.

„როგორც ლიდერებს, ასევე პრემიერ-მინისტრებს ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ პუტინის მიმართ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს მსგავსი დამოკიდებულება. მე ეს არ მიმაჩნია სწორად, რადგან რუსეთი არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა. რუსეთს აქვს ადგილი მსოფლიოში როგორც მისი ფართობით, ასევე მისი პოზიციით. მარცვლეულის წარმოების კუთხით, ამჟამად რუსეთი ერთ-ერთია მცირერიცხოვანი ქვეყნებიდან. ახლა ასეთი ქვეყნის იგნორირება არ შეიძლება“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

“ყარაბაღში მცხოვრები სომხების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს ეკისრება” – ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ყარაბაღში მცხოვრები სომხების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანს ეკისრება.

„აზერბაიჯანს ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებები და უსაფრთხოება, მათ შორის მათი უფლება, იცხოვრონ საკუთარ სახლებში დაშინებისა და დისკრიმინაციის გარეშე. მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილებას სამხედრო ან სხვა საშუალებებით ევროკავშირისგან ძლიერი პასუხი მოჰყვება“, – აღნიშნა ბორელმა განცხადებაში.

ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის, მიიღოს შესაბამისი ზომები სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში.

“ოპოზიციას რამდენიმე დღე დასჭირდა, რომ სუს-ის განცხადების შინაარსი თავადვე დაედასტურებინა” – შალვა პაპუაშვილი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და „ენჯეოები“ ერთგულები არიან არა საქართველოსი, არამედ სხვა ქვეყნების. სხვა ქვეყნის ჰიმნს მღერიან, სხვა დროშაზე იფიცებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ რამდენიმე დღეში თავადვე დაადასტურა არეულობასა და დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება.

„ჩვენ ვნახეთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადების შემდეგ, როგორი ხელოვნური ირონიით ცდილობდნენ საკითხის კომენტირებას და რამდენიმე დღე დასჭირდა, რომ თავადვე დაედასტურებინათ ამ განცხადების შინაარსი. იარაღი, „მოლოტოვის კოქტეილები“, შიდა, გარე ძალების ჩარევა, ეს ყველაფერი ხომ ახალი არ არის. ერთგული და ლოიალური არიან სხვა ქვეყნების მიმართ, ვერავინ გაბედა ერთი კრიტიკული სიტყვა ეთქვა უკრაინის კონტრდაზვერვასთან დაკავშირებით, რომლის ხელმძღვანელის მოადგილეც გია ლორთქიფანიძე საქართველოში 2021 წლის შემოდგომაზე სააკაშვილის შემოყვანით გეგმავდა არეულობას. ამ ქვეყანაში არ გამოჩნდა არცერთი უცხოური დაფინანსების მქონე „ენჯეო“, რომელიც რაიმენაირად კრიტიკულ სიტყვას იტყოდა ამაზე, არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ გამოჩნდა ამ ქვეყანაში, რომელიც ამას იტყოდა. ისინი ერთგული არიან არა საქართველოსი, სხვა ქვეყნების, სხვა დროშების, სხვა გერბების და სხვა ჰიმნების. გავიხსენებდი 26 მაისს, გახსოვთ, როგორი ელეთმელეთი დაემართათ ქართულ დროშაზე და პოლიტიკოსები, „ენჯეოები“ ევროკავშირის დროშას ითხოვდნენ, სხვა ქვეყნების დროშას, რადგან მათი დროშა საქართველოს დროშა არ არის, მათი გერბი საქართველოს გერბი არ არის და მათი ჰიმნი საქართველოს ჰიმნი არ არის. სხვა ჰიმნებს მღერიან და სხვა დროშაზე იფიცებიან, სხვა გერბთან დგებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ და კვლავ არ უნდა გავხდეთ რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებული”- იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, დასავლეთმა ენერგეტიკის სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენა უკრაინაში ომის დასრულების შემდეგაც არ უნდა გააგრძელოს.

აღნიშნული განცხადება ნატოს გენმდივანმა ნიუ-ორკში ყოფნისას გააკეთა.

“ენერგეტიკაში არსებული სიტუაცია ფუნდამენტურად არის შეცვლილი… ადრე ბევრ ევროპელს ეგონა, რომ რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულობა – აბსოლუტურად ნორმალურია. ისინი ცდებოდნენ… ჩვენ ეს შეცდომა არ უნდა გავიმეოროთ და რუსულ გაზსა და ენერგეტიკაზე დამოკიდებულები კვლავ არ უნდა გავხდეთ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ეს “გაკვეთილი” ჩინეთსაც ეხება.

“მე არ ვამბობ ჩინეთთან თანამშრომლობის არასაჭიროებაზე, მაგრამ მასზე ძალიან არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები”, – დასძინა ნატოს გენმდივანმა.

ევროკავშირი ყარაბაღის ომის შედეგად დაზარალებულებს 500 მილიონ ევროს ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გამოუყოფს

ევროკომისიის განცხადებით, ევროკავშირი არაღიარებულ მთიან ყარაბაღს 500 მილიონი ევროს ჰუმანიტარული დახმარების პაკეტს გადასცემს, რაც ბრძოლების შედეგად დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად კეთდება.

„ომიდან გაქცეულმა ათასობით ადამიანმა დატოვა სახლები და დახმარება სჭირდება. ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარება დაზარალებულებს დაეხმარება დაფარონ სასწრაფო საჭიროებები, ასევე მოხდეს მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა და ფსიქოლოგიური დახმარება“ , – აღნიშნულია კომუნიკეში.

აღნიშნული თანხა ემატება იმ 1,17 მილიონის ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელიც ევროკავშირმა ყარაბაღის მცხოვრებთათვის 2023 წლის დასაწყისში გამოყო.

„ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციის განვითარებას და მზად ვართ შემოგთავაზოთ მეტი დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მიესალმება ცეცხლის შეწყვეტას, მოვუწოდებ კონფლიქტის ყველა მხარეს, უზრუნველყონ ჰუმანიტარული ორგანიზაციების შეუფერხებელი წვდომა” , – განაცხადა ევროკომისარმა კრიზისებზე რეაგირების საკითხებში იანეზ ლენარჩიჩმა.

“სანქცირებულ ქვეყანას არავინ მიიღებს ევროკავშირში და არც სტატუსს მისცემს” – ეკა სეფაშვილი

სანქცირებულ ქვეყანას არავინ მიიღებს ევროკავშირში და არც სტატუსს მისცემს. სწორედ ამას ცდილობენ გლობალური ომის პარტიის მომხრენი და მათი დამქაშები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სურთ, ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს, რათა შემდეგ ეს არეულობის მიზეზი გახდეს.

„გახსოვთ, აშშ-ს იუსტიციის ვებგვერდზე FARA-ს კანონის მიხედვით, რომელიც ოპოზიციამ რუსულ კანონად მონათლა, გამოქვეყნებული ანგარიშით გავიგეთ, რომ სააკაშვილის ოჯახი აფინანსებს ლობისტებს, რათა საქართველოს დაუწესდეს სანქცია. ეს სანქცირების თემა შეგვიძლია, განვიხილოთ, როგორც ერთი დიდი თემა. ჯერ ერთი, სანქცირებულ ქვეყანას არავინ მიიღებს ევროკავშირში და არც სტატუსს მისცემს. სწორედ ამას ცდილობენ გლობალური ომის პარტიის მომხრენი და მათი დამქაშები, რომ საქართველომ არ მიიღოს სტატუსი და ეს ქვეყანაში არეულობის მიზეზი გახდეს. მეორე – თუ ამას ვერ მოახერხებენ, მაშინ პატარ-პატარა სანქციებით, ჯერ მოსამართლეებისთვის სავიზო რეჟიმის შეზღუდვით, ახლა ფარცხალაძის საკითხის გამოყენებით მიაღწიონ საწადელს. გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ სანქცირების ყველანაირი ბერკეტი გამოეცალათ. არგუმენტები თითიდანაა გამოწოვილი. ეს კაცი არც ტელევიზიას ფლობს, არც რაიმე მედიასაშუალებას, არც რაიმე მნიშვნელოვან ხელმოსაჭიდს აქვეყნებენ მის წინააღმდეგ და არც ამ მიმართულებით ხორციელდება რაიმე ქმედება“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა.

როგორც სეფაშვილმა აღნიშნა, რადიკალურ ოპოზიციას სწორედ კონსტიტუციის დაცვის მცდელობაზე აქვს ატეხილი ისტერია.

„რას ვხედავთ, არის ისტერია იმისა, რომ არ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, კონსტიტუცია და უდანაშაულობის პრეზუმფცია. სწორედ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის მიზნით მიიღო ეროვნულმა ბანკმა ეს დადგენილება. ეროვნული ბანკი თავის დროზე, ომის დაწყების პირველივე ეტაპზე შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს და უკან არ დაუხევია. მაგალითად, იყო ასეთი „ვითიბი ბანკი“, რომელიც ერთ შაბათ-კვირას დაიხურა ისე, რომ მომხმარებელი არ დაზარალებულა. როდესაც პირველად დადგა ის მომენტი, როცა სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს და აღმოჩნდა, რომ ის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას, მაშინვე, ვისაც ქვეყნის მომავალი აღელვებს, ვისაც ქვეყნის მომავალი ადარდებს, ვისაც უნდა, რომ საქართველო იყოს ევროპული სახელმწიფო, ყველამ ერთნაირად წაიკითხა კონსტიტუცია. არავინ უარყოფს, რომ სანქციები უნდა გავრცელდეს ყველაზე, ვინც დამნაშავეა და ვინც ექცევა სანქციების არეალში შესაბამისი ქმედებების გამო, მაგრამ ეს დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობის თანახმად. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის „ნოუ-ჰაუ“, ესაა ევროპული და საერთაშორისო სამართლის ნაწილი. თუ გვინდა ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, შესაბამისად უნდა მოვიქცეთ, როგორც ეკადრება ევროპულ სახელმწიფოს, თუმცა, რას ვხედავთ? ყოველი მცდელობა, როდესაც ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ დავიცვათ საქართველოს მოქალაქის უდანაშაულობის პრეზუმფცია, მოვახდინოთ რეაგირება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე სამართლებრივად თუ პოლიტიკურად, როდესაც ჩვენ ვცდილობთ სახელმწიფოს აღმშენებლობა მოხდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, იწყება გლობალური ომის პარტიის და ღალატის პარტიის წარმომადგენლების სრული ისტერია, არ ვაშენოთ ჩვენი სახელმწიფო. ამ სურათს ვხედავთ ჩვენ, ესაა ძირითადი პრობლემა. ცდილობენ, ტყუილი აღქმებით, მანიპულაციური დასკვნებით, დემაგოგიური პროპაგანდით შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში, თუმცა, ეს არის მხოლოდ მცდელობა“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ამასთან, ეკა სეფაშვილის შეფასებით, პარლამენტში და მის ფარგლებს ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები დაგეგმილი მოვლენების ჯაჭვია.

„ეს არის დაგეგმილი მოვლენების ჯაჭვი, რომელიც ერთიან სცენარში ზის. ჩვენ დიდი ხანია, ვაფრთხილებთ საზოგადოებას ამ კოორდინირებული ქმედების შესახებ, რომლის უკანაც დგას გლობალური ომის პარტია და რომელსაც ჰყავს აგენტურის კარგად შემუშავებული ქსელი რადიკალური ოპოზიციის და ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა ინსტიტუციაში ჩანერგილი მათი წარმომადგენლების სახით, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ მათ დავალებებსა და ბრძანებებს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

“პრეზიდენტი დაემუქრა ეროვნულ ბანკს, რომ უფუნქციოს გახდიდა” – შალვა პაპუაშვილი

სალომე ზურაბიშვილი დაემუქრა ეროვნულ ბანკს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის სურვილს თუ არ მოარგებდა რეგულაციას, ეროვნული ბანკის საბჭოს უფუნქციოდ აქცევდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს გამაოგნებელია.

„სამწუხაროდ, ის, რაც ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით პრეზიდენტისგან და მისი ადმინისტრაციისგან ვიხილეთ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად დიდია უპატივცემულობა, რომელსაც პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია იჩენს ქართველი ხალხის მიმართ. უპირველეს ყოვლისა, ვიხილეთ ზეწოლა ეროვნული ბანკის პრეზიდენტზე, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებდა ეროვნულ ბანკის პრეზიდენტს, გადამდგარიყო. ასევე, დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ წარუდგენს პარლამენტს კანდიდატებს, ვიდრე მისი შეხედულებით არ იქნება გამოცემული ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგულაციები. ეს არის პირდაპირი შანტაჟი ეროვნული ბანკის მიმართ, რომ მან ისეთი რეგულაციები მიიღოს, რომელსაც პრეზიდენტი ჩათვლის საჭიროდ. რაც მოვისმინეთ, იყო მუქარა, რომ პრეზიდენტი უფუნქციოდ გახდიდა ეროვნულ ბანკს იმ პირობებში, როცა ეროვნული ბანკის საბჭოში სამი წევრი გადადგა და საფრთხე იქმნებოდა, რომ საბჭოს წევრების რაოდენობა შეიძლება, დასაშვებ მინიმუმამდე ჩამოსულიყო. პრეზიდენტი დაემუქრა ეროვნულ ბანკს, თუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის სურვილს არ მოარგებდა რეგულაციას, ეროვნული ბანკის საბჭოს უფუნქციოდ აქცევდა. ეს არის პირდაპირი ჩარევა კონსტიტუციაში გათვალისწინებული ორგანოს საქმიანობაში, ზეწოლა შანტაჟის სახით, რაც გამაოგნებელია. მეორე მხრივ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს პრეზიდენტისგან უპატივცემულობას როგორც კონსტიტუციის, ისე კანონმდებლობის მიმართ, რაც ძალიან მძიმეა. ეს არ არის უბრალოდ კონსტიტუციის ან რაღაც ნორმების უგულებელყოფა, ეს არის პოზიცია, რომელიც ამბობს იმასაც, რომ პრეზიდენტს არაფრად მიაჩნია ხალხის მიერ დადგენილი წესები, ის თავად აწესებს წესებს და ისე მოქმედებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“სააკაშვილის მითითებები საერთოდ არ მაინტერესებს” – ალეკო ელისაშვილი

სააკაშვილის მითითებები საერთოდ არ მაინტერესებს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ოპოზიციაში, თუ ვინმესთან დავჯდები მაგიდასთან, მხოლოდ ისეთ ხალხთან, ვისთანაც მეტ-ნაკლები ღირებულებითი ერთობა გაგვაჩნია. ადრე, როგორც ფანჩატურებში დავდიოდით, ასეთ რაღაცებში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა, რომ თუ საქართველო სტატუსს ვერ მიიღებს, უნდა უზრუნველვყოთ, რომ მთავრობა გადადგეს, დაინიშნოს ახალი არჩევნები და ის ეროვნული თანხმობის მთავრობის პირობებში ჩატარდეს.

“საზოგადოებაში ჩამოგვიყალიბდა ადამიანების ჯგუფი, რომელთაც აბსოლუტური გაუცხოება აქვთ საკუთარი ხალხის მიმართ”

გუშინ ვიხილეთ საბოტაჟისა და კრიზისის შექმნის მცდელობის კასკადი, რომელიც ერთ დღეში ჩაიფუშა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჩამოყალიბდა ადამიანების ჯგუფი, რომელთაც აქვთ აბსოლუტური გაუცხოება საკუთარი ხალხის მიმართ.

„ერთადერთი, რაც გუშინ ვიხილეთ იყო მთელი კასკადი საბოტაჟისა და კრიზისის შექმნის მცდელობისა, რომელიც ერთ დღეში ჩაიფუშა. ყველამ დაინახა, ერთი რამ, რომ სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ჩამოგვიყალიბდა ადამიანების ჯგუფი, რომელთაც აქვთ აბსოლუტური გაუცხოება საკუთარი ხალხის მიმართ. ისინი თავს ფაქტობრივად აღარც თვლიან ამ ქვეყნის შვილებად და ამ საზოგადოების წევრებად. მათთვის სხვა სახელმწიფოს ამა თუ იმ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებს უფრო მაღალი ნდობა აქვს, ვიდრე საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას.

ჩვენ დაახლოებით ერთ წელიწადში გვექნება საპარლამენტო არჩევნები და ეს ხალხი, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, გავლენ არჩევნებზე და ქართველი ხალხი მათ მტკიცე უარს ეტყვის სწორედ ამ საქციელისთვის, რომელიც თუნდაც ამ დღეებში გამოაჩინეს. მათ აქვთ ლოიალობა და ერთგულება უცხო ქვეყნის ადმინისტრაციებისა და გადაწყვეტილებების მიმართ, მათ არანაირი ერთგულება არ აქვთ საკუთარი წესებისა და კანონების მიმართ. ეს არის ყველაზე სამწუხარო რეალობა, რაც ვნახეთ. მეორე მხრივ, ეს იყო კარგი ლუსტრაცია. ამ ორმა დღემ დაგვანახა, რომ ჩვენ ფაქტობრივად ოპოზიცია კი არ გვყავს, ის რამდენიმე „ენჯეო“, რომლებიც თავს საზოგადოების წარმომადგენლებს ეძახიან, საზოგადოებას კი არ წარმოადგენს, ჩვენს გვყავს ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც აბსოლუტურად აწყობილები არიან უცხო ქვეყნის ნდობაზე და საკუთარი ქვეყნის მიმართ უნდობლობაზე. რთულია, წარმოიდგინო, რომ ასეთ რეალობამდე მივიდოდა პოლიტიკოსთა ეს ჯგუფი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“გარკვეულმა ძალებმა, როგორც ჩანს, არჩევნებამდე მრავალი თვით ადრე დაიწყეს ვითარების დაძაბვა” – თეა წულუკიანი

გარკვეულმა ძალებმა, როგორც ჩანს, არჩევნებამდე მრავალი თვით ადრე დაიწყეს ვითარების დაძაბვა, ვინაიდან ისინი უკვე აშკარად, თვალშისაცემად გადიან დემოკრატიული, კონსტიტუციური პროცესიდან, – ამის შესახებ საქართველოს, ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა უნდა იყოს ფრთხილად და ყურადღებით.

„არ მგონია, რომ დღეს საჭიროა, იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, თანამშრომელი, მთავრობის წევრი ან იყო ხელისუფლებაში, რომ ძალიან მარტივად ამოიცნო მიზანი, პროცესების დინამიკა, რომელიც ჩვენს თვალწინ ვითარდება. როგორც ჩანს, გარკვეულმა ძალებმა არჩევნებამდე მრავალი თვით ადრე დაიწყეს ვითარების დაძაბვა, ვინაიდან ისინი უკვე აშკარად, თვალშისაცემად გადიან დემოკრატიული, კონსტიტუციური პროცესიდან, აღარ ესწრებიან „მინისტრის საათის“ ფორმატში გამართულ სხდომებს, უარს ამბობენ საკუთარი ამომრჩევლის სახელით დასვან მთავრობის წინაშე მწვავე კითხვები, იქონიონ ჩვენთან მწვავე დიალოგი და გაგვაკრიტიკონ, მოისმინონ პასუხები. როგორც ჩანს, მათ ეს კონსტიტუციური ნორმალური, პოლიტიკური პროცესი აღარ აწყობთ, აღარ მოსწონთ და სავარაუდოდ სხვა გეგმები უნდა ჰქონდეთ. ეს დევს ზედაპირზე. დღეს სახიფათო ვითარება არ არის, მაგრამ ჩვენ იმისთვის ვართ მრავალჭირგამოვლილი ქვეყანა, ერი, რომ ვიყოთ ფრთხილად, არ ავყვეთ მათ უპასუხისმგებლო განცხადებებს, პროვოკაციებს, რომლებსაც, როგორც თავადვე ამბობენ, არც კი მოერიდებიან.

ყველაფერი იქნება მშვიდობიანად, სტაბილურად, კარგად, მთავარია, მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ ისინი, ვისაც გვაქვს გონება, ვისაც აბარია პასუხისმგებლობები. ყურადღებით უნდა იყოს ასევე ის ადამიანი, ვისაც დესტრუქციული, რადიკალიზებული ოპოზიცია მიმართავს, რომ ჩაერთოს ამა თუ იმ პროცესში, იქნება ეს ხელოვანი თუ სხვა ადამიანი, სხვა სფეროს წარმომადგენელი. მათ უკვე სახიფათო თამაში აქვთ წამოწყებული და ჩემი ქვეყნის არცერთ შვილს არ ვუსურვებ, რომ უნებლიედ აღმოჩნდეს ამაში ჩართული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

“ადმინისტრაცია ვერ გვეტყოდა, რომ დასავლეთის ძირითადი სპეცსამსახურების წარმომადგენლები საქართველოში, თავისი უიღბლო აგენტის „გასაროზგად“ მივიდნენ”

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, „გლობალური ომის პარტიამ“ თავისი აგენტი დატუქსა.

„დილიდან მეგონა, რომ „რაღაც გამიხარდებოდა“ და ველოდებოდი როგორც მინიმუმ ორ მოვლენას: 1) აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატიური ფოსტით გადმოგვცემდა Отар Анзорович Парцхаладзе-ს კლასიკურ ტიპურ ხელწერილს, ФСБ-ს დირექტორ Бортников-ის სახელზე, მასთან თანამშრომლობაზე თანხმობის თაობაზე და 2) რეალური აგენტის დატუქსვას, რომელმაც მორიგი დავალება „ჩააფლავა“ და კოლექტიური აგენტოკრატიული დასავლეთი მერამდენედ ჩააგდო უხერხულ და წამგებიან მდგომარეობაში.

ამ ორი მოლოდინიდან გამართლდა მეორე ვარიანტი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ფინანსური სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილეს“. ეს გასაგებია – პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვერ გვეტყოდა, რომ დასავლეთის ძირითადი სპეცსამსახურების წარმომადგენლები საქართველოში, თავისი უიღბლო აგენტის „გასაროზგად“ მივიდნენ და როგორც მინიმუმ, ყური აუწიეს მას.

მე არ გამოვრიცხავ, რომ ზურაბიშვილს ჰქონდა კიდეც სურვილი, ჩვეული და საკუთარ ამომრჩეველზე აპრობირებული ფორმით მიემართა მათთვის: „რატომ მომვარდით?“ – მაგრამ ეგ რომელი „მალვინა“-მარიონეტია, საკუთარ „კარაბას-ბარაბასს“ რომ აუჯანყდეს. ამიტომ, დატუქსვას დიდი ალბათობით ადგილი ჰქონდა. სამხრეთ კავკასიაში კატასტროფულად ცუდად მისდით საქმე ზურაბიშვილის მმართველ აგენტოკრატებს – რეგიონი „გლობალური ომის პარტიის“ ორბიტიდან სრული დაკარგვის პირასაა. ერთადერთი „ორბიტა“, სადაც პირადად ზურაბიშვილი მოიაზრება – ლომჯარიას ახალი პარტიაა. მაგრამ, ეს უკვე საქართველოს არა მხოლოდ „ორბიტიდან“, ეს უკვე „გლობალური ომის პარტიის“ რადარებიდან გაქრობის ტოლფასი იქნება…“,- წერს დავით ქართველიშვილი.