“სანქცირებულ ქვეყანას არავინ მიიღებს ევროკავშირში და არც სტატუსს მისცემს” – ეკა სეფაშვილი

233
spot_img

სანქცირებულ ქვეყანას არავინ მიიღებს ევროკავშირში და არც სტატუსს მისცემს. სწორედ ამას ცდილობენ გლობალური ომის პარტიის მომხრენი და მათი დამქაშები, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სურთ, ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს, რათა შემდეგ ეს არეულობის მიზეზი გახდეს.

„გახსოვთ, აშშ-ს იუსტიციის ვებგვერდზე FARA-ს კანონის მიხედვით, რომელიც ოპოზიციამ რუსულ კანონად მონათლა, გამოქვეყნებული ანგარიშით გავიგეთ, რომ სააკაშვილის ოჯახი აფინანსებს ლობისტებს, რათა საქართველოს დაუწესდეს სანქცია. ეს სანქცირების თემა შეგვიძლია, განვიხილოთ, როგორც ერთი დიდი თემა. ჯერ ერთი, სანქცირებულ ქვეყანას არავინ მიიღებს ევროკავშირში და არც სტატუსს მისცემს. სწორედ ამას ცდილობენ გლობალური ომის პარტიის მომხრენი და მათი დამქაშები, რომ საქართველომ არ მიიღოს სტატუსი და ეს ქვეყანაში არეულობის მიზეზი გახდეს. მეორე – თუ ამას ვერ მოახერხებენ, მაშინ პატარ-პატარა სანქციებით, ჯერ მოსამართლეებისთვის სავიზო რეჟიმის შეზღუდვით, ახლა ფარცხალაძის საკითხის გამოყენებით მიაღწიონ საწადელს. გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ სანქცირების ყველანაირი ბერკეტი გამოეცალათ. არგუმენტები თითიდანაა გამოწოვილი. ეს კაცი არც ტელევიზიას ფლობს, არც რაიმე მედიასაშუალებას, არც რაიმე მნიშვნელოვან ხელმოსაჭიდს აქვეყნებენ მის წინააღმდეგ და არც ამ მიმართულებით ხორციელდება რაიმე ქმედება“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა.

როგორც სეფაშვილმა აღნიშნა, რადიკალურ ოპოზიციას სწორედ კონსტიტუციის დაცვის მცდელობაზე აქვს ატეხილი ისტერია.

„რას ვხედავთ, არის ისტერია იმისა, რომ არ დავიცვათ ჩვენი სახელმწიფო, კონსტიტუცია და უდანაშაულობის პრეზუმფცია. სწორედ უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის მიზნით მიიღო ეროვნულმა ბანკმა ეს დადგენილება. ეროვნული ბანკი თავის დროზე, ომის დაწყების პირველივე ეტაპზე შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს და უკან არ დაუხევია. მაგალითად, იყო ასეთი „ვითიბი ბანკი“, რომელიც ერთ შაბათ-კვირას დაიხურა ისე, რომ მომხმარებელი არ დაზარალებულა. როდესაც პირველად დადგა ის მომენტი, როცა სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს და აღმოჩნდა, რომ ის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას, მაშინვე, ვისაც ქვეყნის მომავალი აღელვებს, ვისაც ქვეყნის მომავალი ადარდებს, ვისაც უნდა, რომ საქართველო იყოს ევროპული სახელმწიფო, ყველამ ერთნაირად წაიკითხა კონსტიტუცია. არავინ უარყოფს, რომ სანქციები უნდა გავრცელდეს ყველაზე, ვინც დამნაშავეა და ვინც ექცევა სანქციების არეალში შესაბამისი ქმედებების გამო, მაგრამ ეს დადასტურებული უნდა იყოს კანონმდებლობის თანახმად. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის „ნოუ-ჰაუ“, ესაა ევროპული და საერთაშორისო სამართლის ნაწილი. თუ გვინდა ევროპული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, შესაბამისად უნდა მოვიქცეთ, როგორც ეკადრება ევროპულ სახელმწიფოს, თუმცა, რას ვხედავთ? ყოველი მცდელობა, როდესაც ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ დავიცვათ საქართველოს მოქალაქის უდანაშაულობის პრეზუმფცია, მოვახდინოთ რეაგირება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე სამართლებრივად თუ პოლიტიკურად, როდესაც ჩვენ ვცდილობთ სახელმწიფოს აღმშენებლობა მოხდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად, იწყება გლობალური ომის პარტიის და ღალატის პარტიის წარმომადგენლების სრული ისტერია, არ ვაშენოთ ჩვენი სახელმწიფო. ამ სურათს ვხედავთ ჩვენ, ესაა ძირითადი პრობლემა. ცდილობენ, ტყუილი აღქმებით, მანიპულაციური დასკვნებით, დემაგოგიური პროპაგანდით შეიყვანონ საზოგადოება შეცდომაში, თუმცა, ეს არის მხოლოდ მცდელობა“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ამასთან, ეკა სეფაშვილის შეფასებით, პარლამენტში და მის ფარგლებს ბოლო დღეებში განვითარებული პროცესები დაგეგმილი მოვლენების ჯაჭვია.

„ეს არის დაგეგმილი მოვლენების ჯაჭვი, რომელიც ერთიან სცენარში ზის. ჩვენ დიდი ხანია, ვაფრთხილებთ საზოგადოებას ამ კოორდინირებული ქმედების შესახებ, რომლის უკანაც დგას გლობალური ომის პარტია და რომელსაც ჰყავს აგენტურის კარგად შემუშავებული ქსელი რადიკალური ოპოზიციის და ხშირ შემთხვევაში, სხვადასხვა ინსტიტუციაში ჩანერგილი მათი წარმომადგენლების სახით, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებენ მათ დავალებებსა და ბრძანებებს,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.