“საზოგადოებაში ჩამოგვიყალიბდა ადამიანების ჯგუფი, რომელთაც აბსოლუტური გაუცხოება აქვთ საკუთარი ხალხის მიმართ”

224
spot_img

გუშინ ვიხილეთ საბოტაჟისა და კრიზისის შექმნის მცდელობის კასკადი, რომელიც ერთ დღეში ჩაიფუშა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჩამოყალიბდა ადამიანების ჯგუფი, რომელთაც აქვთ აბსოლუტური გაუცხოება საკუთარი ხალხის მიმართ.

„ერთადერთი, რაც გუშინ ვიხილეთ იყო მთელი კასკადი საბოტაჟისა და კრიზისის შექმნის მცდელობისა, რომელიც ერთ დღეში ჩაიფუშა. ყველამ დაინახა, ერთი რამ, რომ სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ჩამოგვიყალიბდა ადამიანების ჯგუფი, რომელთაც აქვთ აბსოლუტური გაუცხოება საკუთარი ხალხის მიმართ. ისინი თავს ფაქტობრივად აღარც თვლიან ამ ქვეყნის შვილებად და ამ საზოგადოების წევრებად. მათთვის სხვა სახელმწიფოს ამა თუ იმ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებებს უფრო მაღალი ნდობა აქვს, ვიდრე საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას.

ჩვენ დაახლოებით ერთ წელიწადში გვექნება საპარლამენტო არჩევნები და ეს ხალხი, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, გავლენ არჩევნებზე და ქართველი ხალხი მათ მტკიცე უარს ეტყვის სწორედ ამ საქციელისთვის, რომელიც თუნდაც ამ დღეებში გამოაჩინეს. მათ აქვთ ლოიალობა და ერთგულება უცხო ქვეყნის ადმინისტრაციებისა და გადაწყვეტილებების მიმართ, მათ არანაირი ერთგულება არ აქვთ საკუთარი წესებისა და კანონების მიმართ. ეს არის ყველაზე სამწუხარო რეალობა, რაც ვნახეთ. მეორე მხრივ, ეს იყო კარგი ლუსტრაცია. ამ ორმა დღემ დაგვანახა, რომ ჩვენ ფაქტობრივად ოპოზიცია კი არ გვყავს, ის რამდენიმე „ენჯეო“, რომლებიც თავს საზოგადოების წარმომადგენლებს ეძახიან, საზოგადოებას კი არ წარმოადგენს, ჩვენს გვყავს ჯგუფი პოლიტიკოსებისა, რომლებიც აბსოლუტურად აწყობილები არიან უცხო ქვეყნის ნდობაზე და საკუთარი ქვეყნის მიმართ უნდობლობაზე. რთულია, წარმოიდგინო, რომ ასეთ რეალობამდე მივიდოდა პოლიტიკოსთა ეს ჯგუფი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.