Home Blog Page 1913

პრემიერ-მინისტრი საქართველოში იაპონიის ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩს იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მთავრობის მეთაურმა იაპონიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სხვადასხვა მიმართულებით. განიხილეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ეკონომიკური კავშირები და მისი კიდევ უფრო მეტად გაღრმავების პერსპექტივები.

ასევე, აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და ხაზი გაესვა, რომ ქვეყანაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ინვესტიციების მოზიდვის, ექსპორტის ხელშეწყობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით.

ირაკლი ღარიბაშვილმა იშიძუკა ჰიდეკის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი იაპონიის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას იაპონიის საელჩოს მესამე მდივანი ივატარე ოტარო ესწრებოდა.

საქართველო სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება -ზელენსკი-არახამიას მიზნები

საქართველო სუვერენიტეტის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება, -ამის შესახებ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, კიევში კარგა ხანია მოქმედებს საქართველოში დესტაბილიზაციის მაორგანიზებელი ცენტრი.

“ზელენსკი-არახამია, ცენტრის მიერ შემუშავებული გეგმის თანახმად აკეთებენ განცხადებებს, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს ევროინტეგრაციას, სტიმულირება გაუკეთონ საქართველოში მოქმედ მეხუთე კოლონას არეულობის მოწყობაში, პირდაპირ მოუწოდებენ ხელისუფლების შეცვლისკენ და ამისთვის სააკაშვილის გამოყენებასაც ააქტიურებენ. მათი მთავარი მიზანი საქართველოში გადატრიალების მოწყობა და რადიკალების ხელისუფლებაში მოყვანაა იმისთვის , რომ პირდაპირი დაპირისპირება დაიწყოს და ფრონტი გაიხსნას რუსეთის საწინააღმდეგოდ, რასაც დასავლეთის ლიდერებიც აქტიურად უჭერენ მხარს.

ნიშანდობლივია ის, რომ საქართველოზე ზეწოლა და პროვოკაციების ორგანიზება , თანხვედრილია მიმდინარე ომში წარუმატებლობასთან. მიუხედავად დასავლეთის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისა, საქვეყნოდ გაცხადებული კონტრშეტევა უკრაინამ შედეგიანად ვერ განახორციელა. ახლა კი საქართველოს გამოყენებას ცდილობენ , რომ რუსეთს უსიამოვნება შეუქმნან. „უსიამოვნება“, ვინაიდან ამაზე მეტ ზიანს საქართველო თავისი შეიარაღებული ძალებით და მცირე ტერიტორიებით , სადაც ფრონტის გახსნის ბუნებრივი საშუალებები არ არსებობს, რუსეთს ვერ შევუქმნით, მით უფრო რომ ჩვენ ნატო ზურგს არ გვიმაგრებს და შეიარაღებასაც არ გვაწვდიან!

რეალურად საქმე აქამდეც არ მივა , რადგან როგორც კი რუსეთი დაინახავს საფრთხეს სამხრეთის ფლანგიდან, რევოლუციური გადატრიალების მოწყობის და მტრულად განწყობილი ხელისუფლების მოყვანის მხრივ, ადვილად შექმნის მიზეზს, რომ დაგვბომბოს და თბილისში ტანკები შემოიყვანოს, დაიკავოს ფოთი, ბათუმიდან სტრატეგიული ცენტრები. ეს ის საფრთხეა, რამაც რეალურად შეიძლება დაგვაკარგვინოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი ! რუსეთ კი პასუხს არავინ გასცემს და ამოწურულ სანქციებსაც ვერაფერს დაუმატებენ. დასავლეთი აღშფოთდება, ზელენსკისთან ერთად შეჰყვირებენ , რომ რუსეთი აგრესორია და ასე ჩაივლის ყველაფერი.

საქართველოს მოქალაქეები პრინციპულები უნდა ვიყოთ, რომ მეხუთე კოლონას და უცხოელ არაკეთილმოსურნეებს არ მიეცეთ საშუალება, მოსპონ ჩვენი სამშობლოს არსებობა და მომავალი.

დასავლეთს თუ უნდა რომ ეს არ მოხდეს, თამაშს თავი უნდა გაანებოს და საქართველოს არა ევრო კანდიდატის სტატუსით ევაჭროს, არამედ ევრო კავშირში მიღება უნდა დააჩქაროს. ყველა სხვა ვარიანტი, მხოლოდ რუსეთის გავლენას გაზრდის კავკასიის რეგიონში!’- წერს ლევან მამალაძე.

“ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში აღარ იმყოფება და სანკტ-პეტერბურგში დაბრუნდა”- ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი ბელარუსში აღარ იმყოფება და სანქტ-პეტერბურგში დაბრუნდა.

მედიის ინფორმაციით, პრიგოჟინისა და „ვაგნერის“ მებრძოლების ადგილსამყოფელის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ ლუკაშენკომ განაცხადა:

„ეს რუსული კომპანიაა. ასე რომ, კითხვა აშკარად მე არ მეკუთვნის. როგორც ვიცი, მებრძოლები თავიანთ ბანაკებში იმყოფებიან. რაც შეეხება პრიგოჟინს, ის სანკტ-პეტერბურგშია. სად არის დღეს დილით? შესაძლოა, დილით მოსკოვში წავიდა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

„სააკაშვილის მდგომარეობა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობას ამწვავებს“ – უცხოური პრესა

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობას ამწვავებს“ (ავტორი – ნადია ბირდი).

პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოს ექს-პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შექმნილი ვითარება. როგორც უკვე ცნობილია, თბილისში გამართული სასამართლოს სხდომის დროს პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღშფოთება გამოხატა უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გაუსაძლისი მდგომარეობის გამო („რუსეთი უკრაინის მოქალაქეს საქართველოს ხელით კლავს“) და ამისთვის საქართველოს მთავრობას პროტესტი განუცხადა, ქვეყნის ელჩს კი უკრაინის დატოვება მოსთხოვა 48 საათის განმავლობაში.

პუბლიკაციის ავტორი ესაუბრება ალექსანდრე კრევო-ასათიანს, მიხეილ სააკაშვილის პარტიის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო-პოლიტიკურ კოორდინატორს: „როგორც ვხედავთ, საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ერთგვარ თამაშს თამაშობს: როცა მთავრობას კრიზისი ჭირდება, ის ექს-პრეზიდენტის მდგომარეობით კარგად სარგებლობს. ჩვენი პარტია ცდილობს საპროტესტო აქციებით მიხეილ სააკაშვილის მსოფლიოს ყურადღება მიაპყროს შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს? სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტად 2018 წელს აირჩიეს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით. მას აქვს შეწყალების უფლება. ორი კვირის წინ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი ჟურნალისტი შეიწყალა, რომელიც, როგორც მისი მხარდამჭერები აცხადებდნენ, პოლიტიკური მოტივით იყო დაპატიმრებული.

სალომე ზურაბიშვილმა ბევრჯერ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეში არ ჩაერევა, მაგრამ ბევრი ქართველს ჯერ კიდევ აქვს იმედი, რომ იგი გადაიფიქრებს და თავის გადაწყვეტილებას შეცვლის. სალომე ზურაბიშვილი აქტიურად გამოდის საქართველოს პროდასავლური კურსისა და უკრაინის მხარდასაჭერად, რაც საქართველოს მთავრობის რისხვას იწვევს.

„არ ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს“, – ამბობს ალექსანდრე კრევო-ასათიანი , – მას არაერთხელ უთქვამს, რომ ამ იდეის წინააღმდეგია. თუმცა მე მაინც იმედი მაქვს. საერთოდ, ჩვენ, ოპოზიცია, იმედს ვინარჩუნებთ“.

წყარო

“ურდოს იერშები წარუმატებელია, ავდეევკისა და მარიინკის მიმართულებაზე ვითარება უცვლელია”

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“გამთენიას ტერორისტების ურდომ დაბომბა ლვივში საცხოვრებელი სახლი. დაღუპულია 4 და დაშავებულია 9 მშვიდობიანი მოქალაქე.

პუტინი ტერორისტია! რუსეთი ტერორისტია!

– იპოვეთ განსხვავება: ჩვენებმა გუშინ კიდევ ერთხელ დაარტყეს დონეცკის მახლობლად მაკეევკას. ამჯერად განადგურდა ნავთობბაზა; ასევე დაარტყეს ვოლნოვახაში იმ შენობას, სადაც იყვნენ განთავსებული ოკუპანტები და იასინუვატიში გაანადგურეს ასევე სამხედრო ინფრასტრუქტურა!

– ფრონტზე: ბახმუტის ფლანგებზე კარგი ამბებია კლეშჩეევკის მიმართულებით გვაქვს წინსვლა, თუმცა ძალიან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს; ასევე წინ მივიწევთ ბერჰივკაშიც; ეს ორივე სტრატეგიული მნიშვნელობის დასახლებებია ბახმუტის სახმრეთში და ჩრდილოეთში, რომელთა გათავისუფლებაც მოგვცემს ბახმუტის ირგვლივ სერიოზული ყულფის შეკვრას და საბოლოო ჯამში ბახმუტის გათავისუფლებას;

მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებით გვაქვს წინსვლა 7.5 კილომეტრით მტრის თავდაცვის სიღრმეში; ეს იმის გათვალისწინებით, რომ არანორმალური რაოდენობის ნაღმებია ყვლეგან და თავდაცვითი ზღუდეები მოწყობილი;

ჩვენები მაგრად მუშაობენ რაბოტინოს მიმართულებით. წინააღმდეგობა დიდია, მაგრამ თანმიმდევრულად მიიწევენ წინ ჩვენები.

სერიოზული ბრძოლები მიდის კრემინნას და სვატოვოს მიმართულებაზე. ურდოს იერშები წარუმატებელია;
ავდეევკისა და მარიინკის მიმართულებაზე ვითარება უცვლელია;

და ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ცოცხალი ძალის და ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ არ არის ბრძოლაში ჩართული;

სი ძინ პინს მარტში პირადად გაუფრთხილებია პუტლერი, ბირთვული იარაღი არ გამოიყენო, თორემ რიმტარიმტარამტარაო, პუტლერის მოლაპარაკე პირმა ულვაშა ქვიშოვმა, არაო არაფერი მსმენიაო მაგდაგვარიო, მაგრამ პეკინი დუმს. არის დუმილი თანხმობის ნიშანი? ხუ ნოუზ.

ხუზე გამახსენდა, ჩინეთის სპეც.წარმომადგენელს ლი ხუეის უთქვამს, არ მჯერა, რომ პატრიოტებმა კინჟალები ჩამოყარესო. რეზნიკოვს უთქვამს, წამო და გაჩვენებო, ხუეიმ არა არ მინდა, ასე უფრო მშვიდად წავალ სახლშიო.

ნატოს სამიტამდე 1 კვირაზე ნაკლები რჩება. უკრაინა ყველაფერს აკეთებს რომ მაქსიმუმი მიიღოს. მასპინძელი ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ინტერვიუში განაცხადა, რომ შეიძლება ზელენსკიმ ყველაფერი ვერ მიიღოს, მაგრამ უკრაინელი ხალხი გაწბილებული არ დარჩება. “მე არ ვიტყოდი კატეგორიულად, რომ უკრაინა ვერ მიიღებს ამა თუ იმ ფორმით ნატოში მიწვევას. ეს ის ფორმულირებაა, რაზეც ახლაც მიდის მუშაობა ნატოში”.

გერმანიის კანცლერმა და აშშ-ს პრეზიდენტმაც ამაზე ისაუბრეს გუშინ ტელეფონით.
დროა, ნატომ იყოჩაღოს!
უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას! გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

„ჯერ პატრიარქი, მერე მისი მდივან-რეფერენტი, ახლა პატრიარქის თანამოსაყდრე… შემდეგი ვინაა?”

იმ პოტენციურად ეჭვმიტანილ ძალთა სია, ვის მოტივაციაშიც შედის ფატალური შედეგის დადგომა – ძალზე „ვიწროა“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს დროთა განმავლობაში წამლავდნენ.

ქართველიშვილის თქმით, დიდი ალბათობით, ამ შემთხვევაშიც ვერ გავიგებთ კონკრეტული შემკვეთის ვინაობას, ვინ დგას ამ სავარაუდო დანაშაულის უკან.

„ჯერ პატრიარქი, მერე მისი მდივან-რეფერენტი, ახლა პატრიარქის თანამოსაყდრე… შემდეგი ვინაა? არადა, იმ პოტენციურად ეჭვმიტანილ ძალთა სია, ვის მოტივაციაშიც შედის ფატალური შედეგის დადგომა, ძალზე „ვიწროა“.

ჩვენ, ტრადიციისამებრ, ამ შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, ვერ გავიგებთ კონკრეტული შემკვეთის ვინაობას. უბრალოდ ვილოცოთ მეუფე შიოს ჯანმრთელობისთვის, მომავალში სიფრთხილისაკენ მოვუწოდოთ მას და ყოველთვის ახსოვდეს: იუდა ისკარიოტელი უფლის უშუალო და უახლოეს წრეს განეკუთვნებოდა, როგორც მზაკვრობის განმხორციელებელი. ხოლო დამკვეთი ვინაა, თანამედროვე „სინედრიონის“ სახით, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, აქ ვარაუდების დონეზეც კი ვერ დავწერ“, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მედიაში გავრცელებულ ინფორმაციით, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მოწამლეს. მეუფე შიოს სავარაუდო მოწამვლის ვერსიასთან დაკავშირებით საპატრიარქოში ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

“როსავიაციამ” რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა გასცა

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა გასცა. დოკუმენტი გამოქვეყნებულია რუსეთის დეპარტამენტის ვებგვერდზე. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას ახალი ფრენების ნებართვა ჯერ არ გაუცია.

ნებართვების უმეტესობა რუსეთის სააგენტომ ავიაკომპანია Red Wings-ზე გასცა, რომელსაც სურს ფრენები განახორციელოს შემდეგ მიმართულებებზე:

ვლადიკავკაზიდან ბათუმსა და თბილისში (კვირაში შვიდი რეისი);

ეკატერინბურგიდან ბათუმსა და ქუთაისში (თითო შვიდი რეისი);

ჟუკოვსკიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);

ყაზანიდან ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);

კრასნოდარიდან თბილისამდე (დოკუმენტში მითითებულია სიხშირის 3-დან შვიდი რეისის ზრდა), ბათუმი და ქუთაისი (შვიდ-შვიდი რეისი);

მახაჩკალიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);

„მინვოდიდან“ ბათუმსა და თბილისში (შვიდ-შვიდი რეისი);

მოსკოვიდან ბათუმსა და ქუთაისში (დოკუმენტში მითითებულია სიხშირის 3-დან შვიდ რეისამდე ზრდა);

ნიჟნი ნოვგოროდიდან ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში (შვიდ-შვიდი რეისი);

პერმიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);

დონის როსტოვიდან ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ((შვიდ-შვიდი რეისი);

სამარადან ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით ((შვიდ-შვიდი რეისი);

სოჭიდან თბილისამდე (სიხშირე გაიზარდა სამიდან შვიდ რეისამდე), ბათუმი და ქუთაისი ((შვიდ-შვიდი რეისი);

ტიუმენიდან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით ((შვიდ-შვიდი რეისი);

უფადან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით ((შვიდ-შვიდი რეისი);

ჩელიაბინსკიდან ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ((შვიდ-შვიდი რეისი);

გარდა ამისა, ავიაკომპანიებს „რასიასა“ (სოჭი-თბილისი, კვირაში შვიდი რეისი) და „იამალს“ (ტიუმენ-თბილისი და ტიუმენ-ბათუმი, თითო-თითო) შეუძლიათ ფრენები საქართველოში.

ავიაკომპანიებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი რუსეთის სააგენტოს გადაწყვეტილებაზე.

ცნობისთვის, ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ რეისებს ახორციელებს ავიახაზები Azimuth (5 ივლისიდან – დღეში ორი რეისი მოსკოვსა და თბილისს შორის), Georgian Airways (ივლისიდან – კვირაში 10 რეისი მოსკოვსა და თბილისს შორის).

უახლოეს დღეებში Red Wings-ის რეისებს სოჭი-თბილისი-სოჭი და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი განახორციელებს.

“სააკაშვილს მისჯილი აქვს სასჯელი, რომელიც ექვემდებარება აღსრულებას”-თეა წულუკიანი

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს ის სასჯელი, რომელიც მას აქვს მისჯილი.

„სააკაშვილს მისჯილი აქვს სასჯელი, რომელიც ექვემდებარება აღსრულებას ჩვენი სუვერენული ქვეყნის კანონის თანახმად. ეს სასჯელი მიქცეულია აღსასრულებლად კანონის დაცვით და, რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ ეს სასჯელი სრულად იყოს მოხდილი“, – აცხადებს წულუკიანი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.

სუს-ი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმა მზადდებოდა, რა განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნითაც პრევენციული ზომები გატარდა. ამის შესახებ სუს-ის 2022 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომლის განხილვასაც პარლამენტი ხვალ დაიწყებს.

უწყების განმარტებით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ხელისშეშლის მიზნით პრევენციული ღონისძიებები გატარდა.

„2022 წელს სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 3 საქმეზე, მათ შორის, საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმის მომზადების ფაქტზე, რაზეც გატარდა შესაბამისი პრევენციული ზომები აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის ხელშეშლის მიზნით”, – ნათქვამია ანგარიშში.

სუს-ის საქმიანობის ამსახველი ყოველწლიური ანგარიში პარლამენტში აპრილის თვეში შევიდა.

დოკუმენტს პარლამენტის სამი კომიტეტი – თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები ერთობლივი სხდომაზე 7 ივლისს განიხილავს. არსებული ინფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელს ანგარიშით რიგგარეშე სესიის ფარგლებში მოუსმენენ.

თიბისის და MasterCard-ის კამპანიის ფარგლებში დაესწარი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს საფრანგეთში

თიბისი საქართველოს რაგბის კავშირის მხარდაჭერის ფარგლებში, რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის კამპანიას  იწყებს, რომლის მთავარი გზავნილია „ერთად გავიმარჯვებთ“. კამპანიის ფარგლებში, რაგბის გულშემატკივარს ეძლევა შანსი, მსოფლიო სპორტული ზეიმის მონაწილე გახდეს  და საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივროს საფრანგეთში.

კამპანიის ფარგლებში თიბისი და MasterCard-ი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებ 8 საგზურს გაათამაშებენ. გამარჯვებულები Mastercard-ისგან პრემიალური საგზურით დასაჩუქრდებიან, რომელშიც შედის:

  • სამ დღიანი ვიზიტი პარიზში
  • ავიაბილეთები
  • სასტუმრო
  • სამჯერადი კვება
  • სტადიონზე დასასწრები ბილეთი
  • ტრანსფერი

თიბისის და MasterCard-ის ერთობლივი კამპანია 5 ივლისს დაიწყო და 29 ივლისამდე გაგრძელდება. გათამაშება 450 გამარჯვებულს გამოავლენს.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის საჭიროა:

  1. გქონდეს თიბისის ციფრული ბანკი
  1. 5 ივლისიდან – 23 ივლისამდე გაიაქტიურო Mastercard-ის ციფრული რაგბი ბარათი
  2. დაამატო ციფრული რაგბი ბარათი ელექტრონულ საფულეში (Apple Pay, Google Pay)
  3. 5 ივლისიდან – 23 ივლისამდე, ჯამში დახარჯო მინიმუმ 100 ლარი რაგბის ციფრული ბარათით გადახდისას. გადახდა უნდა განხორციელდეს თიბისის ტერმინალებზე.

ტრანზაქციების რაოდენობა არ არის შეზღუდული. აქტივაციაში არ მონაწილეობს ონლაინ ტრანზაქციები.

ფინალურ ეტაპზე თამაშისათვის აუცილებელია დათქმულ დროს – 29 ივლისს 12:00 საათზე ჩაერთო მარათონში და უმოკლეს დროში სწორად უპასუხო რაგბთან დაკავშირებულ 10 შეკითხვას.

სულ თამაშდება 450 პრიზი:

  • 2 საგზური რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის მატჩზე
  • 6 საგზური რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის – საქართველო ავსტრალიის მატჩზე
  • 200 ერთეული საქართველოს რაგბის ნაკრების ოფიციალური მაისური
  • 200 ერთეული ხელმოწერილი რაგბის ბურთი
  • 42 ერთეული რაგბის ოფიციალური კეპი

თიბისისა და ქართულ რაგბს წარმატებული პარტნიორობის მრავალწლიანი ისტორია აკავშირებთ. გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა არაერთ ჩემპიონატზე დაიცვა საქართველოს ღირსება.

მხარდაჭერის მთავარი მიზანი ქართულ საზოგადოებაში სარაგბო ღირებულებების დანერგვა და განმტკიცებაა.  რაგბი ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია, ბოლო წლებში კი სპორტის ეს სახეობა საქართველოს წარმატების სიმბოლოდ იქცა.

გაიგე უფრო მეტი აქ: https://link.tbc.ge/RugbyDigitalCard

 

R

“პატრიარქის თანამოსაყდრე, სავარაუდოდ, მოწამლეს” – მედია

საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, შიო მუჯირი, სავარაუდოდ, მოწამლეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

უფრო კონკრეტულად, „რუსთავი 2“-ინფორმაციით, მეუფე შიოსთვის ჩატარებული კვლევების შედეგად, ანალიზებში არაერთი საეჭვო ნივთიერება აღმოჩნდა. ასევე ტელეკომპანიის ცნობით, საპატრიარქოში ეჭვობენ, რომ პატრიარქის თანამოსაყდრეს დროთა განმავლობაში, ეტაპობრივად წამლავდნენ.

უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირის სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა „მთავარმა არხმაც“. ტელეკომპანიის ინფორმაციით, მეუფე შიო ერთი კვირის წინ მოწამლეს. სავარაუდო ინფორმაციით, პატრიარქის თანამოსაყდრემ ერთ-ერთი ღვთისმსახურებისას თავი შეუძლოდ იგრძნო და შემდეგ ჩატარებულმა სამედიცინო კვლევებმა მის სისხლში დარიშხანის კვალი აჩვენა.

“უკრაინულ ძალებს ბახმუტთან წინსვლა აქვთ” – ომის 498-ე დღე

ომის 498-ე დღეს, აღმოსავლეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტის, ავდეევკის, მარინკისა და ლიმანის მიმართულებები რჩება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლის, ალექსანდრ სირსკის მტკიცებით, უკრაინულ ძალებს ბახმუტთან წინსვლა აქვთ. ისინი თავს ესხმიან რუსულ პოზიციებს ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში, უკვე დაიბრუნეს რამდენიმე ტერიტორია და ოკუპანტთა ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურეს.

უკრაინის არმია აგრძელებს აღმოსავლეთის ფრონტზე რუსული ძალების მხრიდან ყველა თავდასხმის მოგერიებას, წარმატებულ შეტევას ახორციელებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით და ფეხს იკიდებს ახალ პოზიციებზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსები აგრძელებენ ძალების ძირითადი ნაწილის გადასროლას ლიმანის, ბახმუტის, ავდიიკასა და მარინკას მიმართულებებით და ფრონტის ამ სექტორებში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 38 შეტაკება მოხდა.

ლიმანის მიმართულებით, ოკუპანტები წარუმატებლად ცდილობდნენ უკრაინული ძალების განდევნას დაკავებული პოზიციებიდან ლუგანსკის ოლქის ნოვოეგოროვკის რაიონში, ხოლო ავდიივკას მიმართულებით წარუმატებელი შეტევა განახორციელეს.

„კუპიანსკის მიმართულებით მტერი არ წყვეტს წინსვლის მცდელობებს ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვკის რაიონში. ჩვენი ჯარისკაცები მტკიცედ ინარჩუნებენ თავდაცვის ხაზს და მტრის ყველა შეტევა მოიგერიეს“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, უკრაინელმა დამცველებმა წარმატებით მოიგეს მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკის ოლქის ბერხოვკასა და ბოგდანოვკას რაიონებში. ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილოეთით და მიღწეულ საზღვრებზე ფეხს იკიდებენ.

გენშტაბის ცნობით, მარინკას მიმართულებით, მარინკას რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ყველა თავდასხმა მოიგერიეს.

„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით, ფეხს იკიდებენ მიღწეულ საზღვრებზე და არტილერიის გამოყენებით მტრის სამიზნეებს ანადგურებენ“, – აცხადებენ გენშტაბში.

რუსული ძალების მიერ შავი ზღვიდან „კალიბრის“ რაკეტების გაშვების გამო, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლვოვში აფეთქებების ხმები ისმოდა.

“ლვოვის ოლქი. მთავარია: იყავით უსაფრთხო ადგილას. არსებობს ახალი სარაკეტო დარტყმის საფრთხე”, – დაწერა ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძვანელმა, მაქსიმ კიზიცკიმ „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.