სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება 153 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე გაიცა, ხოლო გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის საფუძველზე, აღნიშნული ნებართვის მიღებაზე უარი ეთქვა 11 მათგანს.
ანგარიშის მიხედვით, საიდუმლოების დაცვის რეჟიმისა და საიდუმლო საქმის წარმოების კომისიური შემოწმება 113 ორგანიზაცია-დაწესებულებაში განხორციელდა.
„2022 წელს, სამსახური განაგრძობდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვებისა და სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვებისთვის სანდოობისა და საიმედოობის დასადგენად სპეციალური ღონისძიებების გატარებას.
საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო საიდუმლოებასთან სახელმწიფო ორგანოს/იურიდიული პირის დაშვება გაიცა 153 ორგანიზაცია-დაწესებულებაზე, ხოლო გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების, სანდოობისა და საიმედოობის დაბალი ხარისხის საფუძველზე, აღნიშნული ნებართვის მიღებაზე უარი ეთქვა 11 მათგანს.
ამასთან, საიდუმლოების დაცვის რეჟიმისა და საიდუმლო საქმის წარმოების კომისიური შემოწმება განხორციელდა 113 ორგანიზაცია-დაწესებულებაში, 5 556 ფიზიკურ პირზე განხორციელდა სახელმწიფო საიდუმლოებასთან ინდივიდუალური დაშვების შემოწმების პროცედურა“, – ნათქვამია ანგარიშში.
ამავე ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზედამხედველი მოსამართლის მიერ 33 ბრძანებაა ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების თაობაზე გაცემული.
„2022 წელს უფლებამოსილმა საგამოძიებო ორგანოებმა სსიპ – ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოში, საერთო ჯამში, წარადგინეს მოსამართლის 2 300 განჩინება ფარული საგამოძიებო მოქმედებების, პროკურორის 137 მოტივირებული დადგენილება გადაუდებელი წესით ფარული საგამოძიებო მოქმედებების და ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზედამხედველი მოსამართლის მიერ გაცემული 33 ბრძანება ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების განხორციელების თაობაზე.
2022 წელს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური, კონტროლის სპეციალური ელექტრონული საშუალებებისა და ინსპექტირების პროცედურების გამოყენებით, განაგრძობდა სააგენტოს საქმიანობის შემოწმებას და კანონმდებლობის შესაბამისად, იყენებდა ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერების უფლებამოსილებას.
საანგარიშო პერიოდში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელა ფარული მიყურადებისა და ფარული ჩაწერის საგამოძიებო მოქმედებების არაგეგმური ინსპექტირება, რომელიც მიმდინარეობდა 2022 წლის 28 ივლისიდან 2022 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით.
ინსპექტირების განხორციელებისას აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლებს ჰქონდათ შესაძლებლობა შესულიყვნენ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შეზღუდული დაშვების არეალში და მიმდინარე რეჟიმში შეემოწმებინათ სააგენტოს საქმიანობა, მისი მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტები (მათ შორის, სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი) და მიეღოთ ინფორმაცია ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზნებისთვის გამოყენებული ტექნიკური ინფრასტრუქტურის შესახებ.
შემოწმების შედეგად, სააგენტოს მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა“, – ნათქვამია სუს-ის 2022 წლის ანგარიშში.