“უკრაინულ ძალებს ბახმუტთან წინსვლა აქვთ” – ომის 498-ე დღე

105
spot_img

ომის 498-ე დღეს, აღმოსავლეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტის, ავდეევკის, მარინკისა და ლიმანის მიმართულებები რჩება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლის, ალექსანდრ სირსკის მტკიცებით, უკრაინულ ძალებს ბახმუტთან წინსვლა აქვთ. ისინი თავს ესხმიან რუსულ პოზიციებს ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში, უკვე დაიბრუნეს რამდენიმე ტერიტორია და ოკუპანტთა ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურეს.

უკრაინის არმია აგრძელებს აღმოსავლეთის ფრონტზე რუსული ძალების მხრიდან ყველა თავდასხმის მოგერიებას, წარმატებულ შეტევას ახორციელებს მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებებით და ფეხს იკიდებს ახალ პოზიციებზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსები აგრძელებენ ძალების ძირითადი ნაწილის გადასროლას ლიმანის, ბახმუტის, ავდიიკასა და მარინკას მიმართულებებით და ფრონტის ამ სექტორებში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 38 შეტაკება მოხდა.

ლიმანის მიმართულებით, ოკუპანტები წარუმატებლად ცდილობდნენ უკრაინული ძალების განდევნას დაკავებული პოზიციებიდან ლუგანსკის ოლქის ნოვოეგოროვკის რაიონში, ხოლო ავდიივკას მიმართულებით წარუმატებელი შეტევა განახორციელეს.

„კუპიანსკის მიმართულებით მტერი არ წყვეტს წინსვლის მცდელობებს ლუგანსკის ოლქის ნოვოსელოვკის რაიონში. ჩვენი ჯარისკაცები მტკიცედ ინარჩუნებენ თავდაცვის ხაზს და მტრის ყველა შეტევა მოიგერიეს“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.

გარდა ამისა, უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, უკრაინელმა დამცველებმა წარმატებით მოიგეს მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკის ოლქის ბერხოვკასა და ბოგდანოვკას რაიონებში. ამავდროულად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილოეთით და მიღწეულ საზღვრებზე ფეხს იკიდებენ.

გენშტაბის ცნობით, მარინკას მიმართულებით, მარინკას რაიონში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ყველა თავდასხმა მოიგერიეს.

„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებით, ფეხს იკიდებენ მიღწეულ საზღვრებზე და არტილერიის გამოყენებით მტრის სამიზნეებს ანადგურებენ“, – აცხადებენ გენშტაბში.

რუსული ძალების მიერ შავი ზღვიდან „კალიბრის“ რაკეტების გაშვების გამო, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლვოვში აფეთქებების ხმები ისმოდა.

“ლვოვის ოლქი. მთავარია: იყავით უსაფრთხო ადგილას. არსებობს ახალი სარაკეტო დარტყმის საფრთხე”, – დაწერა ლვოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძვანელმა, მაქსიმ კიზიცკიმ „ტელეგრამზე“.

მისი თქმით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.