Home Blog Page 1903

“უკრაინამ ყველა რეკომენდაცია შეასრულა, რათა დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ ყველა რეკომენდაცია შეასრულა, რათა დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თეთრ სახლში ამერიკის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან საერთო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინამ შეასრულა ევროკომისიის ყველა რეკომენდაცია, რაც დაკავშირებულია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან და ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან ჩვენი ერთობლივი ნაბიჯების, სანქციების და პოლიტიკური ძალისხმევის შესახებ რუსეთზე ზეწოლის მიზნით. ამერიკის ხელმძღვანელობა გადამწყვეტია ამ ერთიანობის შენარჩუნებაში”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ უკრაინის თავდაცვის წყალობით ახლა ევროპის სხვა ქვეყნები უსაფრთხოდ არიან და დაცული რუსული აგრესიისგან.

„უკრაინაში ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისა და ევროპის თავისუფლებისთვის. ვიცავთ ჩვენსა და თქვენს თავისუფლებას და ამის შედეგი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არა მხოლოდ უკრაინაში აისახება, არამედ პოლონეთში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მოლდოვაში და სხვა ქვეყნებში”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ახსენა „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო სისტემები და აღნიშნა, რომ რუსული იარაღი მას ვერ შეედრება.

„ჩვენი მიზანია, გავიმარჯვოთ საჰაერო ბრძოლაში, გავანადგუროთ რუსული საჰაერო ბატონობა. ვინც აკონტროლებს ცას, აკონტროლებს ომის ხანგრძლივობას”, – დასძინა ზელენსკიმ.

“საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის 8 ნოემბრის ანგარიშს საქართველოს შესახებ, მის რეკომენდაციას და მოუთმენლად ელოდება მომავალ განხილვას ამ საკითხთან დაკავშირებით”

ევროკავშირის მინისტრთა საბჭო გაფართოების შესახებ დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტშია წერია, რომ საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშს საქართველოს შესახებ და მის რეკომენდაციას, მოუთმენლად ელოდება ევროპული საბჭოს მომავალ განხილვას ამ საკითხთან დაკავშირებით.

საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გამოავლინოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებების მიმართ, განაგრძოს პროგრესი დღის წესრიგში არსებულ რეფორმებში და შეასრულოს კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, მნიშვნელოვნად და შეუქცევადად, ევროკავშირის მომავალი წევრობისკენ შემდგომი წინსვლის მიზნით.

დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის მინისტრთა საბჭო დადებითად აფასებს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნამდვილ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ.

„საბჭო მიესალმება საერთო კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ წყობასა და ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის დამკვირვებელ ორგანიზაციებს და ამბობს, რომ ეს ელემენტები საქართველოს აძლევს მყარ საფუძველს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების წინსვლისათვის“, – აღნიშნულია დასკვნაში.

რაც შეეხება გაფართოების ზოგიერთ საფუძველს, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საბჭო განსაკუთრებით აცნობიერებს საერთო პროგრესს საჯარო მმართველობის რეფორმის, სახელმწიფო შესყიდვებისა და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით.

„საბჭო მიესალმება საქართველოს სრულ მომზადებას წევრობის ვალდებულებების შესასრულებლად, ხელს უწყობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მდგრად დონეს, ევროკავშირთან დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გაძლიერებული განხორციელების საფუძველზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით. ის ასევე მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულება“, – ნათქვამია დასკვნაში.

დოკუმენტის თანახმად, საბჭო მოუწოდებს საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოავლინონ კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება, კიდევ უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა და შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები და რეფორმების დღის წესრიგი.

ევროკავშირის მინისტრთა საბჭო აცხადებს, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის, აზრის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებისა და ლგბტ პირების დაცვა დაშინებისგან, ასევე ძალადობისა და დისკრიმინაციისგან.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მტკიცედ რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მომხრე, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნით.

დასკვნაში, საქართველოს გარდა, საუბარია მონტენეგროს, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის, კოსოვოს, თურქეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის და უკრაინის საკითხებზეც.

რუსული ძალების მიერ კიევის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა

რუსების მიერ კიევის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის დაშვებულთა რაოდენობა 51-ია, რომელთაგან 6 ბავშვია. დაშავებულთა შორის ყველაზე უფროსი 80 წლის, ხოლო ყველაზე უმცროსი 5 წლის არის.

დესნიანსკის რაიონში ცეცხლი ცხრასართულიანი კორპუსის მე-7 სართულსა და შენობის ეზოში მყოფ 8 მანქანას გაუჩნდა, რის შემდეგაც იქ მცხოვრებთა ევაკუაცია განხორციელდა. საცხოვრებელი კორპუსიდან 17 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის 7 ბავშვია.

ადგილზე წითელი ჯვარი მუშაობს, დაშავებულებს სამედიცინო და ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.

დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ღაზის დაბომბვის გამო ისრაელი გლობალურ მხარდაჭერას დაკარგავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ ისრაელი ღაზის დაბომბვის გამო გლობალურ მხარდაჭერას დაკარგავს.

„ისრაელის უსაფრთხოება შეიძლება, დაეყრდნოს შეერთებულ შტატებს, მაგრამ ახლა მას უფრო მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე მხოლოდ შეერთებული შტატები. ჰყავს ევროკავშირი, ჰყავს ევროპა, ჰყავს მსოფლიოს უმეტესი ნაწილი, მაგრამ ისინი იწყებენ ამ მხარდაჭერის დაკარგვას ღაზის დაბომბვებით“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

ბაიდენმა დასძინა, რომ არავითარი კითვის ნიშანი არ არსებობს „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე და იმაზე, რომ ისრაელს ამის „სრული უფლება აქვს“.

“ურთიერთგაგება არის გასაღები, თუ როგორ შეიძლება აღვადგინოთ ურთიერთობა ადამიანებს შორის”- სუბარი

“ურთიერთგაგება არის გასაღები, თუ როგორ შეიძლება აღვადგინოთ ურთიერთობა ადამიანებს შორის. ამაზე გადის გზა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სხვანაირად ვერაფერს მივაღწევთ ვერასდროს. ჩვენ ადამიანები უნდა დავიბრუნოთ და ამ ადამიანების დაბრუნებისთვის აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა პროექტებს, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს,” – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს მოუსმინეს.

 

 

მისი თქმით, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის პროგრამები, რომელთა ფარგლებშიც არაერთი ადამიანი გადმოდის საქართველოში სამკურნალოდ.

 

 

დიდი მნიშვნელობა აქვს ცე ჰეპატიტის პროგრამას, რომელშიც ჩართულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, იქნება ეს აფხაზი, ოსი, ქართველი, რუსი, თუ სხვა და მათ აქვთ ამის საშუალება. ასევე მნიშვნელოვანია აივ- შიდსის პროგრამა, ტუბერკულოზის პროგრამა. ძალიან ბევრი ადამიანი გადმოდის და აქ რომ გადმოდიან, მერე უკან სულ სხვა ადამიანებად ბრუნდებიან, სულ სხვა ურთიერთობები აქვთ და ეს არის სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც დღეს ჩვენი სახელმწიფო აკეთებს და რაშიც ლიდერის როლი სწორედ თქვენს უწყებას აქვს“, – მიმართა სახელმწიფო მინისტრს სუბარმა.

13 დეკემბერი ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეა

13 დეკემბერი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეფის ვახტანგ I გორგასლის ხსენების დღეა. ქართლის მეფე, პოლიტიკური მოღვაწე და სარდალი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად. მისი ხსენების დღე კი 13 დეკემბერია.

ვახტანგ გორგასალი იზრდებოდა სპასპეტთან საურმაგთან. როდესაც ვახტანგი 7 წლის იყო გარდაიცვალა მამამისი მირდატ მეფე. მძიმე დღეში ჩავარდა დაქვრივებული საგდუხტ დედოფალი. მამამისი ბარზაბოდი, ბარდავის ერისთავი, მაზდეანი იყო და პროსპარსულ პოლიტიკას უჭერდა მხარს. ის ქრისტიანობის წინააღმდეგი იყო და სიძე-ხელმწიფის მიმართაც მტრობას იჩენდა. საგდუხტმა კარგად იცოდა მშობლის ხასიათი, ბოროტი განზრახვა შეუტყო, დაასწრო და თვითონ ეახლა მამას ბარდავში. საგდუხტმა სთხოვა ბარზაბოდს, რომ არ გაემაზდიანებინა ვახტანგი. ბარზაბოდმა შეიწყალა საგდუხტი, მაგრამ დიდი საფასურის სანაცვლოდ, მცხეთაში უნდა დამჯდარიყვნენ მოგვები და ხალხსაც თვითონ უნდა აერჩია სჯული. დედოფალს სხვა გზა არ ჰქონდა და დათანხმდა. მცხეთაში მოსულ მოგვთა უმაღლესი ქურუმი იყო ბინქარანი, რომელმაც უამრავი ქართველი ქრისტიანი აცდუნა და გაამაზდიანა. ქრისტიანული სამწყოს მეთაურიც სპარსეთის მსტოვარი იყო მცხეთაში, ეპისკოპოსი მობიდანი გარეგნულად მართლმადიდებელი, შიგნიდან მაზდიანი და ყოველგვარი ქართულის შეფარვით მოძულე იყო.

მცირე ხნის შემდეგ ზედიზედ დაიხოცნენ ბარდავის ერისთავი ბარზაბოდი, სპასპეტი საურმაგი და ეპიკოპოსი მობიდან. საგდუხტ დედოფალმა დრო იხელთა და კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია მიქაელ მღვდელი, რომელიც ეპისკოპოსად დასვა მცხეთაში. მიქაელი საკმაოდ ენერგიული კაცი გამოდგა და ძალიან მძაფრად წინ აღუდგა ბინქარანს. მაგრამ სპარსული პოლიტიკა მაინც მძლავრობდა მცხეთაში. 451 წელს ჩრდილოეთიდან გადმოვიდნენ ოვსნი, მოაოხრეს ქართლი, დაეცნენ კასპს და მოიტაცეს ვახტანგის სამი წლის და მირანდუხტი. შემდეგ საქართველოს მიწებს თავს ბიზანტიელები დაესხნენ. მანამდე მათ კლარჯეთიც დაიჭირეს, ამჯერად იმპერატორმა მარკიანემ აფხაზეთში გადმოსხა ლეგიონები. ეგრისს შემოესივნენ და ციხეგოჯამდე მივიდნენ.

15 წლის ვახტანგი საქართველოს ტახტზე ავიდა. მან მოუწოდა ყოველ წარჩინებულ ქართველს და შეკრიბა დარბაზი. ჭაბუკი მეფე დაჯდა ტახტზე, მარჯვნივ დაისვა მთავარსარდალი ჯუანშერი, მარცხნივ კი მღვდელმთავარი მიქაელი. ეს ვახტანგის პირველი სახელმწიფო გამოსვლა იყო. მან განსაჯა ქართველთა მდგომარეობა, მტერთა მოძალება, სულიერი დაცემულობა და სჯულიერი მერყეობა. ძველი მამაპაპეული სიმტკიცე უნდა აღზდგესო, მტერი დაითრგუნოსო და ქართული სამანები ისევ ძველი საზღვრების გასწვრივ უნდა აღიმართონო. იმ დღესვე მეფემ პირველი გალაშქრება დანიშნა–ჩრდილოეთისკენ, რომელშიც თვითონ უსარდლებდა ლაშქარს.

ვახტანგ გორგასალს დედოფალმა ბალენდუხტმა ორი შვილი აჩუქა, ძე და ასული, მაგრამ თვითონ მშობიარობას გადაჰყვა. ტახტის მემკვიდრეს დაარქვეს დაჩი.

მეფე ვახატნგ პირველს გორგასალი სპარსელებმა შეარქვეს. მის მუზარადზე წინიდან გამოსახული იყო მგელი, უკან ლომი. სადაც სპარსელები ამ მუზარადს დაინახავდნენ, ატეხდნენ ღრიალს: „დურ აზ გორგასარ“ („ერიდეთ თავსა მგლისასა!“). ასე გაჩნდა წოდება „გორგასალი“.

ვახტანგ მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოში კათალიკოსობა შემოეღო. სწორედ პირველი კათალიკოსად მას უნდა დაესვა პეტრე, ხოლო მცხეთის ეპიკოპოსად სამოელი. დანარჩენნი ეპისკოპოსებად უნდა გამწესებულიყვნენ საქართველოს სხვადასხვა სამწყსოში. კათალიკოსობის შემოღებას უნდა აღემაღლებინა ქართული ეკლესიის როლი და ავტორიტეტი მსოფლიო საქრისტიანოს სარბიელზე. როდესაც მიქაელ ეპისკოპოსმა შეიტყო მეფის განზრახვა, ძლიერ განრისხდა.

ვახტანგ მეფემ ტფილისის ხეობა მოიხილა და კიდევ ერთხელ დარწმუნდა ტფილისის ადგილმდებარეობის სამხედრო, საპოლიტიკო და სამეურნეო მოხერხებულობაში. შემდგომ მან გზა განაგრძო არმაზის ხევთან ვახტანგმა იხილა მცხეთიდან მომავალი ბრწყინვალე ტაძრიონი, რომელსაც წინ მოუძღვოდა მეფის ცამეტი წლის ძე დაჩი. მეფის წინაშე წარსდგა და თაყვანი სცა ჯუანშერ სპასპეტმა. მთელი ტაძრიონი ეთაყვანებოდა დიდებულ გვიგვინოსანს. ამ დროს გამოჩნდა მიქაელ ეპისკოპოსი; როდესაც მას მეფე კურთხევის მისაღებად მიუახლოვდა, მან დასწამა მეფეს ვითომ ქრისტიანობა დაუტევებია, ფეხი მოუქნია და ფანდაკით კბილებში სცა საქართველოს დიდებულ ხელმწიფეს, წინა კბილი შეემუსრა და სისხლი წარსდინდა. ვახტანგის ბრძანებით მიქაელი კონსტანინოპოლის პატრიარქთან დასასჯელად წაიყვანეს.

ვახტანგ მეფე დიდი მშენებლობითი საქმიანობით იყო დაკავებული. მან მცხეთაში, ძველ, წმინდა ნინოსა და მირიან მეფის დროინდელი ხის ეკლესიის ადგილზე წამოიწყო ქვის დიდი სიონის მშენებლობა. ეს იყო მცხეთის სახელოვანი სვეტიცხოვლის მეორე ხუროთმოძღვრული გარდასახვა. აქვე მეფემ საქართველოს დედოფლის გვირგვინი თავზე დაადგა თავის მეუღლე ელენეს, ლეონ პირველის ასულს. იმავე ხანებში ვახტანგმა განასრულა თავისი ახალი რეზიდენცია უჯარმა.

502 წელს სპარსეთის ურდო შემოესია ქართლს. ვახტანგ გორგასალმა ელენე დედოფალი შვილებითურთ უჯარმაში გააგზავნა. მცხეთა-არმაზისა და მისი შემოგარენის საპატრონოდ სამი ერისთავი გაგზავნა: დემეტრე, ნერსე და ბივრიტიანი. უთვალავ მხედრობას თვითონ კავად შაჰი და უფლისწული ბარტამი მოუძღვოდნენ. ბრძოლის წინ კათალიკოსმა დალოცა მეფე ვახტანგი და მისი ჯარი. ბრძოლაში ვახტანგ მეფე ისრით დაჭრეს იღლიაში, რომელიც დასტაქრებმა ძლივს ამოიღეს, მაგრამ მეფის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ვახტანგმა გარდაცვალების წინ გამოაცხადა დაჩი ახალ ხელმწიფედ და დაუტავა ქართველ ერს ანდერძი: ეძიებდით სიკვდილს ქრისტესთვის. ვახტანგი გამეფდა 15 წლისა, იმეფა 45 წელი და აღესრულა 60 წლისა.

13 დეკემბერი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებელის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. წმ.სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა.

საქართველოში წამოსვლამდე ანდრია მოციქულს ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ მას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, საქართველოში უნდა ექადაგა.ანდრია პირველწოდებული იყო იესოს პირველი მოწაფე. იგი კაპერნაუმში ცხოვრობდა და თევზაობდა გალილეის ტბაში. გადმოცემის თანახმად ანდრია და იოანე ზებედესი იყვნენ წმინდა იოანე ნათლისმცემელის მოწაფეები.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა” საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმინდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა”. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების”.

 

სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, წმინდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია. ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა. იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, „ფრიად შუენიერი და დიდი” წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას.

მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.

12 მაისს მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს კი – მისი გარდაცვალება.

 

,,თუ იბლოკება უკრაინის საკითხი, იბლოკება სხვა საკითხებიც და შესაბამისად საქართველოს სტატუსის ამბავიც გადაიდება”- გიგი წერეთელი

ჯერჯერობით ასეთი სიტუაციაა, თუ იბლოკება უკრაინის საკითხი, იბლოკება სხვა საკითხებიც და შესაბამისად საქართველოს სტატუსის ამბავიც გადაიდება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის შესახებ მისაღებ გადაწყვეტილებებზე საუბრისას განაცხადა.

გიგი წერეთლის თქმით, გადაწყვეტილებამდე ბოლო ორი დღეა დარჩენილი და ამ დროის განმავლობაში ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ძალიან მძიმე მოლაპარაკებები გაიმართება.

„ყველა ქვეყანას, რომელიც შევა ევროკავშირში, თავისი კონტრიბუცია შეაქვს. საქართველოს, როგორც ქვეყანას, თავისი დიდი ღირებულება გააჩნია, თუნდაც გეოგრაფიულად, გეოპოლიტიკურად. ხელისუფლების თვალსაზრისით არავითარი ღირებულება არ გააჩნია, მაგრამ სხვანაირად გააჩნია. მე ვფიქრობ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში ძალიან მძიმე მოლაპარაკებები იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ოპტიმისტები ვიყოთ“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელსაყრელი დღეა გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. ადამიანი, რომელსაც დღეს გაიცნობთ, რთულ სიტუაციაში დაგეხმარებათ. დროა, საახალწლო დღესასწაულის ბიუჯეტი დაგეგმოთ, რათა ზედმეტი არ დახარჯოთ. დღეს დაწყებული საქმე დღესვე უნდა დაასრულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი კრედიტის ან ვალის აღებას მოერიდოთ. ახლა ამისთვის არახელსაყრელი გარემოებებია.

კურო

ამ დღეს შეიძლება თავში ძალიან კარგი იდეა მოგივიდეთ, რომელიც აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ და უახლოეს ხანებში განახორციელოთ. რაც უფრო მეტ ადამიანს დაუკავშირდებით და გაიცნობთ, მით უფრო მეტია საჭირო ადამიანთან შეხვედრის ან სასარგებლო ინფორმაციის მოსმენის შანსი. ეწვიეთ ხალხმრავალ ადგილებს და ჩაერთეთ საუბრებში.

ტყუპები

უსმინეთ საკუთარი სხეულიდან მომდინარე სიგნალებს და ნუ გადაიღლებით. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი იდეების განხორციელების დრო დადგა, ძალიან ფრთხილად იმოქმედეთ და საკუთარი ნაბიჯები გათვალეთ. არსებობს შანსი, რომ ძველი, მტკივნეული პრობლემა წარმატებით მოაგვაროთ, ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ინტუიციას არ ენდოთ, რადგან შეიძლება, მან კრიტიკულ მომენტში გიღალატოთ. ურთიერთობაში სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ და ყველა ინფორმაცია საგულდაგულოდ შეამოწმოთ. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ – მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ლომი

ამ დღეს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ფრთხილად უნდა იყოთ და სიტყვები აკონტროლოთ, რათა შეცდომები თავიდან აიცილოთ. შანსი გექნებათ, რომ თქვენი საუკეთესო ლიდერული თვისებები გამოავლინოთ, პროცესი მართოთ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ. თუ არ იზარმაცებთ, წინააღმდეგობის გადალახვას და განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას შეძლებთ.

ქალწული

ეს დღე დილიდან მშვიდი და გაწონასწორებული იქნება. შეიძლება ვიღაცამ შენიშვნა მოგცეთ რომ შენელებული კადრივით მოძრაობთ, მაგრამ არ უნდა აჩქარდეთ, რადგან შეიძლება სიჩქარემ შეცდომა დაგაშვებინოთ. უპირატესობა მიანიჭეთ საქმეებს, რომლებიც კარგად იცით. მოულოდნელმა სირთულეებმა არ უნდა შეგაშინოთ. ეცადეთ, მომხდარს იუმორით შეხედოთ და ხელსაყრელი შესაძლებლობები მოძებნოთ.

სასწორი

თუ არ გსურთ, რომ ახალი წლის შემდეგ ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდეთ, ხარჯების დაგეგმვა და საჭირო პროდუქტების სიის შედგენა დაიწყეთ. ნუ ჩაიკეტებით – ურთიერთობაში მეტად უნდა იაქტიუროთ. შესაძლოა ის, ვისაც დღეს გაიცნობთ, მომავალში თქვენი სანდო მეგობარი გახდეს. საქმის მიმართ პრაქტიკული დამოკიდებულება და ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ ამ დღის ყველა უსიამოვნებას გაუმკლავდეთ.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პროფესიულ საქმიანობასა და ოჯახურ საქმეებს შორის ბალანსი იპოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრებისთვის ახსნა-განმარტებები მოგიწევთ. რთულ სიტუაციაში დახმარების თხოვნა არ უნდა მოგერიდოთ. პირველ რიგში ყურადღება ფინანსურად მოგებიან საკითხებზე გაამახვილეთ. პირად ურთიერთობებში შეიძლება სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და იმპროვიზაცია მოგიწიოთ.

მშვილდოსანი

შეცდომების თავიდან ასაცილებლად ყოველი ნაბიჯი ყურადღებით უნდა დაგეგმოთ, შედეგები შეაფასოთ და პასუხის გაცემა არ იჩქაროთ. გირჩევთ, თქვენთვის კომფორტული ტემპით იმუშაოთ – ასე გაცილებით მეტის გაკეთებას შეძლებთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სტრესის მოხსნაში და განწყობის აღდგენაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

ენერგიით სავსე ხართ, რაც საშუალებას მოგცემთ, რთულ საკითხებს გაუმკლავდეთ და ისეთი პრობლემები მოაგვაროთ, სხვები რომ გაურბიან. შემოქმედებითი მიდგომა და მუშაობის უჩვეულო მეთოდები კოლეგებისგან გამოგარჩევთ, საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი კი გაუგებრობების დაძლევაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, მუშაობა ცოტა ხნით შეწყვიტოთ და დაისვენოთ. დროა, საკუთარ თავს პატარა საჩუქარი გაუკეთოთ – იშოპინგეთ, სილამაზის სალონს ეწვიეთ ან მასაჟი გაიკეთეთ. თუ პარტნიორებთან გეგმების განხილვა გიწევთ, ეცადეთ უფრო რბილად იმოქმედოთ და მოწინააღმდეგეზე ზეწოლა არ მოახდინოთ.

თევზები

ამ დღეს გარემოებები სწრაფად იცვლება და გეგმების შეცვლა მოგიწევთ. ნუ ინერვიულებთ, თუ შანსი ხელიდან გაუშვით. ვარსკვლავები ამბობენ, რომ მის ნაცვლად ახალი და ბევრად უფრო საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდება. უარი თქვით ძვირად ღირებული საჩუქრების მიღებაზე და ინტრიგებში ჩართვაზე

,,მთლიანად დასავლეთი აგებს და ჩვენ, ვინც მათზე ფსონი დავდეთ ჩვენი სულელობით”- არესტოვიჩი

 

,,მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი და მრავალკომპონენტიანი კამპანია, სახელწოდებით – „ქართული ენა გვაერთიანებს“- ახველედიანი

გასული წელი მნიშვნელოვანი იყო, პოლიტიკის ფარგლებში დასახული ამოცანების გადასაჭრელად, სახელმწიფო სტრატეგიის შემდგომი ორწლიანი ციკლის კომპლექსური დაგეგმვის თვალსაზრისით, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმაში გამოსვლისას განაცხადა.

„მოგახსენებთ, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, განვითარების და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი მონაწილეობისთვის თანაბარუფლებიანი გარემოს და შესაძლებლობების უზრუნველყოფას.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ გასული წელი მნიშვნელოვანი იყო, პოლიტიკის ფარგლებში დასახული ამოცანების გადასაჭრელად, სახელმწიფო სტრატეგიის შემდგომი ორწლიანი ციკლის კომპლექსური დაგეგმვის თვალსაზრისით. 2023-24 წლების სამოქმედო გეგმით 200-მდე აქტივობა განისაზღვრა, რომლის შემუშავების ღია და ინკლუზიური პროცესი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად წარიმართა; მათ შორის, უზრუნველყოფილი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მონაწილეობა, ისევე, როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული გეგმის პროექტთან დაკავშირებით, ყველა დაინტერესებული პირის მხრიდან მოსაზრების გამოხატვისა და წვლილის შეტანის შესაძლებლობა. ამასთან, გათვალისწინებულ იქნა წინა, 2021-2022 წწ. სამოქმედო გეგმის შესრულების ყოვლისმომცველი შეფასების შედეგები და გამოცდილება, ასევე, საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში მიღებული რეკომენდაციები.

გასული წელი გამოირჩეოდა საერთაშორისო ანგარიშვალდებულების მიმართულებითაც იმ თვალსაზრისით, რომ ევროპის საბჭოს „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის“ მონიტორინგის ფარგლებში, საქართველოში განხორციელდა მრჩეველთა კომიტეტის დამოუკიდებელ ექსპერტთა დელეგაციის ვიზიტი, რომელიც 5 წელიწადში ერთხელ იმართება, დაინტერესებული მხარეების ჩართულობაზე დაფუძნებული ანგარიშის მომზადების მიზნით.

პოლიტიკის ხუთი ურთიერთდაკავშირებული სტრატეგიული მიმართულების ფარგლებში მიღწეული შედეგების მიმოხილვას სახელმწიფო ენის პრიორიტეტით დავიწყებ, რამდენადაც, ჩვენი ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოების სრულფასოვანი ინტეგრაციის ფუნდამენტს სწორედ სახელმწიფო ენის ცოდნა წარმოადგენს. ამ მიმართულებით დღემდე არსებული გამოწვევების საპასუხოდ დაგეგმილი აქტივობების შესაბამისად, ქართული ენის სწავლების, ასევე, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით გატარებული ღონისძიებების შედეგად:

• მნიშვნელოვნად გაიზარდა სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობები სკოლამდელი და სასკოლო განათლების დონეზე: ეტაპობრივად გაფართოვდა ორენოვანი განათლების მოდელის გეოგრაფიული არეალი; ბილინგვური პროგრამა დღეს უკვე 36 საბავშვო ბაღსა და 170-მდე სკოლაში ხორციელდება და მომავალი წლის ბოლომდე, ყველა არაქართულენოვან ბაღსა და სკოლაში დაინერგება.

• ქართული ენის სწავლების და ხარისხიანი განათლების შესაძლებლობების განვითარების უზრუნველსაყოფად, წელს სხვადასხვა საგნის 4000-ზე მეტი ადგილობრივი პედაგოგი ჩაერთო სხვადასხვა პროფესიული გადამზადებისა და ქართული ენის შემსწავლელ პროგრამებში. ამასთან, ადგილზე კვალიფიციური პედაგოგიური კადრების დეფიციტის დასაძლევად, რეგიონებში მივლინებულ იქნა 146 ქართული ენის კონსულტანტ-მასწავლებელი.

• სახელმწიფო ენის სწავლების ძალისხმევასთან ერთად, ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენაზე განათლების უფლება რეალიზებულია როგორც სკოლამდელ დაწესებულებებში, ასევე ყველა არაქართულენოვან სკოლასა და სექტორზე. ამავდროულად, ადგილობრივი თემის მოთხოვნის საფუძველზე, მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების – ოსური, ასურული, ჩეჩნური, უდიური, ხუნძური ენების სწავლება 12 სკოლაში მიმდინარეობს.

• საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, აქტიურად გრძელდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მასშტაბური პროექტი. ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში წელს დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, განხორციელდა არაქართულენოვანი 20 სკოლისა და 21 საბავშვო ბაღის საპროექტო-სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტი მომავალ წლებშიც გაგრძელდება, რაც გარდამტეხ როლს შეასრულებს ეთნიკური უმცირესობების განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით.

• პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების შემდგომი დასაქმების თვალსაზრისით ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. არაქართულენოვანი ახალგაზრდების საჭიროებების საპასუხოდ, სახელმწიფო ენის ინტეგრირებული კურსის დანერგვამ, ამ მიმართულებით ცალსახად გაზარდა მოტივაცია და წელს, ქართული ენის კურსში უკვე 289 სტუდენტი ჩაერთო. დამატებით, სხვადასხვა პროფესიის სპეციფიკის გაცნობის და ადგილზე დაუფლების შესაძლებლობას ზრდის პროფესიული უნარების საორიენტაციო და სასერთიფიკაციო კურსები, რომელიც 49 არაქართულენოვან სკოლაშია დანერგილი.

• უმაღლეს განათლებაზე გამარტივებული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით მოქმედ „1+4 პროგრამაში“ წელს 1500-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო. ბოლო წლებში გამოვლენილი მზარდი ინტერესისა და არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, პროგრამის შემდგომი განვითარების მიზნით 2024 წელს დაგეგმილი შეფასებისთვის მიმდინარეობს მეთოდოლოგიისა და კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება.

• ზრდასრული მოქალაქეების მხრიდან სახელმწიფო ენის შესწავლის მოთხოვნის საპასუხოდ, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ძალისხმევა მიმართულია არსებული პროგრამების გაუმჯობესებაზე. 12 სასწავლო ცენტრში, ასევე, დისტანციური სწავლებისა და საცხოვრებელ ადგილზე 200-ზე მეტი მობილური ჯგუფის საშუალებით, ქართული ენის ცოდნის დონე 5500-მდე ბენეფიციარმა, მათ შორის საჯარო მოხელეებმა გაიუმჯობესეს.

• ქართული ენის პოპულარიზაციის, შესწავლის მოტივაციის გაზრდისა და არსებულ მრავალფეროვან შესაძლებლობებზე მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მომზადდა და ყველა საინფორმაციო-საკომუნიკაციო მექანიზმის გამოყენებით ინტენსიურად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი და მრავალკომპონენტიანი კამპანია, სახელწოდებით – „ქართული ენა გვაერთიანებს“.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში, ზემოაღნიშნული კომპლექსური და მრავალმხრივი ძალისხმევის, მათ შორის საშეღავათო პროგრამების განხორციელების შედეგებმა მნიშვნელოვნად გაზარდა ქართული ენის აქტუალობა ფაქტობრივად ყველა არაქართულენოვან დასახლებაში. განსაკუთრებით თვალსაჩინოა მოსწავლეებსა და ახალგაზრდებში ქართული ენის შესწავლის მზარდი ინტერესი და მოტივაცია, რაც იმ ათასობით ორენოვანი ახალგაზრდის წარმატებას უკავშირდება, რომლებსაც, სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობებმა პიროვნული რეალიზების, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ჩართვისა და დასაქმების პერსპექტივები გაუფართოვა. არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, ჩვენ უწყვეტად გავაგრძელებთ კოორდინირებულ საქმიანობას, ბევრად მასშტაბური შედეგების მისაღწევად“, – განაცხადა ახვლედიანმა.

გზებზე არსებული ვითარება – სად არის გადაადგილება აკრძალული?

თოვის და ქარბუქის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – ნათქვამია განცხადებაში.