13 დეკემბერი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

490
spot_img

13 დეკემბერს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს განმანათლებელის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. წმ.სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა.

საქართველოში წამოსვლამდე ანდრია მოციქულს ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ მას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში, საქართველოში უნდა ექადაგა.ანდრია პირველწოდებული იყო იესოს პირველი მოწაფე. იგი კაპერნაუმში ცხოვრობდა და თევზაობდა გალილეის ტბაში. გადმოცემის თანახმად ანდრია და იოანე ზებედესი იყვნენ წმინდა იოანე ნათლისმცემელის მოწაფეები.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა” საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმინდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა”. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების”.

 

სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, წმინდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია. ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა. იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, „ფრიად შუენიერი და დიდი” წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას.

მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.

12 მაისს მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს კი – მისი გარდაცვალება.