ევროკავშირის მინისტრთა საბჭო გაფართოების შესახებ დასკვნას აქვეყნებს. დოკუმენტშია წერია, რომ საბჭო ითვალისწინებს ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშს საქართველოს შესახებ და მის რეკომენდაციას, მოუთმენლად ელოდება ევროპული საბჭოს მომავალ განხილვას ამ საკითხთან დაკავშირებით.
საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გამოავლინოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებების მიმართ, განაგრძოს პროგრესი დღის წესრიგში არსებულ რეფორმებში და შეასრულოს კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები ინკლუზიურად, მნიშვნელოვნად და შეუქცევადად, ევროკავშირის მომავალი წევრობისკენ შემდგომი წინსვლის მიზნით.
დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირის მინისტრთა საბჭო დადებითად აფასებს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ნამდვილ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობისკენ.
„საბჭო მიესალმება საერთო კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ წყობასა და ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის დამკვირვებელ ორგანიზაციებს და ამბობს, რომ ეს ელემენტები საქართველოს აძლევს მყარ საფუძველს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების წინსვლისათვის“, – აღნიშნულია დასკვნაში.
რაც შეეხება გაფართოების ზოგიერთ საფუძველს, დასკვნაში აღნიშნულია, რომ საბჭო განსაკუთრებით აცნობიერებს საერთო პროგრესს საჯარო მმართველობის რეფორმის, სახელმწიფო შესყიდვებისა და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით.
„საბჭო მიესალმება საქართველოს სრულ მომზადებას წევრობის ვალდებულებების შესასრულებლად, ხელს უწყობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან შესაბამისობის მდგრად დონეს, ევროკავშირთან დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების გაძლიერებული განხორციელების საფუძველზე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით. ის ასევე მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულება“, – ნათქვამია დასკვნაში.
დოკუმენტის თანახმად, საბჭო მოუწოდებს საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, გამოავლინონ კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება, კიდევ უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა და შეაფერხოს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები და რეფორმების დღის წესრიგი.
ევროკავშირის მინისტრთა საბჭო აცხადებს, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის, აზრის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებისა და ლგბტ პირების დაცვა დაშინებისგან, ასევე ძალადობისა და დისკრიმინაციისგან.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირი მტკიცედ რჩება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების, არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის მომხრე, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნით.
დასკვნაში, საქართველოს გარდა, საუბარია მონტენეგროს, სერბეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ალბანეთის, კოსოვოს, თურქეთის, ბოსნია-ჰერცეგოვინის და უკრაინის საკითხებზეც.