Home Blog Page 1888

სი ძინპინმა ჯო ბაიდენს მოუწოდა შეწყვიტოს ტაივანის შეიარაღება – CNN

ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა მიიღოს “რეალური ზომები, რათა შეასრულოს თავისი ვალდებულება და არ დაუჭიროს მხარი “ტაივანის დამოუკიდებლობას”. იუწყება CNN

ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე სი ძინპინმა მოუწოდა აშშ-ს შეწყვიტოს ტაივანის შეიარაღება და მხარი დაუჭიროს ჩინეთის “მშვიდობიან გაერთიანებას”.

“ჩინეთი საბოლოოდ მიაღწევს გარდაუვალ გაერთიანებას,” – თქვა სიმ.

ჩინეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ტაივანის თემა ყოველთვის იყო “ყველაზე მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხი” აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში.

CNN აღნიშნავს, რომ ტაივანი იანვარში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება, რა დროსაც „ჩინეთთან დაძაბულობა კამპანიის მთავარი თემა იქნება“.

ჩინეთის მმართველი კომუნისტური პარტია ტაივანს თავის ტერიტორიად მიიჩნევს, თუმცა, ტაივანი თავს დამოუკიდებელ ქვეყნად აცხადებს, რომელსაც თავისი კონსტიტუცია და დემოკრატიულად არჩეული ლიდერები ჰყავს. სიმ პირობა დადო, რომ ტაივანი ჩინეთს შეუერთდება და ამ მიზნის მისაღწევად ძალის გამოყენება არ გამორიცხა.

ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა

თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერთან კახა კალაძესთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე პროექტის დეტალები მიმოიხილეს და სამომავლოდ განსახორციელებელი ნაბიჯები დაგეგმეს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 212 ერთეული თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეტროს ვაგონის შესყიდვა, რომელთა ეტაპობრივი მოწოდება და არსებული მოძველებული მატარებლების ჩანაცვლება შემდეგი 15 წლის განმავლობაში განხორციელდება.

მისი თქმით, 212 ვაგონი ჯამში 45 მატარებელია. პროექტის მიხედვით, 13 ერთეული 4-ვაგონიანი მატარებელი საბურთალოს ხაზისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 32 ერთეული 5-ვაგონიანი მატარებელი ახმეტელი-ვარკეთილის ხაზისთვის გამოიყოფა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის ჯამური ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 475 მლნ ევროს და მთლიანად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე უახლოეს დღეებში გამოცხადდება ბაზრის კვლევა, ამის შემდეგ კი საერთაშორისო ტენდერი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეეძლება მეტროს ვაგონებისა და საგარეუბნო მატარებლების მწარმოებელ, მაღალი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე უცხოურ კომპანიებს.

„ქართველ ხალხს ევროპასთან ყოფნა სურს და არა – რუსეთთან“ – ინტერვიუ ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია „ამერიკის ხმა“ (Voice of America) აქვეყნებს ექსკლუზიურ ინტერვიუს ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან კაია კალასთან, სათაურით ქართველ ხალხს ევროპასთან ყოფნა სურს და არა რუსეთთან“. იგი ამბობს, რომ ქართველი ხალხის პოლიტიკური ორიენტაცია ევროპულია და მათ რუსეთის კურსის გაზიარება არ სურთ. ესტონეთის მთავრობის მეთაურს მიაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად, საქართველომ და ქვეყნის ლიდერებმა ევროკომისიის კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. კაია კალასი უკრაინის ომზეც საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთი საკუთარ “ბოლო კოლონიურ ომში”უნდა დამარცხდეს” იმისთვის, რომ უკეთეს ქვეყნად ჩამოყალიბდეს.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

– როგორ აფასებთ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მიმდინარეობას? როგორია ზოგადი მდგომარეობა?

– ჩვენ ურთიერთდასუსტების ბრძოლაში ვართ. ეს არ არის ჩიხი, არამედ დასუსტების ომი. ამას დიდი დრო სჭირდება. დასუსტების ომში არის სამი ძირითადი ელემენტი – გყავს ხალხი, გაქვს რესურსი და გაქვს შემართება. სამივე თვალსაზრისით, რუსეთი ფიქრობს, რომ მას შეუძლია უკრაინას აჯობოს. მაგრამ, მე მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა რუსეთს აჯობებს.

ხალხის თვალსაზრისით – ევროპა 30-40 ათას ჯარისკაცს ამზადებს. თუ ამერიკაც იგივეს აკეთებს, ეს არის 80,000 გაწვრთნილი ჯარისკაცი წვევამდელების წინააღმდეგ, რომლებიც ბრძოლის ველზე რუსეთის მხრიდან იგზავნება. ასე რომ ჩვენ, ხალხის თვალსაზრისით, უფრო ბრძოლისუნარიანები ვართ.

რესურსების თვალსაზრისით – ევროპის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7-ჯერ აღემატება რუსეთისას. ჩვენ ასევე ვხედავთ სანქციების შედეგებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის ბიუჯეტს ნამდვილად უჭირს. მათ ბიუჯეტის მესამედი დაკარგეს და სანქციების გამო ქვეყნის გარეთ სესხს ვერ იღებენ. ასე რომ, მათ უჭირთ.

სამხედრო დახმარების კუთხით კი – თუ რამშტაინის კოალიციაზე ვიფიქრებთ, ამ კოალიციის თავდაცვის ბიუჯეტი 13-ჯერ აღემატება რუსეთისას. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია აქაც მეტი ბრძოლისუნარიანობა გამოვიჩინოთ.

და მესამე ელემენტი არის უკრაინელების შემართება. ისინი საკუთარი სახლების დასაცავად იბრძვიან და მათი შემართება ნამდვილად უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთის. ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ და გვჯეროდეს უკრაინის გამარჯვების.

– როგორ აფასებთ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერას? რამდენად მდგრადია ის და რამდენად გაერთიანებული არიან ამ ძალისხმევაში მოკავშირეები?

– პირველ რიგში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დიდი მხარდაჭერა გაუწია. შეიძლება ითქვას, რომ ევროპა შედარებით ჩამორჩებოდა ამერიკას, მაგრამ ევროპამ ახლა ტემპს მოუმატა. ამ დროისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას და ყველა სხვა სახის დაპირებულ დახმარებას თუ გავითვალისწინებთ, აბსოლუტურ რიცხვებში, ევროპის მიერ გაწეული დახმარება ამერიკის დახმარებას აღემატება.

ევროპის ყველა ლიდერმა თავისი პოლიტიკური ნება ჩადო უკრაინის მხარდაჭერაში, რადგან მსოფლიოში მშვიდობისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობისაა, რომ აგრესიამ შედეგი არ გამოიღოს. რადგან, მსოფლიოში ყველა აგრესორი ან პოტენციური აგრესორი, სიტუაციას გულდასმით აკვირდება. თუ რუსეთს დარჩება მეტი ტერიტორია ვიდრე ომამდე ჰქონდა და ჩვენ მათ ამის უფლებას მივცემთ, მაშინ ყველა აგრესორი ასე მოიქცევა და იტყვის, რომ ეს მუშაობს, რომ აგრესია ამართლებს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ უფრო მეტი აგრესიის მოწმეები გავხდებით, რაც უფრო ძვირი იქნება, ვიდრე უკრაინის მხარდაჭერა იმისთის, რომ ამ ომში რუსეთი დამარცხდეს. მე სრულიად ვეთანხმები ისტორიკოს ტიმოთი სნაიდერს, რომელმაც თქვა, რომ იმისათვის, რომ ქვეყანა გახდეს უკეთესი, ის უნდა დამარცხდეს საკუთარ ბოლო კოლონიურ ომში. თუ ევროპის ქვეყნებს შევხედავთ, ეს ევროპის ბევრ ქვეყანაში ასე მოხდა. რუსეთს არასოდეს წაუგია მისი უკანასკნელი კოლონიური ომი.

– როგორ აფასებთ ამერიკის ერთგულებას ამ ძალისხმევის მიმართ, რომ დაეხმაროს უკრაინას გადარჩეს, როგორც სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანა?

– ამერიკა უკრაინის მხარდამჭერას ხელმძღვანელობს და ვფიქრობ, ეს ლიდერობა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი დემოკრატული ქვეყნები ვართ და საკუთარი გამოწვევებიც გვაქვს. ახლა კი ახლო აღმოსავლეთის კრიზისი მიმდინარეობს, რომელმაც ყურადღების დიდი ნაწილი მიიპყრო და გადაიტანა იმისგან, რაც უკრაინაში ხდება. ვფიქრობ, ჩვენ ნამდვილად არ უნდა დავუშვათ უკრაინისგან ყურადღების გადატანა. ევროკავშირის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება. მე წავიკითხე პრეზიდენტ ბაიდენის სიტყვაც, რომელიც ხაზს უსვამს იმავეს და ამბობს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთდროულად დავუჭიროთ მხარი ისრაელს და უკრაინას.

– ახლა, როდესაც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატების დებატებს ვაკვირდებით, უკრაინა ხშირად არის განხილვის საგანი. არსებობს მოსაზრება, რომ უკრაინისთვის ამერიკა ევროპაზე მეტს აკეთებს და რომ შეერთებულმა შტატებმა, საკუთარი საზღვრის დაცვაზე უნდა იზრუნოს და არა უკრაინის. როგორ უპასუხებდით ამ არგუმენტს?

– დასაწყისში ამერიკა უფრო მეტს აკეთებდა ვიდრე ევროპა, მაგრამ ახლა ევროპულმა ქვეყნებმა ტემპს მოუმატეს. ისინი უფრო მეტად უჭერენ მხარს უკრაინას და იძლევიან სამომავლო დაპირებებს, რაც აღემატება შეერთებული შტატების მხარდაჭერას. ასე რომ, ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვუდგებით. როცა ამერიკელ ლიდერებს, ორივე პარტიის წარმომადგენლებს შევხვდები, აუცილებლად მოვუსმენ მათ ძალიან დიდი ყურადღებით იმის გასაგებად, თუ რა არგუმენტები არსებობს უკრაინისთვის დახმარებაზე უარის თქმისთვის.

ჩემთვის კითხვა ყოველთვის ეხება ალტერნატივას — უფრო ძვირია თუ უფრო იაფია ის? უკრაინის მხარდაჭერის ალტერნატივა [უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა] უფრო ძვირია, რადგან როგორც ვთქვი, ყველა ბოროტად განწყობილი ძალა ყურადღებით ადევნებს ყველაფერს თვალს – ირანი, ჩრდილოეთ კორეა. თუ რუსეთს ამ ყველაფრის შემდეგ არაფერი მოუვა, მიიტაცებს ტერიტორიებს და არ წააგებს ბოლო კოლონიალურ ომს, მაშინ სხვებიც შეეცდებიან იგივეს გაკეთებას მსოფლიოში და ეს საზიანო იქნება მსოფლიო მშვიდობისთვის.

– სანამ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას გასცემდა, თქვენ საქართველოზე რამდენიმე კომენტარი გააკეთეთ. როგორია თქვენი შეხედულება საქართველოზე ახლა? როგორ ხედავთ საქართველოს ევროპულ გზაზე, განსაკუთრებით, მის ევროკავშირთან დაახლოებას?

– ევროკომისია გამოვიდა წინადადებით და საქართველოსთვის ეს ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველო აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მაშინ შეგვიძლია გადავიდეთ შემდეგ საფეხურზე. რა თქმა უნდა, ამ კრიტერიუმების შესრულება საქართველოსა და საქართველოს ლიდერების პოლიტიკური ნებაა, რომ გააგრძელონ ევროპულ გზაზე სვლა. როცა ახალ ამბებს ვუყურებ ვხედავ, რომ ხალხის ნება არის ევროპასთან ყოფნა და არა რუსეთთან.

ყველა ეს რუხი ზონა კონფლიქტის წყაროა და რუსეთს ნამდვილად არ სურს ამ ქვეყნების [ხელიდან] გაშვება. სწორედ ამაში მდგომარეობს ამ ბრძოლის არსი. იცით, ეს არ ეხება დამატებით ტერიტორიებს იმდენად, რამდენადაც დემოკრატიისა და ღირებულებების გაფართოებას, იმ ღირებულებების, რომელთა თავიდან აცილებას რუსეთი ნამდვილად ცდილობს.

წყარო

ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სახლზე ავიაიერიში მიიტანა

ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს სახლზე ავიაიერიში მიიტანა. ამის შესახებ ისრაელური მედია იტყობინება.

„ცაჰალის“ ცნობით, სახლი გამოიყენებოდა ტერორისტების მიერ, კერძოდ, იქ ერთმანეთს „ჰამასის“ მაღალჩინოსნები ხვდებოდნენ.

„ცაჰალმა“ ავიაიერიშის ამსახველი ვიდეოც გამოაქვეყნა.

“ბრიანსკის ოლქისა და შავი ზღვის თავზე 5 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ” – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბრიანსკის ოლქის თავზე ორი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, შავი ზღვის თავზე კი – სამი, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების მტკიცებით, კიევმა კიდევ ერთხელ სცადა რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმის განხორციელება უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.

„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს და კიდევ სამი დრონი, ყირიმის რესპუბლიკის სანაპიროსთან ახლოს, შავ ზღვაზე ჩამოაგდეს“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ვენეციის კომისიის დელეგაცია პარლამენტში შეხვედრებს მართავს

ვენეციის კომისიის დელეგაცია პარლამენტში შეხვედრებს მართავს. შეხვედრა უკვე გაიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან.

დელეგაციის წევრები ახლა ოპოზიციონერ დეპუტატებს ხვდებიან.

არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილება, კერძოდ: საარჩევნო კოდექსი, პარლამენტის რეგლამენტი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან დაკავშირებული საკითხები.

ოპოზიციის შემდეგ დელეგაციის წევრები უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან, კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება უმრავლესობის წევრებთანაც. ასევე ცნობილია, რომ დღის მეორე ნახევარში ოპოზიციასთან შეხვედრას უშუალოდ დელეგაციის ხელმძღვანელი გამართავს.

„ჰამასი“ ადასტურებს, რომ ღაზის სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფო ისრაელის არმიის კონტროლს დაექვემდებარა

„ჰამასი“ ადასტურებს, რომ ღაზის სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფო ისრაელის არმიის კონტროლს დაექვემდებარა და საავადმყოფოში მყოფი პაციენტების, სამედიცინო პერსონალისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს.

მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ოპერაცია ალ-შიფას კომპლექსში კონკრეტულ ობიექტებზე ტარდება, სადაც „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტები და იარაღის საწყობებია განთავსებული.

ის, რომ ისრაელის არმია ქალაქ ღაზას სრულად აკონტროლებს, ისრაელის პრემიერმინისტრმაც დაადასტურა.

შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 20 პირის ხსოვნას პატივი მიაგეს

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის ხსოვნას პატივი მიაგეს.

სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა. შალვა პაპუაშვილმა და დეპუტატებმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

20 პირის იდენტიფიცირებული ნეშტიდან 14 სამხედროა და 6 მშვიდობიანი მოქალაქე.
საქართველოში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად 2000-ზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

დმანისში 18 წლის ბიჭის მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანი დააკავეს

დმანისში 18 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე არასრულწლოვანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2008 წელს დაბადებული გ.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2005 წელს დაბადებულ ე.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“საქართველოს ჩინეთთან დაახლოებამ შოკი გამოიწვია” – სოზარ სუბარი

აშშ-ს ახალმა ელჩმა, რობინ დანიგანმა, რომელმაც თითქოს წინა ელჩისგან განსხვავებით, გარკვეულწილად გადატვირთა ჩვენი ურთიერთობები, დღეს თქვა, რომ არ მიესალმებიან ამ ურთიერთობებს იმიტომ, რომ რუსეთის და ჩინეთის დაახლოება სახეზეა. რუსეთის და ჩინეთის დაახლოება მარტო საქართველოსთვის არის და არ არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის? – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.

სუბარის თქმით, მაშინ, როდესაც საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობებს უკრძალავენ, აშშ-ში ჩინეთს ლიდერს პომპეზურად ხვდებიან.

„საქართველოს ჩინეთთან დაახლოებამ შოკი გამოიწვია, არამარტო ქართულ ოპოზიციაში, არამედ ჩვენს ძალიან ბევრ დასავლელ პარტნიორში. საოცრება ის არის, ჩვენ რომ გვიკრძალავენ გარკვეულ ურთიერთობებს და ამ დროს ვხედავთ, დღეს როგორ უმაღლეს დონეზე და პომპეზურად ხვდებიან ჩინეთის ლიდერს აშშ-ში. მედია წერს, რომ კალიფორნიის ქუჩები დაასუფთავეს, გადაღებეს შენობები, გაიყვანეს უსახლკაროები, ნარკოდილერები თუ ნარკოტიკების მომხმარებლები, რაღაც განსხვავებული ხედი რომ შეექმნათ. ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, ხელი არ მოაწეროთ რაიმე ტიპის ხელშეკრულებასო. საუბარია იმ ტიპის ხელშეკრულებაზე, როგორი სტრატეგიული ხელშეკრულებაც დადებული აქვს შეერთებულ შტატებს ჩინეთთან, ევროკავშირს მთლიანად და ასევე, ევროპის სახელმწიფოებს ცალ-ცალკე (გერმანიას და არაერთ სახელმწიფოს, უკრაინას აქვს დადებული და ა.შ..). უცებ გაახსენდა ჩვენს ოპოზიციას, რომ ჩინეთს თურმე მართავს „კომუნისტური პარტია“, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში არ უხსენებია არავის, უცებ გაახსენდა ერთბაშად ყველა ოპოზიციონერ ლიდერს და ამბობენ, როგორ შეიძლება „კომუნისტურ“ ჩინეთთან ხელშეკრულების დადებაო.

სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება რომ არა წამოცდენა, არამედ შეგნებული მავნებლობა იყო ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული (რომელიც დარწმუნებული ვარ მისგან არ მოდიოდა), ეს დადასტურდა თუნდაც დღეს, როდესაც აშშ-ს ახალმა ელჩმა, ქალბატონმა რობინ დანიგანმა, რომელმაც თითქოს წინა ელჩისგან განსხვავებით, გარკვეულწილად ჩვენი ურთიერთობები გადატვირთა, დღეს თქვა, რომ არ მიესალმებიან ამ ურთიერთობებს იმიტომ, რომ სახეზეა რუსეთის და ჩინეთის დაახლოება. რუსეთის და ჩინეთის დაახლოება მარტო საქართველოსთვის არის და არ არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის?“ – განაცხადა სუბარმა, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

აშშ-ის სენატმა მთავრობის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარებას არ ითვალისწინებს

აშშ-ის სენატმა მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“, თავიდან ასაცილებლად დაფინანსების კანონპროექტი მიიღო, რომელიც ისრაელისთვის, ან უკრაინისთვის დამატებით დახმარებას არ ითვალისწინებს.

CNN-ის ინფორმაციით, კანონპროექტი, რომელიც მანამდე წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა, სენატმა 87 ხმით 11 წინააღმდეგ მიიღო, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნა.

ორსაფეხურიანი გეგმა ითვალისწინებს დაფინანსების 19 იანვრამდე გაგრძელებას სხვადასხვა პრიორიტეტისთვის, მათ შორისაა სამხედრო მშენებლობა, ვეტერანთა საქმეები, ტრანსპორტი, საცხოვრებელი და ენერგეტიკის დეპარტამენტი. დანარჩენი სფეროები კი, რომელსაც გეგმის მეორე საფეხური მოიცავს, 2 თებერვლამდე დაფინანსდება.

ჩინეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი, ღია, მკაფიო სამხედრო კომუნიკაციები განახლდება – ბაიდენი

ჩინეთსა და აშშ-ს შორის პირდაპირი, ღია, მკაფიო სამხედრო კომუნიკაციები განახლდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ეს იყო ყველაზე პროდუქტიული და კონსტრუქციული საუბარი, რაც ოდესმე გვქონია. ვფიქრობ, მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. პრეზიდენტ სი ძინპინსა და ჩემს შორის გაიხსნება საკომუნიკაციო ხაზები. ახლა ორივე შევძლებთ, ავიღოთ ხელში ტელეფონები და პირდაპირ დავურეკოთ ერთმანეთს“, – განაცხადა ბაიდენმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა ბაიდენი სი ძინპინს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა „როგორც ძველ გამონათქვამშია, ენდე, მაგრამ გადაამოწმე“.

ბაიდენის თქმით, ლიდერებმა ასევე ისაუბრეს აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში მთავარ კონფლიქტზე – ტაივანზე. ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა ტაივანის სრუტეში.

ამასთან, ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ჩინეთმა განაახლეს ძალისხმევა აშშ-ში ფენტანილის ნაკადის შესამცირებლად.

ჟურნალისტის კითხვაზე, კვლავ მიიჩნევს თუ არა სი ძინპინს დიქტატორად, ბაიდენმა უპასუხა, რომ მიიჩნევს.

„დიახ, ის არის, ის არის დიქტატორი იმ გაგებით, რომ ის არის ადამიანი, რომელიც მართავს კომუნისტურ ქვეყანას, რომელიც დაფუძნებულია მმართველობის ფორმაზე, რაც სრულიად განსხვავდება ჩვენისგან“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ჯო ბაიდენის ინფორმაციით, შეხვედრაზე ლიდერებმა გაცვალეს მოსაზრებები უამრავ გლობალურ საკითხზე, მათ შორის, უკრაინაში რუსეთის ომისა და ღაზაში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ.