საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს

56
spot_img

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში განმარტებულია გადაცემების დახურვის მიზეზი და ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის კატეგორიულად მიუღებლად რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებით, რესტრუქტურიზაცია მოცემული ფინანსური ცვლილებებიდან გამომდინარე დაიგეგმა.

“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებებით შეიცვალა მაუწყებლის დაფინანსების მოდელი და წესი. ასევე ცნობილია, რომ 2024 წელს მაუწყებელი იცვლის შენობას და გადადის ახალ მისამართზე, ეს კი უკავშირდება ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ ცვლილებას, რაც, თავის მხრივ, ზრდის ორგანიზაციის კაპიტალურ ხარჯებს.

არსებული მოცემულობა ახალი რეალობის წინაშე აყენებს ორგანიზაციას, რომელიც ვალდებულია, ერთი მხრივ, შეინარჩუნოს უწყვეტი მაუწყებლობა, შეასრულოს ნაკისრი შინაარსობრივი ვალდებულებები და, მეორე მხრივ, ახალი გარემოებიდან გამომდინარე, შეცვალოს დაგეგმილი პროგრამირება.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებული ყველა გადაცემა ერთნაირად ღირებული, ხარისხიანი და მნიშვნელოვანია. მრავალფეროვნება – ინფორმირება, შემეცნება, გართობა და სპორტი, რომელიც ნებისმიერი საზოგადოებრივი მაუწყებლის ქვაკუთხედია, ითვალისწინებს ყველა ტიპის მაყურებლის გემოვნების დაკმაყოფილებას და გამორიცხავს გადაცემების პოლიტიზებას.

არხზე წლების განმავლობაში არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური თუ კულტურული შინაარსის პროგრამები და ეს მიდგომა უცვლელი რჩება, რესტრუქტურიზაცია დაიგეგმა მოცემული ფინანსური ცვლილებებიდან გამომდინარე და სხვადასხვა ფორმით შეეხება ყველა პროექტს, ასევე ორგანიზაციის თითოეულ თანამშრომელს.

კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია რომელიმე გადაცემის ირგვლივ საკითხის პოლიტიზება, რადგან ამ ეტაპისთვის არსებული ცვლილებებიდან გამომდინარე, თითოეულ გადაცემაზე დანაკლისი ექნება სხვადასხვა ტიპის მაყურებელს, საკუთარი გემოვნებისა და პრეფერენციების მიხედვით.

იხურება სრულად არხი „ტელესკოლა“;

„დღის კოდი“;

„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“;

„ფერმა“;

„თავისუფალი ხედვა გიორგი გვიმრაძესთან ერთად“;

„ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ“;

„ნატალიასთან და დათუნასთან ერთად“;

„კაცები PLAY“;

ასევე ცვლილებებთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა გარეწარმოების (6 კომპანია) კომპანიასთან.

გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა 14 დეკემბერს, გუშინ კი დასრულდა ყველა პროექტის შემოქმედებით ჯგუფებთან პირისპირ კომუნიკაცია, დღეს გაცნობებთ არსებულ ვითარებას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა, რადგან ინტერპრეტაცია მხოლოდ ხელს შეუშლის რეალური სურათის დანახვას.“, – აღნიშნულია განცხადებაში.