უკრაინამ რუსეთის პატრიარქი კირილი ძებნილად გამოაცხადა

45
spot_img

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილზე (ვლადიმერ გუნდიაევი) ძებნა გამოაცხადა.

უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფას გულისხმობს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური კირილი (გუნდიაევი) ძებნილად გამოაცხადეს.

„უკრაინის შსს-ს მონაცემთა ბაზის მიხედვით, პატრიარქ კირილს უკრაინის უშიშროების სამსახური ეძებს და ის ძებნილთა სიაში 11 ნოემბრის შემდეგ არის, ანკეტაში კი ინფორმაცია 15 დეკემბერს განახლდა. იქ ასევე მითითებულია აღკვეთის ღონისძიება – დაკავება. ძებნილის ანკეტას დართული აქვს პატრიარქის ფოტო და მისი  ერისკაცობის სახელი ვლადიმერ გუნდიაევი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის ერთობლივი გამოძიების შედეგად შეგროვდა მტკიცებულებათა ბაზა, რომელიც ადასტურებს, რომ მოსკოვის პატრიარქი რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიდა წრის ნაწილია და საჯაროდ უჭერს მხარს რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ.