Home Blog Page 1888

ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების გამო, გადაადგილება დროებით შეიზღუდება

ვახტანგ ორბელიანის ქუჩაზე წყალარინების ქსელის დაერთების  გამო, 9 დეკემბრის 08:00 საათიდან  11 დეკემბრის  08:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

შეზღუდვა ორბელიანის ქუჩაზე, ორბელიანის N26-დან ანტონ ფურცელაძის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რენა აბჟანდაძის ქუჩის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ათონელის ქუჩების გამოყენებით.

“უკრაინა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების წინააღმდეგია, თუმცა მიანიშნა, რომ სხვა საკითხებზე კომპრომისზე წასასვლელად მზადაა.

ვიქტორ ორბანმა პარიზში ვიზიტის დროს, Le Point-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ უნგრეთი ეწინააღმდეგება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, რადგან უკრაინა ამისთვის მზად არ არის.

მან გააპროტესტა ევროკომისიის შეფასება, რომ უკრაინამ პროგრესს მიაღწია.

„უკრაინა ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა მსოფლიოში. ეს ხუმრობაა! ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესის დაწყების შესახებ“, – აღნიშნა ორბანმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, ბლოკში უკრაინის მიღება ნიშნავს დამატებით ხარჯებს ევროკავშირის ბიუჯეტისთვის და დიდ ზემოქმედებას სოფლის მეურნეობის პოლიტიკაზე.

ამასთან, უნგრეთის პრემიერმა სხვა პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით დათმობაზე მიანიშნა.

კითხვაზე, არ შეიცვლის თუ არა ის დამოკიდებულებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ევროპული კომისია უნგრეთისთვის 10 მილიარდ ევროს განბლოკავს, ორბანმა უპასუხა: „როდესაც დილემა ჩნდება, მე მას ჩვეულებრივ სამ კატეგორიად ვყოფ: ისტორიულ, სტრატეგიულ და ტაქტიკურ საკითხებად“.

„უკრაინის საკითხი ისტორიული საკითხია, მასშტაბური საკითხია. ფინანსური საკითხი ტაქტიკურია. პოლიტიკაში ჩემმა ორმოც წელზე მეტ ხნიანმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ არასოდეს უნდა დაუკავშიროთ ტექნიკური საკითხები, როგორიცაა ფული, ისტორიულ გამოწვევებს. თუ ამას აკეთებთ, თქვენ რისკავთ სრული ქაოსის შექმნას. ამიტომაც არ მსურს უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა, მაგრამ სხვა საკითხებზე სრულად მზად ვარ“, – აღნიშნა ორბანმა.

“საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების კუთხით მომავალ წლებშიც გაგრძელდება” – ვახტანგ ცინცაძე

2023 წლის მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 316.0 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო სამი კვარტლის ჯამში 1,388 მლრდ დოლარი შეადგინა. „ინვესტიციის არსებული მაჩვენებელი უკავშირდება რამდენიმე კომპონენტს, კერძოდ, სააქციო კაპიტალში ინვესტიციები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 2,5-ჯერ მეტია. ასევე სააქციო კაპიტალისა და რეინვესტირების ჯამური მოცულობა 30 პროცენტითაა გაზრდილი, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კვარტალურ ჭრილში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ „საქსტატის” მიერ 2023 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის კომენტირებისას.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კიდევ ერთი დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა – საუბარია კომპანიების მიერ სავალო ვალდებულებების გასტუმრებაზე დამფუძნებელი კომპანიების მიმართ, რაც განაპირობა ხელსაყრელმა ბიზნეს გარემომ და კომპანიების მიერ შემოსავლების გენერირებამ. „აღნიშნული ფაქტორების შედეგად, კომპანიებმა შეძლეს დამფუძნებელი კომპანიების მიმართ სავალო ვალდებულებების გასტუმრება, რაც ასევე პოზიტიური ფაქტორია და პირდაპირი უცხოური კომპანიების ფინანსურ მდგრადობასა და მათი ფინანსური შედეგების გაუმჯობესებაზე მიანიშნებს,” – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

„საქსტატის” ცნობით, ინვესტორი ქვეყნების მიხედვით 2023 წლის მესამე კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია აშშ-დან განხორციელდა, შემდეგa მოდის გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები და თურქეთი. 2023 წლის სამ კვარტალში ასევე ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში, სადაც ინვესტიციამ მთლიანი ინვესტიციის 24.6% შეადგინა. შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი და ენერგეტიკა.

„საქართველოს მთავრობის მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენციები ინვესტიციების კუთხით მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ჩვენი პრიორიტეტია ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვა, რაც ქვეყანაში ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, მოაქვს ცოდნა და ახალი ტექნოლოგიები,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

“რადგანაც უკრაინის შესახებ დასავლური ერთიანობა სუსტდება, პუტინს ეტაპობრივი გამარჯვების იმედი აქვს” – CNN

უკრაინისადმი დასავლურ ერთიანობაში გაჩენილი ბზარი – ამ სათაურით ანალიტიკურ სტატიას CNN-ი აქვეყნებს.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატში უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების დაბლოკვის ფონზე, ვლადიმერ პუტინს ეტაპობრივი გამარჯვების იმედი აქვს, წერს საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტი ნიკ უოლში.

სტატიაში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტის სასარგებლოდ ვითარდება მოვლენები კიევშიც, სადაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და არმიის მთავარსარდალს ვალერი ზალუჟნის შორის, კვლავ განხეთქილებაა.

ვლადიმერ პუტინი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 2024 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ე.წ. „სპეცოპერაციის“ მონაწილეს, არტემ ჟოგას განუცხადა.

რუსული მედიის ცნობით, სამხედროების დაჯილდოების ცერემონიის მონაწილეებთან არაფორმალური კომუნიკაციის დროს, ბატალიონ „სპარტას“ ბატალიონის მეთაურმა, არტემ ჟოგამ ვლადიმერ პუტინს თხოვნით მიმართა, არჩევნებში კენჭი იყაროს და რუსეთის ლიდერი მის „თხოვნას დასთანხმდა“.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის ფედერაციის საბჭომ საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 17 მარტს დანიშნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ელა პამფილოვამ დღეს განაცხადა, რომ არჩევნები სამ დღეს – 15 მარტიდან 17 მარტამდე – გაგრძელდება.

ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე ოთხჯერ აირჩიეს – 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში. რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ, მან 2024 წელს არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის უფლება მიიღო.

სამსახურის წარმომადგენლები ნიდერლანდების სავაჭრო მისიის მიერ გამართულ სემინარს დაესწრნენ

მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროექტების დაგეგმვისა და მართვის ჯგუფის უფროსი, ლელა კიკნაძე,სამსახურის თანამშრომლებთან და სახელმწიფო ორგანიზიციების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ორგანიზებით გამართულ სემინარს: ”მებაღეობის განვითარება საქართველოში”. შეხვედრის მასპინძელი საქართველოში ნიდერლანდების ელჩი, მელინე არაკელიანი იყო.

აღნიშნული სემინარის გამართვის ინიციატორი, ნიდერლანდების რეგიონული სავაჭრო მისია გახლდათ, რომელიც სომხეთის შემდეგ, საქართველოს ეწვია.

გაიმართა საინტერესო შეხვედრები სტუმრებთან. ჰოლანდიური კომპანიის, ”ჰოლანდორის” პარტნიორმა და რეგიონული მიმართულებით პროექტების კონსულტანტმა, ჯოს ლიიტერსმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურთან სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლმა ვეტერანთა შვილებისთვის საქველმოქმედო კონცერტი გამართა

მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში “მუზა”, საქართველოს ეროვნული სასახლის მევიოლინეთა ანსამბლმა “სი-მი,” ვეტერანთა და ომში დაღუპულ მეომართა შვილებისთვის, საქველმოქმედო კონცერტი გამართა. კონცერტს, პატარებთან ერთად, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი.

მევიოლინეთა ანსამბლი “სი-მი,” მრავალი წელია, ეროვნული სასახლის ერთგვარი სავიზიტო ბარათია. მისი უცვლელი ხელმძღვანელი, ელენე ცარციძე, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული მუსიკოსია, რომელიც კლასიკური მუსიკის შედევრებს, ახალგაზრდა ვირტუოზებთან ერთად ასრულებს. ღონისძიების ორგანიზატორი, ანსამბლის მენეჯერი, ქალბატონი ვენერა მალიძე გახლდათ; ანსამბლმა, არა ერთი საქველმოქმედო პროექტი განახორციელა, რომელთა შორისაა: “კლასიკური მუსიკა ყველასათვის,” “სოლიდარობა უკრაინელ ბავშვებს” და პროექტი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის- “თანადგომა”.

მსოფლიოში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, რომელთაც არა ერთი ადამიანის, მათ შორის ათასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა, ანსამბლმა ახალი პროექტი “მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს”დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, პირველი საქველმოქმედო კონცერტი, ანსამბლმა და მისმა მესვეურებმა, სწორედ, ომის ვეტერანთა და ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილებისთვის გამართეს. პატარა ვირტუოზებმა, კლასიკური მუსიკის ჰანგებით გამოუცხადეს თანადგომა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა და ქვეყნის ერთიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეთა შვილებს; მადლიერება გამოხატეს იმ ღვაწლისთვის, რაც მათმა მშობლებმა სამშობლოსთვის გაიღეს.

პროექტს მხარდაჭერა გამოუცხადა კომპანია ”ბარამბომ”, რომელმაც კონცერტზე დამსწრე ბავშვებს, საჩუქრად, ტკბილეულის კალათები გადასცა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მადლობას უცხადებს საქართველოს ეროვნული სასახლის ხელმძღვანელობას, მევიოლინეთა ანსამბლ “სი-მს,” მის მესვეურებს, კომპანია ”ბარამბოს”, სამსახურის ბენეფიციართა მიმართ გამოხატული თანადგომისთვის და მათ წარმატებებს უსურვებს.

“როგორ შეიძლება 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვა ჩვენი მისამართით იყოს, როცა შს მინისტრი გახარია იყო?!”

2019 წლის 20 ივნისს შს მინისტრი გიორგი გახარია გახლდათ – როგორც მას უყვარს, წერტილი! როგორ შეიძლება 20 ივნისთან დაკავშირებით კითხვა ჩვენი მისამართით იყოს, როცა შს მინისტრი გახარია იყო?! – ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა.

კითხვაზე, თუ ვინ გასცა აქციის დაშლის ბრძანება, ღუდუშაურმა ხაზგასმით აღნიშნა, „ყველაფერზე პასუხისმგებელი შს მინისტრია“.

„გახარიას ჰგონია, რომ დღეს ჟურნალისტებთან მოქნილად პოზიციონირებს და საკითხებს ღიად ტოვებს. გახარია იმ დროს შს მინისტრი იყო და შესაბამისად, თუ არა ის, ვის შეეძლო ასეთი რამ გაეკეთებინა? თქვენ იცით, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ამასთან დაკავშირებით არაერთ საქმეზე აქვს გადაწყვეტილება მიღებული. იქ აღნიშნულია მთელი რიგი საკითხები. სახელმწიფოს პოზიციონირება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ შეფასდა კანონისა და ადამიანის უფლებათა ჩარჩოებში. ევროპის სასამართლომ თქვა, რომ სახელმწიფო პოზიციონირებდა სწორად“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

“ხაბეიშვილს, ჰოლივუდის ღიმილით რომ დადიოდა ამერიკაში, ელვა დეპეშა გაუგზავნეს, შენი პარტია აპარატზეა მიერთებული და ცოცხალს თუ ჩამოუსწრებ კარგი იქნებაო”

ხაბეიშვილს, ჰოლივუდის ღიმილით რომ დადიოდა ამერიკაში, ელვა დეპეშა გაუგზავნეს, შენი პარტია აპარატზეა მიერთებული და ცოცხალს თუ ჩამოუსწრებ კარგი იქნებაო, არ მგონია, ჩამოუსწროს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „მელიამ ხაბეიშვილს დაუანონსა, რომ ძველი „ნაცმოძრაობის“ ნანგრევებზე აპირებს ახალი „ნაცმოძრაობის“ შექმნას“.

„ის ლოგიკური დასასრული ვნახეთ, რასაც ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობა” დასრულდებოდა როგორც პოლიტიკური ძალა. დე- იურე ეს როგორ გაფორმდება, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ვნახეთ, რომ ხაბეიშვილს, რომელიც ჰოლივუდის ღიმილით დადიოდა ამერიკაში და ვიზიტებს აწარმოებდა,ელვა დეპეშა გაუგზავნეს და უთხრეს, შენი პარტია აპარატზეა მიერთებული და ცოცხალს თუ ჩამოუსწრებ, კარგი იქნებაო, მაგრამ არ მგონია ცოცხალს ჩამოუსწროს, რადგან მელიამ დაუანონსა, რომ ძველი „ნაცმოძრაობის“ ნანგრევებზე აპირებს ახალი „ნაცმოძრაობის“ შექმნას. ქართულ საზოგადოებას ნაკლებად აღელვებს ხაბეიშვილი- მელიადან რომელი იქნება ორიგინალი და რომელი ასლი „ნაცი“. მთავარია ის, რომ ის პროცესი რასაც „ნაცმოძრაობის“ დანგრევა ჰქვია, დასრულდა, ახლა რა მოხდება, ორი “ნაცმოძრაობა” იქნება, ახალი, ძველი, უახლესი თუ შუა „ნაცმოძრაობა“ შეიქმნება, ეს დამოკიდებულია იურიდიულ ტექნიკაზე, თუ როგორ გააფორმებენ ამ ყველაფერს. ამ ორივე „ნაცმოძრაობას“ დიდი ალბათობით შეიძლება საერთოდ გამორჩეს 2024 წლის არჩევნები ისე არიან ერთმანეთს გადაკიდებულები. ესაა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით და ამერიკაში ამას წარმატებულს უწოდებს ხაბეიშვილი, კარგია, ასეთი წარმატებით გააგრძელონ მოღვაწეობა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

“რუსეთსა და ნატო-ს შორის პირდაპირი შეტაკების საფრთხე ასეთი რეალური არასდროს ყოფილა” – დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთსა და ნატო-ს შორის შეტაკებისა და მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხე ასეთი რეალური არასდროს ყოფილა.

„კარიბის კრიზისის დაწყებიდან, რუსეთსა და ნატო-ს შორის პირდაპირი შეტაკების საფრთხე, რომელიც მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს, ასეთი რეალური არასდროს ყოფილა”, – წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, უკრაინა არის მეორადი სახელმწიფო, რომელიც კოლაფსის პროცესშია და აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის სურვილი, დაეხმაროს უკრაინელებს „პრიმიტიული შანტაჟია“.

„ამერიკის კონგრესის პრიმიტიული შანტაჟი ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან სულაც არ არის ახალი და ისტორიული პრეცედენტები აქვს.

„მიეცით ფული ჩვენს ბიჭს (ჩასვით სასურველი გვარი), თორემ რუსებთან ომი მოგვიწევს” – ასე ამბობდნენ სხვადასხვა დროს ამერიკის სხვადასხვა პრეზიდენტები და თავიანთ კანონმდებლებს ფულს სძალავდნენ“, – წერს მედვედევი.

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს

გარემოს ეროვნული სააგენტო 8-11 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

სააგენტოს ცნობით, 8-9 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და შავი ზღვის სანაპირო რაიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 10 დეკემბერს გაწვიმდება, მაღალ მთაში მოთოვს, ტემპერატურაც დაიკლებს.

„აღმოსავლეთ საქართველოში 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. ქალაქ თბილისში 10 დეკემბრამდე პერიოდულად წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 8-9 დეკემბერს თბილი, უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, 10 დეკემბერს კი გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 8-9 დეკემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, 10 დეკემბერს კი გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 8-9 დეკემბერს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, 10 დეკემბერს კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 8-9 დეკემბერს უმეტესად უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება. 10 დეკემბერს კი ზოგან მოთოვს. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 12 დეკემბრამდე დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

“ფაქტია, რომ რაღაც მუხტი ამ ადამიანმა გაიყოლა და პარტია კიდევ უფრო მეტად დაშლილია დღეს” – არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიაზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნიკა მელიას წასვლას გადაცემაში „იმედი LIVE“ გამოეხმაურა.

თალაკვაძის განცხადებით, მელია რასაც ამბობს, იმის საპირისპიროს აკეთებს, თუმცა, მიუხედავად ამისა, პარტიიდან მისი წასვლით, “ნაციონალური მოძრაობა” კიდევ უფრო დაიშალა, რაც ქართული პოლიტიკისთვის კარგია.

„აგერ, გამოჩნდა, რომ ადამიანი [ნიკა მელია], რომელიც ამბობდა, რომ ჯარიმას არ გადავიხდი, გადაიხადა ჯარიმაც, ამბობდა, არ შევალ პარლამენტში და ვინც შევა, პუფები იქნებით – შევიდა პარლამენტში. მერე თქვა, რომ არ წავალ პარტიიდანო და წავიდა პარტიიდანაც. ანუ, ჯერჯერობით, ყველაფერს უკუღმა აკეთებს. მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც მუხტი ამ ადამიანმა გაიყოლა და პარტია კიდევ უფრო მეტად დაშლილია დღეს. ეს კარგია პოლიტიკისთვის და კარგია იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.