Home Blog Page 1871

“ვენეციის კომისია სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის არჩევასთან დაკავშირებით 19 აპრილის სქემას უნდა დავუბრუნდეთ”

ვენეციის კომისია სამართლებრივი არგუმენტაციის გარეშე ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის არჩევასთან დაკავშირებით უნდა დავუბრუნდეთ მოცემულობას, როგორც ეს 19 აპრილის შეთანხმებაშია გაწერილი, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია.

„დასკვნასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს, რადგან პროცესი დეტალურად და არგუმენტირებულად ავხსენით. ჩვენ მათ დეტალურად განვუმარტეთ იმის თაობაზე, რატომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების შერჩევის პროცესი პრეზიდენტიდან პარლამენტში გადმოსულიყო. პრეზიდენტმა პროცესი ჩიხში შეიყვანა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციებმა დემარში მოაწყვეს, რათა პრეზიდენტის კომისიაში მონაწილეობა არ მიეღოთ. პროცესი წინ ვერ წავიდა იმის გამოც, რომ ხუთი თვის განმავლობაში გამოცხადებულ კონკურსზე, უნდობლობიდან გამომდინარე, განაცხადი ერთმა ადამიანმაც კი არ შეიტანა. ინერგება რა ახალი საარჩევნო სისტემა, რომელიც ხმის მიცემას ელექტრონული აპარატების მეშვეობით ითვალისწინებს, საჭიროა ცესკო-ს გამართული ადმინისტრაცია ჰყავდეს. ამისთვის საჭიროა წარმოდგენილი იყოს ცვლილებები, რომელიც მეტ გამჭვირვალობასა და ინკლუზიურობას მოიცავს. ამასთან დაკავშირებით სამართლებრივი არგუმენტი საერთოდ არ არის წარმოდგენილი და საუბარია იმაზე, რომ ორიენტირი 19 აპრილის სქემაზე გაკეთდეს. ვენეციის კომისიის დასკვნაში არცერთი სამართლებრივი არგუმენტი წარმოდგენილი არ არის – სამართლებრივი არგუმენტების გარეშე იმის დაწერა, რომ 19 აპრილის სქემას დავუბრუნდეთ, გამართლებული არ არის. საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების არჩევასთან დაკავშირებული სისტემა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან პარლამენტში იმიტომ გადმოვიდა, რომ სისტემა ჩიხში შევიდა და საერთოდ ვეღარ ფუნქციონირებდა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ერთვება პატიმარი სააკაშვილი.

სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პარალელურად კი, სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით, 9.5 პროცენტამდე ამცირებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 20 დეკემბერს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.5 პროცენტს შეადგენს.

საქართველოში ინფლაცია დამატებით, მოსალოდნელზე მეტად, შემცირდა და მიმდინარე წლის ნოემბერში 0.1 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაციამაც შემცირების ტენდენცია შეინარჩუნა და ნოემბერში 1.8 პროცენტს გაუტოლდა. ინფლაციის დაბალ მაჩვენებლებს როგორც ადგილობრივი, ასევე საგარეო ფაქტორები განაპირობებს. მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციური მოლოდინები კლებადია. ამავდროულად ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაციაც ეტაპობრივად მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებელს დაუახლოვდა და ნოემბერში 3.8 პროცენტი შეადგინა. საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული პროდუქტის ფასების სტაბილურობა კვლავ ხელს უწყობს იმპორტირებული პროდუქტების დაბალ ინფლაციას. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2024 წელს, ძირითადად საბაზო ეფექტის გამო, მიზნობრივ მაჩვენებელს დროებით გადააჭარბებს და, საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში, მასთან ახლოს შენარჩუნდება.

დადებით ტენდენციებთან ერთად აღსანიშნავია ინფლაციური რისკებიც. კერძოდ, ეკონომიკური ზრდის ტენდენციები მოთხოვნის მხრიდან ფასებზე ზეწოლის რისკებს შეიცავს. წინასწარი მონაცემებით, ადგილობრივი მოთხოვნა კვლავ ძლიერია და იანვარ-ოქტომბრის საშუალო ეკონომიკური ზრდა 6.9 პროცენტია. მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ერთობლივი მოთხოვნიდან წამოსულ ინფლაციურ წნეხს პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკის საწარმოო პოტენციალის მატება ნაწილობრივ აბალანსებს. თუმცა, რამდენადაც პრე-პანდემიური ტრენდიდან ეკონომიკური აქტივობის ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრილია, მოთხოვნის მხრიდან შესაძლო ინფლაციური ზეწოლა საყურადღებოა. საქართველოს ეროვნული ბანკი აკვირდება და აფასებს ეკონომიკის დინამიკას და ინფლაციური წნეხის ნიშნების შემთხვევაში, მზადაა შესაბამისი ზომების მისაღებად. ბოლო პერიოდში შეინიშნება სესხების ზრდის ტემპის დაჩქარებაც, რის ძირითად წყაროსაც მნიშვნელოვნად გაზრდილი ბიზნეს სესხები წარმოადგენს.

ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, შემცირების მიუხედავად, ჯერ კიდევ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ეროვნული ბანკი მის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს, ინფლაციის განახლებული პროგნოზების შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 31 იანვარს ჩატარდება.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი უკვე 16-მა კანდიდატმა გამოთქვა

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 16-მა კანდიდატმა გამოთქვა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ელა პამფილოვამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ საპრეზიდენტო კამპანია „აქტიურ ფაზაში შევიდა“.

ვლადიმირ პუტინს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის 7 მარტს ეწურება, საპრეზიდენტო არჩევნები კი 17 მარტს არის დანიშნული. 8 დეკემბერს პუტინმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

“სააკაშვილი რუსი ოლიგარქის ტყვეობაშია, ის არის ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი” – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი და მისი გათავისუფლება უმნიშვნელოვანესია.

ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს.

„უმნიშვნელოვანესია, რომ მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი გათავისუფლდეს. როცა ვლაპარაკობთ 2024 წლის არჩევნებზე, როცა ვსაუბრობთ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო და ევროკავშირში გვინდა, უნდა გვესმოდეს, რომ „ეფესბეს“ აგენტ ფარცხალაძის მიერ გასამართლებული და „კლანის“ მიერ დაპატიმრებულ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ამის მიღწევა ურთულესი იქნება. ევროპული ღირებულებები სწორედ იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობის. შეუძლებელია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში იყოს, არ შეეძლოს მოქალაქეებთან ურთიერთობა, საარჩევნო კამპანიაში ჩართვა”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, რას აკეთებს პარტია მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად, ხაბეიშვილმა უპასუხა, რომ ამისთვის ყველა ბერკეტს იყენებენ.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტი სააკაშვილი რუსი ოლიგარქის ტყვეობაშია, “ეფესბეს” აგენტ ფარცხალაძის მიერ არის გასამართლებული. შესაბამისად, ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. უამრავი რეზოლუციაა მიღებული, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი. ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, როცა 2024 წლის არჩევნებზე ვსაუბრობთ. სხვანაირად, ეს არჩევნები ვერ ჩაითვლება ვერც თავისუფლად და ვერც დემოკრატიულად, თუ მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში იქნება”, -აღნიშნა ხაბეიშვილმა.

„მთავარი, რაც ზელენსკიმ პრეს-კონფერენციაზე თქვა: მობილიზაცია, ქალების გაწვევა, ურთიერთობა ზალუჟნისთან, ომის პერსპექტივა“

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულმა სამსახურმა (BBC Russian) სათაურით „მთავარი, რაც ზელენსკიმ პრეს-კონფერენციაზე თქვა: მობილიზაცია, ქალების გაწვევა, ურთიერთობა ზალუჟნისთან, ომის პერსპექტივა“, გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები და კომენტარები 2023 წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც 19 დეკემბრის საღამოს კიევში გაიმართა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებში შეიძლება რამდენიმე ძირითადი თემა გამოიყოს: რუსეთთან ომის მიმდინარეობა, მობილიზაციის საკითხი, ნატოში გაწევრიანება, ვალერი ზალუჟნისთან ურთიერთობა და ა.შ.

ა) ომი თუ მშვიდობა: „რუსეთმა ვერცერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა“

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეს-კონფერენცია უკრაინის შეიარაღებული ძალებისადმი მადლობით დაიწყო, რომლებიც ფრონტზე გმირულად იბრძვიან და მტერს უმკლავდებიან. პრეზიდენტის თქმით, „რუსეთმა ვერცერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა“, ხოლო BBC-ის კორესპონდენტის ჯესიკა პარკერის კითხვას – „არსებობს თუ არა უკრაინისთვის ომის წაგების საფრთხე“, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კატეგორიულად უპასუხა: „არა!“. მისი თქმით, ომის დაწყებიდან უკრაინა ძალიან რთულ სიტუაციაში იყო მოქცეული, როცა ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული იყო, მაგრამ შემდეგ ბლოკადის გარღვევა მოხერხდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გამარჯვების ფასი ძალიან მაღალია და დათანხმდა ერთ-ერთი ჟურნალისტის შეფასებას, რომ სირთულეები მართლაც არსებობს, რომლებიც იარაღის დეფიციტთან არის დაკავშირებული, მაგალითად, საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მწვავე უკმარისობასთან.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვრცელდება უამრავი პროგნოზი ომის პერსპექტივის თაობაზე, მაგრამ სინამდვილეში ამ პროგნოზების ავტორებს წარმოდგენაც არ აქვთ, თუ როდის დასრულდება კონფლიქტი: „ომი, გამარჯვება თუ სტაგნაცია? ეს ყოველივე ბევრ ფაქტორსა და გადაწყვეტილებაზე, ბევრ მიმართულებაზეა დამოკიდებული, მაგრამ უმთავრესად – ჩვენზე და თქვენზე. თუ ჩვენ სიმტკიცეს და ამტანობის უნარს არ დავკარგავთ, რა თქმა უნდა, ომს ადრე დავასრულებთ“. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინაზე სწრაფ გამარჯვებას გეგმავდა, მაგრამ კრემლის პროგნოზები არ გამართლდა.

ბ) მობილიზაცია: „ჯარში ქალების გაწვევა არ მოხდება“

პრეზიდენტის თქმით, სამხედროებმა არმიაში 450-500 ათასი ადამიანის დამატებითი მობილიზება სთხოვეს და შესაბამისი გეგმაც წარუდგინეს, მაგრამ მან თხოვნა არ დააკმაყოფილა და სამხედროებს გეგმის შესწორება დაავალა, რომელიც გაითვალისწინებს არამხოლოდ ჯარის ახალი სამხედრო მოსამსახურეებით შევსებას, არამედ იმ ჯარისკაცების დემობილიზებასაც, რომლებიც ფრონტზე ორი წელი იბრძვიან. „მე ვთქვი, რომ მეტი არგუმენტები მჭირდება-მეთქი გადაწყვეტილების მისაღებად. აუცილებელია სამართლიანობის პრინციპის დაცვა. ჩვენ იმ მამაც ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ, რომლებიც სამშობლოს ორი წელია სისხლისმღვრელ ომში იცავენ“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ 450-500 ათასი ადამიანის მობილიზაციის ჩატარებას დაახლოებით 500 მილიარდი გრივნა (თითქმის 13 მილიარდი დოლარი) დაჭირდება – ამდენი თანხის გამოძებნა ამჟამად პრობლემატურია.

კითხვაზე – „მოაწერს თუ არა ხელს ისეთ კანონს მობილიზაციის თაობაზე, რომელშიც ჯარში ქალების გაწვევაც იქნება გათვალისწინებული“, პრეზიდენტმა მოკლედ უპასუხა: „ქალების გაწვევაზე ხელს არ მოვაწერ“, თუმცა მან აღნიშნა, რომ თანახმაა მოსახლეობის სხვა კატეგორიის მობილიზებაზე, რომელთაც 25 წელი შეუსრულდათ (ამჟამად სამობილიზაციო ასაკი 27 წელს შეადგენს).

გ) ნატო და უკრაინა: „ნაწილობრივი წევრობა? ეს სისულელეა“

უკრაინელი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე – „შეუძლია თუ არა უკრაინას ნატოში ნაწილობრივ გაწევრიანდეს, ანუ ისე, რომ ალიანსის მხრიდან უსაფრთხოების გარანტია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კი არ გავრცელდეს, არამედ მხოლოდ იმ რეგიონებზე, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული არ არის“, – პრეზიდენტმა უპასუხა, რომ უკრაინა ნატოში ჯერ არ მიუწვევიათ, თუმცა, რა თქმა უნდა, ალიანსის წევრობა „ყველაზე ძლიერ ვარიანტს წარმოადგენს“: „ჩვენ ჯერ-ჯერობით ნატოში არ გვიწვევენ. რაც შეეხება ნაწილობრივ წევრობას, რომლის შესახებ თითქოსდა რაღაც სიგნალები არსებობს, გულახდილად გეტყვით, რომ ეს სისულელეა. ჩვენ არცერთი პარტნიორისაგან ასეთი წინადადება არ გვსმენია“

იმავდროულად პრეზიდენტმა აღიარა, რომ მოლაპარაკება დასავლეთის ქვეყნებთან უსაფრთხოების თაობაზე ორმხრივი ხელშეკრულებების გასაფორმებლად ძალიან დაყოვნებით მიმდინარეობს. მან დააზუსტა, რომ უკრაინამ ამგვარი დოკუმენტებისათვის პარტნიორებს სამხედრო საკითხებზე თავისი მოსაზრებები უნდა მიაწოდოს.

დ) „ზ“ და „ზ“: ზელენსკი ზალუჟნის წინააღმდეგ?

ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი დამკვირვებელი და წყარო იტყობინება, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის (უმაღლეს მთავარსარდალს) და გენერალ ვალერი ზალუჟნის (არმიის სარდალს) შორის თითქოსდა სერიოზული კონფლიქტი არსებობს.

დასავლური პრესის თანახმად, პრეზიდენტი თითქოსდა გაღიზიანებულია გენერლის პოპულარობითა და მისი ინტერვიუთი ჟურნალ „ეკონომისტისათვის“, რომლის თანახმად, ვალერი ზალუჟნიმ აღიარა, რომ კონტრშეტევა ჩიხში შევიდა და უკრაინის არმია პოზიციურ ბრძოლაზე გადადის. თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტსა და გენერალს შორის უთანხმოება არ არის.

პრეს-კონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხეს, შეუძლია თუ არა უკრაინის შეცვალოს თავისი საომარი მოქმედების სტრატეგია წარუმატებელი საზაფხულო კონტრშეტევის შემდეგ და აქვს თუ არა მას განზრახული საკადრო ცვლილებები სამხედრო ხელმძღვანელობაში.

„სტრატეგიის შეცვლა, ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, არ შეიძლება, რადგან ეს ქვეყნის ტერიტორიას ეხება. რაც შეეხება ტაქტიკას, მისი ცვლილება შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ 2023 წლის კამპანიის ანალიზის შემდეგ“, – თქვა პრეზიდენტმა, თუმცა მან უპასუხოდ დატოვა კითხვა სამხედრო ხელმძღვანელების ცვლილების შესახებ.

ჟურნალისტებმა ამ თემაზე კითხვა ამა თუ იმ ფორმით პრეზიდენტს კიდევ რამდენჯერმე დაუსვეს, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკი პასუხებს თავს არიდებდა. ბოლოს უკრაინის ტელეარხის „სუსპილნის“ კორესპონდენტმა პირდაპირ ჰკითხა – აპირებს თუ არა პრეზიდენტი გენერალ ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

„რატომ გინდათ ამ თემატიკის განვითარება? მე ზალუჟნისთან სამუშაო ურთიერთობები მაქვს. იგი პასუხისმგებელია იმ შედეგებზე, რაც ბრძოლის ველზე ხდება, გენერალურ შტაბთან ერთად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ე) კომენტარი: როგორი იყო ზელენსკი პრეს-კონფერენციაზე?

უკრაინაში BBC-ის კორესპონდენტის სვიატოსლავ ხომენკო ასეთ კომენტარს უკეთებს პრეზიდენტის გამოსვლას პრეს-კონფერენციაზე:

„ეს ისევ ჩვენი ძველი ნაცნობი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო და არა რაიმე ახალი აზრების მქონე პიროვნება. მას ძველებურად უფრო მეტად მოსწონს ისეთ თემებზე ლაპარაკი, რომელიც საერთაშორისო დღის წესრიგს ეხება, თავის კონტაქტებს მსოფლიოს ლიდერებთან და შეძლებისდაგვარად, თავს არიდებს საშინაო პრობლემებზე საუბარს.

იგი იმ კითხვებს, რომლებიც ქვეყნის შიდა პრობლემებს ეხებოდა, როგორც წესი, ბანალურად პასუხობდა, რომ მას, უბრალოდ, დრო არ ჰყოფნის ყველაფერს თვალი ადევნოს. ამისათვის არსებობს მთავრობა, არსებობს სამხედრო უწყება, რომლებმაც ყურადღება უნდა მიაქციონ რიგი საკითხების მოგვარებას. პრეზიდენტის საქმე კი ლიდერობაა, უკრაინის წარდგენა მსოფლიო არენაზე, ქვეყნის საჭის მართვა, ომისადმი ხელმძღვანელობა.
მაგრამ აშკარად გამოჩნდა, რომ პოლონელი ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა კიევისა და ვარშავის ურთიერთობის შესახებ პრეზიდენტს, როგორც იტყვიან, „სულის სიღრმეში“ ჩასწვდა: იგი მას საკმაოდ ხანგრძლივად პასუხობდა, დეტალურად და პრაქტიკულად საუბრობდა ბოლო ორწლიან ურთიერთობაზე პოლონეთთან, რომელიც, მისი აღიარებით, საკმაოდ რთული და არაერთმნიშვნელოვანი იყო.

აშკარად ჩანდა პრეზიდენტის გულწრფელი შეშფოთებაც ომის პერსპექტივისადმი – როგორ გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის სავარაუდო გამარჯვება? „დიდი ალბათობით, ვაშინგტონის პოზიცია შეიცვლება, თანაც არა უკრაინის სასიკეთოდ“.

თუმცა საბოლოო ჯამში იგი ისევ იმ ვოლოდიმირ ზელენსკიდ დარჩა, რომელიც ჟურნალისტებთან ხუმრობას ცდილობდა. მაგალითად, კიდევ ერთ პოლონელ ჟურნალისტს მან განუცხადა, რომ უკრაინა მზადაა რკინიგზის სპეციალური ვაგონი გამოყოს, რომ პოლონელი დედიკო თავისი მონატრებული ჟურნალისტი შვილის სანახავად კიევში ჩამოვიდეს.

და კიდევ – სუფთა ადამიანური თვალსაზრისით (ეს მომენტიც წლევანდელ ზელენსკის შარშანდელთან აკავშირებს): ნათლად ჩანდა, რომ პრეზიდენტი ძალიან დაქანცულია.

წყარო

„სცენარი: რა იქნება, თუ უკრაინასთან ომში ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს?” – რას წერს „ბლუმბერგი“

ცნობილი ამერიკული გამოცემა „ბლუმბერგი“ (Bloomberg) აქვეყნებს სტატიას სათაურით „სცენარი: რა იქნება, თუ უკრაინასთან ომში ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს? აშშ და მისი მოკავშირეები შიშობენ, ვაითუ დახმარების გარეშე უკრაინა დამარცხდეს“ (ავტორები – ნატალია დროზდიაკი, პიტერ მარტინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის ფინანსური და სამხედრო დახმარების საკითხში ჩიხური სიტუაციის წარმოქმნის გამო, აშშ და მისი მოკავშირეები იძულებულნი არიან იფიქრონ იმაზე, რაზედაც არ სურდათ ფქირი რუსეთის არმიის შეჭრის პირველი დღეებიდანვე – რა იქნება, თუ პუტინის რუსეთი უკრაინაზე გაიმარჯვებს? უკრაინისთვის პოტენციურად კატასტროფული შედეგების გარდა, ზოგიერთმა ევროპელმა პოლიტიკოსმა დაიწყო „მშვიდი განხილვა“ იმისა, თუ რა მოჰყვება დასავლეთის (ჩათვალე: ნატოს) ინტერესების მარცხს ევროპაში მიმდინარე უდიდეს კონფლიქტში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

კომპეტენტური ექსპერტების თქმით, რომლებიც „საკითხის განხილვის“ საქმის კურსში არიან, რუსეთის [სავარაუდო] გამარჯვებით გამოწვეული ტალღისებური შედეგები მთელ მსოფლიოში გავლენას მოახდენს, განსაკუთრებით კი ეჭვქვეშ დააყენებს აშშ-ის დაპირებების საიმედოობას. ბალტიისპირა ქვეყნებში ჩინოვნიკები უკვე მოუწოდებენ საზოგადოებას მზად იყვნენ შემდეგი ომისთვის, თუ რუსეთის არმია უკრაინასთან ომში გაიმარჯვებს. დისკუსია საკითხიდან – რა იქნება, თუ რუსეთი მათაც თავს დაესხმება – გადაიზარდა კონკრეტული მზადყოფნის განხილვაში იმ შემთხვევისათვის, რომელიც ბოლო დრომდე წარმოუდგენელი იყო. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საჯარო დაპირებების მიუხედავად, რომ ვაშინგტონი ყოფილ საბჭოთა პატარა რესპუბლიკებს რუსეთისაგან დაიცავს, მოსალოდნელი საფრთხის მიმართ ეჭვები და შიშები მატულობს.

უარესი, ვიდრე ავღანეთის შემდეგ

ზემოთხსენებული ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთის გამარჯვების შედეგები უფრო ღრმა და ნეგატიური იქნება, ვიდრე ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების წარუმატებელი გამოყვანისა 2021 წელს. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შეიძლება დონალდ ტრამპმა გაიმარჯვოს [რომელსაც განზრახული აქვს აშშ-ის გამოყვანა მსხვილი სამხედრო ალიანსებიდან (ნატოს ჩათვლით) და ვლადიმერ პუტინთან გარიგების დადება უკრაინასთან მიმართებით], მაშინ ვითარება მართლაც უპრეცედენტო იქნება.

ერთ-ერთი წყარო დარწმუნებულია, რომ რუსეთის გამარჯვება ლტოლვილების დიდი ნაკადის პროვოცირებას მოახდენს, რომლებიც გეზს ევროკავშირის ქვეყნებისაკენ აიღებენ. ბუნებრივია, დამატებით ასი ათასობით უკრაინელი ლტოლვილის მიღებით ევროკავშირის სოციალური სამსახურები არასასურველ და ზედმეტ დატვირთვას მიიღებენ, რაც, თავის მხრივ, წევრ ქვეყნებს შორის დაძაბულობას გაამწვავებს. გარდა ამისა, სავარაუდოდ, უკრაინელი სამხედროები შეიძლება პარტიზანულ ბრძოლაზე გადავიდნენ, რაც ასევე მადესტაბილიზებელი ფაქტორია ევროკავშირისათვის, რომელიც უკრაინას ესაზღვრება. კიდევ ერთი მომენტი: რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში კრემლის არმია უშუალოდ აღმოჩნდება პოლონეთის, სლოვაკეთის, უნგრეთისა და რუმინეთის საზღვრებთან, შავი ზღვის ჩრდილოეთ აკვატორიაში კი კვლავ რუსეთის სამხედრო ფლოტი გაბატონდება.

ჯო ბაიდენმა რიტორიკა შეცვალა

მზარდი საფრთხის გრძნობა თანდათანობით ლიდერების საჯარო განცხადებებშიც შეიმჩნევა, რომლებიც სულ უფრო მკვეთრ ტონს იძენენ. უკრაინის მოკავშირეები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომლებიც უალტერნატივოდ ჟღერს: „უკრაინას აშშ და ევროკავშირი თუ არ დაეხმარება, მაშინ ვლადიმერ პუტინი გაიმარჯვებს და უარეს დღეში აღმოვჩნდებით“, – აცხადებდა ირლანდიის პრეზმიერ-მინისტრი ლეო ვარადკარი გასულ კვირას, ევროკავშირის სამიტზე, როცა ვერ გადაწყდა უკრაინისათვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფის საკითხი (უნგრეთის ვეტოს გამო).

თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გასულ კვირას უკრაინას დახმარებას იმდენ ხანს დაპირდა, „რამდენსაც დასავლეთი შეძლებდა“, რაც რიტორიკულ უკანდახევად შეიძლება ჩაითვალოს მისი წინა დაპირებებიდან – „დაგეხმარებით იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება“. პრეზიდენტის თვალსაზრისის ასეთ ტრანსფორმაციას, ალბათ, კონგრესში რესპუბლიკელთა ხისტი პოზიცია განაპირობებს: ამას წინათ ჯერ წამომადგენელთა პალატაში და შემდეგ სენატში, ვერ მოხერხდა კანონპროექტის მიღება უკრაინისათვის 61 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ.

კიევი იძულებული გახდება მოსკოვს დაეთანხმოს…

მზარდ საზოგადოებრივ სკეპტიციზმს თუ უკრაინის არმიის კონტრშეტევის წარუმატებლობასაც დავუმატებთ, მთელი სიმწვავით დგება საკითხი – რეალურია თუ არა უკრაინის საჯაროდ გაცხადებული მიზანი – რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება? ატლანტიკის ორივე ნაპირზე მატულობს უკრაინის მხარდამჭერთა შეშფოთება იმის გამო, რომ კიევმა შეიძლება დამატებითი ტერიტორიები დაკარგოს, თვით სუვერენიტეტის ჩათვლით.

ევროპელი ჩინოვნიკების აზრით, თუ უკრაინა იარაღს ვერ მიიღებს, რუსეთი, ალბათ, მართლაც შეეცდება ქვეყნის ინფრასტრუქტურის მთლიან დანგრევას. კიევი იძულებული გახდება მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და უსიტყვოდ ხელი მოაწეროს კრემლის მიერ წაყენებულ პირობებს.

წყარო

ლისის ტბის მიმდებარედ გამწვანების მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა

მიმდინარე წელს, ლისის ტბის მიმდებარედ, 16 ჰექტარ ფართობზე გამწვანების მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოები, დეგრადირებული ტყის აღდგენის მიზნით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ჩაატარა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხრა სახეობის 16 000-ზე მეტი ძირი მცირე ზომის ხე დაირგო. გამწვანების სამუშაოების პარალელურად, მცენარეების დაცვის მიზნით, ტერიტორია შემოიღობა, ასევე, სარწყავი სისტემა მოეწყო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, თბილისში მდებარე ტყის მასივების მოვლა-აღდგენის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებს.

„ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის დედაქალაქში არაერთი პროექტი განხორციელდა და ახლაც მიმდინარეობს. ერთ-ერთი მათგანია მთაწმინდის ფერდობის აღდგენა, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ახორციელებს. მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ფონდს, რადგან თბილისისთვის აღნიშნული პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, დედაქალაქის მერიამ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, თბილისის მიმდებარედ, 37 ჰექტარზე აღადგინა და გააშენა დეგრადირებული ტყის ფართობები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“საბუთსა და მტკიცებულებას მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, როდესაც მათთვის სასარგებლო და ხელსაყრელია” – მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე

ოპოზიციას არათანმიმდევრულობა და ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობა ყოველთვის ახასიათებს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„მათთვის საბუთსა და მტკიცებულებას მხოლოდ მაშინ აქვს მნიშვნელობა, როდესაც მათთვის სასარგებლო და ხელსაყრელია. მათ შეუძლიათ უტიფრად გამოაცხადონ სანდო წყარო არასანდოდ. რა აწყობთ და რა არ აწყობთ ამის მიხედვით ხელმძღვანელობენ“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

გიორგი ვაშაძე NDI-ს ბოლო კვლევას აკრიტიკებს და სისულელეს უწოდებს.

1-ელი იანვრიდან, გარკვეულ საათებში, დედაქალაქში დიდგაბარიტიანი ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში დიდი გაბარიტების მქონე ავტომანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებას ითვალისწინებს.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, შეზღუდვა M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებისთვის 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში იმოქმედებს.

„პარლამენტის მხარდაჭერით მიღებულია კანონი, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთში, დედაქალაქის კონკრეტულ ადგილებში კრძალავს დიდი გაბარიტების მქონე მანქანების გადაადგილებას. წინა მთავრობაზე დავავალე ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს, რომ შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაციის საფუძველზე  მომზადებულიყო წესი საკრებულოში წარსადგენად. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ „საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან“ და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ მათი თხოვნები, შესაძლებლობები, შევაჯერეთ პოზიციები და მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს არც კერძო სექტორს და თავისი მხრივ, დადებით გავლენას იქონიებს ქალაქში გადაადგილებაზე, განსაკუთრებით პიკის საათებში. ეს წესი ამოქმედდება 2024 წლის 1-ელი იანვრიდან. საკრებულოს მიერ დასამტკიცებელი წესის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, აიკრძალება M3, N2 და N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, 08:00-11:00 საათებსა და 17:00-20:00 საათების შუალედში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათ-კვირას, უქმე დღეებსა და აგვისტოში.

„ამასთან, მოძრაობა აიკრძალება მხოლოდ ქალაქის გარკვეულ ტერიტორიაზე, იმ მონაკვეთებში, სადაც პიკის საათებში დიდია ნაკადები და გადაადგილება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს შაბათს და კვირას, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებში და აგვისტოში. ვფიქრობთ, აგვისტო იყოს გადაადგილებისთვის თავისუფალი, რადგან, როგორც წესი, ამ პერიოდში ქალაქი შედარებით თავისუფალია, მოსახლეობა გადის დასასვენებლად და ამიტომ, ეს გამონაკლისი შესაძლებელია რომ დაშვებულ იქნას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, იქნება გარკვეული გამონაკლისი შემთხვევები, რაზეც ეს რეგულაცია არ გავრცელდება.

„რეგულაცია არ გავრცელდება შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებზე: საზოგადოებრივ ტრანსპორტზე; საავარიო, ასევე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტზე, (სასწრაფო დახმარების, სამაშველო, სახანძრო, საევაკუაციო და ა.შ. ტრანსპორტი); მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისათვის საჭირო ტრანსპორტზე; ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტზე; ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე; ბეტონმზიდ სატრანსპორტო საშუალებებზე; ნავთობპროდუქტების გადამზიდავ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში; ასევე, გამონაკლისი დაიშვება სადისტრიბუციო საქმიანობისთვის განკუთვნილ ტრანსპორტზე 08:00-11:00 საათების შუალედში. აღნიშნული კატეგორიისთვის ეს გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ 2024 წლის პირველ სექტემბრამდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული წესის დარღვევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელები დაჯარიმდებიან 1 000 ლარის ოდენობით.

„აღნიშნული წესების დარღვევისთვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმაც. პირველ შემთხვევაზე 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორებით და ყოველ შემდგომ შემთხვევაზე – 3 000 ლარის ოდენობით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ დღეს დედაქალაქში ძალიან რთული სიტუაციაა პიკის საათებში გადაადგილების კუთხით, რასაც დიდწილად ხელს უწყობს დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილები. აღარ დავუბრუნდები მიზეზების ახსნას. აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

ისრაელი „ჰამასს“ 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ერთკვირიან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს

ისრაელი „ჰამასს“ 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ერთკვირიან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობს, – ამის შესახებ ორმა ისრაელელმა ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ოფიციალური პირების თქმით, ისრაელმა „ჰამასს“ წარუდგინა წინადადება, რომელიც მოიცავს ბრძოლის ერთკვირიან პაუზას, 40 მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ. მათ შორის ქალების, მოხუცების და მათი, ვისაც სასწრაფო დახმარება სჭირდება.

ისრაელის ელჩმა აშშ-ში, მაიკლ ჰერცოგმა დაადასტურა, რომ ისრაელი მზად არის, შეაჩეროს ბრძოლა, თუ ეს გულისხმობს, რაც შეიძლება მეტი მძევლის გათავისუფლებას, მაგრამ არ დაუდასტურებია, მიღწეულია თუ არა შეთანხმება.

„ვფიქრობ, ნაადრევია იმის თქმა, გვაქვს თუ არა შეთანხმება, რადგან აქამდე „ჰამასი“ უარს ამბობდა სხვა გარიგებაზე. ისინი იმედოვნებდნენ მუდმივი ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ იმ ზეწოლის ქვეშ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ადგილზე, რასაც ემატება კატარელების ზეწოლა, ისინი დათანხმდებიან შეთანხმებას, მაგრამ ამის თქმა ამ ეტაპზე ნაადრევია“, – განაცხადა ჰერცოგმა.

მანამდე, „ჰამასმა“ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტამდე მძევლები აღარ გათავისუფლდებიან.

თბილისის მერია 2024 წლის იანვრიდან „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად დააფინანსებს

თბილისის მერია, 2024 წლის იანვრიდან, “ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად დააფინანსებს – პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტი 6 160 000 ლარი იქნება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით დაუფინანსდება.

„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არ მქონე პირებს 80%-ით, რიგ შემთხვევაში კი – 50%-ით უფინანსებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი პაციენტებისა და მათი ოჯახების ფინანსურ ტვირთს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.

ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის შემთხვევაში ერთ პაციენტს თბილისის მერია წლის განმავლობაში მინიმუმ 21 600 და მაქსიმუმ – 61 140 ლარით აფინანსებს, ხოლო მეტასტაზური ფორმის შემთხვევაში, მინიმუმ 40 500 და მაქსიმუმ 65 340 ლარით. დღეისათვის, პროგრამის ფარგლებში, 200-მდე ქალი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 40 რამდენიმე წელია აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარია“, – აღნიშნა კალაძემ.