„მთავარი, რაც ზელენსკიმ პრეს-კონფერენციაზე თქვა: მობილიზაცია, ქალების გაწვევა, ურთიერთობა ზალუჟნისთან, ომის პერსპექტივა“

57
spot_img

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსულმა სამსახურმა (BBC Russian) სათაურით „მთავარი, რაც ზელენსკიმ პრეს-კონფერენციაზე თქვა: მობილიზაცია, ქალების გაწვევა, ურთიერთობა ზალუჟნისთან, ომის პერსპექტივა“, გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტის განცხადებები და კომენტარები 2023 წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც 19 დეკემბრის საღამოს კიევში გაიმართა.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებებში შეიძლება რამდენიმე ძირითადი თემა გამოიყოს: რუსეთთან ომის მიმდინარეობა, მობილიზაციის საკითხი, ნატოში გაწევრიანება, ვალერი ზალუჟნისთან ურთიერთობა და ა.შ.

ა) ომი თუ მშვიდობა: „რუსეთმა ვერცერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა“

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეს-კონფერენცია უკრაინის შეიარაღებული ძალებისადმი მადლობით დაიწყო, რომლებიც ფრონტზე გმირულად იბრძვიან და მტერს უმკლავდებიან. პრეზიდენტის თქმით, „რუსეთმა ვერცერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა“, ხოლო BBC-ის კორესპონდენტის ჯესიკა პარკერის კითხვას – „არსებობს თუ არა უკრაინისთვის ომის წაგების საფრთხე“, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კატეგორიულად უპასუხა: „არა!“. მისი თქმით, ომის დაწყებიდან უკრაინა ძალიან რთულ სიტუაციაში იყო მოქცეული, როცა ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებული იყო, მაგრამ შემდეგ ბლოკადის გარღვევა მოხერხდა. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გამარჯვების ფასი ძალიან მაღალია და დათანხმდა ერთ-ერთი ჟურნალისტის შეფასებას, რომ სირთულეები მართლაც არსებობს, რომლებიც იარაღის დეფიციტთან არის დაკავშირებული, მაგალითად, საარტილერიო ჭურვებისა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მწვავე უკმარისობასთან.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვრცელდება უამრავი პროგნოზი ომის პერსპექტივის თაობაზე, მაგრამ სინამდვილეში ამ პროგნოზების ავტორებს წარმოდგენაც არ აქვთ, თუ როდის დასრულდება კონფლიქტი: „ომი, გამარჯვება თუ სტაგნაცია? ეს ყოველივე ბევრ ფაქტორსა და გადაწყვეტილებაზე, ბევრ მიმართულებაზეა დამოკიდებული, მაგრამ უმთავრესად – ჩვენზე და თქვენზე. თუ ჩვენ სიმტკიცეს და ამტანობის უნარს არ დავკარგავთ, რა თქმა უნდა, ომს ადრე დავასრულებთ“. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლება უკრაინაზე სწრაფ გამარჯვებას გეგმავდა, მაგრამ კრემლის პროგნოზები არ გამართლდა.

ბ) მობილიზაცია: „ჯარში ქალების გაწვევა არ მოხდება“

პრეზიდენტის თქმით, სამხედროებმა არმიაში 450-500 ათასი ადამიანის დამატებითი მობილიზება სთხოვეს და შესაბამისი გეგმაც წარუდგინეს, მაგრამ მან თხოვნა არ დააკმაყოფილა და სამხედროებს გეგმის შესწორება დაავალა, რომელიც გაითვალისწინებს არამხოლოდ ჯარის ახალი სამხედრო მოსამსახურეებით შევსებას, არამედ იმ ჯარისკაცების დემობილიზებასაც, რომლებიც ფრონტზე ორი წელი იბრძვიან. „მე ვთქვი, რომ მეტი არგუმენტები მჭირდება-მეთქი გადაწყვეტილების მისაღებად. აუცილებელია სამართლიანობის პრინციპის დაცვა. ჩვენ იმ მამაც ადამიანებს უნდა გავუფრთხილდეთ, რომლებიც სამშობლოს ორი წელია სისხლისმღვრელ ომში იცავენ“.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ 450-500 ათასი ადამიანის მობილიზაციის ჩატარებას დაახლოებით 500 მილიარდი გრივნა (თითქმის 13 მილიარდი დოლარი) დაჭირდება – ამდენი თანხის გამოძებნა ამჟამად პრობლემატურია.

კითხვაზე – „მოაწერს თუ არა ხელს ისეთ კანონს მობილიზაციის თაობაზე, რომელშიც ჯარში ქალების გაწვევაც იქნება გათვალისწინებული“, პრეზიდენტმა მოკლედ უპასუხა: „ქალების გაწვევაზე ხელს არ მოვაწერ“, თუმცა მან აღნიშნა, რომ თანახმაა მოსახლეობის სხვა კატეგორიის მობილიზებაზე, რომელთაც 25 წელი შეუსრულდათ (ამჟამად სამობილიზაციო ასაკი 27 წელს შეადგენს).

გ) ნატო და უკრაინა: „ნაწილობრივი წევრობა? ეს სისულელეა“

უკრაინელი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე – „შეუძლია თუ არა უკრაინას ნატოში ნაწილობრივ გაწევრიანდეს, ანუ ისე, რომ ალიანსის მხრიდან უსაფრთხოების გარანტია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კი არ გავრცელდეს, არამედ მხოლოდ იმ რეგიონებზე, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული არ არის“, – პრეზიდენტმა უპასუხა, რომ უკრაინა ნატოში ჯერ არ მიუწვევიათ, თუმცა, რა თქმა უნდა, ალიანსის წევრობა „ყველაზე ძლიერ ვარიანტს წარმოადგენს“: „ჩვენ ჯერ-ჯერობით ნატოში არ გვიწვევენ. რაც შეეხება ნაწილობრივ წევრობას, რომლის შესახებ თითქოსდა რაღაც სიგნალები არსებობს, გულახდილად გეტყვით, რომ ეს სისულელეა. ჩვენ არცერთი პარტნიორისაგან ასეთი წინადადება არ გვსმენია“

იმავდროულად პრეზიდენტმა აღიარა, რომ მოლაპარაკება დასავლეთის ქვეყნებთან უსაფრთხოების თაობაზე ორმხრივი ხელშეკრულებების გასაფორმებლად ძალიან დაყოვნებით მიმდინარეობს. მან დააზუსტა, რომ უკრაინამ ამგვარი დოკუმენტებისათვის პარტნიორებს სამხედრო საკითხებზე თავისი მოსაზრებები უნდა მიაწოდოს.

დ) „ზ“ და „ზ“: ზელენსკი ზალუჟნის წინააღმდეგ?

ბოლო თვეების განმავლობაში ბევრი დამკვირვებელი და წყარო იტყობინება, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის (უმაღლეს მთავარსარდალს) და გენერალ ვალერი ზალუჟნის (არმიის სარდალს) შორის თითქოსდა სერიოზული კონფლიქტი არსებობს.

დასავლური პრესის თანახმად, პრეზიდენტი თითქოსდა გაღიზიანებულია გენერლის პოპულარობითა და მისი ინტერვიუთი ჟურნალ „ეკონომისტისათვის“, რომლის თანახმად, ვალერი ზალუჟნიმ აღიარა, რომ კონტრშეტევა ჩიხში შევიდა და უკრაინის არმია პოზიციურ ბრძოლაზე გადადის. თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრეზიდენტსა და გენერალს შორის უთანხმოება არ არის.

პრეს-კონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხეს, შეუძლია თუ არა უკრაინის შეცვალოს თავისი საომარი მოქმედების სტრატეგია წარუმატებელი საზაფხულო კონტრშეტევის შემდეგ და აქვს თუ არა მას განზრახული საკადრო ცვლილებები სამხედრო ხელმძღვანელობაში.

„სტრატეგიის შეცვლა, ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, არ შეიძლება, რადგან ეს ქვეყნის ტერიტორიას ეხება. რაც შეეხება ტაქტიკას, მისი ცვლილება შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ 2023 წლის კამპანიის ანალიზის შემდეგ“, – თქვა პრეზიდენტმა, თუმცა მან უპასუხოდ დატოვა კითხვა სამხედრო ხელმძღვანელების ცვლილების შესახებ.

ჟურნალისტებმა ამ თემაზე კითხვა ამა თუ იმ ფორმით პრეზიდენტს კიდევ რამდენჯერმე დაუსვეს, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკი პასუხებს თავს არიდებდა. ბოლოს უკრაინის ტელეარხის „სუსპილნის“ კორესპონდენტმა პირდაპირ ჰკითხა – აპირებს თუ არა პრეზიდენტი გენერალ ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გათავისუფლებას.

„რატომ გინდათ ამ თემატიკის განვითარება? მე ზალუჟნისთან სამუშაო ურთიერთობები მაქვს. იგი პასუხისმგებელია იმ შედეგებზე, რაც ბრძოლის ველზე ხდება, გენერალურ შტაბთან ერთად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ე) კომენტარი: როგორი იყო ზელენსკი პრეს-კონფერენციაზე?

უკრაინაში BBC-ის კორესპონდენტის სვიატოსლავ ხომენკო ასეთ კომენტარს უკეთებს პრეზიდენტის გამოსვლას პრეს-კონფერენციაზე:

„ეს ისევ ჩვენი ძველი ნაცნობი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო და არა რაიმე ახალი აზრების მქონე პიროვნება. მას ძველებურად უფრო მეტად მოსწონს ისეთ თემებზე ლაპარაკი, რომელიც საერთაშორისო დღის წესრიგს ეხება, თავის კონტაქტებს მსოფლიოს ლიდერებთან და შეძლებისდაგვარად, თავს არიდებს საშინაო პრობლემებზე საუბარს.

იგი იმ კითხვებს, რომლებიც ქვეყნის შიდა პრობლემებს ეხებოდა, როგორც წესი, ბანალურად პასუხობდა, რომ მას, უბრალოდ, დრო არ ჰყოფნის ყველაფერს თვალი ადევნოს. ამისათვის არსებობს მთავრობა, არსებობს სამხედრო უწყება, რომლებმაც ყურადღება უნდა მიაქციონ რიგი საკითხების მოგვარებას. პრეზიდენტის საქმე კი ლიდერობაა, უკრაინის წარდგენა მსოფლიო არენაზე, ქვეყნის საჭის მართვა, ომისადმი ხელმძღვანელობა.
მაგრამ აშკარად გამოჩნდა, რომ პოლონელი ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვა კიევისა და ვარშავის ურთიერთობის შესახებ პრეზიდენტს, როგორც იტყვიან, „სულის სიღრმეში“ ჩასწვდა: იგი მას საკმაოდ ხანგრძლივად პასუხობდა, დეტალურად და პრაქტიკულად საუბრობდა ბოლო ორწლიან ურთიერთობაზე პოლონეთთან, რომელიც, მისი აღიარებით, საკმაოდ რთული და არაერთმნიშვნელოვანი იყო.

აშკარად ჩანდა პრეზიდენტის გულწრფელი შეშფოთებაც ომის პერსპექტივისადმი – როგორ გავლენას მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის სავარაუდო გამარჯვება? „დიდი ალბათობით, ვაშინგტონის პოზიცია შეიცვლება, თანაც არა უკრაინის სასიკეთოდ“.

თუმცა საბოლოო ჯამში იგი ისევ იმ ვოლოდიმირ ზელენსკიდ დარჩა, რომელიც ჟურნალისტებთან ხუმრობას ცდილობდა. მაგალითად, კიდევ ერთ პოლონელ ჟურნალისტს მან განუცხადა, რომ უკრაინა მზადაა რკინიგზის სპეციალური ვაგონი გამოყოს, რომ პოლონელი დედიკო თავისი მონატრებული ჟურნალისტი შვილის სანახავად კიევში ჩამოვიდეს.

და კიდევ – სუფთა ადამიანური თვალსაზრისით (ეს მომენტიც წლევანდელ ზელენსკის შარშანდელთან აკავშირებს): ნათლად ჩანდა, რომ პრეზიდენტი ძალიან დაქანცულია.

წყარო