თბილისის მერია 2024 წლის იანვრიდან „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად დააფინანსებს

62
spot_img

თბილისის მერია, 2024 წლის იანვრიდან, “ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების“ პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად დააფინანსებს – პროგრამის 2024 წლის ბიუჯეტი 6 160 000 ლარი იქნება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პროგრამის ფარგლებში ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს 100%-ით დაუფინანსდება.

„ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, აღნიშნულ ცვლილებამდე, პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას სოციალურად დაუცველის სტატუსის არ მქონე პირებს 80%-ით, რიგ შემთხვევაში კი – 50%-ით უფინანსებდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი პაციენტებისა და მათი ოჯახების ფინანსურ ტვირთს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.

ძუძუს კიბოს ადრეული სტადიის შემთხვევაში ერთ პაციენტს თბილისის მერია წლის განმავლობაში მინიმუმ 21 600 და მაქსიმუმ – 61 140 ლარით აფინანსებს, ხოლო მეტასტაზური ფორმის შემთხვევაში, მინიმუმ 40 500 და მაქსიმუმ 65 340 ლარით. დღეისათვის, პროგრამის ფარგლებში, 200-მდე ქალი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 40 რამდენიმე წელია აღნიშნული პროგრამის ბენეფიციარია“, – აღნიშნა კალაძემ.