Home Blog Page 1869

“დარჩენილ თვეებში საჭიროა დავინახოთ საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გამბედაობა” – კელი დეგნანი

ჩვენ არ ვართ ევროკავშირის წევრი, ჩვენ ვართ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერები, რადგან ვიცით, რომ ეს არის უმრავლესობის, ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის მკაფიო არჩევანი და სწორედ ამიტომ ვეხმარებით საქართველოს რამდენადაც შეგვიძლია, განახორციელოს რეფორმები, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ იყოს შესაბამისი და იყოს მზად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელსაც დაუსვეს შეკითხვა, ევროკავშირის წევრის სტატუსის მიღების რა შანსები აქვს საქართველოს მომავალ ზამთარს.

„რაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა აჩვენონ, რომ მათ აქვთ გამბედაობა, აქვთ ძალა, რომ გვერდზე გადადონ უთანხმოება და ყურადღება გაამახვილონ იმ სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც უნდა შესრულდეს. ევროპულმა კომისიამ ორიოდე კვირის წინ ცხადყო, რომ თორმეტი რეკომენდაციიდან სამი სრულად შესრულდა, რაც ნამდვილად კარგი ამბავია, კარგი ნამუშევარია, მაგრამ კიდევ ცხრაა, რომელსაც ახლა ფოკუსირება სჭირდება, სჭირდება, რომ საქართველოს ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ერთად, რომელსაც აქვს ინტერესი ამ სფეროებში, ერთად იმუშაოს საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის. ეს არის ის, რაც საჭიროა, რაც უნდა დავინახოთ დარჩენილ თვეებში, საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გამბედაობა, რომ გვერდზე გადადონ თავიანთი უთანხმოება და გაერთიანდნენ ამ ქვეყნის გარშემო, ევროპული მომავლის გარშემო“, – აღნიშნა ელჩმა.

“ისმის კითხვა – ვის ინტერესებშია ეს ომი?” – დავით ზარდიაშვილი

გუშინ ნარიშკინმა დაადასტურა, რომ ივნისის ბოლოს ერთობ გულწრფელი აზრთა გაცვლა-გამოცვლა ჰქოდა სი-აი-ეის (ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო) უფროს ბერნსთან, უკრაინაში არსებული ვითარების თაობაზე. ამერიკულ მხარეს ეს ინფორმაცია არ უარჰყვია, – ამის შესახებ ექსპერტი დავით ზარდიაშვილი “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში წერს.

“ესაა კიდევ ერთი საბუთი, რომ “ნიუსვიკის” ექსკლუზივი სიმართლეა და აშშ-სა და რუსეთს შორის არსებული ე.წ. საიდუმლო შეთანხმება – პრაქტიკულად მუშაობს. ამ შეთანხმების არსი კი ეს გახლავთ – უკრაინის სამხედრო კონფლიქტი აშშ-სა და რუსეთს შორის კონტროლირებადი ესკალაციის ფარგლებს არ უნდა გასცდეს. ნიუსვიკის ექსკლუზივი ფაქტიურად არის სი-აი-ეის სენსაციური აღიარება, რომ უკრაინას, თუკი ეს საიდუმლო შეთანხმება არ დაირღვა, მინიმალური შანსც არა აქვს გამარჯვება მოიპოვოს. ლოგიკა აქ ძალზე მარტივია: აშშ-ს და მთლიანად ნატოს მიერ უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარება იზღუდება იმ “წითელი ხაზებით”, რომლის გადაკვეთამაც შეიძლება რუსეთთან ესკალაცია კონტროლის მიღმა გაიყვანოს. ესკალაცია კონტროლს მიღმა ავტომატურად გავა, თუკი რუსეთი დადგება ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ანდა ესეც არაა აუცილებელი, სულაც სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფორმატის შეცვლის და სრულმასშტაბიანი ომის, სადაც არანაირი შეზღუდვა აღარ არსებობს არც სამიზნეებისა და არც ამ სამიზნეების განადგურების საშუალებათა არჩევაში (მაგ. “უდაბნოს ქარიშხლის” ოპერაციის ანალოგია) , აუცილებლობის წინაშე. ეს უკრაინის სახელმწიფოს სრული ანიჰილაციის საფრთხის წინაშე აყენებს, რის გამოც, მეორეს მხრივ, აუცილებელი გახდება ნატოს უშუალო ჩართვა საომარ მოქმედებებში. ესკალაცია – უკვე უკონტროლოა.

მასასადამე, თუ აშშ უკრაინას გადასცემს საკმარისი რაოდენობით მოიერიშე თვითმფრინავებს, ანტი-საჰაერო თავდაცვას, ტანკებსა და ჯავშანტექნიკას, შორსმსროლელ რაკეტებსა ანდა არტილერიას, ასევე ნებისმიერ, ისეთ შეტევით შეიარაღებას, რაც ოკუპირებულ ყირიმს ანდა ყირიმისკენ სახმელეთო გზას რუსეთისთვის საფრთხეს შეუქმნის – ეს უკვე თავისთავად გახდება აშშ რუსეთს შორის ესკალაციის ფარგლებს მიღმა გასვლა, რაც ორმხივად დაუშვებელია. თავად ის ფაქტიც, რომ უკრაინა არ და ვერ გახდება წარმოსადგენ პერსპექტივაში ნატოს წევრი (მიუხედავად მთელი ამ უკვე გულისამრევი ბლა-ბლა-ბლასი, რაც ამ სამარცხვინო სამიტზე უკვე მეტისმეტად დასაცინი გახდა – “უკრაინა ნატოში შევა რუსეთის დაარცხების შემდეგო”, რამეთუ ბრძანეს ნატოს დიდებულთა), ცალსახად მიუთითებს ამ ე.წ. საიდუმლო შეთანხმების რეალურ არსებობასა და იმაზე, რომ მხარეები “წითელ ხაზებს” არ გადალახავენ…

აქ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი: თუ ეს “წითელი ხაზები” არ დაირღვა, უკრაინა იომებს და ამ ომის მიზანი იქნება არა გამარჯვება, არამედ არსებობა ომის რეჟიმში, ვიდრე რაიმე სხვა რეჟიმი არ მიიღწევა ახალი პოლიტიკური კონიუნქტურის შექმნით. ეს კონიუნქტურა კი აშშ-ში 2024 წლის არჩევნებმა შეიძლება შექმნას.

ვისაც არ სჯერა, შეგახსენებთ, რომ “წითელი ხაზები” რაც მხარეებმა არ უნდა გადალახონ, არსებობდა თვით ‘ცივი ომის” პირობებში. რასაკვირველია, ეს ‘წითელი ხაზები”, რაც ე.წ. საიდუმლო შეთანხმებებში აისახებოდა ხოლმე (ასეთი შეთანხმბები არაერთია და ისინი არასდროს არ ხმაურდებოდა) გახლავთ “კატეგორიული იმპერატივის” – ბირთვული შეკავების ავტომატური შედეგი. მხარეები უბრალოდ განწირული არიან ჰქონდეთ და დაიცვან ეს წითელი ხაზები, რადგან მხოლოდ ბირთვული არამაგედონია ამისი ალტერნატივა.

ისმება კითხვა – მაშ, ვის ინტერესებშია ეს ომი? სავარაუდო პასუხია ორია: პირველი, ძალიან პესიმისტური – ეს ომი არის “გლობალური ომის პარტიის”, ე.ი. კორპოროკრატიის ინტერესებში, რომლის მიზანია საბოლოოდ დაამხოს მე-2 მსოფლიო ომის შედეგედ წარმოქმნილი მსოფლიო წესრიგი, ასევე ყველა კონსტიტუცური წესრიგი, რაც ერი-სახელმწიფოების, როგორც უალტერნატივო ისტორიული და სამართალ-სუბიექტების არსებობას უზრუნველყოფს. მეორე პასუხი შედარებით ოპტიმისტურია: ეს ყველაფერი ხდება მოკლევადიანი პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, რადგან აშშ-ში იმდენად პოლარიზებულია დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის დაპირისპირება, რომ თავისთავად ასეთი ომი ერთადერთი საშუალებაა, რათა თვითონ არ დაერიონ ერთმანეთს. ხელსაყრელი პოლიტიკური კონიუნქტურაა ასევე – რუსეთშიც. ანუ შეზღუდული ომი – ორივე მხარეს აწყობს. ამ ვერსიის მომხრეები არ გამორიცხავენ და არც იმას, რომ პუტინს დიდი ფული გადაუხადეს ამერიკელებმა, რათა უკრაინაში შეჭრილიყო.

მე უფრო პესიმისტურ ვერსიას ვემხრობი. თქვენ?”, – წერს ზარდიაშვილი.

“მიხეილ სააკაშვილმა უნდა ჭამოს და ყველაფერი იქნება რიგზე” – კახა კალაძე

მიხეილ სააკაშვილმა უნდა ჭამოს და ყველაფერი იქნება რიგზე და ყველაფერი იქნება ნორმალურად, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ადამიანს აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი, რაზეც უწევს პასუხისგება, ადამიანი, რომ არ ჭამს, ამის გამო ციხიდან ვერ გათავისუფლდება.

„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, თავიდან ბოლომდე მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ბარგის საქართველოში, თავიდან ბოლომდე ყველაფერი იყო დადგმული, გაგრძელებული იმ პიარკამპანიით რაც ხდებოდა ამ თვეების განმავლობაში. დღეში ათჯერ კვდებოდა, უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ეს ყველაფერი მიმართულო იყო ერთი რამისკენ, ერთი მიზანი ჰქონდა ამ ყველაფერს, რომ როგორმე მომხდარიყო მისი დახსნა და გათავისუფლება სასჯელიდან. ადამიანს აქვს კონკრეტული დანაშაულები ჩადენილი, რაზეც უწევს პასუხისგება და არჭამის გამო ციხიდან ადამიანები ვერ გათავისუფლდებიან. მე არავის ცუდად ყოფნა არ გამიხარდება ვინც არ უნდა იყოს. მისმა ოჯახის წევრებმა, მისმა გარემოცვამ უნდა იზრუნოს ამ ადამიანის ჯანმრთელობა, შესაბამისი კალორაჟის საკვები უნდა მიაწოდონ, რომ ის იყოს ჯანმრმთელი.

ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა განურჩევლად, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვინ იყო, ვის რა აქვს გაკეთებული, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, შესაბამისად, სახელმწიფო ამ მოცემულობაში არის მოწოდების სიმაღლეზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.

ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში დაღერღილი ხორბლის იმპორტი 2023 წლის პირველ ნოემბრამდე შეიზღუდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ხორბლის იმპორტის საკითხს.

აღინიშნა, რომ უხვი ნალექის შედეგად კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სასურსათო ხორბლის მოთხოვნებს, რის გამოც ფერმერებს უწევთ ხორბლის რეალიზაცია საფურაჟე დანიშნულებით. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დაღერღილი ხორბლის იმპორტის 2023 წლის პირველ ნოემბრამდე შეზღუდვასთან დაკავშირებით.

სხდომაზე ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. აღინიშნა, რომ მთავრობამ ეფექტური ნაბიჯები გადადგა მიმდინარე წლის დასაწყისში და შედეგად ქვეყანას აქვს 0,6% ინფლაცია და არის მოლოდინი, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება. საუბარი შეეხო საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას. აღინიშნა, რომ საქართველო მიისწრაფვის რეგიონში ციფრული ჰაბის პოზიციის დამკვიდრებისაკენ და მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება, რომელიც ქვეყანას გააჩნია აზიისა და ევროპის ქვეყნების დამაკავშირებელი ციფრული სატრანზიტო დერეფნის (ჰაბის) მიმართულებით.

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს ასევე რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, განიხილეს მიმდინარე და ახალი პროექტების შესრულების პროცესი. სხდომაზე ასევე ისაუბრეს რთველი 2023-ისთვის მზადებისა და მოსავლის შეუფერხებლად დაბინავების საკითხებზე.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

“ესენი არ არიან საქართველოს მეგობრები” – კახა კალაძე ევროპარლამენტარებზე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალება პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. კობახიძემ სტრასბურგში ნიკა გვარამიას სტუმრობა შეაფასა და განაცხადა, რომ მათი [გვარამია და ევროპარლამენტარების ნაწილი] მიზანი ხელისუფლების ცვლილებაა.

„როდესაც პრეზიდენტმა ნიკა გვარამიას შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო, მაშინ ვთქვი, რომ ეს იყო პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმული ნაბიჯი. მაშინ, როდესაც მოწოდებები არის დეპოლარიზაციისკენ, ეს პირიქით, ხელს შეუწყობს პოლარიზაციის გაღრმავებას. ვნახეთ, თუნდაც ის ვიზიტი, როდესაც ბატონი გვარამია მიწვეული იყო და ვინ იყვნენ მასპინძლები. კარგად გვახსოვს, ეს ადამიანები რა განცხადებებს აკეთებდნენ საქართველოსთან მიმართებით, რა განცხადებებს აკეთებდნენ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით – სტატუსის საპირწონედ კრიმინალ სააკაშვილის გათავისუფლებას აყენებდნენ და ამაზე პირდაპირ საუბრობდნენ. ჩვენთვის ყველაფერი ნათელია – ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აბსოლუტურად სხვა მიზანი აქვთ. ესენი არ არიან საქართველოს მეგობრები, მათ აქვთ კონკრეტული მიზანი საქართველოსთან მიმართებით, ეს არის ხელისუფლების ცვლილება. არ აქვს მნიშვნელობა, ეს როგორი გზით იქნება. მათთვის არადემოკრატიული ქმედებებიც მისაღებია, მთავარია მიზანს მიაღწიონ, მაგრამ მინდა იმედები გავუწბილო მათ და ვუთხრა, რომ არაფერი გამოუვათ. მათი ქმედებები და ის რადიკალიზმი, რაც ამ ადამიანებისგან მოდის, ყოველთვის მარცხისთვის არის განწირული“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც ცნობილია, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია, რომელიც პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ შეიწყალა, ევროპარლამენტარების მიწვევით სტრასბურგში იმყოფებოდა. გვარამიამ 12 ივლისს, რამდენიმე ევროპარლამენტართან, კერძოდ – ანა ფოტიგასთან, ვიოლა ფონ კრამონთან, მარიამ ლექსმანთან და პეტრას აუსტრევიჩუსთან ერთად ბრიფინგიც გამართა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 ივლისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 14 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5803 ლარი ეღირება, ევრო – 2.8806 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3701 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5834 ლარი ღირდა, ევრო – 2.8469 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3380 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 14 ივლისს ამოქმედდება.

მარტვილში, მდინარე აბაშაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო

მარტვილის კანიონთან, მდინარე აბაშაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, მან წყლიდან ამოყვინთვა ვერ შეძლო.

ადგილობრივების ცნობით, იგი ტაიკვანდოს გუნდის წევრია და სპორტულ შეკრებაზე იმყოფებოდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი წყლიდან უკვე ამოიყვანეს.

“საქართველო სრულად პასუხობს ნატო-ს წევრობის კრიტერიუმებს და მზად არის გაწევრიანებისთვის” – ირაკლი ბერაია

სამიტის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი არ გვქონია, რადგან დღის წესრიგში ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება არ ყოფილა, რაზეც ნატო-ს ლიდერები ღიად საუბრობდნენ, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ისურვებდა, რომ ალიანსის მოკავშირეებმა მეტი გეოპოლიტიკური გამბედაობა გამოავლინონ და ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით უფრო გაბედული გადაწყვეტილებები მიიღონ.

„დავინახეთ, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა გრძელდება როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე პრაქტიკული კუთხით. ამას სწორედ ვილნიუსის სამიტის კომუნიკე ადასტურებს, სადაც ხაზგასმულია როგორც საქართველოს მხარდაჭერა, ასევე მნიშვნელობა. სამიტის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი არ გვქონია იმის გათვალისწინებით, რომ სამიტის დღის წესრიგში ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება არ ყოფილა და ამაზე ღიად საუბრობდნენ ნატო-ს ლიდერები. როცა ევროპის შუაგულში არის ომი, ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოება არც იყო მოსალოდნელი. გადაჭარბებული მოლოდინები იყო უკრაინასთან დაკავშირებით. ალიანსმა თქვა, რომ უკრაინას აქვს ალიანსისკენ გზა MAP-ის გარეშე, უკრაინისთვის არსებული მოთხოვნები პრაქტიკულად არ იცვლება. კომუნიკეში პირდაპირ წერია, რომ უკრაინა ნატო-ში მაშინ იქნება მიწვეული, როცა ამაზე მოკავშირეები შეთანხმდებიან და უკრაინა პირობებს დააკმაყოფილებს. რაც შეეხება ალიანსის მიდგომას, ვისურვებდი, რომ ალიანსის მოკავშირეებმა მეტი გეოპოლიტიკური გამბედაობა გამოავლინონ, თვალი გაუსწორონ გეოპოლიტიკურ მოცემულობას და უფრო გაბედული გადაწყვეტილებები მიიღონ ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით. საქართველო სრულად პასუხობს ნატო-ს წევრობის ყველა კრიტერიუმს და მზად არის ალიანსში გაწევრიანებისთვის. ბურთი ალიანსის მოედანზეა. გვინდა, საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით ალიანსის მხრიდან დროული, სამართლიანი და შემხვედრი ნაბიჯები დავინახოთ“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ხორბლის იმპორტის საკითხს. აღინიშნა, რომ უხვი ნალექის შედეგად კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს სასურსათო ხორბლის მოთხოვნებს, რის შედეგადაც ფერმერებს უწევთ ხორბლის რეალიზაცია საფურაჟე დანიშნულებით. აღნიშნული პროცესის ხელშეწყობის და შეუფერხებლად განხორციელების მიზნით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დაღერღილი ხორბლის იმპორტის 2023 წლის 1 ნოემბრამდე შეზღუდვასთან დაკავშირებით.

სხდომაზე ხაზი გაესვა ქვეყანაში არსებულ მზარდ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. აღინიშნა, რომ მთავრობამ ეფექტური ნაბიჯები გადადგა მიმდინარე წლის დასაწყისში და შედეგად ქვეყანას აქვს 0,6% ინფლაცია და არის მოლოდინი, რომ წელს ინფლაცია დაგეგმილზე ნაკლები იქნება.

საუბარი შეეხო საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას. აღინიშნა, რომ საქართველო მიისწრაფვის რეგიონში ციფრული ჰაბის პოზიციის დამკვიდრებისაკენ და მთავრობის მიზანია, მაქსიმალურად მოხდეს იმ პოტენციალის ათვისება, რომელიც ქვეყანას გააჩნია აზიისა და ევროპის ქვეყნების დამაკავშირებელ ციფრულ სატრანზიტო დერეფნის (ჰაბის) მიმართულებით.

ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს ასევე რეგიონებში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, განიხილეს მიმდინარე და ახალი პროექტების შესრულების პროცესი.

სხდომაზე ასევე ისაუბრეს რთველი 2023-ისთვის მზადებისა და მოსავლის შეუფერხებლად დაბინავების საკითხებზე.

8 ივლისის ღონისძიებაზე მაქსიმალურად ვეცადეთ, დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა – თეიმურაზ კუპატაძე

8 ივლისის ღონისძიებაზე მაქსიმალურად ვეცადეთ, დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

როგორც თეიმურაზ კუპატაძემ აღნიშნა, 9 ივლისს მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის ყველა დანაყოფი, 3000-მდე პოლიციელი, მათ შორის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი.

„მაქსიმალურად ვეცადეთ, დაცული ყოფილიყო როგორც გამოხატვის თავისუფლება, ასევე ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. შესაბამისად, მოვიდა კონტრაქციის წარმომადგენლების ძალიან დიდი რაოდენობა. ჩვენ გვქონდა კორდონები გაკეთებული გზის სავალ ნაწილებზე. ლოკაცია არ გვაძლევდა საშუალებას, რომ მთელი პერიმეტრი ყოფილიყო მაქსიმალურად დაცული და უსაფრთხო, ადამიანები კი ცდილობდნენ, რომ ჩვენი კორდონებისთვის აექციათ გვერდი, მინდვრებით და გრუნტიანი გზებით მიეღწიათ იმ ლოკაციამდე, სადაც ღონისძიება ტარდებოდა. ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ვინაიდან სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის უპირველეს ყოვლისა და ჩვენი უშუალო მოვალეობაა ეს, მოვახდინეთ „პრაიდის“ მონაწილეებისა და ორგანიზატორების ევაკუაცია, გავიყვანეთ ეს ადამიანები, რომ არ მომხდარიყო რაიმე დაპირისპირება. საბოლოოდ, რაც იყო ჩვენი მთავარი მიზანი, ეს იქნა დაცული და ამ ღონისძიებაზე არავინ დაზიანებულა“, – განაცხადა კუპატაძემ.

“ყველა დაინახავს, რომ სააკაშვილი გასაჭირში არ იმყოფება” – მიხეილ სარჯველაძე

ბევრი ინსინუაციის მიუხედავად, ყველა დაადგენს, რომ არ არის რაიმე მიზეზი კრიტიკისთვის ან თავდასხმისთვის, რომ ვინმე ვინმეს წამლავდა, საკმარისი მკურნალობა არ იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პოლონელი ექიმების ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ყველას ექნება შესაძლებლობა, ნახოს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დააკვშირებით ყველა პროცედურა უნაკლოდ მიმდინარეობდა.

„ვინმესთვის სარწმუნო რადგან არ აღმოჩნდა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით „ვივამედის“ მკურნალობის კურსი, სახელმწიფოს გაცხადებული პოზიციები ან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და აქვთ სურვილი, ეს საკითხი შეისწავლონ, მათი ნებაა და პრობლემა არაა. ყველას ექნება შესაძლებლობა, ნახოს, რომ უნაკლოდ მიმდინარეობდა ყველა პროცედურა, რომელიც სააკაშვილს სამედიცინო თვალსაზრისით სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინსინუაცია მოვისმინეთ, ყველა დაადგენს, რომ არ არის რაიმე მიზეზი კრიტიკისთვის ან თავდასხმისთვის, რომ ვინმე ვინმეს წამლავდა, საკმარისი მკურნალობა არ იყო. ამ ყველაფერს საფუძველი მოესპობა და ამაში ყველა დარწმუნდება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებას, მიხეილ სარჯველაძის თქმით, სააკაშვილი გასაჭირში არ იმყოფება.

„რაც შეეხება განცხადებას, რომ მეგობრებს გასაჭირში არ ტოვებენ, ყველა კარგად დაინახავს, რომ სააკაშვილი გასაჭირში არ იმყოფება. პოლონეთის პრემიერს მეგობარს ნამდვილად ვერ მოვუწონებ, რადგან არ მგონია, ასეთ დამოკიდებულებას და ასეთი სიტყვებით მოხსენიებას იმსახურებდეს სააკაშვილის შემთხვევა. გარკვეული პერიოდულობით არის მცდელობა, რომ ეს საქმე ყურადღების ქვეშ მოექცეს, თუმცა ობიექტურად ამას მიზეზი არ აქვს. არ მგონია, რომ განმცხადებელთა ვინაობა რაიმე დიდ არგუმენტს მატებდეს სააკაშვილის თემაზე არსებულ მდგომარეობას, რადგან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არანაირი საფუძველი არ არის საქართველოს კრიტიკისთვის, თითქოსდა სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე უფლების დარღვევას. გასაგებია, რომ შეიძლება, ვინმესთვის პოლიტიკური თვალსაზრისით სააკაშვილის გარეთ გაყვანა საინტერესო იყოს, მაგრამ ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ქართული კანონმდებლობით სასჯელს მოიხდის“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა: „მეგობრებს გაჭირვებაში არ ვტოვებთ, ჩემი თხოვნით, პოლონელი ექიმების გუნდმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო გამოკვლევა დაიწყო“.

პაატა დავითაიამ ევროკავშირის ქვეყნებში ემიგრაციასთან მუშაობის სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

ჩვენს ემიგრანტებს ექნებათ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ ჩვენს წარმომადგენელს მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ადამიანების ღირსეული დაბრუნებისთვის საქართველოში,- ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა, რომელიც გერმანიაში იმყოფება და ქართველ ემიგრანტებს ხვდება.

„ევროპელი დემოკრატების“ ცნობით, პაატა დავითაიამ ევროკავშირის ქვეყნებში ემიგრაციასთან მუშაობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კუტუბიძე წარადგინა.

„ქართულ დიასპორასთან შეხვედრებზე ვისაუბრეთ იმ პრობლემატურ საკითხებზე, რაც ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს აწუხებთ.

ვიცით, როგორი წვლილი შეაქვთ ჩვენს ემიგრანტებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, სამუშაო მიგრაციაში წასული ადამიანები აქ ინახავენ ოჯახებს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ამ დიდი ჯგუფის ინტერესები ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ.

სამწუხაროდ, როგორც წინა წლების გამოცდილება გვიჩვენებს, ემიგრანტების დიდ ნაწილს სხვადასხვა მიზეზთა გამო ხშირად ეზღუდებათ გარკვეული უფლება, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არჩევნებში და გამოხატონ საკუთარი ნება.

ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი ემიგრანტების მონაწილეობა არჩევნებში, სახელმწიფომ უნდა დააფასოს ამ ადამიანების საარჩევნო ნება და ხმა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება 2024 წლის არჩევნებში, რომელიც ელექტრონული სისტემით ჩატარდება.

მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტიაში შეიქმნას ევროკავშირის ქვეყნებში ემიგრაციასთან მუშაობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლობა და ამ თანამდებობაზე დაინიშნა გიორგი კუტუბიძე, რომელსაც ემიგრანტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გიორგი ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას ქართველ ემიგრანტებთან და მათი როლის გაძლიერებას როგორც საარჩევნო პროცესში, ასევე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებში.

უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები ევროპის სხვა ქვეყნებში – საფრანგეთსა და ბელგიაში. ჩვენს ემიგრანტებს ექნებათ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ ჩვენს წარმომადგენელს მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ადამიანების ღირსეული დაბრუნებისთვის საქართველოში“, – განაცხადა პაატა დავითაიამ, რომლის კომენტარსაც „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.