პაატა დავითაიამ ევროკავშირის ქვეყნებში ემიგრაციასთან მუშაობის სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა

87
spot_img

ჩვენს ემიგრანტებს ექნებათ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ ჩვენს წარმომადგენელს მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ადამიანების ღირსეული დაბრუნებისთვის საქართველოში,- ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა, რომელიც გერმანიაში იმყოფება და ქართველ ემიგრანტებს ხვდება.

„ევროპელი დემოკრატების“ ცნობით, პაატა დავითაიამ ევროკავშირის ქვეყნებში ემიგრაციასთან მუშაობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი „ევროპელი დემოკრატების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი კუტუბიძე წარადგინა.

„ქართულ დიასპორასთან შეხვედრებზე ვისაუბრეთ იმ პრობლემატურ საკითხებზე, რაც ევროკავშირის ქვეყნებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს აწუხებთ.

ვიცით, როგორი წვლილი შეაქვთ ჩვენს ემიგრანტებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, სამუშაო მიგრაციაში წასული ადამიანები აქ ინახავენ ოჯახებს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია მოქალაქეთა ამ დიდი ჯგუფის ინტერესები ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ.

სამწუხაროდ, როგორც წინა წლების გამოცდილება გვიჩვენებს, ემიგრანტების დიდ ნაწილს სხვადასხვა მიზეზთა გამო ხშირად ეზღუდებათ გარკვეული უფლება, მონაწილეობა მიიღონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არჩევნებში და გამოხატონ საკუთარი ნება.

ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი ემიგრანტების მონაწილეობა არჩევნებში, სახელმწიფომ უნდა დააფასოს ამ ადამიანების საარჩევნო ნება და ხმა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება 2024 წლის არჩევნებში, რომელიც ელექტრონული სისტემით ჩატარდება.

მივიღეთ გადაწყვეტილება, პარტიაში შეიქმნას ევროკავშირის ქვეყნებში ემიგრაციასთან მუშაობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლობა და ამ თანამდებობაზე დაინიშნა გიორგი კუტუბიძე, რომელსაც ემიგრანტებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. გიორგი ხელს შეუწყობს ურთიერთობების გაღრმავებას ქართველ ემიგრანტებთან და მათი როლის გაძლიერებას როგორც საარჩევნო პროცესში, ასევე ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენებში.

უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები ევროპის სხვა ქვეყნებში – საფრანგეთსა და ბელგიაში. ჩვენს ემიგრანტებს ექნებათ შესაძლებლობა დაუკავშირდნენ ჩვენს წარმომადგენელს მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში. ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ადამიანების ღირსეული დაბრუნებისთვის საქართველოში“, – განაცხადა პაატა დავითაიამ, რომლის კომენტარსაც „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.