“ყველა დაინახავს, რომ სააკაშვილი გასაჭირში არ იმყოფება” – მიხეილ სარჯველაძე

115
spot_img

ბევრი ინსინუაციის მიუხედავად, ყველა დაადგენს, რომ არ არის რაიმე მიზეზი კრიტიკისთვის ან თავდასხმისთვის, რომ ვინმე ვინმეს წამლავდა, საკმარისი მკურნალობა არ იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პოლონელი ექიმების ჩამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, ყველას ექნება შესაძლებლობა, ნახოს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დააკვშირებით ყველა პროცედურა უნაკლოდ მიმდინარეობდა.

„ვინმესთვის სარწმუნო რადგან არ აღმოჩნდა სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით „ვივამედის“ მკურნალობის კურსი, სახელმწიფოს გაცხადებული პოზიციები ან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და აქვთ სურვილი, ეს საკითხი შეისწავლონ, მათი ნებაა და პრობლემა არაა. ყველას ექნება შესაძლებლობა, ნახოს, რომ უნაკლოდ მიმდინარეობდა ყველა პროცედურა, რომელიც სააკაშვილს სამედიცინო თვალსაზრისით სჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინსინუაცია მოვისმინეთ, ყველა დაადგენს, რომ არ არის რაიმე მიზეზი კრიტიკისთვის ან თავდასხმისთვის, რომ ვინმე ვინმეს წამლავდა, საკმარისი მკურნალობა არ იყო. ამ ყველაფერს საფუძველი მოესპობა და ამაში ყველა დარწმუნდება“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებას, მიხეილ სარჯველაძის თქმით, სააკაშვილი გასაჭირში არ იმყოფება.

„რაც შეეხება განცხადებას, რომ მეგობრებს გასაჭირში არ ტოვებენ, ყველა კარგად დაინახავს, რომ სააკაშვილი გასაჭირში არ იმყოფება. პოლონეთის პრემიერს მეგობარს ნამდვილად ვერ მოვუწონებ, რადგან არ მგონია, ასეთ დამოკიდებულებას და ასეთი სიტყვებით მოხსენიებას იმსახურებდეს სააკაშვილის შემთხვევა. გარკვეული პერიოდულობით არის მცდელობა, რომ ეს საქმე ყურადღების ქვეშ მოექცეს, თუმცა ობიექტურად ამას მიზეზი არ აქვს. არ მგონია, რომ განმცხადებელთა ვინაობა რაიმე დიდ არგუმენტს მატებდეს სააკაშვილის თემაზე არსებულ მდგომარეობას, რადგან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არანაირი საფუძველი არ არის საქართველოს კრიტიკისთვის, თითქოსდა სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა რაიმე უფლების დარღვევას. გასაგებია, რომ შეიძლება, ვინმესთვის პოლიტიკური თვალსაზრისით სააკაშვილის გარეთ გაყვანა საინტერესო იყოს, მაგრამ ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის ქართული კანონმდებლობით სასჯელს მოიხდის“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი პოლონელი ექიმების საქართველოში ვიზიტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა: „მეგობრებს გაჭირვებაში არ ვტოვებთ, ჩემი თხოვნით, პოლონელი ექიმების გუნდმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო გამოკვლევა დაიწყო“.