“საქართველო სრულად პასუხობს ნატო-ს წევრობის კრიტერიუმებს და მზად არის გაწევრიანებისთვის” – ირაკლი ბერაია

89
spot_img

სამიტის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი არ გვქონია, რადგან დღის წესრიგში ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება არ ყოფილა, რაზეც ნატო-ს ლიდერები ღიად საუბრობდნენ, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ისურვებდა, რომ ალიანსის მოკავშირეებმა მეტი გეოპოლიტიკური გამბედაობა გამოავლინონ და ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით უფრო გაბედული გადაწყვეტილებები მიიღონ.

„დავინახეთ, რომ ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა გრძელდება როგორც პოლიტიკური თვალსაზრისით, ასევე პრაქტიკული კუთხით. ამას სწორედ ვილნიუსის სამიტის კომუნიკე ადასტურებს, სადაც ხაზგასმულია როგორც საქართველოს მხარდაჭერა, ასევე მნიშვნელობა. სამიტის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი არ გვქონია იმის გათვალისწინებით, რომ სამიტის დღის წესრიგში ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება არ ყოფილა და ამაზე ღიად საუბრობდნენ ნატო-ს ლიდერები. როცა ევროპის შუაგულში არის ომი, ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოება არც იყო მოსალოდნელი. გადაჭარბებული მოლოდინები იყო უკრაინასთან დაკავშირებით. ალიანსმა თქვა, რომ უკრაინას აქვს ალიანსისკენ გზა MAP-ის გარეშე, უკრაინისთვის არსებული მოთხოვნები პრაქტიკულად არ იცვლება. კომუნიკეში პირდაპირ წერია, რომ უკრაინა ნატო-ში მაშინ იქნება მიწვეული, როცა ამაზე მოკავშირეები შეთანხმდებიან და უკრაინა პირობებს დააკმაყოფილებს. რაც შეეხება ალიანსის მიდგომას, ვისურვებდი, რომ ალიანსის მოკავშირეებმა მეტი გეოპოლიტიკური გამბედაობა გამოავლინონ, თვალი გაუსწორონ გეოპოლიტიკურ მოცემულობას და უფრო გაბედული გადაწყვეტილებები მიიღონ ასპირანტ ქვეყნებთან დაკავშირებით. საქართველო სრულად პასუხობს ნატო-ს წევრობის ყველა კრიტერიუმს და მზად არის ალიანსში გაწევრიანებისთვის. ბურთი ალიანსის მოედანზეა. გვინდა, საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით ალიანსის მხრიდან დროული, სამართლიანი და შემხვედრი ნაბიჯები დავინახოთ“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.