Home Blog Page 1868

უკრაინელი ძალებისთვის ფრონტზე წარმატების მიღწევა სულ უფრო რთული ხდება, დასავლეთის მხარდაჭერა კი სუსტდება – Bloomberg

უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის რუსეთთან ომში წარმატების მიღწევა სულ უფრო რთული ხდება, ხოლო დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა სუსტდება, – ამის შესახებ უკრაინული მედია Bloomberg-ზე დაყრდნობით წერს.

Bloomberg-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ თითქმის ორი წლის წინ, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრამ გააერთიანა ევროპული ქვეყნები, აღადგინა „ტრანსატლანტიკური ალიანსი“, გააერთიანა ორი პარტია ვაშინგტონში. ახლა „ეს ტენდენცია იშლება.

„პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და ევროკავშირი ცდილობენ უკრაინის სამხედრო  დახმარებას, ქვეყნის [უკრაინის] ზოგიერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერიც კი გამოთქვამს ეჭვებს, რომ ბრძოლის ველზე უკრაინა გაიმარჯვებს და მას ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს“, – წერენ სტატიის ავტორები.

მათი აზრით, ეს იმედგაცრუება უადგილოა, რადგან ის იგნორირებას უკეთებს უკრაინელი ხალხის უზარმაზარ მსხვერპლს, რომელიც გაიღო უკრაინამ მათი თავისუფლების დასაცავად და რუსული აგრესიის მოსაგერიებლად და არ აფასებს უკრაინის არმიის შესაძლებლობას დაიბრუნოს უპირატესობა, თუ მას ექნება საკმარისი იარაღი.

ავტორები იხსენებენ, რომ წელს უკრაინელებმა ვერ შეძლეს წინსვლა ისე, როგორც პარტნიორი ქვეყნის ლიდერები იმედოვნებდნენ.

„პუტინს არ სურს მოლაპარაკებები. მას აქვს ბევრი მიზეზი, რომ დაელოდოს აშშ-ისა და ევროპის გადაწყვეტილების დაშლას, რათა მიაღწიოს თავის მიზანს, დაიპყროს უკრაინა“, – წერს მედია.

ავტორების აზრით, უახლოეს თვეებში მოკავშირეებმა კიევს უნდა მიაწოდონ ახალი საბრძოლო მასალა, შორი დისტანციის რაკეტები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, თვითმფრინავები და გამანადგურებლები, რადგან დასავლური იარაღის გარეშე, უკრაინა ვერ შეძლებს ტერიტორიების დაბრუნებას.

„შეუძლებელია იმის პროგნოზირება, როდის და როგორ დასრულდება ომი. მაგრამ უკრაინის დამარცხება ზიანს აყენებს გლობალურ სასურსათო და ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და შთააგონებს პუტინს უფრო წინ წავიდეს“, – დასძენს გამოცემა.

,,ჩვენ უარვყოფთ მიგრაციის პაქტს, არავის შეუძლია, დაგვაძალოს ქვეყნის შიგნით ვინმეს შეშვება”- პიტერ სიიარტო

არც ბრიუსელს და არც სხვა ვინმეს აქვს უფლება, გვითხრას, ვისი შეშვების უფლება გვაქვს ქვეყანაში, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ მიგრაციული და თავშესაფრის პოლიტიკის რეფორმაზე ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ მიღწეული შეთანხმების შეფასებისას განაცხადა.

სიიარტოს თქმით, ის უარყოფს ახალ რეფორმას და აცხადებს, რომ არავის შეუძლია, დააძალოს უნგრეთს, ვის შეუშვებს ქვეყანაში.

„არავის შეუძლია, დაგვაძალოს ქვეყნის შიგნით ვინმეს შეშვება. მხოლოდ ისინი შეძლებენ უნგრეთში შემოსვლას და დარჩენას, ვინც გვენდომება. ჩვენ უარვყოფთ მიგრაციის პაქტს. ჩვენ არავის შევუშვებთ ჩვენი სურვილის საწინააღმდეგოდ. არც ბრიუსელს და არც სხვა ვინმეს აქვს იმის უფლება, გვითხრას, ვისი შეშვების უფლება გვაქვს ქვეყანაში. ჩვენ უმკაცრესს უარს ვამბობთ ამის გამო დასჯაზე. ეს უნგრეთის მთავრობაა, აქ ჩვენ ძალაუფლება უნგრელმა ხალხმა მოგვცა და არა ბრიუსელის ელიტამ. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად დავაფასებთ, თუ ისინი შეძლებენ დისტანციის დაცვას ამისგან. კარგი იქნება, თუ არ შეეცდებიან ჩვენზე რაიმე იძულებითი მიგრაციის ზომების დაწესებას, რასაც ჩვენ ვერ მივიღებთ“, – განაცხადა სიირატომ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადება, არის პოლარიზებისკენ გადადგმული ნაბიჯი…“ – ირაკლი კუპრაძე

„მიხეილ სააკაშვილის განცხადება, არის პოლარიზებისკენ გადადგმული ნაბიჯი…“ – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ მედიასთან განაცხადა.

„პროპორციული არჩევნების პირობებში, სადაც რეალურად საარჩევნო ბლოკები არის აკრძალული,  თანამშრომლობა საკუთარ თავში, აპრიორი გულისხმობს გაერთიანებას, რასაც ლელო არ აპირებს. თუ ჩვენ გვინდა რუსული ხელისუფლების დამარცხება, უნდა შევთავაზოთ მრავალფეროვნება… ამ ქვეყანაში არის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი, რომელიც არასდროს მისცემს ხმას „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს სეგმენტი არ  უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე“,  – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

,,სლოვაკეთი ვეტოს დაადებს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას” – სლოვაკეთის პრემიერი

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ დაბლოკავს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

“ჩვენ არჩევნებამდე განვაცხადეთ, რომ ჩვენთვის პრობლემა იქნება, თუ საუბარია უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე. მე ეს ვთქვი ალიანსის გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე: რათა სიურპრიზები არ იყოს, მე ვლაპარაკობ იმ პარტიის სახელით, რომელიც დომინირებს სლოვაკეთის მთავრობაში. ჩვენ არ დავეთანხმებით უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, რადგან ეს იქნება მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი”, – აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.

“მე მჯერა, რომ ეს არასდროს მოხდება. სანამ მე მაქვს სლოვაკეთის პოლიტიკურ სცენაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, გამოვიყენებ ვეტოს უფლებას ასეთ გადაწყვეტილებაზე”, – დასძინა მან.

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიგრაციული და თავშესაფრის პოლიტიკის რეფორმაზე შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა მიგრაციული და თავშესაფრის პოლიტიკის რეფორმაზე შეთანხმებას მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.

„მივესალმები მიგრაციისა და თავშესაფრის მინიჭების პაქტზე ისტორიულ შეთანხმებას. ვულოცავ ევროპარლამენტსა და საბჭოს შეთანხმების მიღწევას ამ გარდამტეხ ინიციატივასთან დაკავშირებით“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

პაქტი ითვალისწინებს საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას, თავშესაფრის მინიჭების შესახებ განცხადების განხილვის დაჩქარებას და ევროკავშირში არალეგალური გზით ჩასული მიგრანტების დეპორტაციის დაჩქარებას. რეფორმა ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიგრანტების განაწილებას ე.წ. სოლიდარობის მექანიზმით.

წინასწარმა შეთანხმებამ ახლა კანონპროექტის სახე უნდა მიიღოს, შემდეგ კი, საჭიროა მისი ევროპარლამენტისა და საბჭოს მიერ საბოლოოდ დამტკიცება.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ მიგრაციულ პაქტზე შეთანხმების მიღწევას ნამდვილად ისტორიული დღე უწოდა.

„ეს არ იყო მარტივი. ჩვენ გამოწვევებს წინ აღვუდექით და დავატკიცეთ, რომ ევროპას შეუძლია საკითხების მოგვარება, რომლებიც მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა მეცოლამ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ახალი პაქტი არ არის იდეალური და ზოგიერთი რთული საკითხი გადაუწყვეტელი დარჩა.

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა. ფასის ზედა ზღვარი ჯამში 5 000-ზე მეტ მედიკამენტზეა განსაზღვრული. ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, იმ წამლებზეც გავრცელდა, როლებზეც ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული და იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ყიდდნენ.

„რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ წამლებზე მოქმედებს.

წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება. რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. რეფორმა ფარმაცევტული პროდუქტის ფასებს საშუალოდ 40%-ით ამცირებს.

მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

,,ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრში, მოქალაქე, ერთ ერთი ფანჯრის პრინციპით, სხვადასხვა ტიპის მომსახურებას მიიღებს” – ბარკალაია

„ჯანდაცვის სამინისტრო მრავალი მიმართულებით მუშაობს, როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური დაცვის, დასაქმების, სოციალური რეაბილიტაციის სერვისების, დევნილთა მომსახურებების მიმართულებებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ფართო სპექტრი ჩვენი მომსახურებებისა იყოს სწრაფი, ეფექტური და ხელმისაწვდომი მოქალაქეებისათვის. აქედან გამომდინარე, ერთი ფანჯრის პრინციპის კონცეფცია ამოქმედდა და პირველი ფილიალი, არსებული კონცეფციით, გაიხსნა საბურთალოზე – მიცკევიჩის ქუჩაზე“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.

თამარ ბარკალაიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების ცენტრში, მოქალაქე, ერთ სივრცეში და ერთი ფანჯრის პრინციპით, მიიღებს სოციალური მომსახურების, დასაქმების ხელშეწყობისა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოების, ასევე – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებით სრულყოფილ და უწყვეტ მომსახურებას.

„ვფიქრობთ, რომ ეს გაუმარტივებს ჩვენს მოქალაქეებს დროული და ეფექტური სერვისების მიღების შესაძლებლობას და კმაყოფილებასაც გაზრდის, ამ სერვისების მიმართულებით. საკმაოდ აქტიურია საბურთალოს ფილიალი, ერთ-ერთი დიდი მოცვითი არეალი აქვს. ჩვენ, გავაგრძელებთ სრულიად თბილისის და რეგიონების მოცვას აღნიშნული სერვისით. მომავალ წელს, იგეგმება, დაახლოებით, 10 ფილიალის ამოქმედება, მათ შორის თბილისის ხუთივე ტერიტორიულ ერთეულში“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

,,არსებობს სხვადასხვა გზა, რომ მიხეილ სააკაშვილს თავი მოაწონო”- იაგო ხვიჩია

არსებობს სხვადასხვა გზა, რომ მიხეილ სააკაშვილს თავი მოაწონო, ერთ-ერთი გზაა, მისი ტანსაცმელებისგან გააკეთო მუზეუმი, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„როცა იცი, რომ ექსპონატი არა წარსულში გარდაცვლილ ადამიანს ეკუთვნის, არამედ ცოცხალ ადამიანს, რომელიც ახლაც ასეთ ექსპონატებს ამრავლებს, ნაკლებია ინტერესი სამუზეუმო საქმიანობის მიმართ. არსებობს სხვადასხვა გზა, რომ მიხეილ სააკაშვილს თავი მოაწონო, ერთ-ერთი გზაა, მისი ტანსაცმელებისგან გააკეთო მუზეუმი და სხვათა შორის არაა ცუდი იდეა, მაგრამ ერთი ხელშემშლელი ფაქტორი აქვს – ცოცხალია მიხეილ სააკაშვილი და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

11 ოქტომბერს თბილისში, სააკაძის დაღმართზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი ოფისი“ გაიხსნა.

,,თავდასხმები საზოგადოებრივ მედიასაშუალებებზე, მთავრობის პოსტკომუნისტურ ფესვებთან დაბრუნება“- ანა ფოტიგა

პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ დონალდ ტუსკის მთავრობის მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების დამორჩილებას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან. ამის შესახებ ევროდეპუტატი საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს.

ანა ფოტიგა ამგვარად ეხმაურება პოლონეთის კულტურის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, გაათავისუფლოს თანამდებობიდან პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ხელმძვანელები.

„თავდასხმები საზოგადოებრივ მედიასაშუალებებზე, რომლებიც პლურალიზმის მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენდნენ, არის ამ მთავრობის დაბრუნება პოსტკომუნისტურ ფესვებთან“, – წერს ფოტიგა.

ევროდეპუტატი დონალდ ტუსკის მთავრობას უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაში სდებს ბრალს.

„კოალიციურ მთავრობაში მიაჩნიათ, რომ მათ „ცოდვებს გაამართლებს შექების სიტყვები, რომლებიც იმ სხვადასხვა დედაქალაქებიდან ისმის, რომელთა ინტერესებსაც ემსახურება ეს მთავრობა“, – წერს ფოტიგა.

პოლონეთის კულტურის სამინისტრომ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს, PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ განაცხადა. 

ამასთან, გაითიშა 24-საათიანი საინფორმაციო არხი TVP INFO, რომელსაც პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ ყოფილი მმართველი პარტიის მხარდამჭერ პროპაგანდაში ადანაშაულებდა.

პოლონეთის მთავრობამ ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების ხელმძღვანელობა დაითხოვა

პოლონეთის კულტურის სამინისტრომ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს, PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ განაცხადა. ამასთან, გაითიშა 24-საათიანი საინფორმაციო არხი TVP INFO, რომელსაც პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ ყოფილი მმართველი პარტიის მხარდამჭერ პროპაგანდაში ადანაშაულებდა.

ამასთან, სამშაბათს პოლონეთის ახალმა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ყველა სახელმწიფო ორგანოს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები სანდო ინფორმაციაზე მოქალაქეთა წვდომისა და საზოგადოებრივი მედიის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად“.

პოლონეთის ეროვნული სამაუწყებლო საბჭოს თავმჯდომარე მაჩეი სვირსკი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მედიასაშუალებების ხელმძღვანელების გათავისუფლება არაკანონიერია.

ამასთან, პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ოფისში ყოფილი მმართველი პარტიის „კანონისა და სამართლიანობის“ წევრები მივიდნენ, მათ შორის პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი. მისი განცხადებით, „ისინი ტელევიზიაში დემოკრატიის დასაცავად იმყოფებიან“. შენობაში მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.

საფრანგეთი ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკას ამკაცრებს

საფრანგეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც ამკაცრებს ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკას. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

კანონპროექტს მხარი დაუჭირა როგორც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის პარტიამ, ასევე მარინ ლე პენის პარტიამ.

კენჭისყრამ მაკრონის პარტიაში უთანხმოება გამოიწვია, რის შედეგადაც ჯანდაცვის მინისტრმა, ორელიან რუსომ განაცხადა, რომ გადადგომას აპირებს.

ახალი კანონმდებლობა ართულებს მიგრანტების მიერ ოჯახის წევრების საფრანგეთში ჩაყვანას და აჭიანურებს და ზღუდავს  წვდომას სოციალურ შეღავათებზე.

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებისთვის, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.

სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში მართლმსაჯულების სახლის გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში მართლმსაჯულების სახლის გახსნას დაეწრო. სალომე ზურაბიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებელი, ძლიერი სასამართლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მათ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.

„ძალიან ბევრი სასიხარულო ამბავი გვაქვს ამ წლის ბოლოსთვის. შეიძლება, მთელი წელი ასეთი არ იყო, მაგრამ ის, რაც მოხდა ამ დღეებში, მართლაც ყველასთვის ძალიან სასიხარულოა. მინდა, ყველას მოგილოცოთ, საქართველომ რომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ეს არ არის პატარა საქმე, შემდეგ დიდხანს ვიმსჯელებთ, თუ რას ნიშნავს, რას მოიცავს და რას მოითხოვს ჩვენგან, რადგან ძალიან ბევრს მოითხოვს. ცხოვრებაში არაფერი ხდება ისე, მარტივად, ალბათ ესეც არ მოხდა მარტივად. ამასაც სჭირდება მომზადება, ხალხის და იმ ახალგაზრდების მხარდაჭერა, ინტერესი, რადგან ინტერესი და ნება თუ არ არსებობს რამე საქმის მიმართ, მაშინ ეს გადადის რაღაც ინერციაში, არასაინტერესო, არაქმედითი ხდება. ამიტომ მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ, ამ ქალაქში, ამ რეგიონში იყოს პირველი ფილიალი, რადგან სასამართლო, მართლმსაჯულება არის ალბათ ის, რაც ყოველივე ქართველს ამოძრავებს, რისი არარსებობაც ყოველივე ქართველისგან იწვევს წინააღმდეგობას, ზოგჯერ ისეთ პროტესტს, რომელიც ქუჩაში გადადის, არა ეკონომიკური და ყოფითი საკითხები, უფრო უსამართლობა. თქვენს მომავალ საქმეში, კარიერაში გისურვებთ, რომ იცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება, სასამართლო იქნება იმგვარი, როგორიც გვინდა, როგორზეც ვოცნებობთ ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ, ჩვენი წინა თაობები. იყო საქართველოში პერიოდი და ძალიან ბევრი პერიოდი, როცა არსებობდა თავისუფალი, დამოუკიდებელი, ძლიერი სასამართლო. იყო ასევე პერიოდი, მთელი ეს საბჭოთა პერიოდი, რომელმაც გადაგვაჩვია იმას, რას ნიშნავს დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლო. იმის შემდეგ ისევ დავიწყეთ სწავლა, მიჩვევა, რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლო და მივდივართ ამ გზით. იყო პროგრესი, რეგრესი, ისევ პროგრესი და იმედი მაქვს, ვნახავთ ამ წლებში და პირველ რიგში, მომავალ წელს, რადგან ევროკავშირის მიერ მონიჭებული სტატუსის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ჩვენ ამ საკითხში მართლაც გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები. ამისი მონაწილე იქნებით თქვენ ყველა. ამისთვის ამ სახლის, ამ ფილიალის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სწორედ აქ, იმ არარსებულ საზღვართან ახლოს, რომელიც არ გვყოფს, გვაერთიანებს, რადგან არ შეიძლება ჩვენი დაყოფა. ეს არის ხელოვნური დაყოფა, რომელიც ვერ გაუძლებს დროს, ჩვენ ყველაზე ახლოს და ერთად ვიქნებით, როცა გავიზიარებთ ერთნაირ უფლებებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.