პოლონეთის მთავრობამ ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების ხელმძღვანელობა დაითხოვა

27
spot_img

პოლონეთის კულტურის სამინისტრომ პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის, რადიოსა და საინფორმაციო სააგენტოს, PAP-ის ხელმძღვანელობის დათხოვნის შესახებ განაცხადა. ამასთან, გაითიშა 24-საათიანი საინფორმაციო არხი TVP INFO, რომელსაც პოლონეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პარტია „სამოქალაქო პლატფორმა“ ყოფილი მმართველი პარტიის მხარდამჭერ პროპაგანდაში ადანაშაულებდა.

ამასთან, სამშაბათს პოლონეთის ახალმა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ყველა სახელმწიფო ორგანოს მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები სანდო ინფორმაციაზე მოქალაქეთა წვდომისა და საზოგადოებრივი მედიის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად“.

პოლონეთის ეროვნული სამაუწყებლო საბჭოს თავმჯდომარე მაჩეი სვირსკი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მედიასაშუალებების ხელმძღვანელების გათავისუფლება არაკანონიერია.

ამასთან, პოლონეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის ოფისში ყოფილი მმართველი პარტიის „კანონისა და სამართლიანობის“ წევრები მივიდნენ, მათ შორის პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი. მისი განცხადებით, „ისინი ტელევიზიაში დემოკრატიის დასაცავად იმყოფებიან“. შენობაში მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.