სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში მართლმსაჯულების სახლის გახსნას დაესწრო

38
spot_img

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში მართლმსაჯულების სახლის გახსნას დაეწრო. სალომე ზურაბიშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებელი, ძლიერი სასამართლოს მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა მათ საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.

„ძალიან ბევრი სასიხარულო ამბავი გვაქვს ამ წლის ბოლოსთვის. შეიძლება, მთელი წელი ასეთი არ იყო, მაგრამ ის, რაც მოხდა ამ დღეებში, მართლაც ყველასთვის ძალიან სასიხარულოა. მინდა, ყველას მოგილოცოთ, საქართველომ რომ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ეს არ არის პატარა საქმე, შემდეგ დიდხანს ვიმსჯელებთ, თუ რას ნიშნავს, რას მოიცავს და რას მოითხოვს ჩვენგან, რადგან ძალიან ბევრს მოითხოვს. ცხოვრებაში არაფერი ხდება ისე, მარტივად, ალბათ ესეც არ მოხდა მარტივად. ამასაც სჭირდება მომზადება, ხალხის და იმ ახალგაზრდების მხარდაჭერა, ინტერესი, რადგან ინტერესი და ნება თუ არ არსებობს რამე საქმის მიმართ, მაშინ ეს გადადის რაღაც ინერციაში, არასაინტერესო, არაქმედითი ხდება. ამიტომ მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ, ამ ქალაქში, ამ რეგიონში იყოს პირველი ფილიალი, რადგან სასამართლო, მართლმსაჯულება არის ალბათ ის, რაც ყოველივე ქართველს ამოძრავებს, რისი არარსებობაც ყოველივე ქართველისგან იწვევს წინააღმდეგობას, ზოგჯერ ისეთ პროტესტს, რომელიც ქუჩაში გადადის, არა ეკონომიკური და ყოფითი საკითხები, უფრო უსამართლობა. თქვენს მომავალ საქმეში, კარიერაში გისურვებთ, რომ იცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულება, სასამართლო იქნება იმგვარი, როგორიც გვინდა, როგორზეც ვოცნებობთ ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ, ჩვენი წინა თაობები. იყო საქართველოში პერიოდი და ძალიან ბევრი პერიოდი, როცა არსებობდა თავისუფალი, დამოუკიდებელი, ძლიერი სასამართლო. იყო ასევე პერიოდი, მთელი ეს საბჭოთა პერიოდი, რომელმაც გადაგვაჩვია იმას, რას ნიშნავს დამოუკიდებელი, თავისუფალი სასამართლო. იმის შემდეგ ისევ დავიწყეთ სწავლა, მიჩვევა, რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლო და მივდივართ ამ გზით. იყო პროგრესი, რეგრესი, ისევ პროგრესი და იმედი მაქვს, ვნახავთ ამ წლებში და პირველ რიგში, მომავალ წელს, რადგან ევროკავშირის მიერ მონიჭებული სტატუსის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ჩვენ ამ საკითხში მართლაც გადავდგათ გადამწყვეტი ნაბიჯები. ამისი მონაწილე იქნებით თქვენ ყველა. ამისთვის ამ სახლის, ამ ფილიალის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა სწორედ აქ, იმ არარსებულ საზღვართან ახლოს, რომელიც არ გვყოფს, გვაერთიანებს, რადგან არ შეიძლება ჩვენი დაყოფა. ეს არის ხელოვნური დაყოფა, რომელიც ვერ გაუძლებს დროს, ჩვენ ყველაზე ახლოს და ერთად ვიქნებით, როცა გავიზიარებთ ერთნაირ უფლებებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.