Home Blog Page 1864

“სხვადასხვა ღონისძიებით, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში მოწესრიგდება ფარმაცევტული ბაზარი და შემცირდება ჯიბიდან გადახდები”

„5000-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი განისაზღვრა, რაც საერთო ჯამში, ყველა იმ ძირითად ქრონიკულ და სხვა წამლებს მოიცავს, რომელიც დღეს, ბაზარზე ბრუნავს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

 ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, მომავალი წლიდან, რეფერენტული ფასებისა და სხვა რეფორმების შედეგად, საბოლოო ჯამში, ქვეყანაში, ფარმაცევტული ბაზარი მოწესრიგდება,  მოქალაქეებისთვის კი გაიზრდება ხელმისაწვდომობა  და  შემცირდება ჯიბიდან გადახდები.

„რეფორმების პროცესს, ბუნებრივია, თან გარკვეული რისკებიც ახლავს, რაც თავის მხრივ, იმპორტიორ ქვეყნებსა და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მოქალაქეობრივ პოზიციაზეა დამოკიდებული.

რეფერენტული ფასების გავრცელების პირველ ეტაპზე, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, ადგილი ჰქონდა ხელოვნური დეფიციტის შექმნას და თურქულ მედიკამენტებზე ფასის გაზრდის ფაქტებს, რომელზეც კონკურენციის სააგენტომ დაასრულა მოკვლევა და შედეგები, საზოგადოებისთვის, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. საერთო ჯამში, რეფერენტული ფასების დაწესებითა და თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, მოქალაქეებმა, 350 მილიონი ლარი დაზოგეს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტმა დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა “დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ” საქართველოს კანონი და მასთან დაკავშირებული ცვლილებები “ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” კანონსა და რამდენიმე საკანონმდებლო აქტში დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფასიანი ქაღალდების ფლობის, მიმოქცევისა და ანგარიშსწორების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფა, შესაბამისად მომზადებულ ბაზრის ინფრასტრუქტურასთან ერთად, მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კაპიტალის ბაზარზე ინვესტორთა ინტერესების დაცვისა და საქართველოს, როგორც ფასიან ქაღალდებზე ტრანზაქციების განსახორციელებლად სანდო იურისდიქციის, რეპუტაციის ამაღლებისათვის.

„საკანონმდებლო პაკეტი ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების მონაწილეობით მომზადდა. პროცესში ასევე აქტიურად იყო ჩართული ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. გარდა ამისა, კონსულტაციები წარმოებდა ადგილობრივი საფინანსო სექტორის შესაბამის წარმომადგენლებთან.

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდები ანგარიშზე ჩანაწერის სახით არსებობს. მათი ემისია ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში ხორციელდება და მათზე საკუთრება და მესაკუთრის ცვლილება ანგარიშის ამონაწერით დასტურდება. ეს არის ფასიანი ქაღალდების ემისიის თანამედროვე ფორმა და მას შესაბამისი ინფრასტრუქტურა ესაჭიროება. ეროვნულ ბანკში უკვე დანერგილია თანამედროვე ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა, რომელიც ახალი საკანონმდებლო პაკეტის მოთხოვნების პრინციპებს ეფუძნება. აღნიშნულ სისტემაში ორი დამოუკიდებელი ცენტრალური დეპოზიტარი – ეროვნული ბანკი და სს “საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარია” ჩართული. იგი საქართველოში გამოშვებულ ყველა ფასიან ქაღალდს ემსახურება, მათ შორის კორპორაციულ და სახელმწიფო ემისიებს, ობლიგაციებს და აქციებს.

ახალი კანონი განსაზღვრავს დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების სამართლებრივ სტატუსს, ფასიანი ქაღალდების გამოშვების, შენახვის, გასხვისების, კუპონების და დივიდენდების გადახდის და ფასიანი ქაღალდის დაფარვის სამართლებრივ ასპექტებს. კანონი ასევე ადგენს ყველა ამ ეტაპზე ემიტენტის, ცენტრალური დეპოზიტარის, ქასთოდიანებისა და სხვა ფინანსური შუამავლების როლს, მათ ვალდებულებებსა და უფლებებს. საკანონმდებლო აქტით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი ევროკავშირის სტანდარტებთან და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან უფრო მეტად თავსებადი ხდება. ახალი კანონის მიღება ასევე გაამარტივებს საქართველოში ფასიანი ქაღალდების გამოშვების პროცესს და უკეთ დაიცავს ინვესტორთა ინტერესებს.

კანონი ეყრდნობა ფასიანი ქაღალდების შესახებ ჟენევის საერთაშორისო კონვენციას და ევროკავშირის რეგულაციას ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების გაუმჯობესებისა და ცენტრალური დეპოზიტარების შესახებ. მსგავსი საკანონმდებლო რეჟიმი არეგულირებს ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ცენტრალურ დეპოზიტარებს, როგორებიცაა ევროქლიარი (Euroclear) და ქლიარსტრიმი (Clearstream). აღნიშნულ საერთაშორისო ცენტრალურ დეპოზიტარებში ხდება ევროობლიგაციების გამოშვება, რომელთაც ენდობიან ემიტენტები და ინვესტორები მთელი მსოფლიოდან.

კანონის იმპლემენტაციის მიზნით, ეროვნული ბანკი შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს გამოსცემს, რომელთა პროექტები საკონსულტაციოდ და დაინტერესებული მხარეებისგან უკუკავშირის მიღების მიზნით წინასწარ იქნება ხელმისაწვდომი. კანონი არსებული საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის ასევე ითვალისწინებს გარდამავალ პერიოდს. ისინი ვალდებულნი იქნებიან 2024 წლის 1-ელ ივნისამდე უზრუნველყონ ცენტრალურ დეპოზიტართან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და ცენტრალური დეპოზიტარის სისტემაში საჯარო ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა.

საკანონმდებლო ცვლილებები 2024 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

“რატომ უნდა უსურვო ადამიანს პატიმრობაში ყოფნა და მერე კიდევ მდგომარეობის დამძიმება, რა მორალია ამაში” – გიორგი ვაშაძე

რატომ უნდა უსურვო ადამიანს პატიმრობაში ყოფნა და მერე კიდევ მისი მდგომარეობის დამძიმება, რა მორალია ამაში, ვერ ვხვდები და საზოგადოებამ გაარჩიოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„ახალი წელი, შობა მოდის და არ მგონია, რომ ვინმეს უნდა უნდოდეს ვინმესთვის ცუდის კეთება. მორალური საწყისებიდან გამომდინარე, ასეთი ცივსისხლიანი როგორ უნდა იყო ადამიანი, მე არ ვიცი. მეტი სათქმელი არაფერი მაქვს. საზოგადოებამ თვითონ შეაფასოს ეს დამოკიდებულება. რატომ უნდა უსურვო ადამიანს პატიმრობაში ყოფნა და მერე კიდევ მისი მდგომარეობის დამძიმება. რა მორალია საერთოდ ამაში, ვერ ვხვდები და საზოგადოებამ გაარჩიოს“, – განაცხადა ვაშაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გადაიყვანოს. „მოვუწოდებთ „ოცნებას“, შეწყვიტოს წინასაარჩევნო სპექტაკლი, ნუ იყენებს სასამართლოს საკუთარი წინასაარჩევნო პიარმიზნების მისაღწევად, ნუ ეხმარება დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ხელახლა გაერთიანებაში და გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა.

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ტორეცკი დაბომბეს

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ტორეცკი დაბომბეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დონეცკის ოლქის პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაღუპულია სამი და დაშავებულია ხუთი მოქალაქე.

პროკურატურის ცნობით, რუსეთის არმიამ ტორეცკზე შუადღით ორი ავიადარტყმა განახორციელა. დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

დაშავებულები სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით ჰოსპიტალიზებული არიან.

” უცნობია, როგორი შემადგენლობა ექნება პაკ-ს, შესაძლებელია, ძველი სახეების შემობრუნების საშუალებად ვიხილოთ”

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, ბაჩო დოლიძე პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის, სუპერ პაკ-ის შექმნის საკითხს გამოეხმაურა.

„შესაძლებელია, ისევ ძველი სახეების შემობრუნების საშუალებად ვიხილოთ. ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია, როგორი შემადგენლობა ექნება და რა იქნება. რა თქმა უნდა, ბევრს აინტერესებს, როგორი ტიპის ფორმაცია იქნება, ვინ შედის ამ კონკრეტულ ჯგუფში. ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში გვაქვს დაწყებული, რომლის ფარგლებშიც საინტერესო პოლიტიკის კეთებას შევთავაზებთ ჩვენს ამომრჩეველს და არა მარტო ამომრჩეველს, მოსახლეობასაც. მგონია, რომ განსხვავებული პოლიტიკის კეთებაა შესაძლებელი. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი, განსხვავებული ადამიანები მოდიან და გვეუბნებიან, რომ რაღაცას სწორად ვაკეთებთ, სწორი გზით მივდივართ, რაღაცას მივაგენით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს. ასე რომ, არაფერი საწინააღმდეგო, არავითარი პიროვნული, ყველას აქვს თავისი გზა“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა, რომ ოპოზიციას სთავაზობს, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი. „პირველ ეტაპზე იქნება პაკ-ი, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, რომელშიც 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში ამის თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

“უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ვალდებული ვიქნებით იქ ჯარები გავგზავნოთ, ჩვენ ეს არ გვსურს” – ორბანი

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება უნგრეთს იქ თავისი ჯარების გაგზავნას ავალდებულებს, რაც ჩვენ არ გვსურს , – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ჩვენ ვალდებული ვიქნებით იქ ჯარები მეორე დილითვე გავგზავნოთ. ჩვენ ეს არ გვსურს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ორბანმა აღნიშნა, რომ ისეთ სახელმწიფოსთან ალიანსი, რომელიც ღია სამხედრო კონფლიქტშია ჩართული, უნგრეთის ინტერესებში არ შედის.

ორბანმა შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინადადების რატიფიცირების შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს უნგრეთის პარლამენტის გადასაწყვეტია.

„არ არსებობს უნგრეთ-თურქეთის შეთანხმება. ამას მხოლოდ უნგრეთის პარლამენტი გადაწყვეტს, როცა კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ამის დრო დადგა. მათ არ აქვთ დიდი სურვილი, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღონ“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

“2024 წლიდან საქართველოში ფრენებს „ავსტრიის ავიახაზები“ დაიწყებს” – მარიამ ქვრივიშვილი

მორიგი წარმატება გვაქვს ავიაციის ინდუსტრიაში – 2024 წლის მაისიდან საქართველოში ფრენებს იწყებს „ავსტრიის ავიახაზები“. ამით როგორც აღნიშნული ავიაკომპანიის, ისე მთლიანად „ლუფტჰანზას“ ჯგუფის ხელმძღვანელობასთან ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

„ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მეტი ფრენა ევროპის ქალაქების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას. ევროპასთან პირდაპირი რეისების ამოქმედებით ჩვენს ქვეყანას მეტი ევროპელი ვიზიტორი ეწვევა, რაც დადებითად აისახება არა მხოლოდ ტურიზმსა და ავიაციაზე, არამედ ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას“,- განაცხადა ქვრივიშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია „ავსტრიის ავიახაზები“ ვენა-თბილისი-ვენის რეისის შესრულებას 2024 წლის მაისიდან დაიწყებს. საქართველოს ავიაბაზარზე მისი შემოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ახორციელებდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. „ავსტრიის ავიახაზები“ „ლუფჰანზას“ ჯგუფის მესამე ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოში საქმიანობას დაიწყებს.

“სააკაშვილის ინიციატივა უპირველესად ემსახურება საზოგადოებრივად აქტიური, მაგრამ არა პარტიული პოლიტიკით დაკავებული ადამიანების წინასაარჩევნოდ გააქტიურებას”

მიხეილ სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მისი პოლიტიკური აქტივობის კომიტეტის ინიციატივა იმ ადამიანებს ეხებათ, ვინც აქტიურ პოლიტიკაში ჩართული არ არიან,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, „აღნიშნული ინიციატივა ემსახურება პროცესებში საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების ჩართვას მაშინ, როცა ქვეყანას 2024 წელს გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები ელოდება“.

„შესაბამისად, კონკრეტულ პარტიებსა და პერსონალიებზე საუბარი სწორი არ არის, რადგან აღნიშნული ინიციატივა უპირველესად ემსახურება საზოგადოებრივად აქტიური, მაგრამ არა პარტიული პოლიტიკით დაკავებული ადამიანების წინასაარჩევნოდ გააქტიურებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი ელექტორალური შესაძლებლობები ადეკვატურად და რეალურად აღიქვას და აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები კონკრეტულ კონფიგურაციაზე, რასაც წინასაარჩევნოდ აირჩევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ოპოზიციური პარტიების ნაწილი 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს, ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმა დაიკარგება. ბუნებრივია, ეს სახიფათოა და ხელის შეწყობა არის ივანიშვილისთვის, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ყველამ საკუთარ შესაძლებლობებს და პოტენციალს რეალისტურად შეხედოს და კოალიციასთან დაკავშირებით სწორედ აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნა შესთავაზა. „ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი“, – განაცხადა სააკაშვილმა გუშინდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.

საქართველომ, 48 ქვეყანასთან ერთად, გაერო-ში რუსეთის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას „ბრძოლა ნაციზმთან, ნეონაციზმთან და სხვა პრაქტიკის სხვა სახეობებთან, რომლებიც რასიზმის, რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მათთან დაკავშირებული შეუწყნარებლობის თანამედროვე ფორმებს ახალისებს“.

დოკუმენტს ხმა მისცა 118-მა სახელმწიფომ, წინააღმდეგ 49 გამოვიდა, 14 ქვეყანამ კი თავი შეიკავა.

საქართველო იმ ქვეყნებს შორის იყო, რომლებმაც რუსეთის მიერ ინიცირებული რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ასევე დოკუმენტის წინააღმდეგი იყვნენ უკრაინა, მოლდოვა, აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, უნგრეთი, იაპონია და სხვა ქვეყნები.

რეზოლუციას მხარი დაუჭირეს რუსეთმა, ჩინეთმა, ისრაელმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, ყაზახეთმა და სხვა ქვეყნებმა. უკრაინის დელეგაციის განმარტებით, რუსეთი რეზოლუციის საშუალებით ცდილობს, გაამართლოს უკრაინის წინააღმდეგ თავისი ტერიტორიული აგრესია.

ყაჩაღობისთვის და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ყაჩაღობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დ.პ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2019 წლის 5 ნოემბერს, ბრალდებული სამ პირთან ერთად დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ არბოშიკში, ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხა თ.ბ.-ს. თავდამსხმელები დაზარალებულზე ძალადობით მისგან ფულს და ოქროს ნივთებს ითხოვდნენ. თ.ბ.-ს წინააღმდეგობის შეწყვეტისა და თანხის დაუფლების მიზნით ბრალდებულებმა იგი შებოჭეს და დაახრჩვეს, რის შემდეგაც დაზარალებულის ოჯახის კუთვნილი 7 900 ლარის ღირებულების ოქროს ნივთებს, 3 100 ლარს და 1 600 ლარად ღირებულ ,,ლენოვოს’’ ფირმის ლეპტოპს დაეუფლნენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ვინაიდან დ.პ. მიმალვაში იმყოფებოდა, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, ჩადენილი ჯგუფურად, ანგარებით, არაერთგზის ) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

წითელი ცირკულარით ძებნილი დ.პ. საქართველოს მხარის მოთხოვნით, საფრანგეთში სამართალდამცველებმა დააკავეს. მისი საქართველოში ექსტრადირება 2023 წლის 29 მარტს განხორციელდა.

„თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2020 წელს თელავის რაიონულმა სასმართლომ ჯგუფის სხვა წევრები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ორ პირს 20-20 წლით, ხოლო ერთს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რას ითვალისწინებს საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტავს, რას ითვალისწინებს საქართველოსა და გერმანიას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება.

უწყების განცხადებით, შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე, ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები.

უწყების ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმების გაძლიერებასაც და სხვა საკითხებს.

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და საზოგადოების დამატებით ინფორმირების მიზნით გვსურს, განმარტება გავაკეთოთ მიგრაციისა და მობილობის შესახებ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ. გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. ზემოაღნიშნულის გარდა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმების გაძლიერებას. შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ჩარჩოს, რათა დამატებით შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც ზემოაღნიშნული სამი მიმართულებით შეიმუშავებენ შემდგომი თანამშრომლობის გეგმებსა და სტრატეგიებს. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარე ადვოკატირებას გაუწევს საქართველოს მოქალაქეების შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც შედის საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესში.

შეთანხმების საფუძველზე გაფართოვდება საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების არეალი გერმანიის შრომის ბაზარზე. გარდა სეზონური სამუშაოებისა, დასაქმების მეტი შესაძლებლობები გაჩნდება სხვა სფეროებშიც, როგორიცაა მაგალითად ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და მომსახურეობის სფერო. შეთანხმება ასევე, ითვალისწინებს საქართველოს იმ მოქალაქეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რომლებმაც უკვე დატოვეს სამშობლო და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ. გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იგეგმება დასაქმებული სპეციალისტების გადამზადებისა და განათლების სისტემაში თანამშრომლობის გაძლიერებით. კონკრეტულად იგეგმება მაქსიმალურად ხელი შეეწყოს სტუდენტების, სტაჟიორებისა და მკვლევარების გაცვლით პროგრამებს.

მოცემული შეთანხმების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ცირკულარული მიგრაციისა და შრომითი ლეგალური მიგრაციის გაძლიერება, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მოხდება სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობა.

სამწუხაროდ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ე.წ. ბალკანურ მოდელზე. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს. გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოსა და გერმანულ მხარეს შორის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი, მათ შორის შედგა შესაბამისი შეხვედრები და ვიზიტები, რის საფუძველზეც შემუშავდა ზემოაღნიშნული შეთანხმების პროექტი, სადაც ე.წ. „ბალკანური მოდელი“ არ წარმოადგენდა განხილვის საგანს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით მისასალმებელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

“კანდიდატის სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული წვლილი ჩვენ მიგვიძღვის” – ხალხის ძალა

საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალის“ განცხადებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში „განსაკუთრებული წვლილი“ „ხალხის ძალას“ მიუძღვის.

როგორც მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ საზოგადოებას განუმარტეს, რომ „კანდიდატის სტატუსს არც რაიმე ფინანსურ-ეკონომიკური სარგებელი უკავშირდებოდა და არც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას აჩქარებდა“. „თავდაპირველად, კიდევ ერთხელ გვინდა, ჩვენს თანამოქალაქეებს კანდიდატის სტატუსი მივულოცოთ, რომელიც სახელმწიფო ინტერესებისათვის ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ორწლიანი წარმატებული ბრძოლის შედეგია. კანდიდატის სტატუსის თემამ, რომელიც „გლობალური ომის პარტიამ“ უკრაინაში ომის დაწყებიდან 4 დღეში საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე ზეწოლის გასაძლიერებლად მოიგონა, საბოლოოდ რევოლუციური აქტუალობა დაკარგა, რაც ქართველი ხალხის გონიერებისა და ხელისუფლების პრინციპულობის დამსახურებაა.

გავკადნიერდებით და ვიტყვით, რომ ამ შედეგის დადგომაში განსაკუთრებული წვლილი ჩვენ – „ხალხის ძალას“ მიგვიძღვის. რომ არა სიმართლე, რომელსაც მთელი ამ დროის განმავლობაში საზოგადოებას ვეუბნებოდით, ქართველი ხალხი ვერ აღიჭურვებოდა იმ იარაღით, რომელიც უმძიმეს ზეწოლასთან გასამკლავებლად იყო აუცილებელი. საზოგადოებას განვუმარტეთ სიმართლე, რომ კანდიდატის სტატუსს არც რაიმე ფინანსურ-ეკონომიკური სარგებელი უკავშირდებოდა და არც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას აჩქარებდა. ამ ფონზე, სტატუსის თემა ერთადერთ მიზანს – სტატუსის არმოცემის პირობებში, საქართველოში რევოლუციის მოწყობასა და ხელისუფლებაში ნაცმოძრაობის დაბრუნებას ისახავდა. თუმცა, იმის გამო, რომ ხალხს სიმართლე გავაგებინეთ, ამ თემამ რევოლუციური მუხტი სრულად დაკარგა. საბოლოოდ, კანდიდატის სტატუსი იმიტომ მოგვენიჭა, რომ ის, როგორც ხელისუფლების გადატრიალების ინსტრუმენტი, „გლობალური ომის პარტიისთვის“ სრულად გაუფასურდა.

სწორედ სიმართლით აღჭურვილი „ხალხის ძალა“ იყო ის, რამაც ჩვენს ქვეყანას, ერთი მხრივ, უკრაინიზაცია აარიდა თავიდან და მშვიდობა შეუნარჩუნა და მეორე მხრივ, კანდიდატის სტატუსიც მიაღებინა. ახლა მთავარია, ხელისუფლებამ და ხალხმა ეიფორიის გამო ყურადღება არ მოვადუნოთ და რაიმე შეცდომა სამომავლოდ არ დავუშვათ. მომავალ წელს ტარდება საპარლამენტო არჩევნები და ცხადია, ოპოზიცია, რომელსაც არჩევნების მოგების არავითარი რესურსი არა აქვს, რევოლუციის მორიგ უპერსპექტივო მცდელობას შემოგვთავაზებს. ენჯეოები კიდევ ერთხელ გამოფენენ მტკიცებულებების გარეშე მრავალგზის ნახმარ და გაცვეთილ ფრაზებს მოსყიდვის, დაშინებისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ, ნაცმოძრაობა არ შევა პარლამენტში და მოითხოვს რიგგარეშე არჩევნებს. შემდეგ, საქმეში ჩვენი დაუძინებელი გარე მეგობრებიც ჩაერთვებიან და ეცდებიან, ევროკავშირის თემა რევოლუციური სცენარისთვის კიდევ ერთხელ გამოიყენონ. მართალია, კანდიდატის სტატუსი მოგვცეს, მაგრამ უკრაინას და მოლდოვას ჩვენზე ადრე გაუხსნეს მოლაპარაკებები, რითაც ჩვენს დაუძინებელ მეგობრებს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების დაკნინება სურდათ. თუმცა, მოლაპარაკებების გახსნის თემამ მათთვის სასურველი ეფექტი ვერ იქონია და სტატუსის მიღება ვერ გადაფარა. ამ ფონზე, ისინი ყველანაირად ცდილობენ და მომავალშიც ეცდებიან, მოლაპარაკებების თემა კანდიდატის სტატუსის სიმაღლეზე ასწიონ, რომ მასაც რევოლუციური მუხტი შესძინონ. სინამდვილეში, მოლაპარაკებების გახსნის თარიღს არავითარი განსაკუთრებული ფასი არა აქვს. როგორც ცნობილია, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას 5-6 წელი მაინც დაჭირდება. ამ ფონზე, დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მოლაპარაკებებს 2024 წელს გაგვიხსნიან და იქიდან 4-5 წელიწადში შევალთ ევროკავშირში, თუ 2025 წელს გაგვიხსნიან და იქიდან 3-4 წელიწადში გავწევრიანდებით. ისიც კარგად გვახსოვს, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან ჩვენზე ადრე დაიწყო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესები, თუმცა, საქართველომ სამივე შემთხვევაში დაასწრო უკრაინასა და მოლდოვას, მათზე ადრე გააფორმა ორივე შეთანხმება და მიიღო ვიზალიბერალიზაცია. მაღალი ალბათობით, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ან არჩევნებიდან რამდენიმე დღეში „გლობალური ომის პარტია“ უზრუნველყოფს, რომ ევროკომისიამ გასცეს უარყოფითი რეკომენდაცია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხზე, ხოლო თუ ოპოზიციამ დეკემბრის შუა რიცხვებამდე მცირე მუხტი მაინც შეინარჩუნა – ევროპულ საბჭოსაც ათქმევინებენ უარს მოლაპარაკებების გახსნაზე. საბოლოოდ, ყველაფერი ხალხის რეაქციაზე იქნება დამოკიდებული. თუ ოპოზიციის მცდელობა იმთავითვე ჩავარდება, უკვე მომავალი წლის დეკემბერში გაიხსნება მოლაპარაკებები, ხოლო თუ ოპოზიციას მუხტი 2-3 თვე შემორჩება, მოლაპარაკებებს 2025 წელს გაგვიხსნიან. მთავარია, როგორც უკვე ითქვა, ხალხმა ყურადღება არ მოადუნოს. პრევენციაზე მუშაობა დღეიდან არის საჭირო, რადგან ვხედავთ, რომ მოლაპარაკებების გახსნის თემით მანიპულირება უკვე დაწყებულია. გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას ვერაფერი მოერევა, რაც კანდიდატის სტატუსის მიღებითაც ძალიან კარგად გამოჩნდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.