მორიგი წარმატება გვაქვს ავიაციის ინდუსტრიაში – 2024 წლის მაისიდან საქართველოში ფრენებს იწყებს „ავსტრიის ავიახაზები“. ამით როგორც აღნიშნული ავიაკომპანიის, ისე მთლიანად „ლუფტჰანზას“ ჯგუფის ხელმძღვანელობასთან ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.
„ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მეტი ფრენა ევროპის ქალაქების მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებას. ევროპასთან პირდაპირი რეისების ამოქმედებით ჩვენს ქვეყანას მეტი ევროპელი ვიზიტორი ეწვევა, რაც დადებითად აისახება არა მხოლოდ ტურიზმსა და ავიაციაზე, არამედ ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას“,- განაცხადა ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია „ავსტრიის ავიახაზები“ ვენა-თბილისი-ვენის რეისის შესრულებას 2024 წლის მაისიდან დაიწყებს. საქართველოს ავიაბაზარზე მისი შემოსვლის შესახებ მოლაპარაკებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ახორციელებდა, რომელიც წარმატებით დასრულდა. „ავსტრიის ავიახაზები“ „ლუფჰანზას“ ჯგუფის მესამე ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოში საქმიანობას დაიწყებს.