Home Blog Page 1851

,,ბავშვობიდან ეუბნებიან, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერია”- დაურ ბუავა

აფხაზი ახალგაზრდა დაურ ბუავა ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა, სადაც ისაუბრა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე და აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების განწყობებზე, რომელსაც რუსეთი ქმნის.

„30 წელია ეს კონფლიქტი აფხაზ მოსახლეობას, აფხაზ ახალგაზრდობას სიბნელეში ტოვებს. მწირი ინფორმაციაა… ბავშვობიდან (მათ) ეუბნებიან, რომ ქართველი ხალხი აფხაზების მტერია. მე თვითონ აფხაზი ვარ, აფხაზეთიდან, ორი წელია თბილისში ვცხოვრობ. ბევრი რამ ვნახე, ბევრი რამ გავიგე. მესმის, რომ დღეს ქართული მხარე მართლაც აწვდის დახმარების ხელს აფხაზ მოსახლეობას.

აფხაზური ენაც კი საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი და ქართულ ენასთან გათანაბრებულია. მაგრამ ჩვენი ახალგაზრდობა კარგად არ არის ინფორმირებული. მათ მხოლოდ იმას ეუბნებიან, რაც უნდათ იცოდნენ… ამას აკეთებს მესამე მხარე, რომელმაც, პრინციპში, 30 წლის წინ კონფლიქტი დააპროვოცირა – ეს იყო რუსეთი“ – განაცხადა დაურ ბუავამ, რომლის ციტატასაც ფეისბუქ გვერდი “აფხაზური ამბები” ავრცელებს.

დაურ ბუავა 2 წელზე მეტია რაც თბილისში ცხოვრობს.

“ისტორიას არ ახსოვს ასეთი კანონდარღვევა, რაც პოლონელმა ექიმმა ჩაიდინა” – გია ვოლსკი

საქართველოს და პოლონეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობა მოსაფრთხილებელია, მაგრამ მათაც უნდა გაითვალისწინონ საფრთხე, რომელიც საქართველოს ემუქრება ფინანსური, მედია რესურსების და იმ ადამიანების ჩართულობით, რომლებმაც გადაწყვიტეს, დააზიანონ საქართველო, უფრო რბილი, დიპლომატიური განცხადება იყო მათგან მოსალოდნელი , – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც “ვივამედში” მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლონეთის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მომხდარზე ინფორმაციის გასაჯაროება და განცხადებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკეთეს, თავდაცვისთვის იყო საჭირო.

“ისტორიას ახსოვს დიპლომატიურ ურთიერთობებში, როცა გარკვეული სკანდალური საკითხი არც მთლად ბოლომდეა ხოლმე გარეთ გამოტანილი, მაგრამ არ ახსოვს ისტორიას ასეთი კანონდარღვევა, რომელიც ამ პოლონელმა ექიმმა ჩაიდინა. ორმხრივ ურთიერთობას ჩრდილი ვერ უნდა მიაყენოს ამ თაღლითურმა მოქმედებამ, რაც ამ ექიმმა ჩაიდინა. რაც მთავარია, ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს, პოლონურ მხარეს, ალბათ, კარგად ესმის და ხედავს, რა პროცესებიც ვითარდება, თუნდაც ბოლო დღეებში, რაც რევოლუციურმა კომიტეტმა განახორციელა, რომ დაუწესდეს ქვეყანას სანქციები სააკაშვილის გამო. როცა ასეთი არაორდინალური სიტუაცია, სკანდალური სიტუაციის შექმნა სურთ საქართველოს გარშემო, ასეთი ბინძური მეთოდებით, სახელმწიფო თავს იცავს კონკრეტული განცხადებების კეთებით, მედიას იმ ინფორმაციის გაშუქებას ვერავინ აუკრძალავს, რაც ხელთ აქვს. ეს არის თავდაცვისთვის გადადგმული ნაბიჯი, რათა ოფიციალურად აღებულ ნიმუშს არავითარი საფრთხე აღარ დაემუქროს. როცა ასეთი დიდი სკანდალი გორდება ასეთ არაორდინალურ სიტუაციაში, რომელიც საქართველოს გარშემო მისმა არაკეთილისმსურველებმა შექმნეს, ეს ძალიან მცირედია, რითაც საქართველომ თავი დაიცვა, როცა ეს ინფორმაცია საჯარო გახადა, რათა არანაირი საფრთხე არ დაემუქროს ოფიციალურ ნიმუშს.

ასეთ დროს, (პოლონური მხარისგან) ჯერ უნდა კეთდებოდეს განმარტებები და განცხადება, რომ არავითარი საშიშროება ოფიციალურ ნიმუშს არ ემუქრება და არანაირი თაღლითურად გატანილი, დაბინძურებული ნიმუში არ იქნება მხედველობაში მიღებული. ამის შემდეგ შეიძლება ითქვას შეუთანხმებლობაზე, რაც ორ მხარეს შეიძლება გააჩნდეს. რაც შეეხება ორმხრივ პოლიტიკურ ურთიერთობებს, აქ საფრთხე არ და ვერ უნდა არსებობდეს, საქართველოს და პოლონეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობა არის მოსაფრთხილებელი, მაგრამ მათაც უნდა გაითვალისწინონ საფრთხე, რომელიც საქართველოს ემუქრება ამხელა ფინანსური, მედია რესურსების და ადამიანების ჩართულობით, რომლებმაც გადაწყვიტეს დააზიანონ საქართველო რეპუტაციულად, მათ უნდა გაითვალისწინონ, რა თქმა უნდა, ეს ვითარება და უფრო რბილი, დიპლომატიური განცხადება იყო მათგან მოსალოდნელი და საჭირო”, – განაცხადა ვოლსკიმ.

“FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტები გვამცნობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები დაქირავებული ლობისტების მიერ იყო შემუშავებული”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომელიც, მისი თქმით, ამხელს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სახელით მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული ლობისტური კამპანიის მასშტაბებს.

როგორც შალვა პაპუაშვილი წერს, FARA-ზე გამოქვეყნებული უახლესი დოკუმენტები გვამცნობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებდა, არა ,,კეთილმოსურნე” ევროდეპუტატების მიერ იყო დაწერილი, არამედ დაქირავებული ლობისტების მიერ იყო შემუშავებული.

,,უცხოელი აგენტების რეგისტრაციის ამერიკული კანონის (FARA) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაცია ამხელს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის სახელით მსოფლიო მასშტაბით განხორციელებული ლობისტური კამპანიის მასშტაბებს. ეს კამპანია ცდილობს არა მარტო მიაღწიოს სააკაშვილის უკანონო დახსნას სამართლიანი და დამსახურებული განაჩენიდან, არამედ, ასევე, დააზიანოს საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე.

FARA-ზე გამოქვეყნებული უახლესი დოკუმენტები გვამცნობს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომლებიც საქართველოს მთავრობას აკრიტიკებდა, არა ‘კეთილმოსურნე’ ევროდეპუტატების მიერ იყო დაწერილი, არამედ დაქირავებული ლობისტების მიერ იყო შემუშავებული, რომლებსაც დავალებული ჰქონდათ, ჩაემატებინათ სამარცხვინო ჩანაწერები ამ სავსებით უსამართლო რეზოლუციებში.

სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს (ECHR) ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებიდან ვიცით, რომ სააკაშვილის თხოვნა, გადაეყვანათ საზღვარგარეთ ‘შესაბამისი სამედიცინო მკურნალობისათვის’, უარყოფილი იქნა, ვინაიდან მსგავსი მკურნალობა სრულად შესაძლებელი იყო იქ, სადაც სააკაშვილი ამჟამად სათანადო სასჯელს იხდის. ამგვარად, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ გაამჟღავნა, რომ სააკაშვილის მიმართ ‘ცუდად მოპყრობის’ კამპანია არა მარტო ხელოვნური, არამედ მთლიანად გაყალბებული იყო.

FARA-ს ახალი დოკუმენტები მთელ ამ ამბავს უფრო დამძიმებულ პერსპექტივაში წარმოაჩენს. სააკაშვილისადმი ცუდად მოპყრობის კამპანია არა მარტო სიყალბესა და მისტიფიკაციას ემყარებოდა, არამედ ევროპარლამენტის რეზოლუციებიც კი , რომლებიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ იყო მიმართული, ლობისტების ხელით იყო შექმნილი.

ამ ახალი, სკანდალური ინფორმაციის საფუძველზე, დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მინდა მივმართო ევროპული პარლამენტის წევრებს, რომლებიც ამ სამარცხვინო კამპანიაში იყვნენ ჩართულნი, რომ არა მარტო შეაჩერონ საქართველოს საწინააღმდეგო კამპანია, არამედ გამოასწორონ ის ზიანი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელს მიაყენეს საერთაშორისო მასშტაბით.

ევროპარლამენტის თავმჯდომარე, რობერტა მეცოლა, ახლახანს, სავსებით სამართლიანად აღნიშნავდა, რომ, ყატარგეითის შემდეგ, მნიშვნელოვანია დაინერგოს ახალი წესები, რათა ევროპარლამენტის წევრებს დაევალოთ, საჯარო გახადონ ინფორმაცია ლობისტებთან კონტაქტის შესახებ. სააკაშვილის მთელი საქმის სამარცხვინო გამოცდილების მიხედვით, მე მინდა შევუერთდე ევროპარლამენტში მეტი გამჭვირვალებისა და ანგარიშვალდებულების კამპანიას,”- წერს შალვა პაპუაშვილი.

დოლარის ღირებულება 2.5692 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5692 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5692 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5702 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8819 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8935 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0116 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ძალიან მკაფიოდ შემიძლია გითხრათ – არა, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას”

ძალიან მკაფიოდ შემიძლია გითხრათ – არა, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას! – ამის შესახებ პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე ხაზგასმით ამბობს, რომ 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნების პირობებში მმართველი გუნდის მხრიდან არავითარი პირობა არ ირღვევა და ამაზე საუბარი არასწორია.

„შარშან ირაკლი კობახიძემ თქვა შემდეგი, რომ თუ იმ წელს საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, ამისთვის მზად ვიყავით, მაგრამ არ თქმულა, რომ თუ საქართველო სტატუსს გაისად, ოდესღაც და იმის შემდეგ მიიღებს, ბარიერს დავწევთ. ასეთი დაპირება არ ყოფილა, მსგავსი რამე არ თქმულა.

ნებისმიერი მემორანდუმი, შარლ მიშელის შეთანხმება, რომელშიც ჩვენი ევროპელი კოლეგები იყვნენ ჩართული, იმის გამო ანულირდა, რომ მისი არც ერთი პუნქტის შესრულებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა ოპოზიციურ პარტიას მონაწილეობა არ მიუღია. პირიქით, მის საპირისპიროდ იმოქმედეს. შარლ მიშელის შეთანხმებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი საერთოდ არ მოაწერა.

ევროპის უმრავლეს ქვეყნებში ისევე როგორც ჩვენთან 5%-იანი საარჩევნო ბარიერია, რასაც თავისი იურიდიული ახსნაც აქვს – ბალანსი ყოველთვის მოსაძებნია ორ დიდ ინტერესს შორის. არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა რისკები, რასაც კონსტიტუციონალისტები თეორიასა და პრაქტიკაში განიხილავენ ხოლმე, მეორე მხრივ, არსებობს პლურალიზმისა და მრავალპარტიულობის ინტერესიც. ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტმა გადაწყვიტა, რომ 5%-იანი ბარიერი ორივე ინტერესს ყველაზე კარგად აბალანსებს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“ეს სულ ოკუპანტების და რუსული კანონის FARA დამსახურებაა აშშ-ი რომ ხმარობენ!”

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა, უცხო ქვეყნის აგენტების რეგისტრაციის შესახებ საქართველოში დაბლოკილ კანონზე, სოციალურ ქსელ “ტვიტერში” შემდეგნაირ ტექსტს აქვეყნებს:

“რა ღირს ევროს პარლამენტარის სინდისი ვიცით! აშშ-ს კონგრესმენის და სენატორის ფასიც ვიცით! “თავისუფალი” მედია-პრესა ჟურნალისტების ფასიც! ეს სულ ოკუპანტების და რუსული კანონის FARA დამსახურებაა აშშ-ი რომ ხმარობენ! ჩვენთან დაბლოკეს, თორემ აქაური პოლიტ ხარახურის ფასიც გვეცოდინებოდა”, – წერს ხაინდრავა.

გერმანიაში ფემინიზაციის პროცესი დაიწყო – რა ოდენობის საბიუჯეტო თანხა „გაანიავეს“ ქალმა მინისტრებმა

„ბოლო წლებში გერმანულ პოლიტიკაში ფემინიზაციის პროცესი დაიწყო, მაგრამ ხელისუფლებაში ქალების მომრავლებამ ფედერალურ ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოიწვია – ქალბატონებმა „ქარს გაატანეს“ ასი ათასობით ევრო, რომელიც ბიუჯეტში გერმანელმა გადასახადის გადამხდელებმა შეიტანეს: მშვენიერი სქესის წარმომადგენლების საერთო დანახარჯებმა პარიკმახერებზე, ვიზაჟისტებზე, კოსმეტოლოგებზე და ფოტოგრაფებზე მხოლოდ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ნახევარ მილიონამდე ევრო შეადგინა“, – ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ბილდში“ (Bild) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ისინი ჩვენს ფულს ხარჯავენ: რამდენი საბიუჯეტო თანხა „გაანიავეს“ ქალმა მინისტრებმა“ (ავტორი – ნიკოლაუს ხარბუში).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

განა ისინი ლამაზები არ არიან – ჩვენი მინისტრი-ქალები? დიახ, მათ მშვენიერი გარეგნობა აქვთ, მაგრამ მათ სურთ უფრო ლამაზები იყვნენ. გალამაზება კი ფულს მოითხოვს…

გერმანიის კოალიციური მთავრობის (რომელსაც შუქნიშანს“ ეძახიან მასში შემავალი პარტიების სიმბოლური ფერების გამო) წევრების გარეგნობა გადასახადების გადამხდელებს საკმაო ფული უჯდებათ. თქვენ წარმოიდგინეთ – ზემოთ ხსენებულ ნახევარ მილიონ ევროში არ იგულისხმება იმ შტატგარეშე  ვიზაჟისტებისა და პარიკმახერების ხელფასები, რომლებიც ჩვენს მინისტრებს ალამაზებენ, ნახევარი მილიონი ევრო მხოლოდ პრემიალურია!

ასეთი მონაცემებს შეიცავს მთავრობის წერილობითი პასუხი კითხვაზე, რომელიც პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ ლიდერმა დასვა და რომელზეც ამ დღეებში ოლაფ შოლცის მტავრობის სპიკერმა წარმოადგინა.

2023 წლის პირველი იანვრიდან დაწყებული 20 ივნისის ჩათვლით, სილამაზის ოსტატებს (ანუ პარიკმახერებს და ვიზაჟისტებს) ფედერალური ბიუჯეტიდან 452 354 ევრო ჩაერიცხათ. ამ თანხაში შედის აგრეთვე „მოწვეულ უშტატო თანამშრომლების მგზავრობის  და გამოყენებული მასალების ხარჯები“.

ალბათ, გაინტერესებთ, ვინ არის ხალხის ფულის ყველაზე მეტი მხარჯველი? ვინ და ანალენა ბარბოკი, საგარეო საქმეთა მინისტრი. მის გალამაზებაზე დაიხარჯა 136 552 ვრო ფედერალური ბიუჯეტიდან. ფემინისტური საგარეო პოლიტიკის“ გამტარებელი მინისტრის ვიზაჟისტი ყოველთვიურად 8925 ევროს იღებდა…

ბუნებრივია, კითხვა გაგიჩნდებათ: განა ეს ყველაფერი კანონიერია?

ცნობილი ბონელი სამართალმცოდნე, პროფესორი ქრისტიან ჰილგრუბერი, ითვალისწინებს რა პოსტულატს, რომლის თანახმად „ფედერალური მთავრობა ვალდებულია დაიცვას რესურსების ეკონომიურად ხარჯვის პრინციპი“, ამბობს, რომ „სამართლებრივი თვალსაზრისით, ასეთი ხარჯები ძალიან საეჭვოა“ და „პოლიტიკურად უმსგავსოდ გამოიყურება“. პროფესორი მთავრობას ურჩევს საჯარო სამსახურის დროს ნაკლები ყურადღება დაუთმოს გარეგნობის ფაქტორებს და უფრო მეტი კომუნიკაციების ფორმებს და შინაარსს“.

ამას წინათ გაზეთმა „ტაგესშპიგელმა“ გამოაქვეყნა მამხილებელი სტატია ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის შესახებ, რომელშიც საუბარია, თუ როგორ იფლანგება ბიუჯეტის ფული პირადულ მოთხოვნილებებზე: ექს-კანცლერს თურმე დღემდე თან დაჰყვება შტატგარეშე „ასისტენტი ქალი“, რომელიც მის თმის ვარცხნილობაზე და მაკიაჯზე ზრუნავს. რასაკვირველია, ანაზღაურება „ასისტენტს“ ფედერალური ბიუჯეტიდან ერიცხება.

გერმანიის გადასახადის გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარემ რაინერ ჰოლცნაგელმა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ გადასახადების გადამხდელებისათვის ძნელად გასაგებია, თუ რატომ უნდა წავიდეს ბიუჯეტში გადახდილი ფული ვიღაც ვიზაჟისტებისა და პარიკმახერების ჯიბეში. „ფული იხარჯება ისეთი პოლიტიკოსების მიერ, რომლებიც თავიანთი ჭკუით და გამოცდილებით მაინც და მაინც არ ბრწყინავენ და საშუალო დონისა არიან. ამიტომაც ხარჯები მინიმუმამდე უნდა იქნას შემცირებული, ხოლო თუ რომელიმე პოლიტიკოსს სურს საგანგებოდ უნდა გალამაზდეს, მან ფული საკუთარი ჯიბიდან უნდა გადაიხადოს“, – ამბობს რაინერ ჰოლცნაგელი.

სხვათა შორის, პარიკმახერებთან და კოსმეტოლოგებზე ფულის ხარჯვის ფაქტები გერმანული უახლესი პოლიტიკის ისტორიაში პირველი არ არის. 1994 წელს თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ქალთა უფლებებისათვის მებრძოლი კეროლა ფონ ბრაუნი იძულებული გახდა თავისი პარტიული პოსტი და ბუნდესტაგში ფრაქციის ლიდერობა დაეტოვებინა – იმიტომ, რომ იგი ამხილეს: თურმე პარიკმახერთან რვაჯერ მისულა თმის დასავარცხნად და ფული თვითონ კი არა, პარლამენტის ფრაქციული ფონდიდან გადაუხდია. რა თქმა უნდა, ეს არ იყო სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, სულელურ საქციელს წარმოადგენდა, რასაც ფრაუ კეროლას კარიერა შეეწირა.

წყარო

“პოლონური მხარე აპელირებს რამდენად რელევანტური, კანონიერი და თანამშრომლობის გათვალისწინებით იყო კადრები გამოქვეყნებული”

სამწუხაროდ, პოლონური მხარე აპელირებს რამდენად რელევანტური, კანონიერი და თანამშრომლობის გათვალისწინებით იყო კადრები გამოქვეყნებული – ეს იმას ნიშნავს, რომ თავად ფაქტზე სათქმელი არაფერი აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პოლონური მხარე დისკუსიაში შემოვიდა, „მაგრამ როცა დისკუსიას მხარეები ჰყავს, ჰყავს მართალი მხარეც“.

მდინარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს მოწამვლის არანაირი ნიშანი არა აქვს და ამის გაყალბებას ცდილობდნენ.

„განცხადება არ წამიკითხავს, მაგრამ თქვენ რაც წამიკითხეთ, იქიდან არ იკითხება სინანული და ძალიან სამწუხარო ფაქტის აღიარება, რომელიც რომ არ გამოქვეყნებულიყო, რამდენიმე დღეში ყალბი დასკვნა გვექნებოდა, რომლის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ იარსებებდა და შემდეგ თქვენ მკითხავდით, თუ ასეთი ფაქტი მოხდა, რატომ არ გამოაქვეყნეთ, არ უთხარით საზოგადოებასო. ჩვენ ყალბი დასკვნა გვექნებოდა, რომ თითქოს, სააკაშვილი მოწამლულია. ამის შემდეგ არავინ გვაპატიებდა ქართულ სახელმწიფოს, რომ ეს კადრები არ გავასაჯაროვეთ და არ დავდეთ. სამწუხარო რეალობა იკვეთება, რომ მთავარზე არ არის აქცენტი და გადატანილია სხვა მიმართულებით, რამდენად სწორი იყო ამის გამოქვეყნება. რამდენიმე დღეში იქნებოდა ყალბი დასკვნა, რაზეც სალაპარაკო აღარ იქნებოდა და მთელ მსოფლიოს შესაღდებოდა თითქოს სააკაშვილი მოწამლულია. ამაში თავად ექიმი ჩართული კი არ იყო, შემოქმედი იყო როგორ უნდა გაყალბებულიყო დასკვნა, ამაზე ვერავინ იკამათებს. ჩემი აზრია, რომ უნდა გასაჯაროებულიყო, რადგან ყალბი დასკვნა დაგვეწეოდა, რაზეც თავს ვეღარ ვიმართლებდით. თავად ფაქტი არის ძალიან ცუდი და მიზნად ისახავდა გაყალბებას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოლონელი ექიმების ინციდენტი განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, რომ მათი ჩხრეკის ჩანაწერი გამოაქვეყნოს, კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.

“სალომე ზურაბიშვილზე მძლავრი ზეწოლა მიდის, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე სიტყვები „არა და არასდროს“ უკან წაიღოს”

ზურაბიშვილზე მძლავრი ზეწოლა მიდის, რომ სააკაშვილის შეწყალებაზე სიტყვები “არა და არასდროს” უკან წაიღოს, შეიძლება გაუჭირდეს კიდეც თავის დაღწევა, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ როგორ შეაფასებს იმას, რომ აშშ- ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ – გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტების თანახმად, “ნაციონალური მოძრაობა” და მათი ლობისტები სააკაშვილის გათავისუფლების ინსტრუმენტად ზურაბიშვილის ფაქტორს განიხილავს.

მდინარაძე აცხადებს, რომ მძლავრი ზეწოლის მიუხედავად, ზურაბიშვილს გაუჭირდება საკუთარი სიტყვების უკან წაღება.

“ზურაბიშვილმა ერთ შემთხვევაში “ნაცმოძრაობას” გაუმართლა, ახლა მიდის მასზე ზეწოლა, რომ სიტყვები “არა და არასდროს” უკან წაიღოს და ეს ზეწოლა არ არის მარტივი, მძლავრია, შეიძლება გაუჭირდეს კიდეც მისგან თავის დაღწევა. თუმცა, საბოლოო ჯამში მე მგონია, მართლა ძალიან გაუჭირდება და მის სიტყვებს “არა და არასდროს” უკან ვერ წაიღებს. რაც უფრო პრინციპულად დადგება ის ამ პოზიციაზე, დამიჯერეთ და ამას მომავალი გვაჩვენებს, რომ მასზე ზეწოლა კიდევ უფრო გაძლიერდება,”- განაცხადა მდინარაძემ.

“პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, ჩხრეკის ჩანაწერი გამოაქვეყნოს, კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება”

მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს მომხდარი ინციდენტი განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას და ამ კონტექსტში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, რომ პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი გამოაქვეყნოს, კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს.

ამასთან, უწყების განმარტებით, არც ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე.

„პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 2023 წლის 17 ივლისს პოლონეთის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაბარებულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, პოლონელი ექიმების მიერ საავადმყოფოში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. პოლონური მხარე აფასებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას და კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ პოლონელ ექიმებს მიეცათ ყოფილი პრეზიდენტის მონახულებისა და გასინჯვის შესაძლებლობა და აქვე ხაზს უსვამს ქართველი ექიმების სრულ ჩართულობას მისი მკურნალობის პროცესში. თბილისში, „ვივამედის კლინიკაში, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის დროს, რომლის მიზანი იყო ყოფილი პრეზიდენტის დახმარება, მოხდა შეთანხმებასთან შეუსაბამო, განუზრახველი და გაუთვალისწინებელი ინციდენტი, რაც დაუყოვნებლივ გაირკვა ადგილზევე და შემდეგ განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას. ამ კონტექსტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, გამოაქვეყნოს პოლონელი ექიმის ჩხრეკის ჩანაწერი და საქართველოს სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლების არაერთი ემოციური განცხადება ეწინააღმდეგება კარგი თანამშრომლობის პრინციპებს. პოლონური მხარე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არც ინციდენტი და არც საქართველოს ხელისუფლების მიერ მისი გამოაშკარავება გავლენას არ მოახდენს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის და ქართველი ექიმების საქმიანობის შეფასებაზე და არც გამოკვლევების შედეგების გაანალიზების პროცესზე.პოლონური მხარე იმედოვნებს ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის უცვლელად გაგრძელებას და გამოთქვამს მზადყოფნას შემდგომი ქმედებებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქართველი პარტნიორებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დახმარებას“,- აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და კადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“, კერძოდ, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამასთან, უწყება განმარტავს, რომ ოფიციალური წესით აღებული ხნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება „ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას”.

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქციას ოზურგეთში ჩაატარებს

მიმდინარე წლის 22 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი, გურიის რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, მრავალპროფილურ სამედიცინო გამოკვლევებს უფასოდ ჩაატარებს.

საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას მიიღებს ჰოსპიტლის კვალიფიციურ მედიკოსთა (კარდიოლოგი, ზოგადი ქირურგი, თერაპევტი, უროლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროპათოლოგი, ანგიოქირურგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი, პედიატრი) ჯგუფი 15 ექიმის შემადგენლობით.

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;

მისამართი: ქ.ოზურგეთი; ჩოხატაურის ქ. N 20;

სამედიცინო ცენტრი ”სააქიმო”;

თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმებისა და თანამშრომლობის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, სამსახურის ბენეფიციართათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

“პრეზიდენტის გადაწყვეტილებებში შემჩნეოდა დიდი დოზით „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპათიები”

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მუშაობაში ან პრეზიდენტის მიღებულ გადაწყვეტილებებში შემჩნეოდა დიდი დოზით „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ სიმპათიები, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალექსანდრე კრევო-ასათიანის გადასვლას გამოეხმაურა.

„ცუდად გამოიყურება, როდესაც აღმოჩნდება, რომ არც თუ უმნიშვნელო თანამდებობაზე მომუშავე ადამიანი აღმოჩნდება, რომ პირველივე დაძახებაზე იშიფრება როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გამტარი მოხელე“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან „ნაციონალურ მოძრაობაში“ ალექსანდრე კრევო-ასათიანი გადავიდა, რომელიც ფრაქციაში საგარეო მიმართულების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა და რომელმაც პრეზიდენტის პოზიციების გახმოვანება დაიწყო. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ალექსანდრე კრევო-ასათიანი არასდროს იკავებდა პრეზიდენტის მრჩევლის პოზიციას და ის იყო სტაჟიორი.