“პოლონური მხარე აპელირებს რამდენად რელევანტური, კანონიერი და თანამშრომლობის გათვალისწინებით იყო კადრები გამოქვეყნებული”

109
spot_img

სამწუხაროდ, პოლონური მხარე აპელირებს რამდენად რელევანტური, კანონიერი და თანამშრომლობის გათვალისწინებით იყო კადრები გამოქვეყნებული – ეს იმას ნიშნავს, რომ თავად ფაქტზე სათქმელი არაფერი აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პოლონური მხარე დისკუსიაში შემოვიდა, „მაგრამ როცა დისკუსიას მხარეები ჰყავს, ჰყავს მართალი მხარეც“.

მდინარაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს მოწამვლის არანაირი ნიშანი არა აქვს და ამის გაყალბებას ცდილობდნენ.

„განცხადება არ წამიკითხავს, მაგრამ თქვენ რაც წამიკითხეთ, იქიდან არ იკითხება სინანული და ძალიან სამწუხარო ფაქტის აღიარება, რომელიც რომ არ გამოქვეყნებულიყო, რამდენიმე დღეში ყალბი დასკვნა გვექნებოდა, რომლის წინააღმდეგ არანაირი მტკიცებულება არ იარსებებდა და შემდეგ თქვენ მკითხავდით, თუ ასეთი ფაქტი მოხდა, რატომ არ გამოაქვეყნეთ, არ უთხარით საზოგადოებასო. ჩვენ ყალბი დასკვნა გვექნებოდა, რომ თითქოს, სააკაშვილი მოწამლულია. ამის შემდეგ არავინ გვაპატიებდა ქართულ სახელმწიფოს, რომ ეს კადრები არ გავასაჯაროვეთ და არ დავდეთ. სამწუხარო რეალობა იკვეთება, რომ მთავარზე არ არის აქცენტი და გადატანილია სხვა მიმართულებით, რამდენად სწორი იყო ამის გამოქვეყნება. რამდენიმე დღეში იქნებოდა ყალბი დასკვნა, რაზეც სალაპარაკო აღარ იქნებოდა და მთელ მსოფლიოს შესაღდებოდა თითქოს სააკაშვილი მოწამლულია. ამაში თავად ექიმი ჩართული კი არ იყო, შემოქმედი იყო როგორ უნდა გაყალბებულიყო დასკვნა, ამაზე ვერავინ იკამათებს. ჩემი აზრია, რომ უნდა გასაჯაროებულიყო, რადგან ყალბი დასკვნა დაგვეწეოდა, რაზეც თავს ვეღარ ვიმართლებდით. თავად ფაქტი არის ძალიან ცუდი და მიზნად ისახავდა გაყალბებას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოლონელი ექიმების ინციდენტი განიმარტა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება, რომ მათი ჩხრეკის ჩანაწერი გამოაქვეყნოს, კარგი თანამშრომლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.