“ძალიან მკაფიოდ შემიძლია გითხრათ – არა, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას”

72
spot_img

ძალიან მკაფიოდ შემიძლია გითხრათ – არა, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დღის წესრიგში არ დგას! – ამის შესახებ პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე ხაზგასმით ამბობს, რომ 5%-იანი საარჩევნო ბარიერის შენარჩუნების პირობებში მმართველი გუნდის მხრიდან არავითარი პირობა არ ირღვევა და ამაზე საუბარი არასწორია.

„შარშან ირაკლი კობახიძემ თქვა შემდეგი, რომ თუ იმ წელს საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებდა, ამისთვის მზად ვიყავით, მაგრამ არ თქმულა, რომ თუ საქართველო სტატუსს გაისად, ოდესღაც და იმის შემდეგ მიიღებს, ბარიერს დავწევთ. ასეთი დაპირება არ ყოფილა, მსგავსი რამე არ თქმულა.

ნებისმიერი მემორანდუმი, შარლ მიშელის შეთანხმება, რომელშიც ჩვენი ევროპელი კოლეგები იყვნენ ჩართული, იმის გამო ანულირდა, რომ მისი არც ერთი პუნქტის შესრულებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ და სხვა ოპოზიციურ პარტიას მონაწილეობა არ მიუღია. პირიქით, მის საპირისპიროდ იმოქმედეს. შარლ მიშელის შეთანხმებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი საერთოდ არ მოაწერა.

ევროპის უმრავლეს ქვეყნებში ისევე როგორც ჩვენთან 5%-იანი საარჩევნო ბარიერია, რასაც თავისი იურიდიული ახსნაც აქვს – ბალანსი ყოველთვის მოსაძებნია ორ დიდ ინტერესს შორის. არის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა რისკები, რასაც კონსტიტუციონალისტები თეორიასა და პრაქტიკაში განიხილავენ ხოლმე, მეორე მხრივ, არსებობს პლურალიზმისა და მრავალპარტიულობის ინტერესიც. ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტმა გადაწყვიტა, რომ 5%-იანი ბარიერი ორივე ინტერესს ყველაზე კარგად აბალანსებს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.