Home Blog Page 1841

“სწორედ „ფარას“ კანონმა, რომელსაც რუსული დაარქვეს, ამხილა, რომ კუბილიუსებს, ფოტიგებს, ქალბატონ რასას საქართველოს წინააღმდეგ ტექსტებს ლობისტური კომპანიები უწერდნენ”- ზარქუა

სწორედ „ფარას“ კანონმა, რომელსაც რუსული დაარქვეს, ამხილა, რომ კუბილიუსებს, ფოტიგებს, ქალბატონ რასას საქართველოს წინააღმდეგ ტექსტებს ლობისტური კომპანიები უწერდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, კიდევ ერთხელ მოხდა ლუსტრაცია.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უმრავლესობა ვამბობდით, რომ იმ ევროპარლამენტარების ის ნარატივი, მიღებული ორი რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის და ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს ყველაფერი იყო დაფინანსებული სააკაშვილის ოჯახის წევრების მხრიდან. ამას ცხადად, არგუმენტებით ვამბობდით და წინა კვირას გამოჩნდა, რომ სწორედ იმ კანონმა, რომელსაც შემდეგ რუსული დაარქვეს, ეს არის „ფარას“ კანონი, ამხილა ისინი. სადაც ჩანაწერია, თურმე ამ ევროპარლამენტარებს, ამ კუბილიუსებს, ფოტიგებს, ქალბატონ რასას, რაისას და ა.შ საქართველოს წინააღმდეგ ტექსტებს უწერდნენ ეს ლობისტური კომპანიები, რომლებიც მილიონობით ფულს იღებდნენ სააკაშვილის ოჯახისგან. კიდევ ერთხელ მოხდა მათი ლუსტრაცია. ამიტომ ვამბობდით, რომ ესენი არა საქართველოს, არამედ კონკრეტული პარტიის მეგობრები იყვნენ, ეს რაღაც ვიწრო წრე ევროპარლამენტარების და არამხოლოდ ევროპარლამენტარების, მთელი სქემაა. სააკაშვილმა რაც ძარცვა ეს ქვეყანა და მერე უკრაინა, ამ ნაძარცვი ფულით ხდება შემდეგ დაფინანსება სწორედ ამ ლობისტური ხასიათის კამპანიის“, – განაცხადა ზარქუამ.

“უკრაინა თავისი ტერიტორიის დეოკუპაციას ნაბიჯ-ნაბიჯ განაგრძობს”-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ნაბიჯ-ნაბიჯ თავისი ტერიტორიის დეოკუპაციას განაგრძობს.

აღნიშნულ განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური თავის ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.

„უკრაინა კონტრშეტევის ინტენსიურების მომენტს უახლოვდება“, – განაცხადა ასპენის მე-14 ყოველწლიური უსაფრთხოების ფორუმზე (Aspen Security Forum) ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის დაგვიანების გამო, რომელიც უკრაინული ჯარის ცოცხალი ძალის შესაძლო დანაკარგებთან იყო დაკავშირებული, რუსეთმა რამდენიმე თავდაცვის ხაზის შექმნა მოასწრო და ბევრი ტერიტორია განაღმა, რაც კონტრშეტევას ართულებს.

“ვაფრთხილებ ვაშაძეს – კიდევ რაიმე მცდელობა გექნება, რომ ჩემი ხაბე დამიჩაგრო და შენ პირადად მოგთხოვ”- ირაკლი ზარქუა

ვაფრთხილებ ვაშაძეს – კიდევ რაიმე მცდელობა გექნება, რომ ჩემი ხაბე დამიჩაგრო და შენ პირადად მოგთხოვ. აბა, სერიოზულად, ამათზე როგორ უნდა ილაპარაკო?!, – ასე გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ ერთიანი პლატფორმის შექმნის იდეას.

„მე ვაფრთხილებ ვაშაძეს – კიდევ რაიმე მცდელობა გექნება, რომ ჩემი ხაბე დამიჩაგრო და შენ პირადად მოგთხოვ. სერიოზულად, ამათზე როგორ უნდა ილაპარაკო?! ჭიჭემ რა ამოწურა იმ „ტროიკასთან“ ურთიერთობა? ის მიაგდო და ახლა – ახალი! არაფერი, ესენი არიან პარტიიდან პარტიაში გადამსვლელები, მომთაბარე ტომებივით. ასე, რომ რა შედეგი უნდა იყოს?! არაფერი! ვიხალისებთ და მოგვეცემა საშუალება და კიდევ ერთხელ დავცინოთ ამ ხელმოცარულებს. გვექნება წაგებისთვის გამზადებული კიდევ ერთი პლატფორმა ჭიჭესა და ჩემი ხაბეს ლიდერობით. ესაა და ეს! გავერთოთ. წინ გვაქვს მთელი საარჩევნო მარათონი“, – განაცხადა ზარქუამ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა ერთიანი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ განცხადება გააკეთეს.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ირანის ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ირანის ისლამური რესპუბლიკის 2 მოქალაქე – 1978 წელს დაბადებული ბ.რ. და 1978 წელს დაბადებული ა.რ. დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს

საქართველოს თავდაცვის ძალებს სამხედრო მოსამსახურეების მორიგი ნაკადი შეემატა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში (BCT) სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

„სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ მიმართა და ფიცის დადება მიულოცა.

დღეიდან ისინი სამხედრო სამსახურს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობებში გაივლიან. ფიცის დადებამდე, რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) 8-კვირიანი პროგრამის ფარგლებში სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო და ტაქტიკური მომზადება გაიარეს. ღონისძიების დასასრულს, სამხედრო მოსამსახურეებს საბრძოლო მომზადების კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატებიც გადაეცათ.

ფიცის დადების ცერემონიას ჯარისკაცების ოჯახის წევრებიც დაესწრნენ“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვარკეთილის მეტროსთან ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

ვარკეთილის მეტროსთან ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ხუთამდე კაცი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. ახალგაზრდა კაცმა მეგობარს მრავლობითი ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც   შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ინდოეთში მეწყერი ჩამოწვა – დაიღუპა სულ მცირე 16 ადამიანი, დაკარგულად ითვლება 50

ინდოეთის დასავლეთით მეწყერი ჩამოწვა. შედეგად, მაჰარაშტრას შტატში 16 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულად ითვლება 50.

არსებული ინფორმაციით, 19 ივლისს გვიან ღამით, მეწყერმა ირშალვადში, მთიან სოფელში, უამრავი სახლი დამარხა, რის გამოც ხელისუფლებამ ამ მხარეში მასიური სამაშველო ოპერაცია დაიწყო.

გარდა ამისა, ბოლო ორი დღის განმავლობაში, შტატის კონკანის რეგიონის შტატის, პალგარის, რაიგადისა და რატნაგირის რაიონებიდან დაახლოებით 11,500 მოქალაქეა ევაკუირებული.

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თანამოსაუბრეზე შთაბეჭდილების მოხდენას მხოლოდ მაღალი ინტელექტით შეძლებთ. არ აქვს მნიშვნელობა, თანამოსაუბრე უფროსია, საყვარელი ადამიანი, შემთხვევითი თანამგზავრი თუ საუკეთესო მეგობარი. ამ დღეს ადამიანებს უბრალო ჭორებზე მეტად პოლიტიკა, ეკონომიკა, ფილოსოფია და ნებისმიერი სხვა მეცნიერება აინტერესებთ.

კურო

თუ გადაწყვეტეთ, რომ სახლის კეთილმოწყობა დაიწყოთ, ვარსკვლავები გირჩევენ, მასშტაბური რემონტი არ წამოიწყოთ, რადგან პროცესი დიდხანს გაგრძელდება. უმჯობესია, პატარ-პატარა ნაბიჯებით მიჰყვეთ და თქვენი ბრწყინვალე იდეები თანდათანობით განახორციელოთ.

ტყუპები

ეს დღე ინტელექტუალური საუბრებისკენ განგაწყობთ. მოულოდნელად ისეთი თემებით დაინტერესდებით, როგორიცაა ადამიანის ფსიქიკა, სულიერი განვითარება, სამყაროს საიდუმლოებები და ა.შ. შესაძლოა, ნახოთ ადამიანი, ვისაც ამ თემებზე სიამოვნებით ესაურებით. მთავარია, ღრუბლებში ფრენის დროს ფეხქვეშ მიწა არ დაკარგოთ.

კირჩხიბი

თქვენში ფინანსისტი გაიღვიძებს! თუ ამ დღეს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრს დაუთმობთ, შესანიშნავ გეგმას შეიმუშავებთ, რომელიც ფულის შოვნაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა შვებულების დაგეგმვის, რემონტის დაწყების და მნიშვნელოვანი შესყიდვისთვის.

ლომი

ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის ურთიერთობებში, ლოგიკას ეყრდნობით და არა გრძნობას. ასეთი განწყობით და ვარსკვლავების მხარდაჭერით წარმატებას ადვილად მიაღწევთ.

ქალწული

ამ დღეს თავს სხვისი მექანიზმის ჭანჭიკად იგრძნობთ, რაც სულ არ გადარდებთ. მთავარია, ეს მექანიზმი გამართულად მუშაობდეს. თქვენ კარგად იცით საკუთარი როლი და შესანიშნავად შეგიძლიათ განახორციელოთ ის, რაც სხვებმა დაგეგმეს. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, ვარჯიშის დრო გამონახოთ და არც მსუბუქი დიეტის დაწყება გაწყენდათ.

სასწორი

გირჩევთ, მთელი ყურადღება სასარგებლო კავშირების დამყარებაზე გადაიტანოთ. თავიდან ნებისმიერი ურთიერთობა სიმპათია-ანტიპათის პრინციპზე იგება, თუმცა უფრო ღრმა ურთიერთობებისთვის საერთო თემებისა და ინტერესების პოვნა დაგჭირდებათ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში კომპრომისზე წასვლა უნდა ისწავლოთ – ზოგჯერ მაინც.

მორიელი

სისწრაფე ყოველთვის არ ამართლებს. ყველაზე ხშირად წარმატებული ბიზნესის გასაღები უმცირეს დეტალებამდე გათვლილი გეგმაა. ეცადეთ „ასჯერ გაზომოთ და ერთხელ გაჭრათ“. წინასწარ დაგეგმილი თქვენი ნებისმიერი ნაბიჯი წარმატებული იქნება.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ ისეთ ადგილზე წახვიდეთ, სადაც საინტერესო და ბევრის მცოდნე ადამიანებთან საუბრის შესაძლებლობა გექნებათ. ახლა ეს სუფთა ჰაერივით გჭირდებათ!

თხის რქა

შესაძლოა, ინტელექტუალური დისკუსიები არ გიყვართ, მაგრამ ამ დღეს გამონაკლისი უნდა დაუშვათ. შესაძლოა, ასეთი დისკუსიის დროს მოისმინოთ იდეა, რომელიც დიდ ფინანსურ შემოსავალს მოგიტანთ და თქვენს მომავალს მთლიანად შეცვლის. დიდი ხნის უნახავ მეგობარს თქვენი დახმარება სჭირდება და იმედს ნუ გაუცრუებთ.

მერწყული

შესაძლოა, საკუთარი აზრების ლაბირინთში ისე დაიკარგოთ, რომ უკან დასაბრუნებელი გზის პოვნა გაგიჭირდეთ. იქნებ, სიტუაციას თავად ართულებთ და ყველაფერი გაცილებით მარტივადაა? ბუნებაში სეირნობა და მიწასთან სიახლოვე სტრესისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. რთული სამუშაო კვირის შემდეგ ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, ყურადღებით დააკვირდეთ, გარშემო რა ხდება – შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ღირებული რჩევა ან შესანიშნავი იდეა მოისმინოთ, რომელიც მომავალში ძალიან გამოგადგებათ. ამიტომ ისწავლეთ, უსმინეთ და დაიმახსოვრეთ.

“ძალიან გამიკვირდება, თუ პუტინი პრიგოჟინზე შურს არ იძიებს” – CIA-ის დირექტორი

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, გასაკვირი იქნება, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელ ევგენი პრიგოჟინზე შურს არ იძიებს.

როგორც ბერნსმა ასპენის ინსტიტუტის ფორუმზე განაცხადა, პუტინი შეეცდება, მაქსიმალურად დაარეგულიროს „ვაგნერის“ შეიარაღებული ამბოხის შედეგები, რათა შემდეგ პრიგოჟინზე შური იძიოს.

„ვფიქრობ, პუტინი იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც თვლიან, რომ შურისძიება ცივად მისართმევი კერძია. ის შეეცდება სიტუაცია მაქსიმალურად დაარეგულიროს. გამიკვირდება, თუ პუტინი პრიგოჟინს სამაგიეროს არ გადაუხდის“, – აცხადებს ბერნსი.

მისივე თქმით, პრიგოჟინის ნეიტრალიზებამდე პუტინი შეეცდება, ის „ვაგნერისგან“ განაცალკევოს, ვინაიდან ის კრემლს უკრაინაში, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში სჭირდება.

CIA-ის დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ იცოდა პრიგოჟინის გეგმების შესახებ. მისი განცხადებით, პრიგოჟინის მხრიდან რუსეთის თავდაცვის მინისტრისა და გენშტაბის მეთაურის მისამართით კრიტიკის ფონზე მოვლენების ასეთი განვითარება დიდწილას მოსალოდნელი იყო.

“მოვუწოდებთ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტი ჩაატარონ”

თბილისის საკრებულოს პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ წევრმა, ნინო წულაძემ ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს მუნიციპალიტეტის ორგანოთა საქმიანობის დამოუკიდებელი აუდიტის ჩატარებისკენ მოუწოდა.

როგორც მან აღნიშნა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, კორუფციის ხელშემწყობი სისტემების გამოსავლენად და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად, თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოების დამოუკიდებელი აუდიტი უნდა ჩატარდეს.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 140-ე მუხლი საკრებულოს აძლევს შესაძლებლობას, მოწვეულმა დამოუკიდებელმა აუდიტორმა მუნიციპალიტეტის ორგანოთა აუდიტი ჩაატაროს, რაც თბილისის მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

2023 წლის 7 ივლისს დანიური გამოცემამ დაწერა, რომ თბილისის მერიამ 2021 წელს 60 მილიონი ლარით ძვირად შეიძინა თურქული კომპანია BMC-სგან 226 ცალი 12 მეტრიანი ავტობუსი ვიდრე სხვადასხვა ქვეყანაში მისი რეალური ღირებულებაა. თბილისის მერიამ ეს თანხა განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკიდან EBRD-დან მიიღო, სწორედ ამიტომ არის საინტერესო როგორ დაიხარჯა ევროკავშირის ფული, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დონორების მიერ დაფინანსებული ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

ამ სტატიაში ნათლად ჩანს ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენების რისკი მაღალია თბილისის მუნიციპალიტეტში შესაბამისად, ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლოა საქმეში ევროკავშირის აუდიტის განყოფილება და ევროკავშირის აუდიტორთა სასამართლო ჩაერთოს. ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც ბუნდოვანია სად მიდის ქართველი ხალხის ფული, თუმცა ახლა ვხედავთ რომ ევროკავშირის ფულიც თბილისის მერიისა და კალაძის სავარაუდო კორუფციულ ჭაობში იძირება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის დასაკმაყოფილებლად, კორუფციის ხელშემწყობი სისტემების გამოსავლენად და მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალეობის უზრუნველსაყოფად, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ სახელით მოვუწოდე ხელისუფლებას და ოპოზიციას – გამოვიყენოთ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის კანონისმიერი დანაწესი და ჩავატაროთ თბილისის მუნიციპალიტეტის ორგანოების დამოუკიდებელი აუდიტი, იმისათვის რომ ერთხელ და სამუდამოდ გამოვლინდეს ყველა სავარაუდო კორუფციული ბუდე თბილისის მერიაში და როგორც საკრებულომ მივიღოთ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები იმისათვის, რომ შევასრულოთ ევროკომისიის რეკომენდაცია კორუფციის მიმართულებით, კანდიდატის სტატუსის მისაღებად და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად ყველასთვის“, – განაცხადა ნინო წულაძემ, რომლის კომენტარს პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

“სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედავად”

ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედავად, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნიუ-იორკში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა რიგ რეფორმებზე მუშაობს – “დამოუკიდებელი სასამართლო სისტემიდან კორუფციასთან ბრძოლამდე, უმცირესობების უფლებებიდან მედიის თავისუფლებამდე”.

„უნდა ვთქვა, რომ ძალიან სასიამოვნოა იმის ნახვა, თუ რამდენად სწრაფად და მტკიცედ ახორციელებს უკრაინა რეფორმებს ომის მიუხედავად. ისინი საკუთარ ქვეყანას იცავენ და რეფორმებს ახორციელებენ“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

“მოსალოდნელია წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი” – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ივლისის საღამოსა და 22 ივლისის ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ და განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს,“ – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.