უკრაინის ვიცე-პრემიერმა, იულია სვირიდენკომ გაზეთ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი და აშშ ვერ გამოუყოფენ უკრაინას დაპირებულ ფინანსურ დახმარებას 2024 წლის დასაწყისში, უკრაინას სახელმწიფო მოხელეებისთვის ხელფასების და მილიონობით მოქალაქისთვის პენსიის გადახდის გადავადება შეიძლება მოუწიოს.
იულია სვირიდენკომ, რომელიც ასევე ეკონომიკის მინისტრია, აღნიშნა, რომ საგარეო მხარდაჭერის ნაკლებობა უკრაინის ეკონომიკას „გადარჩენის“ რეჟიმში დააბრუნებს.
“პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. სასწრაფოდ გვჭირდება ის”, – აღნიშნა მან.
სვირიდენკო იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაამტკიცებს მხარდაჭერას თებერვალში და თანხებს მარტის ბოლომდე მიაწვდის კიევს, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არ იქნება.
“გარკვეული სოციალური სექტორების არასაკმარისად დაფინანსების დიდი რისკი არსებობს”, – განაცხადა მან.