Home Blog Page 1806

არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი მ.ბ. არასრულწლოვნებით ვაჭრობის ბრალდებით დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მ.ბ. ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, არასრულწლოვანი გერების – 2006 წელს დაბადებული რ.პ.-ს და 2007 წელს დაბადებული მ.პ.-ს შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდა.

ბრალდებული მათ ნაგვის ურნებიდან სხვადასხვა ნივთების შეგროვებას და ჩაბარებას აიძულებდა, გამომუშავებულ თანხას სრულად ისაკუთრებდა.

იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ მ.ბ.-ს მოთხოვნებს, ბრალდებული მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

“რატომ უქმნით ხელოვნურ ბარიერებს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას” -“ხალხის ძალა” – კელი დეგნანს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ენჯეოებისა და აგრესიული პოლიტიკური დაჯგუფებების დაფინანსება კვლავაც გაუმჭვირვალეა. დაზუსტებით დღესაც არავინ იცის, ვინ, რისთვის და რა თანხით აფინანსებს „სირცხვილიას“, „ფრანკლინის კლუბს“, „გირჩს“, „დროას“ და სხვა აგრესიულ და მაპოლარიზებელ ლიბერალ-ფაშისტურ დაჯგუფებებს. შესაბამისად, საზოგადოებამ არც ის იცის, კონკრეტულად ვისგან და რა მოცულობით ფინანსდება რევოლუციური გეგმა, რომელზეც რადიკალური დაჯგუფებები დაუფარავად საუბრობენ.

რეგიონში არსებული ურთულესი ვითარებისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, რას ემსახურება საქართველოში სიმშვიდის დარღვევის ყველა მცდელობა. თუმცა, დარწმუნებული ვართ, რევოლუციური გეგმის ავტორები საქართველოში ვერც რევოლუციას და ვერც მეორე ფრონტს ვერ მოაწყობენ.

ენჯეოების დაფინანსების გაუმჭვირვალობის მიუხედავად, საზოგადოებას აქვს საერთო წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვისგან არიან მხარდაჭერილი მაპოლარიზებელი და აგრესიული ლიბერალ-ფაშისტური დაჯგუფებები.

ქალბატონი კელი დეგნანი ვერასოდეს მალავდა მათ მიმართ განსაკუთრებულ სიმპათიებს. თუმცა, რაც მან სამი დღის წინ გააკეთა, ყველაფრის საუკეთესო ლუსტრაცია იყო. დეგნანმა ბორჯომში გაგზავნა ტრანსპორტი და შეშინებული „გირჩელები“ სამოქალაქო აქტივისტებს საელჩოს კუთვნილი მიკროავტობუსებით გამოარიდა.

გვინდა დავუსვათ კითხვა კელი დეგნანს: რატომ არ ასვენებთ ამ ქვეყანას? რატომ აფინანსებთ ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ და აგრესიულ ლიბერალ-ფაშისტურ ორგანიზაციებს? რატომ აფინანსებთ და აღვივებთ პოლარიზაციას? რატომ უქმნით ხელოვნურ ბარიერებს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღებას? რატომ არ გაგახსენდათ მედიის თავისუფლება, როდესაც ლიბერალ-ფაშისტებმა სამი ტელეკომპანია გამოარჩიეს და ღონისძიების გადაღება აუკრძალეს? და ბოლოს, გვაინტერესებს, რას ელით ხელისუფლებაში დაბრუნებული ნაცმოძრაობისგან ისეთს, რასაც „ქართული ოცნება“ არ გიკეთებთ?

ამ ყველაფერმა გაგვახსენა მოარული ხმები იმის შესახებ, რომ ბაკურიანის ცნობილ შეხვედრას, რომელზეც ლიბერალ-ფაშისტურ პარტიებს, ენჯეოებს და ტელევიზიებს რევოლუციაში ატრენინგებდით, საღამოს თქვენც პირადად შეუერთდით. იქნებ, ქართულ საზოგადოებას დასდოთ პატივი და უთხრათ, რატომ ჩახვედით რევკომის შეხვედრაზე ბაკურიანში?

მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საზოგადოებას უხეში ტყუილი აკადრეთ და აგენტების ამერიკული კანონი რუსულ კანონად გამოაცხადეთ, რათა რევოლუციური ფინანსების გამჭვირვალობა აგერიდებინათ თავიდან, ხალხი მაინც ხედავს ყველაფერს.

კელი დეგნანმა იმდენჯერ აარიდა პასუხი ჩვენს ლეგიტიმურ კითხვებს, რომ მისი პასუხის იმედი არც ამჯერად გვაქვს. იმედია, ახალი ელჩი მაინც გაუწევს ანგარიშს ქართული საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და შეწყდება ლიბერალ-ფაშისტური რევოლუციის დაფინანსება, რისთვისაც ის თანხები იხარჯება, რომელსაც, ცინიკურად, საქართველოს დახმარებად ნათლავენ“,- წერია განცხადებაში.

“მტერი ადვილად არ დანებდება” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 482-ე დღე

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 1 010 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 221 460-ს მიაღწია, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 997 ტანკს, 7 750 ჯავშანმანქანას, 3 888 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 314 საბრძოლო თვითმფრინავს და 306 ვერტმფრენს, 6 645 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 393 უპილოტო საფრენ აპარატს, 531 ერთეულ სპეცტექნიკას, 1 214 ფრთოსან რაკეტას.

“უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 20 ივნისს ღამით რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 გაანადგურეს,” – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

„ღამით, რუსმა ტერორისტებმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასიური სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელეს. წინასწარი მონაცემებით, მტრის მიერ გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 განადგურებულია“, – აცხადებენ გენშტაბში.

ასევე, მათივე ინფორმაციით, ზაპოროჟიესა და მის შემოგარენში რუსულმა ძალებმა S-300 ტიპის 7 რაკეტა გამოიყენეს. სარაკეტო დარტყმის შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

შეგახსენებთ, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა და რუსების მიერ გაშვებული თითქმის 20 საჰაერო ობიექტი განადგურდა. რუსებმა ლვოვში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს, ზაპოროჟიესა და მის შემოგარენში კი კომუნიკაციები და კერძო საკუთრება დაზიანდა, მაგრამ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე. მძიმე ბრძოლები გრძელდება – გასული დღის განმავლობაში 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში, რუსებმა უკრაინაზე თავდასასხმელად „კალიბრის“ ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა და 4 ირანული Shahed-136/131-ის დრონი გამოიყენეს, თუმცა უკრაინელებმა რვავე მათგანი გაანადგურეს.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, 45 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და მშვიდობიან დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი დაახლოებით 70-ჯერ გაუხსნეს.

„უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა მომავალში მაღალი რჩება“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ იმ ადგილებს, სადაც რუსების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული, 15 დარტყმა მიაყენა.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა დაარტყეს მართვის 3 პუნქტს, პერსონალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 10 ტერიტორიას, საბრძოლო მასალის 2 საწყობს, საწვავის და საპოხი მასალების საწყობს, 15 საარტილერიო დანადგარს, 3 საჰაერო თავდაცვის სისტემას და ოკუპანტების კიდევ 2 მნიშვნელოვან ობიექტს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განმარტებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევისგან მაღალი მოლოდინი დაკავშირებულია ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში შარშანდელ წარმატებებთან.

“ეს ომია. არ შეიძლება ტელევიზორის წინ დაჯდე და იფიქრო: “ოჰ, ახლა ჩვენები გაიმარჯვებენ! რატომ არ იგებთ?! ჰოო-ჰო!“ ასე არ გამოვა“, – თქვა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, გასული წლის შემოდგომაზე „ხარკოვის ოპერაციამ“ რუსებისთვის ძალიან სწრაფად და მოულოდნელად ჩაიარა. “ხერსონი, პირიქით, უფრო ნელა მიმდინარეობდა, რადგან ნიადაგის რელიეფი, ამინდის პირობები და ბევრი სხვა რამ სრულიად განსხვავებულია.

„ახლა, არ შეიძლება მოველოდეთ მოვლენების განვითარებას ისე სწრაფად, როგორც ადრე, რადგან ჩვენ გვაქვს განსხვავებული ფრონტის ხაზი, განსხვავებული რელიეფი და განსხვავებული ამინდის პირობები“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, რუსებს უკრაინელების მიმდინარე კონტრშეტევისთვის მომზადების საშუალება ჰქონდათ.

„პლუს, რუსებს ჰქონდათ მომზადების საშუალება. დანაღმული ველების სიმჭიდროვე წარმოუდგენელია. რუსებისგან განსხვავებით, უკრაინელები უფრთხილდებიან თავიანთი ჯარისკაცების სიცოცხლეს. რუსები თავიანთ ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ“, – დასძინა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, რუსული ძალები უკრაინელებს მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევენ, რის გამოც, მათ მძიმე ბრძოლა ელით.

„უნდა გვესმოდეს, რომ მტერი ადვილად არ დანებდება. უნდა განვეწყოთ იმისთვის, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე ბრძოლა. რეალურად, ეს არის ის, რაც ახლა ხდება“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, უკრაინელ სამხედროებს უჭირთ სამხრეთით წინსვლა მტრის წინააღმდეგობისა და ნაღმების გამო. ამავე დროს, ანა მალიარმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის დამცველები „მოძრაობენ ისე, როგორც უნდა მოძრაობდნენ და ყველაზე დიდი შედეგები ჯერ კიდევ წინ არის“.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, არ არის აუცილებელი სამხედროების წარმატებების გაზომვა მხოლოდ კილომეტრებით ან გათავისუფლებული დასახლებებით, რადგან ოპერაციას რამდენიმე ამოცანა აქვს, რომელიც უკვე ხორციელდება.

” ფრონტზე გააქტიურდა ურდო, თავდაცვიდან კონტრშეტევაში გადმოვიდნენ” – ალექსი პეტრიაშვილი

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდიანრე მოვლენებს ეხმაურება:

“დღეს გამთენიას ისევ იყო საჰაერო შეტევა კიევსა და ლვოვზე. წინასწარი მონაცემებით, კიევის მიმართულებით გამოშვებული 20-ვე ირანული შაჰიდი დრონი განადგურებულია; დაზუსტებული ინფორმაციით, 35-დან 32 დრონი იქნა განადგურებული; ლვოვში არის ერთი მოხვედრა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მაგრამ მსხვერპლი არ არის; ზაპოროჟეს მიმართულებითაც გაუშვეს ს-300-ის 7 რაკეტა. მსხვერპლი აქაც არ არის;

საჰაერო თავდაცვით რადგან დავიწყეთ, გუშინ ემანუელ მაკრონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფრანგულ-ტალიური სამპ-ტ ჰსთ სისტემა უკრაინაშია და ჩართულია საერთო თავდაცვის სისტემაში. უახლოეს მომავალში მოსალოდნელია, რომ უკრაინა კიდევ 1 სამპ-ტ-ს მიიღებს პარტნიორებისგან;

ამერიკული გიგანტის ლოქჰიდ მარტინის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მზად არის უკრაინას მიაწოდოს ფ-16-ები, მოამზადოს მისი პილოტები და ახლო მომავალში საერთოდ განათვსოს ლოქჰიდ მარტინის ბაზა უკრაინაში (სერიოზული სამხედრო ინდუსტრიები მოიწევენ უკრაინაში დასამკვიდრებლად);

დანიამ ხო განაცხადა, რომ მზად არის ფ-16-ების უკრაინისთვის გადასაცემად; მანამდე ხომ დაამტკიცა მრავალწლიანი გეგმა სამხედრო დახმარების. ჰოდა გაიზარდა ეს დახმარების თანხა 2.5 მილიარდი დოლარიდან 3.2 მილიარდამდე. 2023-ში 1.1 მილიარდი, 2024-ში – 1.5 და 2025-2028 ყოველწლიურად 150 მილიონი! ჯიგრები ვიკინგები!

ამასობაში ჩეხეთის და სლოვაკეთის მხარდაჭერით უკრაინა გეგმავს 1000 ერთეული შვედური ქვეითთა საბრძოლო ჯავშანმანქანის სვ-90 (ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში) შეძენას;

გუშინ პრეზიდენტი ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრ რიში სუნაკს. განიხილეს 21-22 ივნისს ლონდონში დაგეგმილი უკრაინის რეკონსტრუქცია/მხარდაჭერის საერთაშორისო კონფერენციის და მოახლოებული ვილნიუსის სამიტის საკითხები. უკრაინა ბოლომდე იბრძვის, რომ მიიღოს კონკრეტიკა ვილნიუსის სამიტზე – გარანტიები, ვადები და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ბრიტანეთის პარლამენტი აპირებს მიიღოს გადაწყვეტილება საკანონმდებლო დონეზე, რომლის თანახმად დიდი ბრიტანეთი არ მოუხსნის სანქციებს რუსეთს, ვიდრე ის არ გადაუხდის რეაპარაციებს უკრაინას; აგრეთვე, ლონდონი მიმართავს რუს ოლიგარქებს მიიღონ თანამონაწილეობა უკრაინის აღდგენაში (აბრამოვიჩმა გააჯაზა, ჩელსიდან მიღებულ ფულს უკრაინასთან ერთად რუსეთში ომისგან დაზარალებულების დასახმარებლადაც გადავრციხავო. მოხვდება იახტაში რომანჩიკა. ლონდონის კონფერენციის და უკრაინის აღდგენაში მხარდაჭერის თემაზე პრეზიდენტ ზელენსკის ჰქონდა საუბარი ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ვონ დერ ლეიენთან. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლონდონში ევროკომისია 50 მილიარდი ევროს დახმარებას გამოაცხადებს უკრაინისთვის. ვნახოთ, ვნახოთ. პრეზიდენტებმა ასევე განიხილეს მოსალოდნელი პირველი წინასწარი ანგარიში რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელზეც 22 ივნისს უნდა იმსჯელონ.

ნატოს გენმდივანი იყო გუშინ ბერლინში. შოლცთან ერთობლივ კონფერენციაზე სტოლტენბერგმა ისევ განაცხადა, რომ მხოლოდ უკრაინა განსაზღვრავს მოლაპარაკებების დროს და პირობებს. შოლცმა კი აღნიშნა, რომ გერმანია იმდენ ხანს დაეხმარება უკრაინას, რამდენიც საჭირო იქნება. ნატოს სამიტთან დაკავშირებით თქვეს ის, რაც მოსალოდნელი იყო და ყველამ ვიცით – რომ ამ სამიტზე უკრაინას ოფიციალურად ნატოს არ მიიწვევენ. არც ჰქონიათ უკრაინელებს მოლოდინი, რომ ვილნიუსის სამიტზე მიიწვევდნენ. ვნახოთ, მოლაპარაკებები გრძელდება!

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი შეხვდა სი ძინპინს და ჩინეთის მაღალჩინოსნებს. პირველი ინფოები ასეთია: ჩინეთი არ აწვდის და არ მიაწვდის რუსეთს ლეტალურ იარაღს, თუმცა პრობლემად რჩება ჩინური კომპანიები, რომლებმაც შეიძლება მიაწოდონ ტექნოლოგიები რუსებს რაკეტების დასამზადებლად, აშშ მხარს არ უჭერს ტაივანის დამოუკიდებლობას და მხარს უჭერს არსებულ სისტემას;

სი ძინპინმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ს და ჩინეთის ურთიერთობებზე დამოკიდებული მსოფლიოს მომავალი.
ჩინეთის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა ჩჯოუ ბომ დაასამარა რუსეთის არმია: “რუსეთის არმიის სამხედრო ავტორიტეტი და იმიჯი დაიმსხვრა”, განაცხადა პეკინის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელმა, ხვდებით ხო, რომ თავისით და შემთხვევით არ დააფრქვევდა ამ ჭეშმარიტებას ჩინელი პოლკოვნიკი.

ფრონტზე: გააქტიურდა ურდო კუპიანსკის, სვატოვოს და კრემინნას მიმართულებით. თავდაცვიდან კონტრშეტევაში გადმოვიდნენ, მაგრამ ბრძოლები მაინც ლოკალური მნიშვნელობისაა!

ბახმუტის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ფლანგებზე ჩვენებმა კიდევ 1.83 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს და წინ წაიწიეს. კარგად უტევენ კურდიუმოვკის და კლეშჩეევკის მიმართლებითაც. აქ შეიძლება ჩვენებმა გაარღვიონ ურდო და გორლოვკას გათავისუფლებაზე წავიდნენ. გამოჩნდება ამ დღეებში!

ზაპოროჟიეს და დონეცკის ფრონტებზე ინტენსიური არტ დუელებია და ცხარე ბრძოლები კონკრეტულ მიმართულებებზე. პიატიხატკის გათავისუფლების შემდეგ ცდილობენ რომ გააგრძელონ სვლა სამხრეთით ვასილივკას მიმართლებით. ასევე რობოტინეს უტევენ ჩვენები.

შეგახსენებთ, რომ 12 უკრაინული დივიზიიდან მხოლოდ 3-ია აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში ჩართული! დიდი გარღვევა ჯერ კიდევ წინ არის! ფაქტია, რომ ჩვენები გეგმის მიხედვით მიიწევენ წინ, ათავისუფლებენ ტერიტორიებს და ავლენენ მტრის სუსტ წერტილებს!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო, ამოისუნთქე 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია გრუხუნით ჩამოინგრევა 2023-ში!
დიდება უკრაინას!
გაუმარჯოს საქართველოს!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

“საქართველო, როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, ჩართულია „მწვანე წყალბადის” ტექნოლოგიის განვითარების პროცესში”- რომეო მიქაუტაძე

„საქართველო, როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი, ჩართულია „მწვანე წყალბადის” პროექტის განვითარების პროცესში. ჩვენ არა მხოლოდ ვსწავლობთ ქვეყანაში აღნიშნული ტექნოლოგიური სიახლის დანერგვის შესაძლებლობას და ვეცნობით წარმატებულ მაგალითებს, არამედ ვიწყებთ საპილოტე პროექტს. დიდი მადლობა მინდა გავუხადო გერმანიის მთავრობას, რომელიც გვეხმარება მწვანე წყალბადის მოხმარების განვითარებაში,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, რომელიც გერმანიის დედაქალაქ ბერლინში მწვანე წყალბადის მოხმარების განვითარების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერას დაესწრო.

ხელმოწერა განვითარების შესახებ გერმანია – საქართველოს მთავრობათაშორისი მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართა. შეთანხმება მწვანე წყალბადის მოხმარების განვითარებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული მოსამზადებელი ღონისძიებებისათვის 1,3 მილიონი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ენერგეტიკის სექტორის დირექტორმა ბოდო შმიულინგმა.

შეთანხმების თანახმადჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები „მწვანე წყალბადის” ტექნოლოგიის დასანერგად საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისპროექტირებისგარემოზე ზემოქმედების ანგარიშებისა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების პროექტის იმპლემენტაციის მიზნით. განისაზღვრა, რომ ერთობლივი ძალისხმევით განავითარონ როგორც მწვანე წყალბადის საპილოტე საწარმო, ასევე მისი სრული ღირებულებითი ჯაჭვი.

“ვნერვიულობ, რადგან პუტინმა შეიძლება, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს”

ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა რეალურია,- ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკეთა.

„დაახლოებით ორი წლის წინ ვამბობდი, რომ ვნერვიულობ მდინარე კოლორადოს დაშრობაზე, ყველა ისე მიყურებდა, თითქოს გიჟი ვიყავი. ისინი ახლაც ასე მიყურებენ, როცა ვამბობ, რომ ვნერვიულობ, რადგან პუტინმა შეიძლება, ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენოს. ეს რეალურია“, – განაცხადა ბაიდენმა.

გასულ კვირას, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღების შესახებ, რომელიც მისი თქმით, სამჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე 1945 წელს აშშ-ის ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებული ატომური ბომბი. პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსებას „აბსოლუტურად უპასუხისმგებლო საქციელი“ უწოდა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

20 ივნისს ქუთაისში +23 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ფოთში დღისით წვიმა და +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +23 გრადუსია მოსალოდნელი სოხუმში დღისით, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ამბროლაურში ჰაერი დღისით +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაშიც დღისით წვიმა და +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +14 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +22, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გუდაურშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +14, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. სიღნაღში დღისით +23 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

რუსთავში დღისით +24 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

წყალქვეშა ნავი, რომელიც „ტიტანიკის“ ნამსხვრევებს იკვლევდა, გაუჩინარდა

წყალქვეშა ნავი, რომელიც „ტიტანიკის“ ნამსხვრევებს იკვლევდა, გაუჩინარდა.

ინფორმაციას  „როიტერი“ ავრცეებს

როგორც გამოცემა წერს,  ამ დროისთვის მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

წყალქვეშა ნავი, რომელიც ტიტანიკის ნამსხვრევების შესასწავლად ტურისტები გადაჰყავდა, კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან გაუჩინარდა. მედიის ცნობით, ხომალდზე, სავარაუდოდ, ხუთი ადამიანი იმყოფებოდა.

აშშ-ის სანაპირო დაცვისა და კანადის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ ქვეყნების ხელისუფლებებმა დაიწყეს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია, გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს თვითმფრინავებითა და გემებით ეძებენ.

საექსპედიციო კომპანიაში განაცხადეს, რომ ხომალდს წყალქვეშ ყოფნა დაახლოებით 96 საათის განმავლობაში შეუძლია, თუმცა უცნობია, წყალქვეშა ნავი ისევ წყლის ქვეშაა თუ ზედაპირზე ამოცურა და ხმელეთთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს ყველაზე კარგად უსიამოვნო ან მოსაწყენი საქმეების კეთება გამოგდით, რომლებსაც ადრე თავს არიდებდით. გარშემო მყოფებთან ურთიერთობა თანდათან იძაბება – თანამოსაუბრე შეიძლება უხეშობით ან უსამართლო კრიტიკით გაანაწყენოთ. ამ დღეს გუნდურ მუშაობას ინდივიდუალური ჯობს.

კურო

გირჩევთ რთული დ მნიშვნელოვანი საქმეების კეთება ხვალისთვის გადადოთ და ეს დღე ძველი საქმეების დასრულებას დაუთმოთ, რაც ყოველთვის კარგად გამოგდით. ეცადეთ ადამიანთან, ვისაც დიდი ხნის წინ ეჩხუბეთ და არ ელაპარაკებით, ურთიერთობა აღადგინოთ. დღის მეორე ნახევარი ბუნებაში, სუფთა ჰაერზე უნდა გაატაროთ, რაც ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

დროა საკუთარი ვალდებულებების შესრულებაზე და ვალების დაბრუნებაზე იზრუნოთ – ეს თქვენს სულიერ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. პირად ურთიერთობებში შეიძლება ნდობასთან დაკავშირებული პრობლემები გაჩნდეს – იმის ნაცვლად, რომ გამუდმებით პარტნიორის ტყუილში გამოჭერას ცდილობდეთ, მასთან გულწრფელად საუბარი და გაუგებრობის აღმოფხვრა უნდა სცადოთ.

კირჩხიბი

ახალი, იმედის მომცემი პროექტის დაწყებამდე გირჩევთ ძველი ვალდებულებები შეასრულოთ. ინფორმაციის უზარმაზარ ნაკადში გირჩევთ მხოლოდ ის საკითხები აირჩიოთ, რომლებიც უშუალოდ თქვენ ან თქვენს საქმიანობას ეხება. თუ საკუთარ დროს უფრთხილდებით გარშემო მყოფებთან ურთიერთობა უნდა შეზღუდოთ.

ლომი

რადიკალური ცვლილების დრო დადგა. უარი თქვით საქმეებზე, რომლებსაც განვითარების პერსპექტივა არ აქვთ და უკან გექაჩებიან. ეცადეთ დღე იმ ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ, რომლებიც შთაგაგონებენ და საინტერესო იდეებს გაწვდიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი გეგმები საიდუმლოდ შეინახოთ და უახლოეს ადამიანებსაც კი არ გაუმხილოთ – ამ დღეს მათგან მხარდაჭერის იმედი არ უნდა გქონდეთ.

ქალწული

თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების დრო დგება. შეგიძლიათ, საკუთარი აზრები თამამად გამოხატოთ და არ შეგეშინდეთ, რომ ვიღაც ამის გამო გაგაკრიტიკებთ. შეზღუდეთ ურთიერთობა მარადიულად უკმაყოფილო და გაღიზიანებულ ადამიანებთან და ეცადეთ კონფლიქტური სიტუაციები თავიდან აიცილოთ.

სასწორი

ამ დღეს ინტუიცია სწორ მინიშნებებს გაძლევთ, ამიტომ გარშემო მყოფებზე მეტად, საკუთარ თავს მოუსმინეთ. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, რადგან მისი დასრულებისთვის ენთუზიაზმი არ გეყოფათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დამატებითი ვალდებულებების აღებისგან თავი შეიკავოთ და ზედმეტ აქტიურობას მოერიდოთ.

მორიელი

საყვარელ ადამიანებთან გულწრფელი საუბარი საშუალებას მოგცემთ შეთანხმებას მიაღწიოთ და ურთიერთობა გააძლიეროთ. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ ან გონებრივ დატვირთვას, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. დღის მეორე ნახევარში დრო გამონახეთ უფროსი ნათესავის მონახულებისთვის, რომელიც დიდი ხანია, არ გინახავთ.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ ბედისწერის მინიშნებებს – ამ დღეს შეიძლება ძალიან გაგიმართლოთ. საყვარელ ადამიანებთან მტკივნეულ თემებზე საუბარი დიდი კონფლიქტით დასრულდება, ამიტომ ეცადეთ, სხვების მიმართ მეტი ტაქტი და პატივისცემა გამოიჩინოთ. ფიზიკური აქტივობა და სპორტი დაგროვილი დაძაბულობისგან გაგათავისუფლებთ.

თხის რქა

დროა შეისვენოთ – მიეცით სხვა ადამიანებს საშუალება, რომ გადაწყვეტილება მიიღონ და პასუხისმგებლობა აიღონ. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობამ შეიძლება თქვენი ცხოვრება სასიამოვნო ცვლილებებით აავსოს, ამიტომ სახლიდან გამოდით და ახალი ადამიანების გაცნობის ნუ შეგეშინდებათ. იზრუნეთ საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობაზე – ეცადეთ, მზეზე დიდხანს არ გაჩერდეთ და მეტი სუფთა წყალი დალიოთ.

მერწყული

ამ დღეს გარშემომყოფების დახმარება ჰაერივით გჭირდებათ, ამიტომ გირჩევთ დაუკავშირდეთ და საკუთარ პრობლემებზე უამბოთ. ახლობელი ადამიანი შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალს გიკარნახებთ. გადაწყვეტილების მიღებისას გირჩევთ ყველა რისკი და მოსალოდნელი შედეგი გამოთვალოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა ახალი ადამიანების გაცნობისა და ახალი ინფორმაციის მიღებისთვის. სიახლემ, რომელსაც ამ დღეს გაიგებთ, შეიძლება თქვენი ცხოვრება მთლიანად შეცვალოს. თუ დაწყებული საქმე შეფერხდა, მისი დასრულებისთვის მეტი მოთმინება და მონდომება უნდა გამოიჩინოთ.

“ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს ისეთი რეზერვები, რომლებიც შეაჩერებს უკრაინას”-ზელენსკი

ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს ისეთი რეზერვები, რომლებიც შეაჩერებს უკრაინას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„ზოგიერთ რეგიონში ჩვენი მეომრები წინ მიიწევენ, ზოგიერთ რეგიონში ისინი იცავენ თავიანთ პოზიციებს და ეწინააღმდეგებიან ოკუპანტების თავდასხმებს. ჩვენ არ გვაქვს დაკარგული პოზიციები. ჩვენ მხოლოდ გათავისუფლებები გვაქვს, მათ კი – მხოლოდ ზარალი. ზოგადად, ეს არის ჩვენზე ზეწოლა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავუხსნათ გზა ჩვენს დროშას. ლურჯი და ყვითელი ფერები იქნება მთელ ჩვენს სამხრეთსა და აღმოსავლეთში. ბოროტ სახელმწიფოს არ გააჩნია ისეთი რეზერვები, რომლებიც უკრაინას შეაჩერებს, რადგან ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და ეს გვაძლევს უდიდეს ძალას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ ოფიცერს და ყველა გენერალს, რომლებიც ჩართულნი არიან აქტიურ შეტევასა და თავდაცვით მოქმედებებში.

შპს „თამ მენეჯმენტი“ განცხადებას ავრცელებს

შპს „თამ მენეჯმენტი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ჯორჯიან თაიმსი”  უცვლელად გთავაზობთ:

„ტელეკომპანია „მთავარი არხზე“ ა.წ 11 და 14 ივნისს გავიდა რეპორტაჟები, სადაც დამახინჯებულია ფაქტები, რის გამოც რეპუტაციული ზიანი მიადგა შპს „თამ მენეჯმენტს“.

შპს „თამ მენეჯმენტი“ მკაფიოდ და გადაჭრით ვაცხადებთ, რომ ჩვენს კომპანიას არც წარსულში და არც დღეს არა აქვს არანაირი თანამშრომლობა იმ მტრული ქვეყნის უწყებებთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი და დღეს საშინელ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. მკაფიოდ და გადაჭრით ვაცხადებთ, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან გამორიცხულია ყოველგარი თანამშრომლობა მესამე პირების (ქვეყნების) მეშვეობით, მათ შორის თვითმფრინავების მარაგ ნაწილების მიწოდება. ვგმობთ რუსეთის დამპყრობლურ ომს უკრაინის წინააღმდეგ და სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადეთ უკრაინელ ხალხს.

შპს „თამ მენეჯმენტი“ შეიქმნა 2015 წელს, მას შემდეგ რაც 2010 წელს სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის პერიოდში თბილისის საავიაციო ქარხანა ერთ ღამეში, იძულებისა და შანტაჟის გზით წაართვეს კანონიერ მესაკუთრეებს (25 აქციონერს). სწორედ საავიაციო ქარხნის დაზარალებულმა აქციონრებმა (მენეჯმენტის ჯგუფმა) დააფუძნა ახალი კომანია შპს „თამ მენეჯმენტი“, რომელმაც დროებით სარგებლობაში აიღო თბილისის საავიაციო ქარხნის (სს „თბილავიამშენის“) მხოლოდ ერთი ანგარი, სადაც ამჟამად ვეწევით საქმიანობას, ხოლო თავად სს „თბილავიამშენი“ 2010 წლიდან დღემდე არის სახელმწიფოს უკანონო საკუთრებაში.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 11 ივნისის სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში საუბარი იყო შპს „თამ მენეჯმენტის“ აფილაციის შესახებ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ქვეყნის მართვასთან დაკავშირებულ პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან. სიუჟეტში განგებ დამალული იყო ის გარემოება, რომ კომპანიის დაზარალებულ აქციონრებს, (რომლებიც 2010 წლამდე იყვნენ სს „თბილავიამშენის“ აქციონრები) 2013 წლიდან სასამართლო დავა გვაქვს სახელმწიფოსთან სწორედ სს „თბილავიამშენის“ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების/აქციების უკან დაბრუნების მოთხოვნით. 11 წელია უშედეგოდ გრძელდება ეს სასამართლო დავა. როგორც მოსალოდნელი იყო წაგვაგებინეს პროცესები პირველ და მეორე ინსტანციებში, ხოლო უზენაეს სასამართლოში ჩვენი საკასაციო საჩივარი ყოველგვარი კანონის დარღვევით სამი წელიწადია განუხილველად დევს.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ჩვენი კომპანიის დადანაშაულება რუსეთთან ირიბ თანამშრომლობაში. ეს არა თუ დიდი ტყუილია, დიდი ღალატიც არის, რომლის მიზანია საკუთარი ქვეყნის ძალზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიის განადგურება. რუსეთი ყოველთვის განიხილავდა ქართულ საავიაციო წარმოებას (საავიაციო ქარხნის სახით) მის კონკურენტად და ყოველმხრივ ცდილობდა ხელი შეეშალა და გაეჩერებინა ქართული საავიაციო ქარხანა. ოკუპანტ ქვეყანას თავად გააჩნია სუ-25 ტიპის თვითმფრინავების რამოდენიმე სარემონტო ქარხანა, ამას ემატება ასეთივე ქარხანა ბელორუსიაში. ქართული წარმოების მიმართ რუსეთის ისტორიული მტრობის უტყუარი მტკიცებულებაა 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის მიერ ჩვენი საავიაციო ქარხნის დაბომბვა. რუსეთის მიზანი იყო და არის ქართული საავიაციო წარმოების სრული განადგურება. რესეთმა ეს ვერ მოახერხა 2008 წელს, სამწუხაროდ, ამას აკეთებენ მავანნი ამგვარი შეკვეთილი სიუჟეტებით.

შპს „თამ მენეჯმენტის“ პარტნიორთა სტრუქტურა შედგება დარგის კვალიფიციური და უნიკალური სპეციალისტებისა და მენეჯმენტისაგან (ჩამორთმეული „სავიაციო ქარხნის“ ყოფილი აქციონრებისაგან). სატელევიზიო სიუჟეტში არაერთხელ გაიჟღერა ბ-ნი თ. სომხიშვილის გვარმა, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს კომპანიის ერთ-ერთ, არაპირდაპირ პარტნიორს და შესაბამისად, მისი მონაწილეობა ჩვენს კომპანიაში შემოიფარგლება მხოლოდ პარტნიორი კომპანიის მფლობელის სტატუსით და იგი არ მონაწილეობს “თამ მენეჯმენტის“ მართვასა და ბიზნესის ოპერირებაში. ყოველგვარი ბრადლება მისი ან „თამ მენეჯმენთის“ რაიმე სამართლებრივი ან სხვაგვარი კავშირის შესახებ რუსულ კონცერ „სუხოისთან“, სრული აბსურდი და ასევე დიდი ტყუილია. კონცერნი „სუხოი“ შეიქმნა გასული საუკუნის 90-იან წლებში, ხოლო შპს „თამ მენეჯმენტი“ 2015 წელს. ამდენად, შპს „თამ მენეჯმენტი“ ვერ მიიღებდა მონაწილეობას „სუხოის“ დაფუძნებაში და არც ოდესმე შეუძენია მისი რაიმე წილი.

„მთავარი არხის“ სიუჟეტში საუბარი იყო კონგოს და ჩადის საკუთრებაში მყოფ თვითმფრინავებზე, რომელთა ნაწილებითაც თითქოსდა მარაგდება რუსული თვითმფრინავები, რომლებიც ბომბავენ უკრაინას. ეს თეორიული დაშვებაც კი სრული აბსურდი და აღმაშფოთებელი სიცრუეა, ვინაიდან ჩვენს კომპანიის ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფარგლებში (2021-2023 წლები) ჯერ არ განუხორციელებია არცერთი თვითმფრინავის მიწოდება ან რემონტი. ამასთან, აფრიკის სახელმწიფოთა ბაზარი ქართულ საავიაციო წარმოებას დამკვიდრებული აქვს უკვე მრავალი წლის მანძილზე და ეს თანამშრომლობა არ არის ახალი ან უჩვეულო. ჩვენი კომპანია ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ყაზახეთის, უკრაინის და აზერბაიჯანის შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან და საავიაციო ინდუსტრიებთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ლათინური ამერიკის სახელმწიფოებთან და კომპანიებთან.

ჩვენს მიერ 2015 წელს დაარსებულმა კომპანიამ განახორციელა 7 მლნ. აშშ დოლარის ინვესტირება ახალ საავიაციო წარმოებაში. შპს „თამ მენეჯმენტში“ დასაქმებულია 300 ადამიანი. ჩვენ ხელახლა შევძელით შეგვექმნა თანამედროვე სტანდარტების ავია წარმოება, რომელიც ფლობს ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატებს ISO და EN, ახორციელებს სამხედრო დანიშნულების თვითმფრინავების და ვერტმფრენების რემონტს და მოდერნიზებას. ჩვენი კომპანიის საკონსტრუქტორი სამსახურის მიერ შეიქმნა 9 ადგილიანი ბიზნეს ჯეტისა და უპილოტო საფრენი აპარატის წარმატებული კონსტრუქციული პროექტები, რომელთა წარმოებაც იგეგმება კომპანიის მიერ. ჩვენს მიერ დადებული საერთაშორისო კონტრაქტების შესრულება კი უმეტესწილად ხორციელდება უკრაინულ კომპანიებთან და სხვა პარტნიორებთან სტრატეგიული თანამშრომლობით და დახმარებით.

და ბოლოს, ყალბი სიუჟეტის მომზადებისას „მთავარმა არხმა“ ფორმალურადაც კი არ მოგვცა მის ბრალდებებზე „პასუხის უფლება“. ამ წერილით ვპასუხობთ საზოგადოების კანონიერ უფლებას იცოდეს სიმართლე“, – ნათქვამია შპს „თამ მენეჯმენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარლამენტთან მაღაროელებმა კარვები გაშალეს

პარლამენტის შენობასთან  ჭიათურელმა მაღაროელებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ადგილზე შეკრებილები იყვნენ სამოქალაქო აქტივისტებიც, რომლებიც მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებდნენ.

მათი მოთხოვნა ხელფასის 40%-ით გაზრდაა. დასაქმებულები ამბობენ, რომ ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება, პროტესტი გაგრძელდება.

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულები პარლამენტის შენობასთან რჩებიან. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ რუსთაველის გამზირზე კარვები გაშალეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ღამეს საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენებენ. მაღაროელების თქმით, პარლამენტის წინ დარჩებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

ამასთან, ადგილზე მყოფები აცხადებენ, რომ აქცია პარლამენტის შენობასთან ხვალ, 18:00 საათიდან განახლდება. მანამდე კი, 16:00 საათზე მაღაროელები პარლამენტის შენობიდან „ჯორჯიან მანგანეზის“ ოფისამდე მსვლელობას გამართავენ.

ჭიათურის მაღაროში დასაქმებულთა გაფიცვა უკვე მე-14 დღეა, გრძელდება. ისინი ხელფასის გაზრდას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, შრომითი უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ჰიგიენის პირობებისა და კვების საკითხების გაუმჯობესებას ითხოვენ. მაღაროელთა ნაწილმა რამდენიმე დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა. გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის მედიატორის ჩართულობით რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება კომპანიის პოზიციას, „ჯორჯიან მანგანეზში“ განაცხადეს, რომ კომპანიამ ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნების, ხელფასების ხუთი პროცენტით გაზრდის, აუდიტის ჩატარებისა და ერთობლივი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, აქვთ მზაობა, კონსენსუსამდე მივიდნენ და ნდობა ამაღლდეს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია გარე პირების ჩართულობა, მათ შორის აუდიტორის.