“მტერი ადვილად არ დანებდება” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

84
spot_img

რუსეთ-უკრაინის ომის 482-ე დღე

უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, 1 010 რუსი ჯარისკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს და რუსული ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგებმა უკრაინაში 221 460-ს მიაღწია, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 997 ტანკს, 7 750 ჯავშანმანქანას, 3 888 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 314 საბრძოლო თვითმფრინავს და 306 ვერტმფრენს, 6 645 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 393 უპილოტო საფრენ აპარატს, 531 ერთეულ სპეცტექნიკას, 1 214 ფრთოსან რაკეტას.

“უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 20 ივნისს ღამით რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 გაანადგურეს,” – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

„ღამით, რუსმა ტერორისტებმა უკრაინაზე კიდევ ერთი მასიური სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელეს. წინასწარი მონაცემებით, მტრის მიერ გაშვებული Shahed-ის 30 დრონიდან 28 განადგურებულია“, – აცხადებენ გენშტაბში.

ასევე, მათივე ინფორმაციით, ზაპოროჟიესა და მის შემოგარენში რუსულმა ძალებმა S-300 ტიპის 7 რაკეტა გამოიყენეს. სარაკეტო დარტყმის შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

შეგახსენებთ, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. დედაქალაქ კიევსა და კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა და რუსების მიერ გაშვებული თითქმის 20 საჰაერო ობიექტი განადგურდა. რუსებმა ლვოვში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს, ზაპოროჟიესა და მის შემოგარენში კი კომუნიკაციები და კერძო საკუთრება დაზიანდა, მაგრამ თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 4 მიმართულებით 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე. მძიმე ბრძოლები გრძელდება – გასული დღის განმავლობაში 45 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში, რუსებმა უკრაინაზე თავდასასხმელად „კალიბრის“ ტიპის 4 ფრთოსანი რაკეტა და 4 ირანული Shahed-136/131-ის დრონი გამოიყენეს, თუმცა უკრაინელებმა რვავე მათგანი გაანადგურეს.

ამასთან, გენშტაბის ცნობით, რუსებმა, გასული დღის განმავლობაში, 45 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და მშვიდობიან დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი დაახლოებით 70-ჯერ გაუხსნეს.

„უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა მომავალში მაღალი რჩება“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ იმ ადგილებს, სადაც რუსების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული, 15 დარტყმა მიაყენა.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა დაარტყეს მართვის 3 პუნქტს, პერსონალის და სამხედრო ტექნიკის თავმოყრის 10 ტერიტორიას, საბრძოლო მასალის 2 საწყობს, საწვავის და საპოხი მასალების საწყობს, 15 საარტილერიო დანადგარს, 3 საჰაერო თავდაცვის სისტემას და ოკუპანტების კიდევ 2 მნიშვნელოვან ობიექტს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განმარტებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევისგან მაღალი მოლოდინი დაკავშირებულია ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში შარშანდელ წარმატებებთან.

“ეს ომია. არ შეიძლება ტელევიზორის წინ დაჯდე და იფიქრო: “ოჰ, ახლა ჩვენები გაიმარჯვებენ! რატომ არ იგებთ?! ჰოო-ჰო!“ ასე არ გამოვა“, – თქვა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, გასული წლის შემოდგომაზე „ხარკოვის ოპერაციამ“ რუსებისთვის ძალიან სწრაფად და მოულოდნელად ჩაიარა. “ხერსონი, პირიქით, უფრო ნელა მიმდინარეობდა, რადგან ნიადაგის რელიეფი, ამინდის პირობები და ბევრი სხვა რამ სრულიად განსხვავებულია.

„ახლა, არ შეიძლება მოველოდეთ მოვლენების განვითარებას ისე სწრაფად, როგორც ადრე, რადგან ჩვენ გვაქვს განსხვავებული ფრონტის ხაზი, განსხვავებული რელიეფი და განსხვავებული ამინდის პირობები“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, რუსებს უკრაინელების მიმდინარე კონტრშეტევისთვის მომზადების საშუალება ჰქონდათ.

„პლუს, რუსებს ჰქონდათ მომზადების საშუალება. დანაღმული ველების სიმჭიდროვე წარმოუდგენელია. რუსებისგან განსხვავებით, უკრაინელები უფრთხილდებიან თავიანთი ჯარისკაცების სიცოცხლეს. რუსები თავიანთ ჯარისკაცებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ“, – დასძინა რეზნიკოვმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, რუსული ძალები უკრაინელებს მნიშვნელოვან წინააღმდეგობას უწევენ, რის გამოც, მათ მძიმე ბრძოლა ელით.

„უნდა გვესმოდეს, რომ მტერი ადვილად არ დანებდება. უნდა განვეწყოთ იმისთვის, რომ ეს იქნება ძალიან მძიმე ბრძოლა. რეალურად, ეს არის ის, რაც ახლა ხდება“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისივე თქმით, უკრაინელ სამხედროებს უჭირთ სამხრეთით წინსვლა მტრის წინააღმდეგობისა და ნაღმების გამო. ამავე დროს, ანა მალიარმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის დამცველები „მოძრაობენ ისე, როგორც უნდა მოძრაობდნენ და ყველაზე დიდი შედეგები ჯერ კიდევ წინ არის“.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, არ არის აუცილებელი სამხედროების წარმატებების გაზომვა მხოლოდ კილომეტრებით ან გათავისუფლებული დასახლებებით, რადგან ოპერაციას რამდენიმე ამოცანა აქვს, რომელიც უკვე ხორციელდება.