შპს „თამ მენეჯმენტი“ განცხადებას ავრცელებს

158
spot_img

შპს „თამ მენეჯმენტი“ საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ჯორჯიან თაიმსი”  უცვლელად გთავაზობთ:

„ტელეკომპანია „მთავარი არხზე“ ა.წ 11 და 14 ივნისს გავიდა რეპორტაჟები, სადაც დამახინჯებულია ფაქტები, რის გამოც რეპუტაციული ზიანი მიადგა შპს „თამ მენეჯმენტს“.

შპს „თამ მენეჯმენტი“ მკაფიოდ და გადაჭრით ვაცხადებთ, რომ ჩვენს კომპანიას არც წარსულში და არც დღეს არა აქვს არანაირი თანამშრომლობა იმ მტრული ქვეყნის უწყებებთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი და დღეს საშინელ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. მკაფიოდ და გადაჭრით ვაცხადებთ, რომ ოკუპანტ ქვეყანასთან გამორიცხულია ყოველგარი თანამშრომლობა მესამე პირების (ქვეყნების) მეშვეობით, მათ შორის თვითმფრინავების მარაგ ნაწილების მიწოდება. ვგმობთ რუსეთის დამპყრობლურ ომს უკრაინის წინააღმდეგ და სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადეთ უკრაინელ ხალხს.

შპს „თამ მენეჯმენტი“ შეიქმნა 2015 წელს, მას შემდეგ რაც 2010 წელს სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის პერიოდში თბილისის საავიაციო ქარხანა ერთ ღამეში, იძულებისა და შანტაჟის გზით წაართვეს კანონიერ მესაკუთრეებს (25 აქციონერს). სწორედ საავიაციო ქარხნის დაზარალებულმა აქციონრებმა (მენეჯმენტის ჯგუფმა) დააფუძნა ახალი კომანია შპს „თამ მენეჯმენტი“, რომელმაც დროებით სარგებლობაში აიღო თბილისის საავიაციო ქარხნის (სს „თბილავიამშენის“) მხოლოდ ერთი ანგარი, სადაც ამჟამად ვეწევით საქმიანობას, ხოლო თავად სს „თბილავიამშენი“ 2010 წლიდან დღემდე არის სახელმწიფოს უკანონო საკუთრებაში.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ 11 ივნისის სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში საუბარი იყო შპს „თამ მენეჯმენტის“ აფილაციის შესახებ სახელმწიფო სტრუქტურებთან, ქვეყნის მართვასთან დაკავშირებულ პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან. სიუჟეტში განგებ დამალული იყო ის გარემოება, რომ კომპანიის დაზარალებულ აქციონრებს, (რომლებიც 2010 წლამდე იყვნენ სს „თბილავიამშენის“ აქციონრები) 2013 წლიდან სასამართლო დავა გვაქვს სახელმწიფოსთან სწორედ სს „თბილავიამშენის“ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების/აქციების უკან დაბრუნების მოთხოვნით. 11 წელია უშედეგოდ გრძელდება ეს სასამართლო დავა. როგორც მოსალოდნელი იყო წაგვაგებინეს პროცესები პირველ და მეორე ინსტანციებში, ხოლო უზენაეს სასამართლოში ჩვენი საკასაციო საჩივარი ყოველგვარი კანონის დარღვევით სამი წელიწადია განუხილველად დევს.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ჩვენი კომპანიის დადანაშაულება რუსეთთან ირიბ თანამშრომლობაში. ეს არა თუ დიდი ტყუილია, დიდი ღალატიც არის, რომლის მიზანია საკუთარი ქვეყნის ძალზე მნიშვნელოვანი ინდუსტრიის განადგურება. რუსეთი ყოველთვის განიხილავდა ქართულ საავიაციო წარმოებას (საავიაციო ქარხნის სახით) მის კონკურენტად და ყოველმხრივ ცდილობდა ხელი შეეშალა და გაეჩერებინა ქართული საავიაციო ქარხანა. ოკუპანტ ქვეყანას თავად გააჩნია სუ-25 ტიპის თვითმფრინავების რამოდენიმე სარემონტო ქარხანა, ამას ემატება ასეთივე ქარხანა ბელორუსიაში. ქართული წარმოების მიმართ რუსეთის ისტორიული მტრობის უტყუარი მტკიცებულებაა 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის მიერ ჩვენი საავიაციო ქარხნის დაბომბვა. რუსეთის მიზანი იყო და არის ქართული საავიაციო წარმოების სრული განადგურება. რესეთმა ეს ვერ მოახერხა 2008 წელს, სამწუხაროდ, ამას აკეთებენ მავანნი ამგვარი შეკვეთილი სიუჟეტებით.

შპს „თამ მენეჯმენტის“ პარტნიორთა სტრუქტურა შედგება დარგის კვალიფიციური და უნიკალური სპეციალისტებისა და მენეჯმენტისაგან (ჩამორთმეული „სავიაციო ქარხნის“ ყოფილი აქციონრებისაგან). სატელევიზიო სიუჟეტში არაერთხელ გაიჟღერა ბ-ნი თ. სომხიშვილის გვარმა, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს კომპანიის ერთ-ერთ, არაპირდაპირ პარტნიორს და შესაბამისად, მისი მონაწილეობა ჩვენს კომპანიაში შემოიფარგლება მხოლოდ პარტნიორი კომპანიის მფლობელის სტატუსით და იგი არ მონაწილეობს “თამ მენეჯმენტის“ მართვასა და ბიზნესის ოპერირებაში. ყოველგვარი ბრადლება მისი ან „თამ მენეჯმენთის“ რაიმე სამართლებრივი ან სხვაგვარი კავშირის შესახებ რუსულ კონცერ „სუხოისთან“, სრული აბსურდი და ასევე დიდი ტყუილია. კონცერნი „სუხოი“ შეიქმნა გასული საუკუნის 90-იან წლებში, ხოლო შპს „თამ მენეჯმენტი“ 2015 წელს. ამდენად, შპს „თამ მენეჯმენტი“ ვერ მიიღებდა მონაწილეობას „სუხოის“ დაფუძნებაში და არც ოდესმე შეუძენია მისი რაიმე წილი.

„მთავარი არხის“ სიუჟეტში საუბარი იყო კონგოს და ჩადის საკუთრებაში მყოფ თვითმფრინავებზე, რომელთა ნაწილებითაც თითქოსდა მარაგდება რუსული თვითმფრინავები, რომლებიც ბომბავენ უკრაინას. ეს თეორიული დაშვებაც კი სრული აბსურდი და აღმაშფოთებელი სიცრუეა, ვინაიდან ჩვენს კომპანიის ამ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფარგლებში (2021-2023 წლები) ჯერ არ განუხორციელებია არცერთი თვითმფრინავის მიწოდება ან რემონტი. ამასთან, აფრიკის სახელმწიფოთა ბაზარი ქართულ საავიაციო წარმოებას დამკვიდრებული აქვს უკვე მრავალი წლის მანძილზე და ეს თანამშრომლობა არ არის ახალი ან უჩვეულო. ჩვენი კომპანია ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ყაზახეთის, უკრაინის და აზერბაიჯანის შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან და საავიაციო ინდუსტრიებთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ლათინური ამერიკის სახელმწიფოებთან და კომპანიებთან.

ჩვენს მიერ 2015 წელს დაარსებულმა კომპანიამ განახორციელა 7 მლნ. აშშ დოლარის ინვესტირება ახალ საავიაციო წარმოებაში. შპს „თამ მენეჯმენტში“ დასაქმებულია 300 ადამიანი. ჩვენ ხელახლა შევძელით შეგვექმნა თანამედროვე სტანდარტების ავია წარმოება, რომელიც ფლობს ხარისხის საერთაშორისო სერტიფიკატებს ISO და EN, ახორციელებს სამხედრო დანიშნულების თვითმფრინავების და ვერტმფრენების რემონტს და მოდერნიზებას. ჩვენი კომპანიის საკონსტრუქტორი სამსახურის მიერ შეიქმნა 9 ადგილიანი ბიზნეს ჯეტისა და უპილოტო საფრენი აპარატის წარმატებული კონსტრუქციული პროექტები, რომელთა წარმოებაც იგეგმება კომპანიის მიერ. ჩვენს მიერ დადებული საერთაშორისო კონტრაქტების შესრულება კი უმეტესწილად ხორციელდება უკრაინულ კომპანიებთან და სხვა პარტნიორებთან სტრატეგიული თანამშრომლობით და დახმარებით.

და ბოლოს, ყალბი სიუჟეტის მომზადებისას „მთავარმა არხმა“ ფორმალურადაც კი არ მოგვცა მის ბრალდებებზე „პასუხის უფლება“. ამ წერილით ვპასუხობთ საზოგადოების კანონიერ უფლებას იცოდეს სიმართლე“, – ნათქვამია შპს „თამ მენეჯმენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.