Home Blog Page 1803

“გუშინდელმა შემზარავმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ყალბია „რუსული ოცნების“ ნარატივი, როცა მშვიდობაზე გვესაუბრება”

გუშინდელმა შემზარავმა მკვლელობამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ სრულიად ყალბია „რუსული ოცნების“ ნარატივი, როდესაც ის მშვიდობაზე გვესაუბრება – დღევანდელ ხელისუფლებას არჩეული აქვს კოლაბორაციონისტული, შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საოკუპაციო ხაზთან საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ერთადერთი გზა რეალური მშვიდობის მიღწევისთვის ნატო-სა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაა.

„განა ესაა მშვიდობა, როდესაც ჩვენს მოქალაქეს, რომელიც მამის საფლავზე მიდის სალოცავად, ზურგში ესვრიან რუსული საოკუპაციო ძალები? ერთადერთი გზა რეალური მშვიდობის მიღწევის და იმის, რომ ჩვენი მოქალაქეები ყველგან, საქართველოს ტერიტორიაზე იყვნენ დაცული, არის საქართველოს გაწევრიანება ნატო-სა და ევროკავშირში. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ვიმუშაოთ თითოეულმა ჩვენგანმა. სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას არჩეული აქვს კოლაბორაციონისტული, შემრიგებლური პოლიტიკა მტერთან. ეს რას იძლევა, გვიჩვენებს მათ შორის ის უმძიმესი ფაქტები, რაც გუშინ ვიხილეთ”,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

კერძოდ, სუს-ის ინფორმაციის თანახმად, “2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე”.

შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

“საქართველო კანდიდატის სტატუსს პირობებით მიიღებს” – რიკარდ იოზვიაკი

საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს გარკვეული პირობებით მიიღებს, – წერს “რადიო თავისუფლების” ევროპელი მიმომხილველი, რიკარდ იოზვიაკი.

„27 ევროკომისრის კაბინეტის ხელმძღვანელები 6 ნოემბერს ევროკავშირის გაფართოების შესახებ განსახილველად შეიკრიბნენ. 7 ნოემბერს მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ მთავარი წინაპირობები ნათელია: უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნას ელოდება (სავარაუდოდ, 2024 წლის მარტში) საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს შემდეგ ეტაპზე გადასვლის პირობებით”, – წერს იოზვიაკი.

ევროკომისიის რეკომენდაცია 8 ნოემბერს გამოქვეყნდება, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილებას  ევროკავშირის ლიდერები დეკემბერში მიიღებენ.

“ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებს 38-ჯერ დაარტყეს” – პენტაგონი

ერაყსა და სირიაში აშშ-ის ბაზებზე 17 ოქტომბერს თავდასხმების ტალღის დაწყების შემდეგ იერიში 38-ჯერ მიიტანეს, – ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, თავდასხმების უმეტესობა რაკეტებითა და დრონებით მოხდა და სავარაუდოდ, ირანთან დაკავშირებულმა ჯგუფებმა განახორციელეს. რაიდერმა განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანება სულ მცირე 45-მა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო, მათ შორის 24-ს ტვინის ტრავმული დაზიანებები ჰქონდა.

პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში ამჟამად ოთხი ძირითადი მიზანი აქვს: რეგიონში აშშ-ის ძალების და მოქალაქეების დაცვა, „ჰამასის“ დაჯგუფებისგან თავის დასაცავად ისრაელისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უსაფრთხოების დახმარების უზრუნველყოფა, მძევლების გათავისუფლებაში ისრაელისთვის დახმარების აღმოჩენა და ღაზას ფარგლებს გარეთ კრიზისის გავრცელების თავიდან აცილება.

„საშიში მშვიდობა: ინციდენტი კირბალის ეკლესიასთან“ – “ამერიკის ხმა” 6 ნოემბრის ინცინდენტს ეხმაურება

ამერიკული სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საშიში მშვიდობა: ინციდენტი კირბალის ეკლესიასთან“, რომელშიც გადმოცემულია 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან მომხდარი ინციდენტი.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

რუსმა ოკუპანტებმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს. ის თანასოფლელთან, ლევან დოთიაშვილთან ერთად, მისი კუთვნილი ავტომანქანით, კირბალის წმინდა გიორგის სალოცავთან იმყოფებოდა. კირბალში მცხოვრებლებმა სროლის ხმა სოფელში კი გაიგეს, მაგრამ დახმარება ვერ შეძლეს.

თამაზ გინტურს, მშვიდობიან მოქალაქეს, სურდა, თავისსავე სოფელში ეკლესიაში მისვლა. ეს მისი მკვლელობის მიზეზად იქცა.

თამაზ გინტურს რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს. ის დაიჭრა, მაგრამ ოკუპანტების პირველი საზრუნავი, ამ დროს, სამედიცინო დახმარების მობილიზება არ ყოფილა. მათ ადგილზე მისვლის უფლება არ მისცეს არც ქართველ სამართალდამცავებს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდნენ, რომ დაჭრილი თამაზ გინტური სისხლისგან იცლებოდა, ქართულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მისვლისა და სასიკვდილოდ დაჭრილი ადამიანის წაყვანის ნება დართეს,- ეს გახლავთ ინფორმაცია, რასაც კირბალელები ფლობენ.

თამაზ გინტური საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. მისი ცხედარი ამ დროისთვის, თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მკვლელობის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებისთანავე კირბალთან მობილიზება დაიწყეს მოქალაქეებმა და ჟურნალისტებმა. ქართველმა სამართალდამცავებმა სოფელში შესასვლელი გზა გადაკეტეს და გადაადგილების უფლება ყველას შეუზღუდეს. მათ შორის, სოფელში არ შეუშვეს ატისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები, ვინც პირველებმა გაავრცელეს ინფორმაცია რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის თაობაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია: „2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით“.

6 ნოემბერს, ღამის თერთმეტი საათისთვის ერგნეთში, იქ სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მოლაპარაკებები იმართება, “ტექნიკური” შეხვედრა ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ქართული მხარის მთავარი მოთხოვნა თამაზ გინტურთან ერთად მყოფი მოქალაქის, ლევან დოთიაშვილის გადმოცემა იყო. ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ლევან დოთიაშვილიც იყოს დაჭრილი, რადგან რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი ავტომანქანის მიმართულებით გახსნეს და დაცხრილეს. ირაკლი ანთაძემ, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ „ლევან დოთიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“. კითხვაზე, არის თუ არა ის დაჭრილი, პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებებში, როდესაც საქმე უკანონო დაკავების ფაქტს ეხება რუსი ოკუპანტების მიერ, ტექსტში გამოყენებულია უკვე სტანდარტულად დამკვიდრებული ფორმულირება – „ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავება“. მიზეზი, თუ რატომ არის თითქმის ყველა განცხადებაში, ხაზგასმულად მითითებული, „ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავება“, ბუნდოვანია, რადგან, უმეტესწილად, დაკავების თვითმხილველები აცხადებენ, რომ რუსმა ოკუპანტებმა გადმოკვეთეს ეგრეთ წოდებული პირობითი საოკუპაციო ხაზი და ასე, საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააკავეს მშვიდობიანი მოქალაქე.

„ოკუპირებული ტერიტორიაც საქართველოს ტერიტორიაა და არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, იმ მყოფი საოკუპაციო ძალები რომელ ტერიტორიაზე ჩაიდენენ მკვლელობას,“- განაცხადა ირაკლი ანთაძემ 6 ნოემბერს, გვიან ღამეს, ერგნეთში გამართული ტექნიკური შეხვედრის შემდეგ.

6 ნოემბრის შემზარავი მკვლელობა ეკლესიის მიმდებარედ მოხდა. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი ლომისას ტაძარიცაა, ამავდროულად, ადგილობრივებისთვის ძალიან ძვირფასია, თუმცა ტაძრამდე მისასვლელი გზა დე-ფაქტო ოკუპირებულია. სანახევროდ მიტაცებულია იქვე არსებული სოფლის სასაფლაოც. მიუხედავად ამისა, მკვიდრი მოსახლეობა, სიცოცხლის რისკის ფასად, მაინც ცდილობს წინაპრების საფლავებზე მისვლას და ეკლესიის მოლოცვას. 2023 წლის ზაფხულში ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ტაძრის შესასვლელი კარი აჭედილია. ეს რუსი ოკუპანტების ნამოქმედარია იმისთვის, რომ ადგილობრივები დაშინდნენ და ეკლესიაში სიარულის სურვილი დაკარგონ.

კირბალის წმინდა გიორგის სახელობის, ლომისას ეკლესია რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში იმ დროს, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მლეთას ლომისას ეკლესიიდან ფეისბუქ-ლაივი გაავრცელა. მან ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, რომ კირბალის ლომისას ეკლესია რუსებმა აჭედეს, რადგან „იქ ვიღაცამ ქართული დროშა ააფრიალა“. მღვდელმთავარი მოუწოდებდა მოსახლეობას, რომ ამგვარი ქცევისგან, მაგალითად, საქართველოს დროშის აღმართვისგან თავი შეეკავებინათ, რადგან ამით რუსი ოკუპანტები ღიზიანდებიან.

საქართველოს მოქალაქეებში მღვდელმთავრის განცხადებამ აღშფოთება გამოიწვია, რადგან მათ მიიჩნიეს, რომ დეკანოზის მესიჯით, ფაქტობრივად, „გამამართლებელი მიზეზი“ აღმოაჩნდათ რუს ოკუპანტებს დაუბრკოლებლად გადაადგილდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე დღეში, ეკლესიასთან მისული მომლოცველებისთვის პირდაპირ ცეცხლის გახსნა უბრალო „დამთხვევაა“ თუ ტერიტორიების მონიშვნა, ღიად დარჩენილი კითხვაა.

რუსი ოკუპანტებისგან სროლის ეს პირველი შემთხვევა არაა. ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი 2023 წლის 13 იანვარს მოხდა, როდესაც მათ არა მხოლოდ ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ ისროლეს, არამედ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას გაუხსნეს ცეცხლი. ამ ფაქტის ნამდვილობა შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემაც დაადასტურა, იმ დროისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც. თუმცა თავად ამბავი ისევ „ძალა ერთობაშიამ“ გაახმაურა.

„რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთმა მესაზღვრემ რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში იმ დროს, როდესაც ჩვენი პატრული ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან გადაადგილდებოდა. ევროკავშირის დამკვირვებლები არ ყოფილან სამიზნე და არ უსვრიათ დამიზნებით, მათი მიმართულებით. ჩვენთვის უცნობია, მიზეზი, თუ რატომ ჰქონდათ ამგვარი რეაქცია ჩვენი პატრულის ყოფნასთან დაკავშირებით. ვადასტურებთ, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები პატრულირებენ ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ და გამოირჩევიან ლურჯი ფერის ჟილეტებით, EUMM ნიშნებით. ინციდენტის დროს ადგილობრივი მცხოვრებლები მიმდებარე ტერიტორიაზე არ ყოფილან. ამდენად, ვერ ვივარაუდებთ, რომ შეიძლებოდა ისინი „არეოდათ“ მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებში,“- ეს გახლავთ პასუხი, რომელიც „ამერიკის ხმამ“ ევროკავშირის მისიის ოფისისგან მიიღო.

2020 წლის ივლისში რუსებმა ასევე ესროლეს მშვიდობიან მოქალაქეს. მსხვერპლი მაშინ ქვემოჭალის მკვიდრი ზაზა გახელაძე გახლდათ. ის სხვილოს ციხის მიმდებარედ დაჭრეს და დააპატიმრეს. საოკუპაციო რეჟიმმა მაშინ განაცხადა, რომ ზაზა გახელაძემაც ისროლა და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დე-ფაქტო ცხინვალის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონდამრღვევები არიან მოკლული თამაზ გინტური და დაპატიმრებული ლევან დოთიაშვილი. ისინი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, ნასვამ მდგომარეობაში, – ამბობს „კაგებე. მხოლოდ ამ ტექსტში რამდენიმე შეუსაბამობაა. მაგალითად, მითითებულია, რომ დაკავების დროს „კანონდამრღვევებმა“ წინააღმდეგობა გასწიეს, რაც იმით გამოიხატა, რომ „ნაჯახით დაემუქრნენ და მანქანას აჯახებდნენ“, შემდეგ კი „მიიმალნენ საქართველოში“.

განცხადების მომდევნო აბზაცში ნათქვამია, რომ „ამ უკანონო ქმედებების ჩასახშობად „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრის დამცავებმა გაისროლეს ჰაერში, შემდეგ კი მანქანის საბურავებს ესროლეს.“ შედეგად ერთ-ერთი კანონდამრღვევი დაიჭრა – ნათქვამია განცხადებაში. გაურკვეველია, რატომ დაიჭრა ადამიანი, თუ რუსები მხოლოდ ავტომანქანის საბურავებს ესროდნენ. ან რა საჭირო იყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება იმ დროს, როდესაც კირბალელებს მხოლოდ ცული ჰქონდათ თან.

დე-ფაქტო უშიშროების სამსახური დასძენს, რომ „ქართული მხარის წარმომადგენლები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ხელს აუარესებს სახელმწიფოთაშორის გამყოფ ხაზზე ვითარებას“.

ადგილობრივები კირბალში, თანასოფლელის მკვლელობის შემდეგ შეშინებული არიან. მათ ისედაც, რუსული ტერორის ქვეშ უწევთ ცხოვრება. სოფელში შესვლის შესაძლებლობა არც თბილისიდან და არც გორიდან ჩასულ მოქალაქეებს არ მისცემიათ მკვლელობის დღეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თამაზ გინტური კარალეთის სპეცრაზმის ყოფილი წევრი და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი ოფიცერი იყო.

წყარო

“კანდიდატის სტატუსის მონიჭება იქნება არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შეფასება და დაფასება, არამედ ეს იქნება უსამართლობის გამოსწორება”

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება არამხოლოდ ხელისუფლების საქმიანობის შეფასება და დაფასება, არამედ ეს იქნება უსამართლობის გამოსწორება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხვალ ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი აქვს.

„ევროკომისიისგან დასკვნის გამოქვეყნებას ველოდებით, გვაქვს პოზიტიური მოლოდინები. ჩვენ, განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში, ინტენსიურად ვმუშაობდით ევროკომისიასთან. სწორედ ეს, ბოლო ორი თვის, განსაკუთრებით მჭიდრო თანამშრომლობა გვაძლევს იმის იმედს, რომ შეფასება იქნება პოზიტიური – შესაძლებელი იქნება შემდეგ ეტაპზე გადასვლა, კანდიდატის მიღების მხრივ. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რა თქმა უნდა, საქართველო შარშან ივნისშივე იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს. რა თქმა უნდა, საქართველო ასოცირებულ ტრიოში უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით იყო ლიდერი, რჩება ლიდერად, ამიტომ, რა თქმა უნდა, შარშანდელი გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით იყო უსამართლო. ამიტომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლების საქმიანობის შეფასება და დაფასება, არამედ ეს იქნება უსამართლობის გამოსწორება.

რაც შეეხება საუბრებს იმაზე, რომ თითქოს, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება გეოპოლიტიკის, ქართველი ხალხის გამო და ა.შ. შარშან ივნისში ქართველი ხალხი რაიმე სხვანაირი ხალხი იყო? თუ შარშან ივნისში ქართველ ხალხს ევროკავშირი პატივს არ სცემდა? თუ გეოპოლიტიკა იყო სხვანაირი? თუ შავი ზღვა დაშრა და სახმელეთო საზღვარი გაგვიჩნდა ევროკავშირთან? არაფერი არ მხრივ არა შეცვლილა. გეოპოლიტიკურად იმდენადვე მნიშვნელოვნები ვართ, როგორც ვიყავით შარშან, ივნისში; ქართველი ხალხი იმდენადვე იმსახურებს ახლა, როგორც იმსახურებდა შარშან, ივნისში; ასე რომ, პოზიტიური გადაწყვეტილების მოლოდინი გვაქვს და იმედი მაქვს, რომ შეფასებაც და დაფასებაც იქნება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ხვალ გამოცხადებული პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება ქვეყნისთვის დიდი მიღწევა.

„მიუხედავად 1.5 – წლიანი საბოტაჟისა, რომელსაც ოპოზიცია და რამდენიმე “ენჯეო” ეწეოდა, თუ შევძლებთ, რომ ევროკავშირი პოზიტიურად განვაწყოთ, ესეც, რა თქმა უნდა, დიდი მიღწევა იქნება. წელიწად ნახევრის განმავლობაში, ყველაფერი სცადეს, დაწყებული აქციით, რომელიც რამდენიმე “ენჯეომ” მოაწყო იმავე დღეს როცა 12 რეკომენდაცია გამოცხადდა. პირველი რეკომენდაცია იყო დეპოლარიზაცია, მათ კი დაიწყეს პოლარიზაციის გაღრმავება და მოითხოვეს მთავრობის გადადგომა. მოითხოვეს, რომ მათ დაეკომპლექტებინათ მთავრობა. შემდეგ ხდებოდა სამუშაო ჯგუფების ბოიკოტირება, პარალელური პროცესების შექმნა, აწარმოებდნენ საქართველოს გაშავების კამპანიას, რომელიც ეხებოდა სანქციების გვერდის ავლის დაბრალებას, მიხეილ სააკაშვილის ვითომ წამებას. გაიხსენეთ ყველა ის დეზინფორმაცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მოდიოდა ოპოზიციის მხრიდან და ამის მიუხედავად თუ იქნება დადებითი გადაწყვეტილება, ეს ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის დიდი მიღწევა იქნება,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

7 ნოემბერი არის უმძიმესი დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში -მიხეილ სარჯველაძე

7 ნოემბერი არის უმძიმესი დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში. იყო უმძიმესი, ვისაც ახსოვს რასთან გვქონდა საქმე, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ეს იყო სრულიად სამართლიანი პროტესტი საქართველოს მოქალაქეების იმჟამინდელი, სრულიად არანორმალური მმართველობის წინააღმდეგ. ამ დღის კულმინაცია იყო ის მოვლენები, რომელიც მედიის წინააღმდეგ განვითარდა. იმ ხელისუფლების მესვეურების მხრიდან ახლა საუბარი ვინმეს მიმართ ჭკუის დამრიგებლური, თუნდაც მედიის თავისუფლებაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებაზე, ეს ყველაფერი ჰგავს მგლის თავზე სახარების კითხვას“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 16 წელი გავიდა. 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.

“კირბალთან მომხდარ ფაქტზე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ველოდებით შეფასებებს და რეაქციებს”

ჩვენ ველოდებით ამაზე რეაქციებს, როგორც შეფასებებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ისე შესაბამისად, დამნაშავეების დასჯას და მთავრობა ამ მხრივ არის ძალიან აქტიური, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სოფელ კირბალთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს უმძიმესი ფაქტი არის ოკუპაციის მძიმე შედეგი, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ იქ მცხოვრებ მოსახლეობას, არამედ მთლიანად სახელმწიფოს, ამიტომ მნიშვნელოვანია ოკუპაციის დასრულება.

“რაც შეეხება თავად ფაქტს, ეს არის სწორედ ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ოკუპაციის მძიმე შედეგი, რომელიც არა მხოლოდ და განსაკუთრებით, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას ეხება ყოველდღიური საფრთხე, მათი სიცოცხლისთვის და უსაფრთხოებისთვის არის მთლიანად სახელმწიფოს წინაშე გამოწვევა და ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ოკუპაციის დასრულება.

2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტს, რომელიც დღემდე არ სრულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე, რომ შესრულდეს ხელშეკრულება, დასრულდეს ოკუპაცია, რაც ნიშნავს ჩვენი მოსახლეობისთვის, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განსაკუთრებით უსაფრთხოების მხრივ უფრო დაცულ მდგომარეობას. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ევროკავშირის გადაწყვეტილებაც და ჩვენი სვლა ევროკავშირისკენ, ვინაიდან ეს გადაწყვეტილებებიც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს როგორც მშვიდობიან დასრულებას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიან აღდგენას, შესაბამისად ოკუპაციის დასრულებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის დანაკარგები 306 800 სამხედროს შეადგენს” – უკრაინის გენშტაბი

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. უკრაინის გენშტაბის განცხადებით, გასული 24 საათის განმავლობაში რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით ცეცხლი 78-ჯერ გახსნეს. მათი თავდასხმები განსაკუთრებით ძლიერი ავიდეევკასა და კუპიანსკის მიმართულებით იყო.

გენშტაბის ცნობით, მტერი ქალაქ ავდეევკას ალყაში მოქცევას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. უკრაინული მხარის ინფორმაციით, მათ მტრის 890 ჯარისკაცი მოკლეს. ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის დანაკარგები 306 800 სამხედროს შეადგენს.

“დღეს იმ რუს მკვლელთან ერთად მისი ქართულ მიწაზე ჩამომყვანი ძალაც უნდა გასამართლდეს, რასაც ჩვენი საზოგადოება ვერა და ვერ ეღირსა!”

რის გაგებას ცდილობთ დღეს ჩვენგან და გგონიათ, ხმა აგვიკანკალდება ამ მორიგ მკვლელობაში ოკუპანტი რუსეთის დადანაშაულებაში?! – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოფელ კირბალთან თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ წამოწყებული კამპანიას.

ქართველიშვილის თქმით, სწორედ იმ ძალების ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაუთმო საქართველომ ცხინვალის რეგიონი რუსეთს, ვინც დღეს გამოდიან ლოზუნგებით, რომ რუს ოკუპანტს გინტურის მკვლელობა არ უნდა შერჩეს.

„არანაირი პრობლემა მოლოცვის თუ ერთობლივად ჩატარებულ ქორწილებსა თუ ქელეხებში მონაწილეობის, ცხინვალის გავლით რაჭაში ჩასვლის, ცხინვალიდან თბილისში ჩამოსვლის, გორიდან როკის გვირაბის გავლით ვლადიკავკაზში გამგზავრების – 2004 წლის ზაფხულამდე არ იყო. მაისის ბოლოში ჩამოვიდა თბილისში სამი დღით გენერალ-პოლკოვნიკი ვლადიმერ რუშაილო და მერე დაიწყო ის რაც დაიწყო.

ეს მოცემულობა ორივე მხარეს არ აწყობდა: არც რუსეთს და არც ნაცებს! დღეს ამის დავიწყებას ცდილობენ, მაგრამ ამის დავიწყება არ გამოვა! ჩვენ 2004 წლის ზაფხულში კიდევ ერთხელ დავკარგეთ დე-ფაქტო ცხინვალის რეგიონი, ხოლო ჩვენი პოლიციელები სეპარატისტებმა ქალაქის ცენტრში დააჩოქეს! ყველა – იმდროინდელი ოპოზიციიდან დაწყებული გაერო-თი დამთავრებული აფრთხილებდნენ ნაცებს: მსგავსი სისულელე აფხაზეთის მიმართ მაინც არ გაიმეოროთ. მაგრამ 2006 წლის „კოდორის პროვოკაცია“ მაინც განახორციელეს – და აქაც სასწაული თანხვედრა მოხდა რუსეთისა და ნაცების ერთობლივ ინტერესებში!

2008 წელი და საქართველოს ოკუპაციის გაფორმება, საკუთარი შეიარაღებული ძალების დადანაშაულება ამ ოკუპაციის გამომწვევი ომის დაწყებაში – ასევე შედიოდა რუსეთის და ნაცების ერთობლივ გეგმებში! ამის დავიწყებას ვერავინ გვაიძულებს! ქართველი გუბერნატორები ჩვენი გმირების წამებით მოკვდინების ბრძანების გამცემი გენერლების მძღოლებად მუშაობდნენ „დასავლეთის“ და „აღმოსავლეთის“ ფრონტებზე და მათ დაპურების საქმეში ოფიციანტობას უწევდნენ – ეს რატომ და როგორ უნდა დავივიწყოთ?

რის გაგებას ცდილობთ დღეს ჩვენგან და გგონიათ, ხმა აგვიკანკალდება ამ მორიგ მკვლელობაში ოკუპანტი რუსეთის დადანაშაულებაში?! მკვლელია ის რუსი ოკუპანტი – აბა ვინაა? მსხვერპლია, თანაც მერამდენე – თამაზი გინტური! მაგრამ! მის მკვლელობაში თანამონაწილეა ის ძალა – ვინც ეს მკვლელები ჩვენს სახლში შემოუშვა! დღეს ჩვენ გვიწევს ამ უსამშობლო მავნებლების მიერ დატოვებულ უმძიმეს მემკვიდრეობასთან გამკლავება. დღეს იმ რუს მკვლელთან ერთად მისი ქართულ მიწაზე ჩამომყვანი ძალაც უნდა გასამართლდეს, რასაც ჩვენი საზოგადოება ვერა და ვერ ეღირსა! წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ამ დანაშაულებრივი “ნაც-რუსეთის” ტანდემი არ გაჩერდება!“ – წერს ქართველიშვილი.

7 ნოემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმაგალითო ძალმომრეობის ნათელი მაგალითია – გია ცაგარეიშვილი

7 ნოემბერი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უმაგალითო ძალმომრეობის ნათელი მაგალითია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი შეიარაღებულ ძალებს საკუთარ ხალხს უპირისპირებდა.

„სპეცოპერაცია, რომელიც დაგეგმა და განახორციელა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ იმის მცდელობა იყო, რომ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა, დემოკრატიული ოპოზიცია, მთლიანად ხალხი დაეთრგუნათ, მოესპოთ და გაენადგურებინათ. ეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც ამ ქვეყნის პრეზიდენტი შეიარაღებულ ძალებს საკუთარ ხალხს უპირისპირებდა“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 16 წელი გავიდა. 7 ნოემბერს აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე ბრალდებულნი არიან: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა, დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი.

“ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველო მიიღებს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსს, არამედ წარმატებით გააგრძელებს ინტეგრაციის პროცესს ევროპაში”

აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი განვიხილეთ, საუბარი გვქონდა საქართველოს შესახებ ევროკომისიის უახლოეს დღეებში მოსამზადებელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც, ჩვენი, ყველას მოლოდინით უნდა იყოს დადებითი და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობ, შეხვედრას ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, ესპანეთისა და შვედეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უწყების ცნობით, როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმ პროგრესის შესახებ ისაუბრეს, რომელიც საქართველოს ევროპული პერსპექტივის მოპოვების შემდეგაც გააჩნია. მინისტრის თქმით, საქართველომ 100-ზე მეტი მარეგულირებელი აქტი მიიღო ბოლო წლის განმავლობაში, რითაც, ფაქტობრივად, ევროკავშირის ყველა მოთხოვნას უპასუხა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველო მიიღებს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსს, არამედ წარმატებით გააგრძელებს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები განიხილეს, საუბარი შეეხო ასევე გამოწვევებს, რომლებიც რეგიონში არსებობს.

„ჩვენმა მეგობრებმა, კოლეგებმა დადებითად შეაფასეს ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური განვითარების კუთხით გააჩნია, განსაკუთრებით ბოლო წლებში. აღინიშნა კიდეც, რომ საქართველო საკმაოდ დამაჯერებლად ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც მაგალითის მიმცემია სხვა ქვეყნებისთვის. ვისაუბრეთ ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზეც, განსაკუთრებით ხაზი გაესვა დაკავშირებადების საკითხებს – ეს იყო ზუსტად საქართველოს ინიციატივა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ევროკავშირისთვისაც ისეთივე სასარგებლო უნდა იყოს, ისე როგორც საქართველოსთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა ხაზი ასევე, კავშირების გამყარებასა და გაუმჯობესებას გაუსვა როგორც სატრანსპორტო-ლოგისტიკური, ისე ელექტროენერგიის პირდაპირი მიწოდების კუთხით, რასაც შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო. მათ შორის, განხილული იყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობისა და ევროკავშირთან ციფრული დაკავშირების საკითხები.

„ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი ეკონომიკისთვის, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვისაც“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

თიბისის სერვისები ემიგრანტებისთვის

დღეიდან, თიბისი ბანკის სერვისები ხელმისაწვდომი ხდება ემიგრანტებისთვის.

მხოლოდ ვიდეო ბანკით, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, შეძლებთ გახდეთ თიბისის ბანკის მომხმარებელი – გახსნათ ანგარიში, ისარგებლოთ პირადი კონსულტანტის მომსახურებით და მართოთ თქვენი ფინანსები დისტანციურად.

სურვილის შემთხვევაში, ემიგრანტებმა ვიდეო ბანკით სარგებლობისთვის უნდა მოგვწერონ თიბისი ბანკის facebook-ის ოფიციალური გვერდის მესენჯერში ან დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე  032 227 27 27. მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ, თქვენთვის სასურველ დროს ჩაგინიშნავთ ონლაინ შეხვედრას და გამოგიგზავნით ზარის ბმულს.

იმისათვის რომ გახდეთ თიბისი ბანკის მომხმარებელი დაგჭირდებათ მხოლოდ მობილური ტელეფონი ან ლეპტოპი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა.

ვიდეო ბანკის მეშვეობით,  მარტივად შეძლებთ გახდეთ თიბისის მომხმარებელი და თავად მართოთ ფინანსები დისტანციურად.

R