„საშიში მშვიდობა: ინციდენტი კირბალის ეკლესიასთან“ – “ამერიკის ხმა” 6 ნოემბრის ინცინდენტს ეხმაურება

149
spot_img

ამერიკული სამაუწყებლო კომპანიის „ამერიკის ხმის“ (Voice of America) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საშიში მშვიდობა: ინციდენტი კირბალის ეკლესიასთან“, რომელშიც გადმოცემულია 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან მომხდარი ინციდენტი.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

რუსმა ოკუპანტებმა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს. ის თანასოფლელთან, ლევან დოთიაშვილთან ერთად, მისი კუთვნილი ავტომანქანით, კირბალის წმინდა გიორგის სალოცავთან იმყოფებოდა. კირბალში მცხოვრებლებმა სროლის ხმა სოფელში კი გაიგეს, მაგრამ დახმარება ვერ შეძლეს.

თამაზ გინტურს, მშვიდობიან მოქალაქეს, სურდა, თავისსავე სოფელში ეკლესიაში მისვლა. ეს მისი მკვლელობის მიზეზად იქცა.

თამაზ გინტურს რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს. ის დაიჭრა, მაგრამ ოკუპანტების პირველი საზრუნავი, ამ დროს, სამედიცინო დახმარების მობილიზება არ ყოფილა. მათ ადგილზე მისვლის უფლება არ მისცეს არც ქართველ სამართალდამცავებს და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდნენ, რომ დაჭრილი თამაზ გინტური სისხლისგან იცლებოდა, ქართულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მისვლისა და სასიკვდილოდ დაჭრილი ადამიანის წაყვანის ნება დართეს,- ეს გახლავთ ინფორმაცია, რასაც კირბალელები ფლობენ.

თამაზ გინტური საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა. მისი ცხედარი ამ დროისთვის, თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

მკვლელობის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებისთანავე კირბალთან მობილიზება დაიწყეს მოქალაქეებმა და ჟურნალისტებმა. ქართველმა სამართალდამცავებმა სოფელში შესასვლელი გზა გადაკეტეს და გადაადგილების უფლება ყველას შეუზღუდეს. მათ შორის, სოფელში არ შეუშვეს ატისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები, ვინც პირველებმა გაავრცელეს ინფორმაცია რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის თაობაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია: „2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მაცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით“.

6 ნოემბერს, ღამის თერთმეტი საათისთვის ერგნეთში, იქ სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში მოლაპარაკებები იმართება, “ტექნიკური” შეხვედრა ჩატარდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ქართული მხარის მთავარი მოთხოვნა თამაზ გინტურთან ერთად მყოფი მოქალაქის, ლევან დოთიაშვილის გადმოცემა იყო. ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დააკავეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ლევან დოთიაშვილიც იყოს დაჭრილი, რადგან რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი ავტომანქანის მიმართულებით გახსნეს და დაცხრილეს. ირაკლი ანთაძემ, შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ „ლევან დოთიაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“. კითხვაზე, არის თუ არა ის დაჭრილი, პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებებში, როდესაც საქმე უკანონო დაკავების ფაქტს ეხება რუსი ოკუპანტების მიერ, ტექსტში გამოყენებულია უკვე სტანდარტულად დამკვიდრებული ფორმულირება – „ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავება“. მიზეზი, თუ რატომ არის თითქმის ყველა განცხადებაში, ხაზგასმულად მითითებული, „ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავება“, ბუნდოვანია, რადგან, უმეტესწილად, დაკავების თვითმხილველები აცხადებენ, რომ რუსმა ოკუპანტებმა გადმოკვეთეს ეგრეთ წოდებული პირობითი საოკუპაციო ხაზი და ასე, საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააკავეს მშვიდობიანი მოქალაქე.

„ოკუპირებული ტერიტორიაც საქართველოს ტერიტორიაა და არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, იმ მყოფი საოკუპაციო ძალები რომელ ტერიტორიაზე ჩაიდენენ მკვლელობას,“- განაცხადა ირაკლი ანთაძემ 6 ნოემბერს, გვიან ღამეს, ერგნეთში გამართული ტექნიკური შეხვედრის შემდეგ.

6 ნოემბრის შემზარავი მკვლელობა ეკლესიის მიმდებარედ მოხდა. წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც ერთ-ერთი ლომისას ტაძარიცაა, ამავდროულად, ადგილობრივებისთვის ძალიან ძვირფასია, თუმცა ტაძრამდე მისასვლელი გზა დე-ფაქტო ოკუპირებულია. სანახევროდ მიტაცებულია იქვე არსებული სოფლის სასაფლაოც. მიუხედავად ამისა, მკვიდრი მოსახლეობა, სიცოცხლის რისკის ფასად, მაინც ცდილობს წინაპრების საფლავებზე მისვლას და ეკლესიის მოლოცვას. 2023 წლის ზაფხულში ანტისაოკუპაციო მოძრაობამ „ძალა ერთობაშია“ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ტაძრის შესასვლელი კარი აჭედილია. ეს რუსი ოკუპანტების ნამოქმედარია იმისთვის, რომ ადგილობრივები დაშინდნენ და ეკლესიაში სიარულის სურვილი დაკარგონ.

კირბალის წმინდა გიორგის სახელობის, ლომისას ეკლესია რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში იმ დროს, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მლეთას ლომისას ეკლესიიდან ფეისბუქ-ლაივი გაავრცელა. მან ვიდეო-მიმართვაში განაცხადა, რომ კირბალის ლომისას ეკლესია რუსებმა აჭედეს, რადგან „იქ ვიღაცამ ქართული დროშა ააფრიალა“. მღვდელმთავარი მოუწოდებდა მოსახლეობას, რომ ამგვარი ქცევისგან, მაგალითად, საქართველოს დროშის აღმართვისგან თავი შეეკავებინათ, რადგან ამით რუსი ოკუპანტები ღიზიანდებიან.

საქართველოს მოქალაქეებში მღვდელმთავრის განცხადებამ აღშფოთება გამოიწვია, რადგან მათ მიიჩნიეს, რომ დეკანოზის მესიჯით, ფაქტობრივად, „გამამართლებელი მიზეზი“ აღმოაჩნდათ რუს ოკუპანტებს დაუბრკოლებლად გადაადგილდნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნული განცხადებიდან რამდენიმე დღეში, ეკლესიასთან მისული მომლოცველებისთვის პირდაპირ ცეცხლის გახსნა უბრალო „დამთხვევაა“ თუ ტერიტორიების მონიშვნა, ღიად დარჩენილი კითხვაა.

რუსი ოკუპანტებისგან სროლის ეს პირველი შემთხვევა არაა. ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი 2023 წლის 13 იანვარს მოხდა, როდესაც მათ არა მხოლოდ ჩვეულებრივი მოქალაქეების მიმართ ისროლეს, არამედ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას გაუხსნეს ცეცხლი. ამ ფაქტის ნამდვილობა შსს ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემაც დაადასტურა, იმ დროისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც. თუმცა თავად ამბავი ისევ „ძალა ერთობაშიამ“ გაახმაურა.

„რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთმა მესაზღვრემ რამდენჯერმე გაისროლა ჰაერში იმ დროს, როდესაც ჩვენი პატრული ეგრეთ წოდებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან გადაადგილდებოდა. ევროკავშირის დამკვირვებლები არ ყოფილან სამიზნე და არ უსვრიათ დამიზნებით, მათი მიმართულებით. ჩვენთვის უცნობია, მიზეზი, თუ რატომ ჰქონდათ ამგვარი რეაქცია ჩვენი პატრულის ყოფნასთან დაკავშირებით. ვადასტურებთ, რომ ევროკავშირის დამკვირვებლები პატრულირებენ ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ და გამოირჩევიან ლურჯი ფერის ჟილეტებით, EUMM ნიშნებით. ინციდენტის დროს ადგილობრივი მცხოვრებლები მიმდებარე ტერიტორიაზე არ ყოფილან. ამდენად, ვერ ვივარაუდებთ, რომ შეიძლებოდა ისინი „არეოდათ“ მონიტორინგის მისიის წარმომადგენლებში,“- ეს გახლავთ პასუხი, რომელიც „ამერიკის ხმამ“ ევროკავშირის მისიის ოფისისგან მიიღო.

2020 წლის ივლისში რუსებმა ასევე ესროლეს მშვიდობიან მოქალაქეს. მსხვერპლი მაშინ ქვემოჭალის მკვიდრი ზაზა გახელაძე გახლდათ. ის სხვილოს ციხის მიმდებარედ დაჭრეს და დააპატიმრეს. საოკუპაციო რეჟიმმა მაშინ განაცხადა, რომ ზაზა გახელაძემაც ისროლა და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

დე-ფაქტო ცხინვალის უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კანონდამრღვევები არიან მოკლული თამაზ გინტური და დაპატიმრებული ლევან დოთიაშვილი. ისინი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, ნასვამ მდგომარეობაში, – ამბობს „კაგებე. მხოლოდ ამ ტექსტში რამდენიმე შეუსაბამობაა. მაგალითად, მითითებულია, რომ დაკავების დროს „კანონდამრღვევებმა“ წინააღმდეგობა გასწიეს, რაც იმით გამოიხატა, რომ „ნაჯახით დაემუქრნენ და მანქანას აჯახებდნენ“, შემდეგ კი „მიიმალნენ საქართველოში“.

განცხადების მომდევნო აბზაცში ნათქვამია, რომ „ამ უკანონო ქმედებების ჩასახშობად „სამხრეთ ოსეთის“ საზღვრის დამცავებმა გაისროლეს ჰაერში, შემდეგ კი მანქანის საბურავებს ესროლეს.“ შედეგად ერთ-ერთი კანონდამრღვევი დაიჭრა – ნათქვამია განცხადებაში. გაურკვეველია, რატომ დაიჭრა ადამიანი, თუ რუსები მხოლოდ ავტომანქანის საბურავებს ესროდნენ. ან რა საჭირო იყო ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება იმ დროს, როდესაც კირბალელებს მხოლოდ ცული ჰქონდათ თან.

დე-ფაქტო უშიშროების სამსახური დასძენს, რომ „ქართული მხარის წარმომადგენლები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს, რაც ხელს აუარესებს სახელმწიფოთაშორის გამყოფ ხაზზე ვითარებას“.

ადგილობრივები კირბალში, თანასოფლელის მკვლელობის შემდეგ შეშინებული არიან. მათ ისედაც, რუსული ტერორის ქვეშ უწევთ ცხოვრება. სოფელში შესვლის შესაძლებლობა არც თბილისიდან და არც გორიდან ჩასულ მოქალაქეებს არ მისცემიათ მკვლელობის დღეს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თამაზ გინტური კარალეთის სპეცრაზმის ყოფილი წევრი და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანი ოფიცერი იყო.

წყარო