“ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველო მიიღებს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსს, არამედ წარმატებით გააგრძელებს ინტეგრაციის პროცესს ევროპაში”

58
spot_img

აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი განვიხილეთ, საუბარი გვქონდა საქართველოს შესახებ ევროკომისიის უახლოეს დღეებში მოსამზადებელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც, ჩვენი, ყველას მოლოდინით უნდა იყოს დადებითი და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ეკონომიკის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობ, შეხვედრას ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, ესპანეთისა და შვედეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უწყების ცნობით, როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმ პროგრესის შესახებ ისაუბრეს, რომელიც საქართველოს ევროპული პერსპექტივის მოპოვების შემდეგაც გააჩნია. მინისტრის თქმით, საქართველომ 100-ზე მეტი მარეგულირებელი აქტი მიიღო ბოლო წლის განმავლობაში, რითაც, ფაქტობრივად, ევროკავშირის ყველა მოთხოვნას უპასუხა.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინია, რომ საქართველო მიიღებს არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსს, არამედ წარმატებით გააგრძელებს ევროპაში ინტეგრაციის პროცესს“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციები განიხილეს, საუბარი შეეხო ასევე გამოწვევებს, რომლებიც რეგიონში არსებობს.

„ჩვენმა მეგობრებმა, კოლეგებმა დადებითად შეაფასეს ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას ეკონომიკური განვითარების კუთხით გააჩნია, განსაკუთრებით ბოლო წლებში. აღინიშნა კიდეც, რომ საქართველო საკმაოდ დამაჯერებლად ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც მაგალითის მიმცემია სხვა ქვეყნებისთვის. ვისაუბრეთ ევროკავშირთან ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზეც, განსაკუთრებით ხაზი გაესვა დაკავშირებადების საკითხებს – ეს იყო ზუსტად საქართველოს ინიციატივა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, რომელიც ევროკავშირისთვისაც ისეთივე სასარგებლო უნდა იყოს, ისე როგორც საქართველოსთვის“, – აღნიშნა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა ხაზი ასევე, კავშირების გამყარებასა და გაუმჯობესებას გაუსვა როგორც სატრანსპორტო-ლოგისტიკური, ისე ელექტროენერგიის პირდაპირი მიწოდების კუთხით, რასაც შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო. მათ შორის, განხილული იყო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობისა და ევროკავშირთან ციფრული დაკავშირების საკითხები.

„ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია არამხოლოდ ჩვენი ეკონომიკისთვის, არამედ ძალიან მნიშვნელოვანია ევროპის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვისაც“, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.