Home Blog Page 1802

„თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებულ მოვლენებს აშშ-ს საელჩო გამოეხმაურა

„თბილისი პრაიდის“ გარშემო დღეს განვითარებულ მოვლენებს აშშ-ს საელჩო გამოეხმაურა.

„დღეს თბილისი პრაიდი იძულებული გახდა, გაეუქმებინა დაგეგმილი დახურული ღონისძიება, რადგან უმართავმა ხალხის მასამ, რომელიც ძალადობით იმუქრებოდა, დამსწრეებს მშვიდობიანი შეკრების შესახებ კონსტიტუციით დაცული უფლება წაართვა. საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია.“ – წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

,,უნდა გაითვალისწინონ სად ცხოვრობენ და როგორია მათი ქვეყნის ტრადიცია“- ჩიბურდანიძე

მართალია, პრაიდი ჩაიშალა, მაგრამ მათთვის უფლება არავის წაურთმევია, იცხოვრონ ისე, როგორც სურთ. უბრალოდ უნდა გაითვალისწინონ იმ ქვეყნის წესები, სადაც ცხოვრობენ, სულ ეს არის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო მრავალათასიან აქციებს ვხედავთ თვით ამერიკასა და ბევრ დემოკრატიულ სახელმწიფოში, მაგრამ მათგან განსხვავებით, ჩვენთან დღეს ეს მშვიდობიანად დასრულდა ქართული პოლიციის მეშვეობით.

„ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილი ლგბტ პრაიდი და მის წინააღმდეგ გამართული მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მშვიდობით დასრულდა და ეს მხოლოდ ქართული პოლიციის დამსახურებაა.

კიდევ ერთხელ, ვგმობთ როგორც ძალადობას, ასევე ამ ძალადობისკენ მიმართულ პროვოკაციებს. რისი მომსწრეც კიდევ ერთხელ გავხდით დღეს. ლგბტ პრაიდის ორგანიზატორებმა კარგად იცოდნენ, რომ მათი ქმედების წინააღმდეგ ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდოდა. მართალია, ყველა ადამიანს აქვს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ უნდა გაითვალისწინონ სად ცხოვრობენ და როგორია მათი ქვეყნის ტრადიცია.

თუ ვინმე იმას ფიქრობს, რომ გაივლის დრო, წამოვა ახალი თაობა და ეს პრობლემა მოგვარდება, ცდება. ახალ თაობაში უმეტესობა კონსერვატორია, სწორედ იმ უცხოეთიდან ჩამოსული ახალგაზრდებიდან, რაც ძალიან გვახარებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს უფლება ეზღუდება, იცხოვროს ისე, როგორც სურს. ყველას აქვს უფლება უყვარდეს, ვინც უნდა, მაგრამ ამის დემონსტრირების უფლებას ტრადიციულ ქვეყანაში ხალხი არ დაუშვებს და ვერც ვერავინ წაშლის ამას საქართველოში.

ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო მრავალათასიან და მრავალმილიონიან აქციებს ვხედავთ თვით ამერიკაში, საფრანგეთში, იტალიასა და ბევრ დემოკრატიულ სახელმწიფოში. განსხვავება ის არის, რომ იქ მსგავსი აქციები სავალალოდ მთავრდება, ჩვენთან კი დღეს ეს მშვიდობიანად დასრულდა პოლიციის მეშვეობით.

მართალია, პრაიდი ჩაიშალა, მაგრამ მათთვის უფლება არავის წაურთმევია, იცხოვრონ ისე, როგორც სურთ. უბრალოდ უნდა გაითვალისწინონ იმ ქვეყნის წესები, სადაც ცხოვრობენ, სულ ეს არის.

ველი, რომ ოპოზიცია აუცილებლად გამოიყენებს სტატუსის მონიჭების წინააღმდეგ, მაგრამ თუკი არჩევანის წინაშე დააყენებენ ამ ერს, ასი ათასი მოწამის ისტორია წინ უდევთ“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სახალხო დამცველი დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

საქართველოს სახალხო დამცველი “თბილისი პრაიდთან” დაკავშირებით განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, სადაც წერს, რომ ნებისმიერი უფლების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.

“სახალხო დამცველი დღეს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. როგორც კვირეულის დასაწყისში სახალხო დამცველმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ჯგუფს, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს მათი მოსაზრებები საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის.

ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ეკისრება. მიუხედავად წინასწარ დადებული შეთანხმებისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას და გაატარებდა ყველა პრევენციულ ღონისძიებას – დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქცია. სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რაც მთავარია, უსაფრთხო გარემოში. გარდა ამისა, ყველა კანონდარღვევაზე მოახდინოს დროული და სათანადო რეაგირება” – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემას ესპანეთიც ეწინააღმდეგება – RTVE

გერმანიის შემდეგ, უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის წინააღმდეგ ესპანეთიც გამოდის. ამის შესახებ ტელეკომპანია RTVE ესპანეთის თავდაცვის მინისტრ მარგარიტა რობლესის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

გერმანია ეწინააღმდეგება უკრაინისთვის კასეტური იარაღის გადაცემას – Reuters

როგორც რობლესმა ჟურნალისტებს განუცხადა, „პატივს სცემს სუვერენული ქვეყნის (აშშ) გადაწყვეტილებას“, თუმცა, არ იზიარებს და ეწინააღმდეგება უკრაინისთვის კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემას.

„გარკვეული იარაღისა და ბომბების მიწოდება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არა კასეტური საბრძოლო მასალისთვის და დიახ უკრაინის ლეგიტიმური თავდაცვისთვის დახმარებას. არა – კასეტურ ჭურვებს და კი – დახმარებას უკრაინის ლეგიტიმური დაცვისთვის“, – განაცხადა მარგარიტა რობლესმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კასეტური საბრძოლო მასალის გადაცემის საკითხი მისთვის „ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ასე სჭირდებოდა უკრაინას“. ხოლო პენტაგონში განმარტეს, რომ უკრაინისთვის კასეტური იარაღის გადაცემა კონტრშეტევის ნელი ტემპების გამო გადაწყდა.

რეზნიკოვი ასახელებს 5 პრინციპს, რომელსაც უკრაინა კასეტური ბომბების გამოყენებისას დაიცავს

ხოლო რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინა ამ იარაღს ყველა წესის დაცვით გამოიყენებს და ყველაფერს გააკეთებს, რომ ომის დროს და მის შემდეგ, კასეტურმა ბომბებმა საფრთხე არ შეუქმნას მშვიდობიან მოსახლეობას.

,,გიორგი რურუა პირდაპირ ემუქრება ამ ხალხს” – ნიკოლეიშვილი

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი რურუა პირდაპირ ემუქრება იმ ხალხს, ვინც თავს იკავებს ლგბტ პრაიდის თუ ფესტივალის მონაწილეებისთვის ფართის დათმობისათვის.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ინტერესშია პრაიდების თუ ფესტივალის ჩატარება, არა იმიტომ, რომ ლგბტ თემზე და მათ უფლებების დაცვაზე შესტკივათ გული, არამედ იმიტომ, რომ დაპირისპირება და არეულობა გამოიწვიონ.

ტერიტორია, სადაც დღეს პრაიდის მთავარი ღონისძიება უნდა გამართულიყო, ერთ-ერთი მეწილე სწორედ გიორგი რურუაა. ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ, ვატო შაქარიშვილმა გაავრცელა.

„როგორც ვიცით, ამ ფესტივალისა და პრაიდის მონაწილეებს უნდათ გარკვეულ ფართზე ღონისძიების ჩატარება და ფართის მეპატრონეების ზოგიერთმა წარმომადგენელმა განაცხადა უარი. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რურუა გარკვეულ შანტაჟსა და ზეწოლას ახორციელებს მათი მისამართით. ორჯერ ორია, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ეს მათი უფლებების დაცვისკენ კი არ არის მიმართული, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერია და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუკი სადმე არეულობა და დაძაბულობა მოხდება, თავიანთი ჭკუით, მათთვის მომგებიანია“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა მედიასთან

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

პროკურატურამ არასრულწლოვნების მკვლელობის მცდელობისა და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, 3 ადამიანს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულებმა, სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე – წყლის ატრაქციონ – ე.წ. ბანანზე, გართობის მიზნით 4 მოზარდი აიყვანეს.

“ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომელიც სწრაფმავალი კატარღის საჭესთან იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, არასრულწლოვნებს სამაშველო ჟილეტები არ ეცვათ, ასევე მისთვის უცნობი იყო, შეეძლოთ თუ არა მათ ცურვა, ყოველგვარი უსაფრთხოების წესებისა და განმარტებების გარეშე დაძრა კატარღა, სწრაფი სვლით გაიყვანა მაფრთხილებელი ნიშნის – ტივტივასაგან რამდენიმე ათეული მეტრის მოშორებით ზღვის სიღრმეში, შემდეგ კი წყლის ატრაქციონ ე.წ ბანანიდან ბავშვების გადმოგდების მიზნით, მათი ნების საწინააღმდეგოდ, წყლის ატრაქციონის ამოტრიალება რამდენჯერმე სცადა, ბოლო მცდელობისას კი უჟილეტო ბავშვები ზღვაში ჩავარდნენ.

ბრალდებული ითვალისწინებდა რა არასრუწლოვნების დაღუპვის შესაძლებლობას, შეგნებულად უშვებდა და გულგრილად ეკიდებოდა სასიკვდილო შედეგის დადგომას. ასევე მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა. ბრალდებულმა ბავშვებისთვის აუცილებელი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა მასთან ერთად კატარღაზე მყოფ ორ პირსაც არ მისცა და მათთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა.

სამმა არასრულწლოვანმა სანაპიროზე უსაფრთხოდ გასვლა მოახერხეს და სიკვდილს გადაურჩნენ, ხოლო ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო და მისი ცხედარი 7 ივლისს აღმოაჩინეს. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის თვითმხილველი გახდა ორი პირი, თუმცა მათ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 6 ივლისს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,109 -ე მუხლის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ორ პირს ბრალდება 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია უწყების განცხადებაში.

,,ხუხაშვილი და ბაჩიაშვილის ადვოკატი ერთმანეთს ეჯიბრებიან სისულელეების ლაპარაკში”- ქადაგიძე

„ბიძინა ივანიშვილს მაინინგთან არავითარი კავშირი არ ჰქონია და შესაბამისად, ბაჩიაშვილის მიერ ნაყიდი კრიპტოვალუტის გაძვირება ვერც რაიმე საგადასახადო შეღავათებთან იქნებოდა დაკავშირებული. მართლა „პიტალო“ თუ არ ბრძანდებით, ხომ შეიძლებოდა, ეს ყველაფერი ჯერ გადაგემოწმებინათ და მერე გეექსპერტათ ამ თემაზე?“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გია ხუხაშვილის შესახებ.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ისე გამოდის, რომ ხუხაშვილი და ბაჩიაშვილის ადვოკატი ერთმანეთს ეჯიბრებიან სისულელეების ლაპარაკში. თუმცა, „პიტალოს“ ნომინაციაში ხუხაშვილს კონკურენტი მაინც ვერ ეყოლება. „ამასწინათ, გია ხუხაშვილის მორიგი ექსპერტული ანალიზით „აღფრთოვანებულმა“, ამ კაცს „პიტალო“ ვუწოდე. მას შემდეგ ორი კვირაც არ გასულა და ხუხაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ამ ნომინაციაში მართლაც უკონკურენტოა. მან კომენტარი მიუძღვნა გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს და ერთდროულად ორი სისულელე თქვა: – ამ საქმემ დაამსხვრია მითი, რომ ივანიშვილი საქართველოში ბიზნესს არ აკეთებსო; – გაირკვა, რომ ივანიშვილი ჩვენ ხარჯზე აკეთებდა ფულსო.

რაც შეეხება საქართველოში ბიზნესის კეთებას. ბატონო გია, მართლა „პიტალო“ თუ არ ბრძანდებით, ბიტკოინი და კრიპტოვალუტა როდის მერე გახდა ქართული პროდუქტი და ქართული ბიზნესი? ასეთი სისულელის მტკიცება თქვენგანაც კი უხეში მოსასმენია. რაც შეეხება იმას, რომ, თითქოს, ივანიშვილი ჩვენ ხარჯზე აკეთებდა ფულს. ბიძინა ივანიშვილს მაინინგთან არავითარი კავშირი არ ჰქონია და შესაბამისად, ბაჩიაშვილის მიერ ნაყიდი კრიპტოვალუტის გაძვირება ვერც რაიმე საგადასახადო შეღავათებთან იქნებოდა დაკავშირებული. მართლა „პიტალო“ თუ არ ბრძანდებით, ხომ შეიძლებოდა, ეს ყველაფერი ჯერ გადაგემოწმებინათ და მერე გეექსპერტათ ამ თემაზე? ისე გამოდის, რომ ხუხაშვილი და ბაჩიაშვილის ადვოკატი ერთმანეთს ეჯიბრებიან სისულელეების ლაპარაკში. თუმცა, „პიტალოს“ ნომინაციაში ხუხაშვილს კონკურენტი მაინც ვერ ეყოლება“-წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

“მოვუწოდებ მმართველ გუნდს, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება”- პრეზიდენტი

“მინდა მოვუწოდო შსს-ს, რომ რეალურად აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები, ეს არის მისი მოვალეობა და ამას ქვია სამართლის დაცვა, მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს ქვეყანაში დაირღვა კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ ყველასთვის დაცული იქნებოდა ერთ მხრივ, აზრის გამოხატვის უფლება და შეკრების თავისუფლება, დღეს ორივე დაირღვა.

„ადამიანებს არ მიეცათ საშუალება, ჩაეტარებინათ წინასწარ დაგეგმილი, სამართალდამცველებთან შეთანხმებული ადგილიც და პირობებიც, ჩაკეტილ სივრცეში მოწყობილი საკუთარი ღონისძიება, რისთვისაც სამართალდამცველ სტრუქტურებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემუი და ამდენად ყველა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული. შეკრების უფლების დაცვა სწორედ, რომ ღონისძიების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას. ვითომცდა სხვანაირად ვერ იქნებოდა დაცული უსაფრთხოება – ამ ფორმითა და ამ მოტივით შეგვიძლია, წარმოვიდგონოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმაც და შინაარსიც არ მოეწონება რომელიმე რადიკალურ ჯგუფს, ჩაიშლება, თუკი სამართალდამცველები ამ ფორმით იმოქმედებენ, როგორც დღეს იმოქმედებს.

საგანგაშოა რეალობა, რომ კონრტაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით არა მხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოებების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მიერ მოქმედი დეპუტატებისგან. ამდენად, რა ფასი უნდა ჰქონდეს სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს იმ თანამდებობის პირების მიერ, რომლებსაც ევალებათ ადამიანის უფლებების დაცვა – პარლამენტის თავმჯდომარე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ არიან ადამიანის უფლებების დამცველები. ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა ხელი სხვას აკეთებს.

რეალურად, ამ კონტრაქციების წაქეზებითა და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია, პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობასა და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგებზე. მინდა, დღეს მოვუწოდო პირველ რიგში შსს-ს, რომ რეალურად აღკვეთოს ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები, ეს არის მისი მოვალეობა და ამას ქვია სამართლის დაცვა, მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირპისრების წაქეზება. ეს მარტივად ხდება იმ მესიჯბოქსებით, რომელიც არის სრულიად გაკონტროლებული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ, პოლიციამ კარგად გაართვა თავი ამოცანებს – შალვა პაპუაშვილი

მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ, პოლიციამ ამ მხრივ კარგად გაართვა თავი თავის ამოცანებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა  პაპუაშვილმა „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველანაირ ძალადობა დასაგმობია.

„ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, პოლიციას შესაბამისი რეაგირება ჰქონდა. არ ვიცი, არის თუ არა ვინმე დაკავებული, მაგრამ რა ინფორმაციაც აქამდე მაქვს, პოლიციამ სათანადოდ უზრუნველყო უსაფრთხოება როგორც მონაწილეების, ასევე ჟურნალისტების მიმართაც თუ იყო გამოხატული აგრესია, როგორც ვიცი, პოლიცია ყველგან ჩაერია და უზრუნველყო ყველა ჟურნალისტის უსაფრთხოება.

ზოგადად, პრობლემაა, როცა ხდება აგრესიის გამოვლენა და ღონისძიებისთვის ხელისშეშლა, მაგრამ პოლიცია თავისი შესაძლებლობის ფარგლებში მოქმედებს. რა თქმა უნდა, ამასაც თავისი ზღვარი აქვს. ჩვენ სხვა შემთხვევაშიც ვხედავდით, რომ როდესაც აგრესიულია ესა თუ ის აქცია, ამას თავისი ლიმიტები აქვს. მათ შორის ვნახეთ, პარლამენტის შენობა იყო დაზიანებული აგრესიული აქციის მიერ.

საპოლიციო ღონისძიების საკითხია, რა მომენტში, რა სახის ესა თუ ის საშუალება უნდა იქნას გამოყენებული. იცით, რომ პოლიცია ემზადებოდა, მათ შორის განცხადებაც გამოქვეყნდა, ვინაიდან არსებობდა მოლოდინი, მათ შორის ინფორმაცია, რომ იქნებოდა ღონისძიების ჩაშლის მცდელობა. ვნახეთ, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობა შეიკრიბა, რათა ჩაეშალათ ეს ღონისძიება. მთავარი მაინც ის არის, რომ დაცული იქნა ადამიანების უსაფრთხოება და შესაბამისად, პოლიციაც საბოლოო ჯამში ამას გაანალიზებს.

შსს-ს მხრიდან იმიტომ იყო ორგანიზატორებთან ერთად მზადება ღონისძიებისთვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო გამოხატვის თავისუფლება და პოლიციის ამოცანაც სწორედ ის არის, რომ მომხდარიყო ამის უზრუნველყოფა. თავისთავად, ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ, პოლიციამ ამ მხრივ კარგად გაართვა თავი თავის ამოცანებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული”-ალექსანდრე დარახველიძე

მოვიდა კონტრაქციის მონაწილეების საკმაოდ დიდი რაოდენობა. გზებზე გაკეთებული გვქონდა შესაბამისი კორდონები, მაგრამ ვინაიდან ეს არის გაშლილი ტერიტორია და აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ პოლიციის კორდონები. ჩვენ მოვახერხეთ, რომ „პრაიდის“ ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ დილიდან შსს-ს შესაბამისი დანაყოფები ადგილზე იყვნენ მობილიზებულები. აქ იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, თბილისის პოლიცია, საპატრულო პოლიცია, ყველა დანაყოფი, ვისაც ჰქონდა უფლებამოსილება, რომ განეხორციელებინა თავისი მანდატი. თუმცა კარგად ნახეთ, რომ მოვიდა კონტრაქციის მონაწილეების საკმაოდ დიდი რაოდენობა. გზებზე გაკეთებული გვქონდა შესაბამისი კორდონები, მაგრამ ვინაიდან ეს არის გაშლილი ტერიტორია და აქციის მონაწილეებმა მოახერხეს, რომ შემოვლითი გზებით შემოეღწიათ და გაერღვიათ პოლიციის კორდონები. ჩვენ მოვახერხეთ, რომ „პრაიდის“ ღონისძიების ორგანიზატორები და მონაწილეები უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან. არანაირი დაზიანება მათ არ მიუღიათ. ამჟამად პოლიცია ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, რათა მოხდეს სიტუაციის სტაბილიზება და არ მოხდეს თავდასხმები კონკრეტულ პირებზე. მობილიზებული იყო პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა, რაც შეიძლება ყოფილიყო ამ ადგილზე. თუმცა შეუძლებელია, 100%-იანი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ხდება გაშლილ ტერიტორიაზე. ამ რისკების თაობაზე მუდმივად ვსაუბრობდით, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყოფილიყო დაცული“, – აცხადებს დარახველიძე.

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან „პრაიდის კვირეულის“ მთავარი ღონისძიების მონაწილეების ევაკუაცია განხორციელდა

ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან „პრაიდის კვირეულის“ მთავარი ღონისძიების მონაწილეების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ Tbilisi Pride-ი ავრცელებს.

„ყურადღება! მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშუტო ტაქსებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეგობრებო, არ ამოხვიდეთ არავინ! – ამის შესახებ „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორი, მარიამ კვარაცხელია „ფეისბუქზე“ წერს.

მარიამ კვარაცხელიას განმარტებით, ფესტივალის ტერიტორიიდან ევაკუაცია განხორციელდა და არავინ დაშავებულა.

„მოხდა ფესტივალის ტერიტორიიდან ევაკუაცია. არავინ დაშავებულა”, – წერს მარიამ კვარაცხელია.

„პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გაიმართოს. აღნიშნულს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია რამდენიმე პირი.

ვოლოდიმირ ზელენსკი კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ომში დაღუპული მებრძოლების საფლავებს პატივი მიაგო და მადლობა გადაუხადა თითოეულ უკრაინელს, რომელიც ომის 500 დღის განმავლობაში ქვეყანას იცავს.

„დღეს ჩვენ კუნძულ ზმეინზე ვიმყოფებით, ჩვენს კუნძულზე, რომელსაც არასოდეს დაიპყრობს ოკუპანტი ისევე, როგორც მთელს უკრაინას. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენს უკრაინელ გმირებს, ყველა მეომარს, ვინც იბრძოდა ამ კუნძულისთვის, ვინც გაათავისუფლა ის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პატარა მიწის ნაგლეჯი ჩვენი შავი ზღვის შუაგულში, ეს არის დიდი დასტური იმისა, რომ უკრაინა დაიბრუნებს თავისი ტერიტორიის ყველა ნაწილს!“ – განაცხადა ზელენსკიმ.