Home Blog Page 1799

“საქართველოში ინფლაცია 2023 წელს მკვეთრად შემცირდა” – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკმა ანგარიშის „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივები“ იანვრის გამოშვება გამოაქვეყნა. ანგარიში წელიწადში ორჯერ ქვეყნდება (იანვარში და ივნისში) და მასში წარმოდგენილია როგორც გლობალური და რეგიონული, ისე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.

ანგარიშის თანახმად, 2021 და 2022 წლების ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2023 წელს საქართველოში ზრდა შენელდა, თუმცა მტკიცედაა შენარჩუნებული 6.5 პროცენტის დონეზე. დოკუმენტის მიხედვით, ეს მონაცემი თავდაპირველ პროგნოზთან შედარებით მაღალია, რადგან სამომხმარებლო ხარჯების ზრდამ ტურიზმის აღდგენასთან ერთად ფულადი გზავნილების ნაკადების შემცირება დააბალანსა.

„ინფლაცია 2023 წელს მკვეთრად შემცირდა, რაც განპირობებული იყო დაბალი სასაქონლო ფასებით, განსაკუთრებით სურსათსა და საწვავზე, და ასევე ლარის გამყარებით. მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წლის ბოლოსთვის სამპროცენტიან სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იქნება.

პროგნოზის მიხედვით, 2024 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა 4.8 პროცენტამდე შემცირდება, რაც ასახავს მოსალოდნელ შენელებას სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, ისევე როგორც ფულადი ნაკადების შემოდინების კლებას. მონეტარული პოლიტიკა სავარაუდოდ გონივრულობის ფარგლებში შემსუბუქდება ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად.

მაღალი გაურკვევლობის მიუხედავად, აღნიშნულ პერსპექტივასთან დაკავშირებული რისკები ძირითადად დაბალანსებულია“, – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება გლობალურ ტენდენციებს, მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიშის თანახმად, მიმდინარე ათწლეული გარდამტეხი უნდა ყოფილიყო განვითარების მიმართულებით, თუმცა, პროგნოზების მიხედვით, 2024 წლის ბოლოსთვის მსოფლიო ეკონომიკა ანტირეკორდს დაამყარებს – გლობალური მშპ-ის ზრდის ტემპი ამ ათწლეულის პირველ ნახევარში ყველაზე დაბალი იქნება ბოლო 30 წლის განმავლობაში.

„ერთი მხრივ, გლობალური ეკონომიკა უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე ერთი წლის წინ: რეცესიის რისკი შემცირდა, ძირითადად აშშ-ის ეკონომიკის სიძლიერის გამო. თუმცა, მზარდ გეოპოლიტიკურ დაძაბულობას მსოფლიო ეკონომიკისთვის ახალი მოკლევადიანი საფრთხეების შექმნა შეუძლია. ამასთან ერთად, საშუალოვადიანი პერსპექტივა ბევრი განვითარებადი ქვეყნისთვის გაუარესდა წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შენელების, გლობალური ვაჭრობის შესუსტებისა და ათწლეულების განმავლობაში არსებული მკაცრი ფინანსური პირობების ფონზე. მოსალოდნელია, რომ 2024 წელს გლობალური ვაჭრობა პანდემიამდე არსებული ათწლეულის საშუალო მაჩვენებლის მხოლოდ ნახევარი იქნება. ასევე, განვითარებად, განსაკუთრებით კი დაბალი საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნებში, სესხის აღებასთან დაკავშირებული ხარჯები მოიმატებს, რამდენადაც საპროცენტო განაკვეთები ინფლაციის კორექტირების გათვალისწინებით მსოფლიოში ოთხი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეზეა შენარჩუნებული“, – აღნიშნულია ანგარიშში.

პროგნოზის თანახმად, გლობალური ეკონომიკური ზრდა ზედიზედ მესამე წელია, იკლებს წინა წელს არსებული 2.6%-დან 2.4%-მდე 2024 წელს, რაც თითქმის სამი მეოთხედი პროცენტული ერთეულით დაბალია 2010 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით. განვითარებად ქვეყნებში მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მხოლოდ 3.9% იქნება, რაც წინა ათწლეულის მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით ერთი პროცენტული ერთეულით ნაკლებია. გასული წლის არასახარბიელო მაჩვენებლების შემდეგ დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ 5.5%-ს მიაღწევს, რაც ადრე ნავარაუდევთან შედარებით დაბალია. 2024 წლის ბოლოსთვის ყოველი ოთხი განვითარებადი ქვეყნიდან ერთში და დაბალშემოსავლიანი ქვეყნების 40 პროცენტში მოსახლეობა გაცილებით ღარიბი იქნება, ვიდრე 2019 წელს COVID პანდემიის დაწყებამდე. მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ზრდა წელს 1.2%-მდე შენელდება, 2023 წლის 1.5%-იან მაჩვენებელთან შედარებით.

„ძირითადი კურსის მნიშვნელოვანი ცვლილების გარეშე 2020-იანი წლები დაკარგული შესაძლებლობების ათწლეულად იქნება მიჩნეული. მოკლევადიანი ეკონომიკური ზრდა კვლავ სუსტი იქნება, რაც ბევრი, განსაკუთრებით უღარიბესი განვითარებადი ქვეყნის მძიმე მდგომარეობაში დარჩენას გამოიწვევს – ვალის დამთრგუნველი დონით და ყოველი სამი ადამიანიდან ერთისთვის სურსათთან შეზღუდული წვდომით. ეს ხელს შეუშლის ბევრ გლობალურ პრიორიტეტთან დაკავშირებით პროგრესის მიღწევას. აღნიშნული ანგარიში გვთავაზობს მკაფიო სამომავლო გზას: ის განსაზღვრავს გარდაქმნას, რომლის მიღწევაც შესაძლებელია, თუ მთავრობები იმოქმედებენ ინვესტიციების დასაჩქარებლად და ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოს გასაძლიერებლად“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის ჯგუფის მთავარმა ეკონომისტმა და უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, ინდერმით გილმა.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ზემოქმედებაზე რეაგირებისთვის და 2030 წლისთვის განვითარების მიმართულებით სხვა ძირითადი გლობალური მიზნების მისაღწევად, განვითარებად ქვეყნებს ინვესტიციების არსებითი ზრდა დასჭირდებათ – დაახლოებით 2.4 ტრილიონი აშშ დოლარი წელიწადში.

„პოლიტიკის ყოვლისმომცველი პაკეტის გარეშე ასეთი ზრდის პერსპექტივები იმედისმომცემი არ იქნება. ინვესტიციების ზრდა ერთ სულზე განვითარებად ქვეყნებში 2023 წლიდან 2024 წლამდე მოსალოდნელია მხოლოდ 3.7%-ის ოდენობით, რაც გასული ორი ათწლეულის მაჩვენებლის დაახლოებით ნახევარია.

ანგარიში გვთავაზობს პირველ გლობალურ ანალიზს, თუ რა იქნება საჭირო მდგრადი საინვესტიციო ბუმის შესაქმნელად 35 წამყვანი ეკონომიკის მქონე ქვეყნისა და 69 განვითარებადი ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე ბოლო 70 წლის განმავლობაში. ანგარიშის თანახმად, განვითარებადი ქვეყნები ხშირად იღებენ ეკონომიკურ სარგებელს, როცა ზრდიან ინვესტიციების მოცულობას ერთ სულზე მინიმუმ 4%-მდე და ინარჩუნებენ მას ექვსი ან მეტი წლის განმავლობაში. ამგვარად, მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების შემოსავლის დონესთან დაახლოების ტემპი მატულობს, სიღარიბის დონე იკლებს გაცილებით სწრაფად და პროდუქტიულობის მაჩვენებელი ოთხჯერ იზრდება. ასეთი ბუმის დროს ხდება სხვა ტიპის სარგებლის მიღებაც: მცირდება ინფლაცია, ფისკალური და გარე პოზიციები უმჯობესდება და ადამიანების წვდომა ინტერნეტთან სწრაფად ფართოვდება.

„საინვესტიციო ბუმს განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გარდაქმნის პოტენციალი აქვს და შეუძლია მათი დახმარება საიმედო ენერგომომარაგებაზე გადასვლასა და განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი ამოცანების მიღწევაში. ასეთი ბუმის ხელშესაწყობად განვითარებად ქვეყნებს პოლიტიკის ყოვლისმომცველი პაკეტის დანერგვა სჭირდებათ ფისკალური და მონეტარული ჩარჩოს განსამტკიცებლად, საერთაშორისო ვაჭრობის და ფინანსური ნაკადების გასაფართოებლად, საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად და ინსტიტუტების ხარისხის გასაძლიერებლად. ეს რთულია, მაგრამ ბევრმა განვითარებადმა ქვეყანამ შეძლო წარსულში ამის გაკეთება. აღნიშნული ღონისძიებების კვლავ გატარება ხელს შეუწყობს პოტენციური ზრდის პროგნოზირებული შენელების შერბილებას ათწლეულის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის მთავარი ეკონომისტის მოადგილემ და სამომავლო პერსპექტივების ჯგუფის დირექტორმა, აიჰან კოსემ.

გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ მსოფლიო ბანკის უახლესი ანგარიში ასევე განსაზღვრავს, თუ რა შეუძლია განვითარებადი ქვეყნების ორ მესამედს, კერძოდ, საქონლის ექსპორტიორებს ეკონომიკური ზრდისა და ვარდნის ციკლის თავიდან ასაცილებლად. ანგარიში მიუთითებს, რომ მთავრობები აღნიშნულ ქვეყნებში ხშირად იღებენ ფისკალურ პოლიტიკას, რომელიც აძლიერებს ეკონომიკურ ზრდას და შემდგომ ვარდნას.

„როდესაც სასაქონლო ფასების მატება განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას ერთი პროცენტული ერთეულით, მთავრობა, მაგალითად, ზრდის ხარჯებს ისე, რომ ეკონომიკური ზრდა დამატებით 0.2 პროცენტული ერთეულით იმატებს. ზოგადად, ხელსაყრელ პერიოდში, ფისკალური პოლიტიკა ახდენს ეკონომიკის „გადახურებას“, ხოლო არახელსაყრელ პერიოდში აღრმავებს ვარდნას. ეს „პროციკლურობა“ 30 პროცენტით უფრო ძლიერია სასაქონლო ექსპორტის განმახორციელებელ განვითარებად ქვეყნებში ვიდრე სხვა განვითარებად ქვეყნებში. ფისკალური პოლიტიკა ასევე 40 პროცენტით უფრო ცვალებადია აღნიშნულ ქვეყნებში, ვიდრე სხვა განვითარებად ქვეყნებში.

მაღალ პროციკლურობასთან და ფისკალური პოლიტიკის ცვალებადობასთან დაკავშირებული არასტაბილურობა ქრონიკულად აფერხებს იმ განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს, რომლებიც საქონლის ექსპორტს აწარმოებენ. ეს შეფერხება შეიძლება, შემცირდეს ფისკალური ჩარჩოს შექმნით, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფო ხარჯვის დისციპლინას მოქნილი სავალუტო რეჟიმების დანერგვით და საერთაშორისო კაპიტალის მოძრაობაზე შეზღუდვების დაწესების თავიდან აცილებით. საშუალოდ ასეთი დარგობრივი პოლიტიკის ღონისძიებებს შეუძლია, საქონლის ექსპორტიორების დახმარება განვითარებად ქვეყნებში მშპ-ის ზრდის თვალსაზრისით ერთ სულზე ყოველ ოთხ ან ხუთ წელიწადში ერთი პროცენტული ერთეულით. ქვეყნებს ასევე შეუძლიათ სარგებლის მიღება კეთილდღეობის სუვერენული და სხვა სარეზერვო ფონდების შექმნით, რომლებიც შეიძლება, დროულად იქნას გამოყენებული საგანგებო სიტუაციებში“, – ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

“იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა სრულად აღდგება” – თბილისის მერის მოადგილე

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძის ქუჩამდე ახალი სამანქანე ხიდის გაჭრა იგეგმება.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

როგორც მან თბილისის მერიის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დაწყებიდან, დაახლოებით 6 თვეში, სამშენებლო სამუშაოები დასრულდება.

გარდა ამისა, მისივე განცხადებით, იანვრის თვის ბოლოს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოების ნაწილი დასრულებული იქნება და დარჩება მხოლოდ მცირე სახის სამუშაოები. მოძრაობა კი, შეუფერხებლად აღდგება.

„როგორც პროექტის დასაწყისში იყო ნათქვამი, იანვრის თვის ბოლოს წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა სრულად იქნება აღდგენილი, დარჩენილი იქნება მცირე სახის სამუშაოები, თუმცა ძირითადი ნაწილი დასრულდება. მოძრაობა ამ გამზირზე შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი სამანქანე ხიდის მშენებლობას, ზუსტად იანვრის თვის ბოლოს, ხიდი უკვე მთლიანად იქნება აშენებული. დარჩენილი იქნება ტექნიკური დეტალები, რომელიც თებერვლის თვის ბოლოსთვის დასრულდება. აქაც გადაადგილება სრულად იქნება შესაძლებელი.

ეს არის ის პროექტი, რომელიც ჩვენ მიმდინარე წელს გვაქვს დაგეგმილი. ეს ხიდი როდესაც უნივერსიტეტის ქუჩას დაუკავშირდება, უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძემდე ახალი სამანქანე გვირაბი გაიჭრება. ფაქტობრივად, ბაგებიდან ქავთარაძეზე, ვაჟა-ფშაველაზე რამდენიმე წუთში იქნება გადაადგილება შესაძლებელი. რაც შეეხება პროცედურებს, ჩვენ ეს პროექტი უკვე რამდენიმე დღეში გვექნება ჩაბარებული და უახლოეს დღეებში, კვირაში გამოცხადდება მშენებლობაზე ტენდერი, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. კონკრეტულ დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ, მაგრამ სამუშაოს დაწყების შემდეგ, დაახლოებით 6 თვეში დამთავრდება მშენებლობა“,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესებულია, გაუარესება ნამდვილად არ აღენიშნება”

„ვივამედის“ სამედიცინო დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური და გაუმჯობესებულია.

როგორც საქართველოს პირველ არხს ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, პაციენტს ჯანმრთელობის გაუარესება არ აღენიშნება.

„პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესებულია. სტაბილურია პარამეტრები, იქნება ეს ჰემოდინამიკური მაჩვენებლები თუ სუნთქვის პარამეტრები. გაუარესება ნამდვილად არ აღენიშნება, თუმცა არის გარკვეული კვლევები, რომლებსაც ყურადღება სჭირდება. კვების კომპონენტი გაუმჯობესებულია, კალორაჟი მომატებულია, თუმცა არა იმდენად, რამდენიც არის სასურველი და რაც ნუტრიციოლოგების მიერ რეკომენდებულია“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღევანდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღევანდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც სხდომის დაწყების წინ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, სააკაშვილს შესთავაზეს პროცესში მონაწილეობის მიღება დისტანციური ფორმით ან დარბაზში დასწრების სახით, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა.

„სასამართლოსთვის წარმოდგენილია პენიტენციური დეპარტამენტის მიერ შედგენილი ოქმი, რომლის მიხედვით, ირკვევა, რომ პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტის ოფიცრებმა მსჯავრდებულს შესთავაზეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრება ან დისტანციურად ჩართვა, რაზეც მსჯავრდებულმა უარი განაცხადა. მისივე განმარტებით, უარის მიზეზად დასახელებულია ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო და ის 21 თებერვალს გაიმართება.

„გამოცხადებული მოწმის დაკითხვაზე ორივე მხარე უნდა იყოს თანახმა. ერთი მხარე თუ წინააღმდეგია და მეორე ითხოვს დაკითხვას, ასეთ დროს მოწმე ვერ დაიკითხება. ეს გაუგებრობა აღმოვფხვრათ იმით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბრალდებულის პროცესში უშუალო მონაწილეობა ან მისი ნება იყოს მკაფიოდ გარკვეული. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, დღევანდელი სხდომა გადავდოთ და გამოცხადებული მოწმე შემდეგ პროცესზე დავკითხოთ. შემდეგი სხდომა გაიმართება 21 თებერვალს, 11:00 საათზე. დღევანდელი სხდომა ამით დასრულებულია“, – განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

„დასავლეთი ვლადიმერ პუტინს ევროპის გასაღებს მალე ჩააბარებს“ – რას წერს „დეილი ტელეგრაფი“

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით „დასავლეთი ვლადიმერ პუტინს ევროპის გასაღებს მალე ჩააბარებს“ (ავტორი – რობერტ კლარკი). მასალაში განხილულია უკრაინისადმი დახმარების გაწევის საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე გაყინულია. შესაბამისად, ვლადიმერ პუტინს ხელ-ფეხი ეხსნება უფრო თავისუფლად იმოქმედოს და აღმოსავლეთ ევროპაზე ძველი საბჭოურ-იმპერიული გავლენა აღადგინოს.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შარშანდელ და წლევანდელ იანვარს თუ ერთმანეთს შევადარებთ, მნიშვნელოვან განსხვავებას დავინახავთ. ერთი წლის წინ დასავლეთში დიდი ამაღლებული განწყობა და ოპტიმისტური განცხადებები დომინირებდა, ყველას იმედი ჰქონდა, რომ დასავლეთის მხარდაჭერით უკრაინა წარმატებით შეძლებდა რუსეთის შეტევის მოგერიებას და ბარბაროს ვლადიმერ პუტინს თავისი გეგმების განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცემოდა.

მაგრამ, დიდად სამწუხაროდ, დღეს უკრაინაში და დასავლეთში იმედგაცრუება და გულგატეხილობა შეინიშნება. უკრაინის არმიამ ვერ მიაღწია სტრატეგიულ მიზანს და როცა მისი წარუმატებლობა აშკარად გამოჩნდა, დასავლეთის ერთიანობას ბზარი გაუჩნდა: ვაშინგტონელ და ბრიუსელელ პოლიტიკოსებს ეჭვი შეეპარათ – ხომ არ იყრება წყალში მათი დახმარება და შეძლებს კი უკრაინა რუსეთის დამარცხებას? ომი უკვე მესამე წელია მიმდინარეობს, რაც დასავლეთს საკმაოდ ძვირი უჯდება. 2023 წლის დეკემბრისათვის უკრაინამ ამერიკისაგან და ევროკავშირის ქვეყნებისაგან 230 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების სახით. კიევის უმსხვილესი დონორები გახდნენ აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები.

ბოლო დრომდე დაფინანსების პროცესი მეტ-ნაკლებად ნორმალურად მიმდინარეობდა კონსენსუსის წყალობით, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა გასული წლის ბოლოს, როცა ამერიკელი კონგრესმენები, უმეტესად რესპუბლიკელები, თეთრ სახლს „აუჯანყდნენ“ და ჯო ბაიდენს მოსთხოვეს, რომ უკრაინის დახმარებასთან ერთად, თანხები შიდა პრობლემების მოსაგვარებლადაც გამოყოფილიყო. კაპიტოლიუმსა და თეთრ სახლს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა და შესაბამისად, უკრაინა ჯერ-ჯერობით აშშ-ის დახმარების გარეშეა დარჩენილი. იგივე ხდება ევროკავშირშიც, სადაც ვლადიმერ პუტინის აპოლოგეტმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინის დასახმარებელი ოთხწლიანი გეგმის პაკეტი დაბლოკა, 50 მილიარდი დოლარის ოდენობით.

მაშინ როცა რუსეთი თავის დაბალტექნოლოგიურ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს აძლიერებს და თითქმის მთელი ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაჰყავს, დასავლეთი ვერ ახერხებს თავისი დაპირებების შესრულებას. მაგალითად, უკრაინას ამჟამად ჰაერივით ჭირდება 155-მილიმეტრიანი ჭურვები, რომელიც, ბრიუსელის დაპირებით, მარტის თვისათვის მზად ერთი მილიონი ცალი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მარტამდე მხოლოდ თვენახევარიღაა დარჩენილი, ჯურვები კი მხოლოდ ჯერ-ჯერობით 300 ათასი ცალია წარმოებული.

როგორც ჩანს, დასავლური სამხედრო კომპანიების უუნარობა სამხედრო დაკვეთების დროულად შესრულების საკითხში განპირობებულია 1990-იანი წლების პოლიტიკური დივიდენდებით, როცა საბჭოთა მუქარა გაქრა და დასავლეთმა შვებით ამოისუნთქა, პარალელურად კი ყურადღება მოადუნა სამხედრო სფეროს განვითარება-განმტკიცებისადმი.

თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების პერსპექტივამ ბევრი გამოაფხიზლა. საინტერესოა, რომ დონალდ ტრამპი თავისი პრეზიდენტობის დროს ევროპისადმი (და ნატოს მიმართაც) სკეპტიკურად იყო განწყობილი და ევროპელი მოკავშირეებისაგან სამხედრო ხარჯების გადიდებას ითხოვდა. ალბათ, თუ დონალდ ტრამპი მართლაც ისევ გახდება აშშ-ის პრეზიდენტი, ბევრ ევროპელ პოლიტიკოსს გამოფხიზლება მოუწევს.

როგორც ჩანს, უნგრეთის ნეგატიური პოზიციის მიუხედავად, ევროკავშირი დარწმუნებულია, რომ უკრაინისადმი დახმარების პროექტი მხარდაჭერილი იქნება. ვაშინგტონში არსებული სიტუაცია კი მყიფეა: არავინ არ იცის, რომლები დაიხევენ უკან უკრაინის დახმარების საკითხში – დემოკრატები და რესპუბლიკელები.

ახლო აღმოსავლეთში და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში შექმნილი რთული სიტუაციის კვალობაზე, 2024 წლის განმავლობაშიც დასავლეთის ყურადღება უფრო მეტად ისრაელზე და ჩინეთზე იქნება გადატანილი, მაგრამ დასავლეთი ზალიან წააგებს, თუ უკრაინას არ დაეხმარება.

დასავლეთმა სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გადაიარაღებისა და რეინდუსტრიალიზაციის პროცესი და ხელახლა ისწავლოს ალიანსების შექმნისა და აგრესორების შეკავების ხელობა. და თუ ამას ვერ მოახერხებს, თუ უუნარობას გამოიჩენს, ეს ნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინს ხელში ევროპის გასაღები ჩაუვარდება თავისი მზარდი იმპერიული მიზნების განსახორციელებლად.

წყარო

“ეკლესიაში ღვთისმსახურება არის მნიშვნელოვანი და ეს ყველას გვესმის, ღმერთმა დალოცოს საქართველო” – ლევან ხაბეიშვილი

ეკლესიაში ღვთისმსახურება არის მნიშვნელოვანი და ეს ყველას გვესმის – სიკეთე, პატივისცემა, თავმდაბლობა და ერთმანეთის სიყვარული. ოჯახი, სამშობლო არის ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, რაც იწვევს დაპირისპირებას, გაყოფას და საზოგადოების დაქსაქსვას, არის მიუღებელი.

„ეკლესიაში ღვთისმსახურება არის მნიშვნელოვანი და ეს ყველას გვესმის – სიკეთე, პატივისცემა, თავმდაბლობა და ერთმანეთის სიყვარული. ოჯახი, სამშობლო არის ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელი ვერანაირი თავსმოხვეული, უაზრო გარჩევები, შემოგდებული თემები და რუსი ოლიგარქის ოინები, ვერ შეძლებს მთავარი საქმიდან ჩვენი ყურადღების გადატანას – გამარჯვების წელია, ქართველი ხალხის გამარჯვების, ბოროტების დამარცხებისა და სიკეთის გამარჯვების წელი! აღარ უნდა მივცეთ შესაძლებლობა დაანგრიონ გელათი, უკიდურესად შეურაცხმყოფელად მოეპყრან ჯვრის მონასტერს, საკუთარ „დღეობაზე“, დახურონ სვეტიცხოველი და ფეხქვეშ გათელონ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა! რაც იწვევს დაპირისპირებას, გაყოფას და საზოგადოების დაქსაქსვას, არის მიუღებელი და ცხადია, ვერ მოგვეწონება. ძლიერი ოჯახი, ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი სიწმინდეები, კულტურული მემკვიდრეობა,თავისუფლება და სამშობლო, არის ის ღირებულებები, ის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ერს გააერთიანებს! ღმერთმა დალოცოს საქართველო“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 6 დეკემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში, ბრალდებულმა ჯოხით სასტიკად სცემა ძაღლს, რამაც ცხოველის სიკვდილი გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილით (ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

საქართველოს პროკურატურა ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს. ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე პროკურატურის ინიციატივით მომზადდა სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის დანაშაულებზე სასჯელი გამკაცრდა“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ჯარიმა 250 000 ლარი იქნება”

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ჯარიმა 250 000 ლარი იქნება, ნაცვლად 25 000 ლარისა.

როგორც მან თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული კანონი 11 იანვრიდან შევა ძალაში.

„მინდა, შევეხო ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ეხება უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებს, რადგან თითოეული მსგავსი შემთხვევა აზიანებს თბილისს, მის იერსახეს და ამ ქალაქში მცხოვრები თითოეული ადამიანის უფლებას.

პრობლემის აღმოფხვრისა და პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ჯერ კიდევ 2018 წელს მივმართეთ პარლამენტს კანონპროექტით და, დაახლოებით, 3-4-ჯერ, ხოლო რიგ შემთხვევებში, 10-ჯერაც კი გავზარდეთ სანქციები. უფრო მეტიც, პარლამენტის მხარდაჭერით, მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილების განმეორებით შეუსრულებლობა გახდა სისხლის სამართლის დანაშაული, თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს სანქციები ზოგიერთი მშენებლისთვის ბოლომდე შემაკავებელი ფაქტორი არ აღმოჩნდა. ამიტომ, აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მოვამზადეთ შესაბამისი კანონპროექტი და საკანონმდებლო ორგანოს წარვუდგინეთ. პარლამენტის მხარდაჭერითა და თანადგომით, ეს კანონი უკვე მიღებულია და ძალაში შევა 11 იანვრიდან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტის თითოეულ წევრს, ვინც ამ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

ახალი კანონის მიხედვით: კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, დაჯარიმდება 250 000 ლარით (ნაცვლად 25 000 ლარისა); კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში უნებართვო მშენებლობა კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ან III ან IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისთვის, დაჯარიმდება 200 000 ლარით (ნაცვლად 20 000 ლარისა); ჯარიმები გამკაცრდა ასევე, I და II კლასის შენობა-ნაგებობების უნებართვო მშენებლობებისთვის;

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის: – III კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 30 000 ლარი (ნაცვლად 10 000 ლარისა), ხოლო IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 75 000 ლარი (ნაცვლად 15 000 ლარისა).

ჯარიმები გამკაცრდა ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში მშენებარე ობიექტების კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვებისთვის.

კერძოდ, III და IV კლასის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 150 000 ლარი (ნაცვლად 20 000 ლარისა).

გამომდინარე იქიდან, რომ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებობს უამრავი კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი, უშუალოდ ძეგლზე განხორციელებული უკანონო მშენებლობისთვის ასევე, გამკაცრებულია ჯარიმები.

მინდა ამაზეც მოგაწოდოთ ინფორმაცია, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე: უნებართვოდ, დაჯარიმდება 250 000 ლარით; სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 150 000 ლარით; კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 200 000 ლარით; მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება ძეგლზე კი: უნებართვოდ, დაჯარიმდება 40 000 ლარით; სანებართვო პირობების დარღვევით, დაჯარიმდება 20 000 ლარით; კონსერვაციის წესების დარღვევით, დაჯარიმდება 25 000 ლარით.

მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს მოსახლეობას, რომ ამ კანონის მიღების მიზანი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონებში უკანონო მშენებლობების მაქსიმალურად აღკვეთა, ხელის შეშლა და მისი სახით, ერთგვარი პრევენციული მექანიზმის შემოღებაა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამოქალაქეები, მშენებლობის განმახორციელებელი პირები გაითვალისწინებენ ამ ყველაფერს და ერთად ვიზრუნებთ დედაქალაქის ისტორიული ნაწილის იერსახის შენარჩუნებაზე“, -განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის საჯარო ბაღების თანამშრომელთა ხელფასი 15%-ით იზრდება

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან დედაქალაქის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად, საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ით იზრდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ხელფასიც 10%-ით მოიმატებს, თუმცა, მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15%-ით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან, შრომატევად და საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევიან, მათი ანაზღაურება კი  ძალიან დაბალია. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათი ხელფასი 15%-ით გაიზარდოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, 2017 წლიდან დღემდე, თბილისში 23 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, 11-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

„საბავშვო ბაღები ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სენსიტიური თემაა. 2017 წლიდან, როდესაც ჩვენ დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ აგვირჩია, ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო, რომ მიგვეხედა არსებული ინფრასტრუქტურისთვის, მოგვეწესრიგებინა, ახალი აგვეშენებინა. როდესაც საუბარია ბავშვებზე, მომავალ თაობაზე, აქ ყოველთვის  მიმართული იქნება განსაკუთრებული ძალისხმევა და ყურადღება, რათა ჩვენს პატარებს ნორმალურ გარემოში სწავლის შესაძლებლობა ჰქონდეთ. 2017 წლიდან დღემდე თბილისში 23 ახალი ბაღი აშენდა, რეაბილიტაცია კი მძიმე მდგომარეობაში არსებულ 11 ბაღს ჩაუტარდა. რა თქმა უნდა, ამით არ შემოვიფარგლებით და მუშაობას განვაგრძობთ. ხედავთ, თუ როგორი სტანდარტი შემოვიღეთ ბაღების ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ევროპულ, თანამედროვე ქალაქსაც შეშურდება ასეთი ინფრასტრუქტურის ბაღები. ეს სტანდარტი მაქსიმალურად შენარჩუნდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა საჯარო ბაღებთან დაკავშირებულ სამომავალო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ახალი ბაღების მშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია გრძელდება.

„2024 წელს ათი მიმდინარე პროექტიდან შვიდი ახალი ბაღი გაიხსნება და სამის რეაბილიტაცია დასრულდება. 15 იანვარს რეაბილიტირებულ შენობაში დაბრუნდება 89-ე ბაღის კონტინგენტი. ასევე, თვის ბოლომდე ახალი, N64 საბავშვო ბაღი გაიხსნება სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში. ამ პროექტების შედეგად იზრდება როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის რაოდენობა“, -განაცხადა თბილისის მერმა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, თბილისში 189 საჯარო ბაგა-ბაღია, რომელიც 60 000-მდე ბავშვს ემსახურება.

“2023 წელი საკმაოდ წარმატებით დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის შესრულება 95%-მდეა” – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, საშემოსავლო ნაწილის შესრულება 100 მლნ ლარით არის გადაჭარბებული.

„მინდა, მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდო გასული წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც. 2023 წელი საკმაოდ წარმატებით დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის შესრულება 95%-მდეა. რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილს, მისი შესრულება, დაახლოებით, 100 მლნ ლარით არის გადაჭარბებული.

გარდა ამისა, გარკვეული თანხები წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოგვყვა, რომელიც დამატებით შემოსავლებთან ერთად, მთლიანად აისახება მიმდინარე წლის ბიუჯეტში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც 1 763 000 000 (მილიარდ 763 მლნ) ლარის ოდენობით დამტკიცდა, გახდება 1 963 000 000 (მილიარდ 963 მლნ) ლარი, რაც საშუალებას მოგვცემს, ქალაქისთვის უფრო მეტი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განვახორციელოთ.

დამატებით რესურსებთან დაკავშირებით მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები საკრებულოს დეპუტატებთან ერთად იმუშავებენ და აღნიშნული თანხები კონკრეტული მიმართულებებით გადანაწილდება. უახლოეს მომავალში თბილისის მოსახლეობას დამატებით გავაცნობთ ინფორმაციას, თუ რაში დაიხარჯება დამატებითი რესურსები და ქალაქისთვის მნიშვნელოვან რომელ ღონისძიებებს მოხმარდება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ცესკო საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების სარეგისტრაციო პროცედურების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ცესკო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მსურველ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საჭირო პროცედურები დროულად განახორციელონ.

„საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2024 წლის 26 ოქტომბერს ტარდება. საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიების რეგისტრაციის პროცედურები საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 113-ე მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად ხორციელდება.

გაცნობებთ, რომ 2020 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე რეგისტრირებული პარტიები: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; „ლელო საქართველოსთვის“; „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – “გირჩი“; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“; „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“; „კანონი და სამართალი“; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“; „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“; „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ და „პროგრესი და სამართალი“ საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობას აკმაყოფილებენ და საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დროისათვის მათი წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრები ჰყავთ. აღნიშნულმა პარტიებმა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართონ ცესკოს თავმჯდომარეს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა.

პარტიამ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ პირობას, საქართველოს პარლამენტის არჩევნების წლის 1-ელი იანვრიდან 15 ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად, პარტიის ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი სათანადო განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს და განცხადების წარდგენისთანავე მას მხარდამჭერთა სიის ნიმუში გადაეცემა. პარტია ვალდებულია, პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1-ელი აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში.

ასევე, შეგახსენებთ, რომ განცხადებას უნდა დაერთოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა.

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 2 51 00 51,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ეკლესიაში პოლიტიკური თემების შეტანა ერთ-ერთი რესურსია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იყენებს” – გიორგი ვოლსკი

7 იანვარი თუ 25 დეკემბერი – კონკრეტულ ჯგუფებში შობის თარიღზე დავა და საკითხის პოლიტიზების მცდელობა გრძელდება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ პოლიტიკური თემის ეკლესიაში შეტანა გაუმართლებელია და ამ თემით სპეკულირების მთავარი მიზანი რადიკალების მხრიდან ეკლესიაში განხეთქილების გაჩენაა.

„შობის თარიღი დადგენილია საკმაოდ სერიოზული ასტრონომიული, მათემატიკური გამოთვლებით და ამ თემის რუსეთზე მიბმა არამარტო მკრეხელობა, არამედ შეზღუდული აზროვნების დემონსტრირებაა. თვითონ ეკლესიაში პოლიტიკური თემების შეტანა ერთ-ერთი რესურსია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია იყენებს. მიზანი ერთია – დაპირისპირება ეკლესიასთან და მისი ავტორიტეტის შელახვა“ – განაცხადა პარლამენტის პირველმა მოადგილე, გიორგი ვოლსკიმ.