“იანვრის ბოლოს წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა სრულად აღდგება” – თბილისის მერის მოადგილე

37
spot_img

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძის ქუჩამდე ახალი სამანქანე ხიდის გაჭრა იგეგმება.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

როგორც მან თბილისის მერიის მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, დაწყებიდან, დაახლოებით 6 თვეში, სამშენებლო სამუშაოები დასრულდება.

გარდა ამისა, მისივე განცხადებით, იანვრის თვის ბოლოს წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოების ნაწილი დასრულებული იქნება და დარჩება მხოლოდ მცირე სახის სამუშაოები. მოძრაობა კი, შეუფერხებლად აღდგება.

„როგორც პროექტის დასაწყისში იყო ნათქვამი, იანვრის თვის ბოლოს წერეთლის გამზირზე სამანქანო მოძრაობა სრულად იქნება აღდგენილი, დარჩენილი იქნება მცირე სახის სამუშაოები, თუმცა ძირითადი ნაწილი დასრულდება. მოძრაობა ამ გამზირზე შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი სამანქანე ხიდის მშენებლობას, ზუსტად იანვრის თვის ბოლოს, ხიდი უკვე მთლიანად იქნება აშენებული. დარჩენილი იქნება ტექნიკური დეტალები, რომელიც თებერვლის თვის ბოლოსთვის დასრულდება. აქაც გადაადგილება სრულად იქნება შესაძლებელი.

ეს არის ის პროექტი, რომელიც ჩვენ მიმდინარე წელს გვაქვს დაგეგმილი. ეს ხიდი როდესაც უნივერსიტეტის ქუჩას დაუკავშირდება, უნივერსიტეტის ქუჩიდან ქავთარაძემდე ახალი სამანქანე გვირაბი გაიჭრება. ფაქტობრივად, ბაგებიდან ქავთარაძეზე, ვაჟა-ფშაველაზე რამდენიმე წუთში იქნება გადაადგილება შესაძლებელი. რაც შეეხება პროცედურებს, ჩვენ ეს პროექტი უკვე რამდენიმე დღეში გვექნება ჩაბარებული და უახლოეს დღეებში, კვირაში გამოცხადდება მშენებლობაზე ტენდერი, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. კონკრეტულ დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ, მაგრამ სამუშაოს დაწყების შემდეგ, დაახლოებით 6 თვეში დამთავრდება მშენებლობა“,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.