“2023 წელი საკმაოდ წარმატებით დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის შესრულება 95%-მდეა” – კახა კალაძე

27
spot_img

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, საშემოსავლო ნაწილის შესრულება 100 მლნ ლარით არის გადაჭარბებული.

„მინდა, მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდო გასული წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც. 2023 წელი საკმაოდ წარმატებით დაიხურა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტის შესრულება 95%-მდეა. რაც შეეხება საშემოსავლო ნაწილს, მისი შესრულება, დაახლოებით, 100 მლნ ლარით არის გადაჭარბებული.

გარდა ამისა, გარკვეული თანხები წინა წელს დაწყებული სამუშაოებიდან გადმოგვყვა, რომელიც დამატებით შემოსავლებთან ერთად, მთლიანად აისახება მიმდინარე წლის ბიუჯეტში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, 2024 წლის ბიუჯეტი, რომელიც 1 763 000 000 (მილიარდ 763 მლნ) ლარის ოდენობით დამტკიცდა, გახდება 1 963 000 000 (მილიარდ 963 მლნ) ლარი, რაც საშუალებას მოგვცემს, ქალაქისთვის უფრო მეტი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი განვახორციელოთ.

დამატებით რესურსებთან დაკავშირებით მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები საკრებულოს დეპუტატებთან ერთად იმუშავებენ და აღნიშნული თანხები კონკრეტული მიმართულებებით გადანაწილდება. უახლოეს მომავალში თბილისის მოსახლეობას დამატებით გავაცნობთ ინფორმაციას, თუ რაში დაიხარჯება დამატებითი რესურსები და ქალაქისთვის მნიშვნელოვან რომელ ღონისძიებებს მოხმარდება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.