მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დღევანდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობას ვერ მიიღებს

41
spot_img

თბილისის საქალაქო სასამართლოში საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც სხდომის დაწყების წინ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაცხადა, სააკაშვილს შესთავაზეს პროცესში მონაწილეობის მიღება დისტანციური ფორმით ან დარბაზში დასწრების სახით, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა.

„სასამართლოსთვის წარმოდგენილია პენიტენციური დეპარტამენტის მიერ შედგენილი ოქმი, რომლის მიხედვით, ირკვევა, რომ პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტის ოფიცრებმა მსჯავრდებულს შესთავაზეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასწრება ან დისტანციურად ჩართვა, რაზეც მსჯავრდებულმა უარი განაცხადა. მისივე განმარტებით, უარის მიზეზად დასახელებულია ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილმა.

სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო პროცესი გადაიდო და ის 21 თებერვალს გაიმართება.

„გამოცხადებული მოწმის დაკითხვაზე ორივე მხარე უნდა იყოს თანახმა. ერთი მხარე თუ წინააღმდეგია და მეორე ითხოვს დაკითხვას, ასეთ დროს მოწმე ვერ დაიკითხება. ეს გაუგებრობა აღმოვფხვრათ იმით, რომ უზრუნველყოფილი იყოს ბრალდებულის პროცესში უშუალო მონაწილეობა ან მისი ნება იყოს მკაფიოდ გარკვეული. ყოველგვარი გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, დღევანდელი სხდომა გადავდოთ და გამოცხადებული მოწმე შემდეგ პროცესზე დავკითხოთ. შემდეგი სხდომა გაიმართება 21 თებერვალს, 11:00 საათზე. დღევანდელი სხდომა ამით დასრულებულია“, – განაცხადა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა.