Home Blog Page 1791

“მწუხარებას გამოვთქვამთ ტრაგიკული ინციდენტის შედეგად სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის გარდაცვალების გამო” – თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში.

„სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

“გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება, ეტიკტოკოს ბუჩუკურს და ლილუაშვილს” – ირაკლი კობახიძე

გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება, ეტიკტოკოს ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის უკანასკნელ თვეებს ითვლიან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.

„საერთოდ არ გამოვეხმაურებოდი ამ ხუთსიტყვიან ანეკდოტს – გახარიამ ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია, 2-პროცენტიანი გახარია ნაცური თავხედობის ეტალონური მაგალითი რომ არ იყოს.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გიორგი გახარიას ჯერ მოვალეებთან აქვს „დებატები“ გასამართი, რომლებიც კრახით დასრულებული 2021 წლის არჩევნების შემდეგ მრავლად დარჩა როგორც გადაგდებული კომპანიების, ისე ყოფილი თანაპარტიელების სახით.

გიორგი გახარიას განცხადების აბსურდულობის მთავარი მიზეზი ის არაა, რომ 2-პროცენტიანი პარტიის კომპრომეტირებული და ხელმოცარული თავმჯდომარე ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ადამიანს თავხედურად დებატებში იწვევს. აბსურდულობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ საქმეში ჩახედულ კაცს გიორგი გახარიასთან კითხვაც კი არ აქვს არცერთ თემაზე დასასმელი:

• ჩვენ არ გვაქვს მასთან არავითარი კითხვა იმის შესახებ, რატომ შევარდა თვითნებურად ბასიანში და რატომ შექმნა სრულიად ხელოვნურად ახალგაზრდებისა და პოლიციის დაპირისპირების პირველი პრეცედენტი; რატომ გვატყუებდა, რომ ბასიანში შეჭრისას ნარკოტიკების მოხმარების დამადასტურებელი უამრავი ვიდეომტკიცებულება ამოიღო და რატომ დაიმალა მეორე დღეს, როდესაც ჩვენი მოთხოვნით ეს მტკიცებულებები უნდა წარმოედგინა; რატომ შეუქმნეს მას სრული კომფორტი აქციის ევრონაცმა და ენჯეოშნიკმა ორგანიზატორებმა, როდესაც მან თავისივე დარბეულ ახალგაზრდებს ბოდიში მოუხადა და რატომ არ დაუშინეს მას ბოთლები მაშინდელი პრემიერ-მინისტრისგან განსხვავებით;

• ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმის შესახებ, რატომ გამოაძევებინა მესტიაში ტყის დასაცავად ასული პოლიციელები ადგილობრივებს; არც იმის შესახებ, თუ რატომ აქცია მძიმე შეურაცხყოფის ობიექტად პოლიციელები პანკისის ხეობაში; რატომ ახდენდა სისტემატურად ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას, რაც სახელმწიფოს დასუსტების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია;

• ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმის შესახებ, რატომ მოქმედებდა 20 ივნისს ნინო ლომჯარიას კარნახით – რატომ დააყენა სპეცრაზმი პარლამენტის ჭიშკრის წინ და არა ჭიშკრის უკან და შესაბამისად, რატომ აქცია ისინი აგრესორების პირდაპირ სამიზნედ; რატომ არ გამოიყენა წყლის ჭავლი და რატომ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება;

• ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმასთან დაკავშირებით,  რატომ ითხოვდა აგრესიულად პარლამენტარებისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას, რატომ ჰპირდებოდა მათ მის დაკავებას და შემდეგ ურცხვად რატომ თქვა უარი დაკავებაზე; რატომ ითხოვდა სპეცოპერაციის ორი დღით გადავადებას, როდესაც დაგვიანება სპეცოპერაციას მხოლოდ გაართულებდა, რაც მოგვიანებით დადასტურდა კიდეც; რატომ ამტკიცებდა, რომ სპეცოპერაციას სისხლისღვრა მოჰყვებოდა, როდესაც ვახტანგ გომელაურმა ეს ოპერაცია ერთ კვირაში ყოველგვარი სისხლისა და თმის ღერის ჩამოვარდნის გარეშე ჩაატარა;

• ჩვენ არ გვაქვს მასთან კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ შექმნა ოთხ მუნიციპალიტეტში კოალიცია „ნაცმოძრაობასთან“ და რატომ ჩაჰყვა ნაციონალებს პოლიტიკურ სამარეში, როდესაც პრემიერ-მინისტრობის დროს საზოგადოებას მათ დამთავრებას ჰპირდებოდა.

არცერთი ეს ფაქტი არავითარ კითხვა-პასუხს არ საჭიროებს. ის, რომ გიორგი გახარია მოღალატეა, არა თეორემა, არამედ აქსიომური ჭეშმარიტებაა. მადლობა ღმერთს, დღეს საქართველო ბევრად უფრო დამოუკიდებელი და სუვერენულია, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ასეთი ადამიანები მინისტრისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობებს აღარ იკავებენ.

შესაბამისად, გიორგი გახარიას ვურჩევთ, დებატებზე დიდად ნუ გაიქაჩება და ეტიკტოკოს ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის უკანასკნელ თვეებს ითვლიან“, – წერს ირაკლი კობახიძე.

“იემენში განხორციელებული დარტყმების მიზანი „ჰუსიტების“ შესაძლებლობების მოშლა იყო” – ლოიდ ოსტინი

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე განხორციელებული ერთობლივი დარტყმების მიზანი იყო მოეშალათ „ჰუსიტების“ შესაძლებლობები, რათა მათ ვეღარ შეძლონ საფრთხე შეუქმნან მეზღვაურებს და გლობალურ ვაჭრობას დაემუქრონ.

ოსტინის ინფორმაციით, დარტყმების სამიზნე იყო „ჰუსიტების“ უპილოტო საფრენი აპარატი, უეკიპაჟო ხომალდი, სახმელეთო თავდასხმის ფრთოსანი რაკეტა და სანაპირო რადარისა და საჰაერო მეთვალყურეობის შესაძლებლობები.

„კოალიციის დღევანდელი ქმედება მკაფიო გზავნილს უგზავნის „ჰუსიტებს“, რომ ისინი კიდევ უფრო მეტად დაზარალდებიან, თუ არ დაასრულებენ უკანონო თავდასხმებს“, – აღნიშნულია ლოიდის განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის უწყების ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ თავდაცვის მინისტრმა საავადმყოფოდან გასცა ბრძანება და გააკონტროლა იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე დარტყმების განხორციელება.

12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

უსარგებლო საუბრებზე დროს ნუ დაკარგავთ. ახლა მთელი ყურადღება სამუშაოზე უნდა გადაიტანოთ და ყველა მნიშვნელოვანი საქმე დროულად დაასრულოთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი რჩევა და დახმარება დასჭირდებათ, ამიტომ საეჭვოა, რომ განმარტოება და დასვენება შეძლოთ. სამაგიეროდ, თქვენი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდება.

კურო

სიახლემ, რომელსაც ამ დღეს გაიგებთ, შესაძლოა ძალიან გაგახაროთ და გაგამხნეოთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, ყველაფერი არ დაიჯეროთ. ზოგადად, სანამ მიღებულ ინფორმაციას გამოიყენებთ, კარგად უნდა გადაამოწმოთ, რადგან შესაძლოა, ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს. ორი კურდღლის დევნას სჯობია, ერთი საქმე აირჩიოთ და ბოლომდე მიიყვანოთ.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს საკუთარი აზრის გამოთქმისა და სიმართლის მტკიცებისგან თავი შეიკავოთ. ეცადეთ, პირადი ურთიერთობები მაქსიმალურად შეზღუდოთ და მხოლოდ სამსახურის საქმეებზე იკონტაქტოთ. მშვიდად და აუჩქარებლად იმოქმედეთ. ახალი კრედიტის ან ვალის აღებას მოერიდოთ. ახლა ამისთვის არახელსაყრელი გარემოებებია.

კირჩხიბი

ამ დღეს ცნობისმოყვარეობა უნდა გამოიჩინოთ და მოვლენების ცენტრში იტრიალოთ, რათა არაფერი გამოგრჩეთ. შესაძლოა სწორედ ამ დღეს გაიგოთ მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის, მაგრამ არც წონასწორობის გრძნობა და სიფრთხილე დაივიწყოთ.

ლომი

ეცადეთ საკუთარ თავს დილიდან კარგი და მხიარული განწყობა შეუქმნათ – საქმეში წარმატება დიდწილად ამაზე იქნება დამოკიდებული. თქვენი გარემოცვიდან ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს, ამიტომ ნებისმიერ ახალ ინფორმაციას კრიტიკულად უნდა მოეკიდოთ.

ქალწული

სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამუშაოს შეცვლაზე და ახალი პროექტების დაწყებაზე უარი თქვათ. თქვენი იმედები არ გამართლდება და დროს ტყუილად დაკარგავთ. ამ დღეს ახლობლებს თქვენი ყურადღება სჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ, მათთან მეტი დრო გაატაროთ.

სასწორი

მხოლოდ საკუთარი ინტუიცია გიკარნახებთ, რა სამუშაო უნდა აირჩიოთ, რათა შემოსავალი მიიღოთ და მიზანს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეცდომას დაუშვებთ და შედეგიც იმედს გაგიცრუებთ. კარგი იქნება, პროფილაქტიკური მკურნალობის ან ვარჯიშისთვისაც მოიცალოთ.

მორიელი

ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფულის დაზოგვის საკითხი იქნება. გირჩევთ, ოჯახურ ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანოთ. სამსახურში ნაკლები იაქტიურეთ, თუ არ გინდათ, რომ ზედმეტად რთული საქმე დაგავალონ. მოულოდნელმა სირთულეებმა არ უნდა შეგაშინოთ. ეცადეთ, მომხდარს იუმორით შეხედოთ და ხელსაყრელი შესაძლებლობები მოძებნოთ.

მშვილდოსანი

უმჯობესია, შეთავაზებაზე უარი თქვათ, თუნდაც ძალიან მაცდური მოგეჩვენოთ. რომელიღაც ახლობელი ადამიანი თქვენით მანიპულირებას და თქვენი შესაძლებლობებით სარგებლობას ცდილობს. 12 იანვარი კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასრულებისთვის. ვარსკვლავები ამბობენ, რომ გარემოებათა ხელსაყრელი განვითარება წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება და იმპროვიზაცია მოგიწევთ.

თხის რქა

ახალ ადამიანებთან შეხვედრამ ან ახალი საქმის დაწყებამ შეიძლება ბევრი პრობლემა მოგიტანოთ, ამიტომ ეს დღე მშვიდად, კარგად ნაცნობი საქმის კეთებაში უნდა გაატაროთ. მცირე შოპინგი ან მხიარულ ადამიანებთან ურთიერთობა სტესისგან გაგათავისუფლებთ.

მერწყული

ამ დღეს თქვენი აზრები თქვენთვის უნდა შეინახოთ. უფროსებთან საუბარში თავშეკავება პრობლემებს თავიდან აგაცილებთ და კარგი ურთიერთობების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს თქვენი ემოციური მდგომარეობა დამოკიდებულია გარემოზე და სიტუაციაზე, რომელშიც აღმოჩნდებით. შეეცადეთ, წვრილმანებზე ნაკლები ინერვიულოთ და ადამიანების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ.

თევზები

მოერიდეთ დაპირებების გაცემას, რადგან შესაძლოა, პირობა ვერ შეასრულოთ და ურთიერთობები დააზიანოთ. ამ დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ და მთელი ყურადღება საკუთარ საჭიროებებზე უნდა გადაიტანოთ. ნურც სამომავლოდ გადადებულ საქმეებს დაივიწყებთ და დაასრულეთ ის, რაც დიდი ხნის წინ უნდა დაგესრულებინათ.

“ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს” – საქართველოს საპატრიარქო

მიმდინარე პროცესებმა მორწმუნე მრევლშიც ვნებათაღელვა გამოიწვია, ვიმედოვნებთ, საპატრიარქოს განცხადებები სიმართლეს შეიტანს საზოგადოებაში და ეკლესიის ერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს, – ამის შესახებ აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

„ა.წ. 11 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადება გარკვეულ პირებს რატომღაც სურთ, მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიაწერონ და თავიანთი უარყოფითი შეფასებები და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება კონკრეტული ადამიანის მიმართ გამოხატონ, რაც არის ხალხისთვის მიწოდებული მორიგი არასწორი ინფორმაცია და ეკლესიასთან დაპირისპირებული ძალების წახალისება.

ადრეც განგვიმარტავს და ახლაც ვიტყვით, რომ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებები არის ოფიციალური და ყოველთვის, რა თქმა უნდა, კათოლიკოს-პატრიარქთანაც შეთანხმებული.

შევნიშნავთ იმასაც, რომ კარგა ხანია, ხატების და სიწმინდეების მიზანმიმართული და შეურაცხმყოფელი კამპანია მიმდინარეობს და ახლაც ადგილი ჰქონდა ვანდალიზმს.

ხატების, სიწმინდეების და, ზოგადად, ქრისტიანული ფასეულობებისა და ტრადიციულ-კულტურული ღირებულებების დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალია. დაუშვებელია მკრეხელობა და არაჯანსაღი გამოხატვის ფორმები მათ მიმართ და ამგვარი ქმედებების სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებად სახელდება. თუმცა, ამავდროულად, ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და მოვუწოდებთ მრევლს, არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიან ფორმებს.

მიმდინარე პროცესებმა, ბუნებრივია, მორწმუნე მრევლშიც ვნებათაღელვა გამოიწვია. ვიმედოვნებთ, საპატრიარქოს განცხადებები სიმართლეს შეიტანს საზოგადოებაში და ეკლესიის ერთობას კიდევ უფრო განამტკიცებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. კერძოდ, ვაშინგტონმა შეზღუდვები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქტივებს დაუწესა.

სანქციები დაწესდა აშულუკსკის პოლიგონზე და ვლადიმირის მოწინავე სამხედრო კვლევით კომპლექსზე.

გარდა ამისა, თეთრმა სახლმა ასევე დაუწესა სანქციები რუსეთის სამ სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავს.

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, შვედეთის მთავრობამ საქართველოსთვის ხუთი მილიონი შვედური კრონა გამოყო

National vector fabric wave flags of Sweden and Georgia isolated on white background. 1 to 2 proportion.

შვედეთის მთავრობამ გადაწყვიტა, საქართველოსთვის ხუთი მილიონი შვედური კრონა გამოყოს, როგორც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი ანა ლიბერგი სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნული ინფორმაცია გამოქვეყნდა შვედეთის მთავრობის ვებგვერდზე. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, თანხა გამოყოფილია პროექტებისთვის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კრიზისის მართვა, კიბერუსაფრთხოება და ინფორმაციის გაზიარება.

ამასთან, შვედეთის მთავრობამ თანხმები გამოყო უკრაინისა და მოლდოვისთვისაც.

პაკეტის ფარგლებში უკრაინას 50 მილიონი შვედური კრონა გადაეცემა, ხოლო მოდლოვას – ხუთი მილიონი.

„მხარდაჭერა ხორციელდება ნატო-ს სხვადასხვა ფონდის მეშვეობით და გამოყენებული იქნება, სხვა საკითხებთან ერთად, კრიზისების მართვის, კიბერუსაფრთხოებისა და განათლებისთვის”, – აღნიშნულია შვედეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

“ეს ადამიანი უბრალოდ გაიპარა” – გია ცაგარეიშვილი გახარიაზე

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ადამიანმა, შეიძლება ასე ვთქვათ – ყველაზე მძიმე ჟამს ამ ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვის, მიატოვა ხელისუფლება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებთან გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

„საღამოს ქვეყანამ დაიძინა მოქმედი პრემიერ-მინისტრით და გაიღვიძა უკვე პრემიერ-მინისტრის გარეშე – ეს ადამიანი უბრალოდ გაიპარა. მან ძალიან კარგად იცოდა, რომ სწორედ რევანშიზმის წყურვილით ანთებულ ნაცმოძრაობას უგდებდა კლანჭებში ხელისუფლებას და მაინც გადადგა ეს ნაბიჯი. ხვდებით, რა დონის ღალატთან გვაქვს შეხება? ამის შემდეგ ის გამოდის და ამბობს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილთან უნდა დებატი. ჩემი აზრით, ზღვარდაუდებელი პატივმოყვარეობის ბრალია ეს ყველაფერი“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.

“სამი წელი საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივობიდან გაწეული ვიყავი, გავხდები აქტიური, რასაც ვაკვირდები, საჭირო ვარ”

სამი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივობიდან გაწეული ვიყავი, გავხდები აქტიური, რასაც ვაკვირდები, საჭირო ვარ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით რამდენიმე ტელეარხის მიერ დეზინფორმაცია ვრცელდებოდა.

ამასთან, ირმა ინაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იზიარებენ საპატრიარქოს პოზიციას სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო ხატში სათანადო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„ეკლესიის წევრები, ეკლესიის შვილები ვართ და ვიზიარებთ საპატრიარქოს პოზიციას. ჩვენთვის მისაღებია ეს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ დავწერე და ვთქვი, რომ ეკლესიის მხრიდან თუ იქნებოდა ასეთი პოზიცია, რომ მოხდეს ცვლილების შეტანა პატარა ეპიზოდში, ჩვენ ვთხოვთ ხატმწერს. მე არ გახლავართ ხატმწერი და არც დავით თარხან-მოურავი, ჩვენ ვთხოვთ ხატმწერს და, იმედია, დაგვთანხმდება ცვლილების შეტანაზე. საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას ამ ნაწილში.

ზოგიერთი ტელევიზია, „ტვ პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხი“ ავრცელებდნენ ტყუილს. თავიდანვე იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ვრცელდებოდა დეზინფორმაცია და სამარცხვინო ტყუილი, თითქოს ეს არის სტალინის ხატი. ესენი არიან ტოტალური დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტელეარხები, რომლებსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, საზოგადოებას აბუჩად იგდებენ, დასცინიან და ტყუილის ტირაჟირებით ცდილობენ, ითამაშონ ადამიანების გრძნობებზე. მათი პატრონები ვინც არიან, იმ ხალხმა რა ზიანი მიაყენა ქვეყანას, იმაზე უნდა განვაახლო საუბარი. სამი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივობიდან გაწეული ვიყავი. მაიძულეთ, კვლავ გავხდე აქტიური და გარწმუნებთ, გავხდები აქტიური, რადგან ყველაფერი უარესობისკენ წავიდა და არაფერი სიკეთისკენ არ შეიცვალა ამ ქვეყანაში. რასაც ვაკვირდები, საჭირო ვარ.

ხატი ძალიან ცნობილმა, გამოჩენილმა ხატმწერმა დაწერა. შეგნებულად არ ვასახელებ სახელს და მთელი დარტყმები ჩვენს თავზე ავიღეთ. სრულიად უდანაშაულოები ვართ. ჩვენს თავზე ავიღეთ, რადგან „ტვ პირველმა“, „მთავარმა არხმა“, „ფორმულამ“ და სხვა ლიბერასტმა არხებმა არ შეჭამონ ეს უდანაშაულო ადამიანი, ხატმწერი, რომელიც ცხოვრობს მონაზვნური ცხოვრებით და ძალიან გამოცდილი, მაღალი დონის ხატმწერია. ის დაეყრდნო ფრაგმენტს წმ. მატრონას ბიოგრაფის წყაროებიდან და ეს ფრაგმენტი ასახა. ტყუილია, თითქოს სტალინი ამ პატარა, ათსანტიმეტრიან ეპიზოდში დადებით პერსონაჟად იყო გამოყვანილი, ეს აბსოლუტური სიცრუეა. სტალინი წარმოჩენილი იყო, როგორც უღმერთო ქვეყნის პირველი პირი, რომელიც მივიდა წმინდანთან. ამ ეპიზოდს დაეყრდნო ხატმწერი და ეს იყო ღმერთის დიდების, ყოვლისშემძლეობის მაგალითი, რომ ყველა მმართველზე ძლიერია ღმერთი, ყოვლისშემძლე და დიადია. მხოლოდ ეს აზრი იყო ჩადებული იმ ეპიზოდში, როგორც თავად ხატმწერმა განმარტა თავის დროზე. ყველაფერი დანარჩენი, რაც შემდეგ მოჰყვა, ეს იყო ნათელ ოთახში ძებნა შავი კატის, რომელიც იმ ოთახში სინამდვილეში არ იყო. ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ ერთი ეპიზოდი, ეს არის დიდი კამპანია, რასაც ტელეარხები, რომლებიც დავასახელე, წლების განმავლობაში ეწევიან, მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს ეკლესიის, პატრიარქის, სამღვდელოების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

რაც შეეხება რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის კანონის გამკაცრების საკითხს, ირმა ინაშვილის თქმით, მომხრეა, რომ ასეთი ქმედებებისთვის სასჯელი არსებულზე გაცილებით მკაცრი იყოს.

„ახლაც დასჯადია ეს ქმედება და ახლაც შეიძლება, გაცილებით მკაცრი სასჯელი იყოს წაყენებული. მეც მომხრე ვარ იმისა, რომ არა 500-ლარიანი ჯარიმა, არამედ გაცილებით მკაცრი იყოს სასჯელი ასეთი ტიპის დანაშაულებზე და მომავალში ვერავინ ვეღარ გაბედოს ეს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამასთან, ირმა ინაშვილმა განმარტა, რა მიზნით ხვდება დღეს მოქალაქეებს მეტრო „რუსთაველთან“.

„დღევანდელ შეხვედრაზე მინდა, უბრალოდ, იმ ადამიანებს მოვუსმინო, რომლებიც სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამდნენ სოციალურ ქსელში. მაინტერესებს, რას ფიქრობდნენ ისინი. ბევრი კომენტარი იწერება სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საქართველოს საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.

“არ მივცეთ რუსეთს კონფლიქტის გაყინვის შესაძლებლობა, არ მივცეთ ძლიერი კონტრშეტევისთვის მომზადების შესაძლებლობა”- ზელენსკი

არ შეიძლება რუსეთს კონტრშეტევის მომზადების შესაძლებლობა მივცეთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“არ მივცეთ კონფლიქტის გაყინვის შესაძლებლობა. არ მივცეთ რუსეთს ძლიერი კონტრშეტევისთვის მომზადების შესაძლებლობა, ერთი წლის, ორი წლის, სამი წლის, ხუთი წლის განმავლობაში”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ომი მანამდეა დასამთავრებელი.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომის გაყინვის შემთხვევაში სანქციები, დროის განმავლობაში, შესუსტდება და გაჩნდება ახალი რიტორიკა: “რისთვისაა ახალი სასანქციო პაკეტი საჭირო თუ საბრძოლო ქმედებები არ არის?”

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის რევანშისთვის ემზადება, უკრაინა კი გეგმავს, რომ ეს არ დაუშვას. მისი თქმით, საჭიროა, რომ უკრაინის გეგმები პარტნიორების შესაძლებლობებს ემთხვეოდეს.

“ჩვენი მიზნები – უკრაინულია, მაგრამ გეგმები ჩვენი პარტნიორების შესაძლებლობებს უნდა ემთხვეოდეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

“საქართველოს ეკლესია რჩება დისკრიმინაციულ მდგომარეობაში” – ანდრია ჯაღმაიძე

ეკლესიის გარშემო მუდმივად არიან ჩასაფრებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ნებისმიერი შემთხვევა დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ, – ამის შესახებ  საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ვანდალიზმია ის, რაც ხატთან დაკავშირებით გუშინ სამების საპატრიარქო ტაძარში მოხდა.

„ამ სკანდალისთვის დღე სპეციალურად იქნა შერჩეული, ფაქტობრივად შობის სიხარული წაართვეს ხალხს. შეიძლებოდა დიალოგის გადატანა სხვა დღეს, სხვა დღეს მსჯელობა, მაგრამ მოხდა ისე, როგორც აკეთებენ ხოლმე, რომ როგორმე ადამიანებამდე არ მიაღწიოს საღვთო სიყვარულმა. შობის დღე განსაკუთრებული დღეა, განსაკუთრებული სიხარულია მორწმუნეთათვის და ის ნაწილი, რომელიც მუდმივად ცდილობს ეკლესიის დისკრედიტაციას, პირველად არ აკეთებს ამას. საქართველოს ეკლესია რჩება დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმ აზრით, რომ არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია და საელჩო არ გამოეხმაურა ამ ფაქტს, ჯეროვნად არ შეაფასა ვანდალიზმი. ეს არის ვანდალიზმი, ეს არის დასაწყისი იმისა, რომ ამგვარი ქმედებები თუ წახალისდა, იმავე სურათს მივიღებთ, რაც ბოლშევიკური რევოლუციის შემდგომ მივიღეთ. ეს არის უცხადესი სურათი. ადამიანები, რომლებიც ასე მოქმედებენ ეკლესიაში, ყველაფერზე არიან წამსვლელები“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ამასთან, ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, საპატრიარქოს განცხადების ტექსტი, რომელიც სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო ხატში ცვლილებების შეტანას ეხება, კათოლიკოს პატრიარქთან შეთანხმებულია.

„საპატრიარქოს განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა, განვმარტო, რომ საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე განცხადება როცა იდება, ეს განცხადება, ტექსტი ყოველთვის შეთანხმებულია კათოლიკოს-პატრიარქთან. ყველა ადამიანი, ვინც ცდილობს, ამ ფაქტს გვერდი აუაროს იმის გამო, რომ ესა თუ ის განცხადება მის პოზიციას არ ემთხვევა, ცილი დასწამოს ვინმეს, საპატრიარქოს თანამშრომელს ან  საპატრიაროქოს დაქვემდებარებულ რომელიმე სამსახურს, ეკლესიის მტრების წისქვილზე ასხამს წყალს. განცხადებაში მთელი ამბის ერთ ასპექტზეა ძირითადი ყურადღება გადატანილი, ეს არის ხატის შექმნის დროს კანონიკის დარღვევა. საქმე ისაა, რომ სტალინის გამოსახულება, რომელიც ხატის აშიაზე იყო, სტალინის ძალიან პატარა ფიგურა, ეს არის წმინდა მატრონას ცხოვრების ერთ-ერთ აღწერაში და არ არის შესული კანონიკურ ტექსტში, რომელიც მიიღო რუსეთის სინოდმა. ამიტომაც ამ სიუჟეტის გამოტანა ხატზე სწორი არ იყო. სწორედ ამის განმარტებას მიეძღვნა ძირითადად საპატრიარქოს განცხადება, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენი ეკლესიის გარშემო მუდმივად არიან ჩასაფრებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, ნებისმიერი შემთხვევა დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ჯარისკაცია. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გაცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.