“სამი წელი საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივობიდან გაწეული ვიყავი, გავხდები აქტიური, რასაც ვაკვირდები, საჭირო ვარ”

32
spot_img

სამი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივობიდან გაწეული ვიყავი, გავხდები აქტიური, რასაც ვაკვირდები, საჭირო ვარ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით რამდენიმე ტელეარხის მიერ დეზინფორმაცია ვრცელდებოდა.

ამასთან, ირმა ინაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იზიარებენ საპატრიარქოს პოზიციას სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო ხატში სათანადო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„ეკლესიის წევრები, ეკლესიის შვილები ვართ და ვიზიარებთ საპატრიარქოს პოზიციას. ჩვენთვის მისაღებია ეს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ დავწერე და ვთქვი, რომ ეკლესიის მხრიდან თუ იქნებოდა ასეთი პოზიცია, რომ მოხდეს ცვლილების შეტანა პატარა ეპიზოდში, ჩვენ ვთხოვთ ხატმწერს. მე არ გახლავართ ხატმწერი და არც დავით თარხან-მოურავი, ჩვენ ვთხოვთ ხატმწერს და, იმედია, დაგვთანხმდება ცვლილების შეტანაზე. საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას ამ ნაწილში.

ზოგიერთი ტელევიზია, „ტვ პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხი“ ავრცელებდნენ ტყუილს. თავიდანვე იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ვრცელდებოდა დეზინფორმაცია და სამარცხვინო ტყუილი, თითქოს ეს არის სტალინის ხატი. ესენი არიან ტოტალური დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტელეარხები, რომლებსაც საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ, საზოგადოებას აბუჩად იგდებენ, დასცინიან და ტყუილის ტირაჟირებით ცდილობენ, ითამაშონ ადამიანების გრძნობებზე. მათი პატრონები ვინც არიან, იმ ხალხმა რა ზიანი მიაყენა ქვეყანას, იმაზე უნდა განვაახლო საუბარი. სამი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივობიდან გაწეული ვიყავი. მაიძულეთ, კვლავ გავხდე აქტიური და გარწმუნებთ, გავხდები აქტიური, რადგან ყველაფერი უარესობისკენ წავიდა და არაფერი სიკეთისკენ არ შეიცვალა ამ ქვეყანაში. რასაც ვაკვირდები, საჭირო ვარ.

ხატი ძალიან ცნობილმა, გამოჩენილმა ხატმწერმა დაწერა. შეგნებულად არ ვასახელებ სახელს და მთელი დარტყმები ჩვენს თავზე ავიღეთ. სრულიად უდანაშაულოები ვართ. ჩვენს თავზე ავიღეთ, რადგან „ტვ პირველმა“, „მთავარმა არხმა“, „ფორმულამ“ და სხვა ლიბერასტმა არხებმა არ შეჭამონ ეს უდანაშაულო ადამიანი, ხატმწერი, რომელიც ცხოვრობს მონაზვნური ცხოვრებით და ძალიან გამოცდილი, მაღალი დონის ხატმწერია. ის დაეყრდნო ფრაგმენტს წმ. მატრონას ბიოგრაფის წყაროებიდან და ეს ფრაგმენტი ასახა. ტყუილია, თითქოს სტალინი ამ პატარა, ათსანტიმეტრიან ეპიზოდში დადებით პერსონაჟად იყო გამოყვანილი, ეს აბსოლუტური სიცრუეა. სტალინი წარმოჩენილი იყო, როგორც უღმერთო ქვეყნის პირველი პირი, რომელიც მივიდა წმინდანთან. ამ ეპიზოდს დაეყრდნო ხატმწერი და ეს იყო ღმერთის დიდების, ყოვლისშემძლეობის მაგალითი, რომ ყველა მმართველზე ძლიერია ღმერთი, ყოვლისშემძლე და დიადია. მხოლოდ ეს აზრი იყო ჩადებული იმ ეპიზოდში, როგორც თავად ხატმწერმა განმარტა თავის დროზე. ყველაფერი დანარჩენი, რაც შემდეგ მოჰყვა, ეს იყო ნათელ ოთახში ძებნა შავი კატის, რომელიც იმ ოთახში სინამდვილეში არ იყო. ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ ერთი ეპიზოდი, ეს არის დიდი კამპანია, რასაც ტელეარხები, რომლებიც დავასახელე, წლების განმავლობაში ეწევიან, მიზანმიმართული შეტევა მიმდინარეობს ეკლესიის, პატრიარქის, სამღვდელოების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

რაც შეეხება რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისთვის კანონის გამკაცრების საკითხს, ირმა ინაშვილის თქმით, მომხრეა, რომ ასეთი ქმედებებისთვის სასჯელი არსებულზე გაცილებით მკაცრი იყოს.

„ახლაც დასჯადია ეს ქმედება და ახლაც შეიძლება, გაცილებით მკაცრი სასჯელი იყოს წაყენებული. მეც მომხრე ვარ იმისა, რომ არა 500-ლარიანი ჯარიმა, არამედ გაცილებით მკაცრი იყოს სასჯელი ასეთი ტიპის დანაშაულებზე და მომავალში ვერავინ ვეღარ გაბედოს ეს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამასთან, ირმა ინაშვილმა განმარტა, რა მიზნით ხვდება დღეს მოქალაქეებს მეტრო „რუსთაველთან“.

„დღევანდელ შეხვედრაზე მინდა, უბრალოდ, იმ ადამიანებს მოვუსმინო, რომლებიც სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამდნენ სოციალურ ქსელში. მაინტერესებს, რას ფიქრობდნენ ისინი. ბევრი კომენტარი იწერება სოციალურ ქსელში ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საქართველოს საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, სტალინთან დაკავშირებული ეპიზოდის გამო შეიტანონ ხატში სათანადო ცვლილებები ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.