Home Blog Page 1785

შპს „დემეს“ წარმომადგენელს, მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ავეჯის დამამზადებელი კომპანია შპს „დემეს” წარმომადგენელს, მომხმარებელთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ კომპანია „დემეს“ წარმომადგენელმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეთა თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სოციალურ ქსელში ყალბი რეკლამები განათავსა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ბრალდებულმა 2021-2022 წლებში, ავეჯის დამზადების მსურველი მოქალაქეები აღნიშნული რეკლამებით მიიზიდა და შესაბამისი ავეჯის დამზადების სანაცვლოდ, დაზარალებულებს ანგარიშზე თანხები წინასწარ ჩაარიცხინა.

„ამ გზით, ბრალდებულმა ჯამში მოტყუებით 464.687 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა.

კომპანია „დემეს“ წარმომადგენელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ა”და “ბ” ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 47 ეპიზოდი) წარედგინა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით – პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინა – ევროკავშირის წევრი: ბრიუსელი ცრუ იმედებს ნერგავს? – რას წერს გერმანული პრესა

გერმანულ გაზეთ „ტაგესშპიგელში“ (Der Tagesspiegel) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „უკრაინა – ევროკავშირის წევრი: ბრიუსელი ცრუ იმედებს ნერგავს?“ (ავტორი – ანა ველერ-შეკი), რომელშიც კომენტირებულია ევროკომისიის მიერ განხილული საკითხი უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის თაობაზე.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მიმდინარე წლის ბოლომდე ევროპის საბჭოს განზრახული აქვს მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება – უნდა გააგრძელოს თუ არა ბრიუსელმა კიევთან მოლაპარაკება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. უკრაინას ეს გარემოება რაიმე სიკეთეს არ უმზადებს.

2022 წლის 24 თებერვლამდე ის ფაქტი, რომ უკრაინა ახლო მომავალში შეიძლებოდა  ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გამხდარიყო, აბსოლუტურად წარმოუდგენელი ჩანდა. დღეს კი ეს პერსპექტივა უეცრად ხელშესახები გახდა. ევროკავშირელი ჩინოვნიკების თქმით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტმა, რომლის მიზანს, კრემლის გათვლით, უკრაინის ევროპისაგან ჩამოცილება წარმოადგენდა, პირიქით – უკრაინა და ევროკავშირის ერთმანეთს დაუახლოვა. რუსეთის ჯარების შეჭრის შემდეგ ოთხი თვეც არ იყო გასული, რომ უკრაინამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო.

უკრაინის მოსახლეობის 90%, ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას. შედარებითვის: ათი წლის წინათ, მაიდნის დაწყების მომენტისათვის, ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა მთელი მოსახლეობის მხოლოდ 50%-ს შეადგენდა.

დეკემბერი: გაურკვევლობის მომენტი

დეკემბერში ევროპის კავშირმა უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა ოფიციალური მოლაპარაკება უკრაინის სრულუფლებიან წევრად მიღების თაობაზე. რუსეთის მოქმედების გათვალისწინებით, რომელიც ტერიტორიული ექსპანსიისაკენ არის მიმართული, ალბათ, აუცილებელია კრემლს სიგნალი გაეგზავნოს, რომ ამიერიდან უკრაინა მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპასთან. მაგრამ იმავდროულად პრინციპულად მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ უკრაინას რაიმე ფუჭი იმედები არ გაუჩნდეს: იმიტომ, რომ ამჟამად ევროპის კავშირი მზად არ არის უკრაინის მისაღებად და თვითონ კიევისთვისაც ამაზე ფიქრი ნაადრევია.

უკრაინა ამჟამად სისხლისმღვრელი ომის პირობებეში იმყოფება, რომელსაც დასასრული არ უჩანს. ასევე არ მოჩანს ჰორიზონტზე არც მისი გამარჯვების კონტურებიც და მზადყოფნა მოლაპარაკებისათვის, სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად. მიმდინარე მომენტისათვის არავის არ შეუძლია იმის თქმა, თუ როგორი იქნება უკრაინის სახელმწიფო სამომავლოდ, როგორ შეიცვლება მისი პოლიტიკა. ნათელია, რომ კიევი დაკარგავს ტერიტორიების ნაწილს, მაგრამ კონკრეტულად რომელს და რა მოცულობით – ესეც გაურკვეველია. ასევე მწვავედ დგას საკითხი მოსახლეობის დანაკარგების თაობაზე: ყოველდღიურად ომს ასობით ადამიანის სიცოცხლე მიაქვს, მილიონობით უკრაინის მოქალაქე საზღვარგარეთ იმყოფება ლტოლვილის სტატუსით, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სამშობლოში, ალბათ, აღარ დაბრუნდება. გარდა ამისა, უკრაინის ეკონომიკა თითქმის მთლიანად არის დანგრეული.

ამიტომაც აუცილებელია დასახული იყოს მხოლოდ რეალური მიზნები და ამოცანები და ისეთი დაპირებები იქნას მიცემული, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში იქნება შესრულებული, სანამ უკრაინა ევროკავშირში მიღებული არ იქნება.

ის ფაქტი, რომ უკრაინამ შეძლო წინააღმდეგობა გაეწია რუსეთის არმიისათვის და მისი წინსვლა შეეჩერებინა, პარალელურად კი გარკვვეული რეფორმებიც გაეტარებინა, მართლაც შთამბეჭდავია. მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ძალიან რთულია. მთავრობა, რომელიც საომარ პირობებში იმყოფება, როცა ომის შედეგზეა დამოკიდებული – არც მეტი, არც ნაკლები – უკრაინის სახელმწიფოს ყოფნა-არყოფნა, არ ექნება იმის დრო და შესაძლებლობა, რომ მთელი ყურადღება გაწევრიანების პროცესზე  გადაიტანოს – ისე, როგორც ეს მშვიდობიან დროს ხდება. გაწევრიანების პროცესმა პრიორიტეტები არ უნდა შეცვალოს: მთავარი კიევისათვის რუსეთისადმი წინააღმდეგობა და უკრაინაში მშვიდობის დამყარება უნდა იყოს.

არავინ მზად არ არის მისაღებად

მაგრამ საქმე მხოლოდ უკრაინაში არ არის – დღეს გაფართოებისათვის თვითონ ევროკავშირიც მზად არ არის. თუ ბრიუსელს საკუთავი თავის სრული პარალიზება და დასუსტება არ სურს, მაშინ შიდა რეფორმების ჩაუტარებლად წევრების რაოდენობა არ გაზარდოს. ევროკავშირის წევრებს შორის დიალოგი ევროპული ინსტიტუციების შიდასტრუქტურული გარდაქმნების მიზნით დიდი ხანია უშედეგოდ ჭიანურდება. დღეს უკრაინის მიღების საკითხმა ამ პროცესს ახალი სტიმული და იმპულსი უნდა მისცეს.

ამჟამად ევროკავშირის წევრ-ქვეყნებისათვის ძნელია გარდაქმნა-რეფორმების ისეთი  კომპრომისული ვარიანტის წარმოდგენა, რომელიც ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მოთამაშეს აწყობს. არის თუ არა აუცილებელი კონსენსუსის პრინციპის გაუქმება? როგორი სახით უნდა იქნას გადანაწილებული ფუნქციები და უფლება-მოვალეობები ცენტრს – ბრიუსელს – და ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს შორის? აღსანიშნავია, რომ ის საკითხებიც კი, რომებიც თითქოსდა დიდი ხნის არის მოგვარებული დიალოგისა და ხელშეკრულებების დადებით – მაგალითად, ბრიუსელის დავა უნგრეთთან და პოლონეთთან კანონის უზენაესობის შესახებ, ისინიც კი ისევ სადაო და საკამათო ხდებიან.

დიახ, დღეს უკრაინელ ხალხს მხარდაჭერა უნდა ვაჩვენოთ და იმედი უნდა მივცეთ. ბევრი სამართლიანად თვლის, რომ უკრაინელები არამარტო საკუთარი ქვეყნისთვის იბრძვიან, არამედ ევროპის საერთო მომავლისთვისაც. მაგრამ ისევ უნდა გავიმეოროთ: ეს იმედები რეალური მიზნების და ვალდებულებების მტკიცე ფუნდამენტზე უნდა იყვნენ დამყარებული, რომლებიც აუცილებლად უნდა შესრულდეს.

ჩრდ.მაკედონიის მაგალითი: 17-წლიანი კანდიდატობა

არ უნდა განმეორდეს, მაგალითად, ისეთი კანდიდატობის სიტუაცია, როგორი სტატუსიც ჩრდილოეთ მაკედონიას აქვს. ეს ქვეყანა უკვე 17 წელი „მოლოდინის რეჟიმში“ იმყოფება. დასავლეთ ბალკანეთში არსებული სიტუაციის ანალიზი გვაჩვენებს, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ასეთმა ლოდინმა – უკმაყოფილება და უნდობლობა ევროსტრუქტურებისადმი და საერთოდ, ევროპის მიმართ. ევროკავშირისთვის უკრაინის მოსახლეობის განწყობის ცვლილება მიუღებელი უნდა იყოს, თანაც ომის პირობებში.

ევროკავშიის წევრობის პერსპექტივა უკრაინისათვის მნიშვნელოვანი სიგნალია, მაგრამ სანამ ომი მიმდინარეობს, გაწევრიანება არ მოხდება. უპირვლესად ჩვენ კიევს ხელი უნდა შევუწყოთ და ისეთ მდგომარეობამდე მივიყვანოთ, როცა ის რუსეთზე გამარჯვებას შეძლებს. ამისთვის აუცილებელია ევროკავშირის მხრიდან მუდმივი და უწყვეტი დახმარების გაწევა. იმ დროს, როცა აშშ-ში უკრაინისათვის დახმარების საკითხში გარკვეული ყოყმანი და ნეგატიური განწყობები შეინიშნება, მაშინ დახმარება ევროკავშირმა უნდა გაუწიოს – საიმედო და ყოველმხრივი დახმარება. ეს ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს.

წყარო

აშშ-მა აღმოსავლეთ სირიაში იარაღის შესანახ ობიექტებზე იერიში მიიტანა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბოლო კვირების განმავლობაში მეორედ მიიტანა იერიში იარაღის შესანახ ობიექტზე აღმოსავლეთ სირიაში. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა.

პენტაგონის ინფორმაციით, იარაღის შესანახ ობიექტებს ირანის ისლამური რევოლუციის „გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული ჯგუფები იყენებდნენ. როგორც განცხადებაში წერია, დარტყმები განხორციელდა ორი ამერიკული F-15 გამანადგურებლის მიერ და ეს იყო პასუხი აშშ-ის ძალებზე ბოლო თავდასხმებზე.

ოსტინმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარების წინააღმდეგ თავდასხმები უნდა შეწყდეს.

„თუ ირანის მარიონეტული ძალების თავდასხმები აშშ-ის ძალებზე გაგრძელდება, ჩვენ უყოყმანოდ მივიღებთ შემდგომ საჭირო ზომებს ჩვენი ხალხის დასაცავად“, – წერია განცხადებაში.

“მღელვარება, სიხარული და ზეიმი: ქართველები კმაყოფილნი არიან ევროკომისიის რეკომენდაციით”-Berliner Zeitung

გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „მღელვარება, სიხარული და ზეიმი: ქართველები კმაყოფილნი არიან ევროკომისიის რეკომენდაციით“ (ავტორი – ნიკოლაი ბუტილინი).

მასალაში გადმოცემულია საქართველოს მოსახლეობის განწყობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად რეკომენდაციის მიღების გამო.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ოთხშაბათს თბილისში, ადგილობრივი დროით 15 საათისათვის, ისეთი შეგრძნება იყო, რომ ხალხი თითქოსდა რაღაც მნიშვნელოვანი არჩევნების შედეგს ელოდა ან გადაწყვეტილებას იქნება თუ არა საქართველო ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყანა. მაგრამ საქმე არც სპორტულ ღონისძიებას და არც არჩევნებს არ ეხებოდა, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. საკითხი უკავშირდებოდა ქვეყნის მომავალს, მთელი ერის პერსპექტივას. ბოლო დღეებში ქართველები თითქმის კანკალებდნენ: მიიღებს თუ არა ოთხმილიონიანი ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს?

ექსპერტები, პოლიტიკოსები და ჟურნალისტები ბოლომდე დარწმუნებულნი არ იყვნენ, ზოგიერთები კი სრულიად სკეპტიკურ განწყობას ამჟღავნებდნენ.

წინ, ევროკავშირისაკენ!

მაგრამ როგორც იქნა, საქართველოში ცნობილი გახდა დიდი ხნის ნანატრი და თითქმის მოულოდნელი გადაწყვეტილება: ევროპის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. დეკემბერში ევროპის საბჭო ამ რეკომენდაციის საფუძველზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
ბრიუსელიდან მოსული ახალი ამბავი თბილისში ისე სწრაფად გავრცელდა, როგორც ტყის ხანძარი ქარიან ამინდში. დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე – რუსთაველის გამზირზე განუწყვეტლად ისმოდა ავტომობილების სიგნალების ხმა, ციფრული რეკლამების დაფებზე გამოისახა ევროკავშირის დროშა, ხოლო ქართულ ტელე- და რადიოკომპანიები პირდაპირი ჩართვით გადასცემდნენ ტრანსლაციას ბრიუსელიდან. საქართველოს პროევროპულად განწყობილი მოსახლეობა ზეიმონდა.

სოციალურ ქსელებში მხოლოდ ერთი თემა იხილებოდა – საქართველოს ევროპული მომავალი.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ შენიშვნებით ამრიგად, საქართველო – ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს, სომხეთს, თურქეთს და აზერბაიჯანს, დიდი ხნის ნანატრ სტატუსს იღებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირი 180 გრადუსით შემობრუნდა საქართველოსკენ იმ დროიდან, როცა შარშანდელი გადაწყვეტილებით ბრიუსელმა უარი განუცხადა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიცემაზე, უკრაინისა და მოლდოვასაგან განსხვავებით.

დეკემბერში, თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება და თბილისი კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ქართველები უკრაინელებთან და მოლდოველებთან ერთად, ევროკავშირისაკენ სვლას გააგრძელებენ.

„დემოკრატიის პრინციპებისა და კანონის უზენაესობის დაცვის თვალსაზრისით სამხრეთკავკასიურმა სახელმწიფომ გარკვეულწილად ნაბიჯი უკან გადადგა. ამ მხრივ საქართველო შეიძლება უნგრეთს და პოლონეთს შევადაროთ“, – ასეთი პოზიცია აქვთ ბრიუსელში, ამიტომაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი თბილისს რეფორმების გაფართოებისაკენ მოუწოდებს.

ბრიუსელი ელოდება რეფორმების გატარებას საქართველოს მართლმსაჯულების სფეროში, ითხოვს დეოლიგარქიზაციას და უმცირესობების უფლებების დაცვას, მათ შორის „ლგბტ-საზოგადოების“ მიმართაც. ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა საქართველოს ნაციონალურ-კონსერვატიულ მთავრობას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, „აქტიურად ითანამშრომლოს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან იმ საკითხებში, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს ეხება“.
გარდა ამისა, ევროკავშირის აზრით, საქართველო კიდევ უფრო მეტად უნდა ებრძოლოს უცხოურ გავლენას, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებით.

თვითონ ირაკლი ღარიბაშვილი სიხარულს ვერ მალავდა ბრიუსელიდან გადმოცემული პოზიტიური ახალი ამბის გამო. მან „იქს“ (X) ქსელში მადლობა გადაუხადა ევროკავშირს საქართველოს მთავრობის ძალისხმევის დადებითად შეფასებისათვის და გაცემული რეკომენდაციისათვის. ევროკომისიის გადაწყვეტილებას ასევე მიესალმა საქართველოს პრეზიდენტიც.

ვის რა გავლენა აქვს საქართველოზე

ქვეყნის ტერიტორიის 20% კრემლის მიერ არის ოკუპირებული – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სეპარატისტული რეგიონები თავიანთ თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოებს უწოდებენ, სინამდვილეში კი მათ ორივეს ჩრდილოელი მეზობლის ჯარები აკონტროლებენ. საბჭოთა კავშირის დაშლიდან 30 წელი გავიდა, მაგრამ რუსეთის გავლენა საქართველოზე მაინც იგრძნობა – მაგალითად, თბილისი არ მონაწილეობს ანტირუსული სანქციების გამოცხადებასა და შესრულებაში. შესაბამისად, ევროკავშირს სურს, რომ ბრიუსელმა თავისი გავლენის სფერო გააფართოოს და ასეთი სიტუაცია შეიცვალოს.

გარდა ამისა, საქართველოზე მატულობს ჩინეთისა და თურქეთის გავლენები, განსაკუთრებით ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების სახით.

წყარო

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ უფრო მკაფიო ხდება მმართველობის დემოკრატიული არჩევნებით ცვლილების ამოცანა -გიგი წერეთელი

ევროკომისიის დღევანდელი რეკომენდაცია უდავოდ მნიშვნელოვანია მომავალი ევროინტეგრაციისთვის, თუმცა ის გრძელი ჩამონათვალი პირობების, რაც დაეკისრა ჩვენს ქვეყანას, სწორედ ხელისუფლების „დამსახურებაა“, – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი, ევროკომისიის დასკვნას, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.

გიგი წერეთლის თქმით, ძალიან სასიხარულოა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ დიდი ნაბიჯი გადადგეს წინ და ისინი უკვე გაწევრიანების მოლაპარაკებას დაიწყებენ.

მისივე თქმით, უკრაინის თავგანწირვა დიდი ფაქტორია, თუმცა მოლდოვამ მართლაც აჩვენა ერთგულება რეფორმების და დამსახურებულად გადავიდა შემდეგ ეტაპზე.

“ჩვენს ხელისუფლებას მთელი ამ ხნის განმავლობაში რომ არ ეწარმოებინა ანტიდასავლური კამპანია და განეხორციელებინა რეფორმები, დღეს ჩვენ ისევ „ტრიოს“ ნაწილი ვიქნებოდით და არა პირობით რეკომენდაცია გვექნებოდა, არამედ იგივე პირობებში ვიქნებოდით უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

წერეთელი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საბოლოო დამტკიცების შემთხვევაშიც დეკემბერში, კანდიდატის სტატუსი დარჩება სტატუსად თუ ხელისუფლება არ ასრულებს რეკომენდაციებს და არ არის თანხვედრაში ევროპულ პოლიტიკასთან რუსულის ნაცვლად.

“ის, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს ევროპული მომავალი სურს ევროკავშირის წევრობისთვის, უმნიშვნელოვანესია მაგრამ არა გადამწყვეტი. ამ საკითხზე არაერთხელ გააკეთეს აქცენტი დასავლელმა ლიდერებმა. მათ შორის დღესაც მკაფიოდ აღინიშნა, რომ ეს მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებში, რაც დღეს არსებულ ვითარებაში არარეალურია.

კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ კიდევ უფრო მკაფიო ხდება მმართველობის დემოკრატიული არჩევნებით ცვლილების ამოცანა, იმისათვის, რომ სწორედ ახალმა პროდასავლურმა ხელისუფლებამ სწრაფად გაიაროს წევრობამდე არსებული გზა და ის აუცილებელი რეფორმები განახორციელოს, რაც პირველ რიგში, ჩვენი ხალხის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას სჭირდება“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ხელი მოაწერონ პეტიციას: „ჩვენი ხმა ევროპას“

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ხელი მოაწერონ პეტიციას: „ჩვენი ხმა ევროპას“. საუბარია პრეზიდენტის ინიციატივით გუშინ დაწყებულ კამპანიაზე, რომელსაც ხელი პირველმა თავად პრეზიდენტმა მოაწერა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტზე ხელის მოწერა როგორც ონლაინ, ასევე პრეზიდენტის ორბელიანის სასახლეში ადგილზე მისვლით შეუძლიათ.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპის ლიდერებს მიმართავს და დეკემბერში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თქვენ, ევროპის ლიდერებს, დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება.

მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ, ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია!

საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს: სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს“, – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციაზე ონლაინ მიერთების მსურველებმა იხილეთ ბმული.

ისრაელი ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს და „ჰამასის“ ობიექტებზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებს

ისრაელი ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს და „ჰამასის“ ობიექტებზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებს, თუმცა პერიოდულად ანკლავის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ პაუზებს აცხადებს. რამდენიმე საათიანი ჰუმანიტარული პაუზები ანკლავის მცხოვრებლებს სამხრეთ ნაწილში გადასვლის შესაძლებლობას აძლევს.

ჰუმანიტარული დერეფნების გავლით ღაზის სამხრეთში ყოველდღიურად ათასობით ადამიანი გადადის.

“აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება” – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტრო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აფხაზეთში დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.

„აფხაზეთის ტერიტორიაზე დივერსანტების შეღწევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა“, – აცხადებენ ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა, რობერტ კიუტმა განაცხადა, რომ გულრიფშის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ძალოვანი სტრუქტურები” შეიარაღებული ადამიანების ჯგუფს ეძებდნენ, მას შემდეგ, რაც ისინი ადგილობრივმა მონადირეებმა შეამჩნიეს.

9 თვეში, საქართველოში ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა

მიმდინარე წლის 9 თვეში, ოჯახში ძალადობის 5 920 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 4 977 მსხვერპლი ქალია, 943 კი კაცი. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ოჯახში ფიზიკური ძალადობის 1764 შემთხვევა დაფიქსირდა, ფსიქოლოგიურის – 6029, ეკონომიკურის – 76, სექსუალურის – 26, იძულების – 64 და უგულებელყოფის – 44.

რაც შეეხება ასაკობრივ ჭრილს – ოჯახში მამაკაცებისა და ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა 25-44 ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდა. კერძოდ, აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში მსხვერპლი 2701 ქალია, კაცი კი 274. ამასთან, მონაცემებით ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი 13 წელს ქვემოთ 83 გოგო და 82 ბიჭია. 14-17 წლის ასაკობრივ კატეგორიაში კი 149 გოგო და 52 ბიჭი.

სტატისტიკით ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში გამოვლენილ ძალადობის შემთხვევებში, მოძალადე 4 785 მამაკაცია, 867 კი ქალი. აღსანიშნავია, რომ მოძალადე მამაკაცებისა და ქალების ყველაზე დიდი ნაწილიც 25-44 წლის ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულ ასაკობრივ კატეგორიაში მოძალადე მამაკაცი 2893-ია, ქალი კი 405.

სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის 9 თვეში, 6 510 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა.

მგონი, ჩვენზე უტიფარი ოპოზიცია არავის ჰყავს -ბექა ოდიშარია

2020 წელს ჩვენ როდესაც დავაანონსეთ, რომ აუცილებლად დავწერდით განაცხადს და გავხდებოდით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები, მაშინ ოპოზიციიდან მხოლოდ დაცინვა და ქილიკი გვესმოდა. დღესაც იგივე ხდება. მგონი, ჩვენზე უტიფარი ოპოზიცია არავის ჰყავს, – ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ აჭარის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

ბექა ოდიშარიას თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ახალ ნარატივს ქმნის, თითქოს, „ქართულ ოცნებას“ ეწყინა კანდიდატის სტატუსზე რეკომენდაციის გაცემა.

მისივე განცხადებით, ოპოზიცია ხელისუფლებას არ აცდიდა სტატუსის მისაღებად მუშაობას, ახლა კი, როდესაც შედეგი მიღწეულია, ოპოზიცია ცდილობს, ეს გამარჯვება საკუთარ თავზე მიიწეროს.

„მთელი წელი, პრაქტიკულად, გვბომბავდნენ ხელისუფლებას და ხალხს და ამკვიდრებდნენ ამ სულელურ ნარატივს, ვითომ ხალხი და ხელისუფლება სხვადასხვაა. კონსტიტუცია მაინც წაიკითხონ. მესამე მუხლში წერია, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს თავის წარმომადგენლებით. ჩვენ ვართ ხალხის წარმომადგენლები. ოპოზიციამ რაც ჩაატარა მთელი წლის განმავლობაში, მგონი, ასე არ უმტრია ჩვენი ქვეყნისთვის არავის. დღეს დადგნენ „კაპიტანი“ გიგაური და სალომე სამადაშვილი და თქვეს, რომ ჩვენი მონაპოვარი არისო, ვულოცავ მათაც, მაგრამ ხალხს ალბათ სასაცილოდაც არ ჰყოფნის“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ არის გარკვეული აქტივობები განსახორციელებელი, რათა საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს და ამ მიმართულებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარლამენტი და სხვა უწყებები აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას.

9 ნოემბრის ამინდის პროგნოზი

9 ნოემბერს ქუთაისში +25 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ოზურგეთში დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +15 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი. ახალციხეშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც დღისით +20, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გუდაურში +13 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +12, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +20 იქნება გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +20 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

უკრაინას კონტრშეტევის გაგრძელების გეგმა აქვს -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა კვლავ შეეცდება ბრძოლის ველზე შედეგების მიღწევას წლის ბოლომდე და ის დარწმუნებულია, რომ კიევი, ფრონტზე არსებული სირთულეების მიუხედავად, ომში წარმატებას მიაღწევს.

„ჩვენ გვაქვს გეგმა. გვაქვს ძალიან კონკრეტული ქალაქები, ძალიან კონკრეტული მიმართულებები, საითკენაც წავალთ, სადაც განვახორციელებთ კონტრშეტევას – ყველა დეტალს ვერ გაგიზიარებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ ნიუ-იორკში Reuters NEXT კონფერენციაზე ვიდეო ბმულის საშუალებით ჩართვისას.

მისი თქმით, უკრაინის არმია შეეცდება აჩვენოს შედეგი და მიაღწიოს წარმატებას მიმდინარე წლის ბოლომდე.

„მაგრამ ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ ადამიანებს. ეს არ არის შოუ ან ფილმი. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ არც ერთი დღე არ დავკარგოთ. დარწმუნებული ვარ, წარმატებას მივაღწევთ, თუმცა ეს რთულია”, – აღნიშნა ზელენსკიმ.