როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ხელი მოაწერონ პეტიციას: „ჩვენი ხმა ევროპას“

70
spot_img

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განმარტავს, როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს ხელი მოაწერონ პეტიციას: „ჩვენი ხმა ევროპას“. საუბარია პრეზიდენტის ინიციატივით გუშინ დაწყებულ კამპანიაზე, რომელსაც ხელი პირველმა თავად პრეზიდენტმა მოაწერა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებს დოკუმენტზე ხელის მოწერა როგორც ონლაინ, ასევე პრეზიდენტის ორბელიანის სასახლეში ადგილზე მისვლით შეუძლიათ.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროპის ლიდერებს მიმართავს და დეკემბერში, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას სთხოვს.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოგმართავთ თქვენ, ევროპის ლიდერებს, დეკემბრის ისტორიულ გადაწყვეტილებამდე. გვსურს მოგაწვდინოთ ჩვენი, ხალხის ერთობლივი ხმა და დაგანახოთ ჩვენი ერთობლივი სულისკვეთება.

მოგმართავთ, მიანიჭოთ ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, თანახმად საქართველოსა და მისი ხალხის მრავალწლიანი მიზანმიმართული სწრაფვისა და ურყევი ნებისა. საქართველოს ხალხის გამოხატული ნება ვერ შეარყია ვერცერთმა ურთულესმა გამოწვევამ, ვერც ომმა და ვერც ოკუპაციამ. ჩვენი წარსულით და საერთო ღირებულებებით დიდი ხანია ერთნი ვართ. მაშასადამე, ჩვენი მომავალი თქვენთანაა, ევროპაშია და ამას ალტერნატივა არ გააჩნია!

საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი პირობის თანახმად, ძალისხმევას არ დავიშურებთ და არაფერს დავაკლებთ ჩვენს მიზანს: სხვადასხვა პოლიტიკური მსოფლმხედველობის მიუხედავად, ერთობის ძალით ხელს ვაწერთ ამ პეტიციას და ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს“, – ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციაზე ონლაინ მიერთების მსურველებმა იხილეთ ბმული.