Home Blog Page 1783

“ტაივანისადმი აშშ-ის დახმარება უკრაინის მხარდაჭერას არ შეამცირებს” – დმიტრო კულება

ტაივანისადმი აშშ-ის დახმარება უკრაინის მხარდაჭერას არ შეამცირებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

კულებას აზრით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არაფერს ისეთს არ გააკეთებს, რაც უკრაინისთვის დახმარებას შეამცირებდა.

„შინ როგორ წყვეტენ ამა თუ საკითხს – ეს უკვე მათი სიტუაციაა, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინის მხარდაჭერის მხრივ [ბაიდენის] ადმინისტრაციაში შემუშავდება, შედეგად ამ მხარდაჭერის შემცირებამდე არ მიგვიყვანს“, – განაცხადა კულებამ.

4 აგვისტოდან რომელაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგება

ნაძალადევის რაიონში, გია რომელაშვილის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა დასრულდა და ტრანსპორტის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაც მოიხსნება, – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა 4 აგვისტოდან აღდგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტიც დადგენილ მარშრუტებს დაუბრუნდება. კერძოდ, ავტობუსები: N317, N375 და N386 მოსახლეობას შეზღუდვამდე არსებული სქემით მოემსახურებიან.

“სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან ხუთი ბავშვია” – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან ხუთი ბავშვია.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები.

„სტიქიის ზონიდან უკვე გამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან ხუთი ბავშვია, მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება,” – აცხადებენ პრესსამსახურში.

მეწყერი შოვში დღეს ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში დაახლოებით 15 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის დაშავებულები არ არიან.

“ამ დროისთვის შოვამდე გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს”

კურორტ შოვში მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, – ამის შესახებ ინფორმაციას ენერგო-პრო ჯორჯია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რაჭაში, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტ შოვს და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.

ამ დროისთვის გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენით სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზადყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები.

“რუსეთს სურს გლობალური კატასტროფა, სურსათის ბაზრების კოლაფსი” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმებმა უკრაინის პორტების ინფრასტრუქტურაზე აჩვენა, რომ რუსეთის განზრახვაა, შექმნას გლობალური კატასტროფა, სურსათის ბაზრებზე, ფასებსა და მიწოდებაში კრიზისით.

„რუსული სახელმწიფოსთვის ეს არ არის მხოლოდ ბრძოლა ჩვენი თავისუფლებისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

„მოსკოვი აწარმოებს ბრძოლას გლობალური კატასტროფისთვის. მათ სიგიჟეში მათ სჭირდებათ მსოფლიო სურსათის ბაზრების კოლაფსი, მათ სჭირდებათ ფასების კრიზისი, მათ სჭირდებათ შეფერხება მიწოდებაში“, – დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

“სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, მოქალაქეების ევაკუაცია უახლოეს ხანში დაიწყება” – ონის მერი

ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდეშელი აცხადებს, რომ სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მოქალაქეების ევაკუაცია უახლოეს ხანში დაიწყება.

როგორც სერგო ხიდეშელი აცხადებს, კურორტ შოვის ტერიტორიაზე სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ, სავარაუდოდ მაღალ მთაში დაგუბებულმა მდინარემ მეწყრული პროცესი განავითარა.

„ჩამოიშალა მიწის დიდი მასა და დაგუბების შედეგად ასევე წყლის მასა წამოვიდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან შესაბამისი სამსახურები, მათ შორის საპოლიციო ძალები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ასევე სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი წუთი-წუთზე იქნება უკვე ადგილზე და მოხდება კურორტის ტერიტორიაზე მყოფი მოქალაქეების გადმოყვანა უსაფრთხო ადგილზე. საევაკუაციო გეგმა რა თქმა უნდა სამაშველო სამსახურთან ერთად შემუშავდა. რაც შეეხება დაშავებულებს, ამაზე კონკრეტულად ვერ გაგცემთ პასუხს, რადგან არ გამაჩნია დაზუსტებული ინფორმაცია“, – განაცხადა ონის მერმა.

სოფელ შოვის მიმართულებით დაზიანებული გზის გაწმენდისა და აღდგენის სამუშაოები უმოკლეს ვადებში დაიწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი  და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (სოფ. შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო  გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამ ეტაპზე, ადგილზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება და უმოკლეს ვადებში დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.

დამატებით ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეტაპობრივად მოგაწვდით.

“სტიქიის შედეგად შოვამდე მისასვლელი გზები და ხიდები წაღებულია” – რაჭის გუბერნატორი

გზები და მისასვლელი ხიდები კურორტ შოვამდე წაღებულია, ადგილზე იმყოფება სამაშველო ჯგუფი და წამოსულია ვერტმფრენიც თბილისიდან, – ამის შესახებ რაჭის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, დაშავებულთა შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.

„დაშავებულების შესახებ ჯერჯერობით არაფერი ვიცით. მიმდინარეობს სამუშაოები ამ მხრივაც. ვეკონტაქტებით, იქ ვინც არის ჩარჩენილი. დანგრეულია კოტეჯებიც. სამაშველო  უკვე ადგილზეა. პირველ რიგში მოქალაქეების ევაკუაცია იქნება საჭირო და ამ მხრივ ვამუშავებთ გეგმას“, – განაცხადა მარგველიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შოვში მეწყერთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც შსს-ში განაცხადეს, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება და ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა.

„საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება. შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები. ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით“, – ნათქვამია განცხადებაში.

“ახლა კარგად ვართ, მეწყერიც შეჩერებულია, რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის” – „სანსეტ შოვის“ თანამშრომელი

ახლა კარგად ვართ, მეწყერიც შეჩერებულია – ველოდებით ვერტმფრენს, – ამის შესახებ „სანსეტ შოვის“ თანამშრომელმა, ქეთი მაისურაძემ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის.

„ახლა კარგად ვართ, მეწყერიც შეჩერებულია. ყველაფერი კარგად არის. რაც მთავარია, მსხვერპლი არ არის. კიბით ჩამოვიყვანეთ სტუმრები, უკანა მხრიდან. ყველანი კარგად ვართ. დროულად იყოჩაღეს და კარგად არის ყველაფერი. მეწყერიც შეჩერებულია. ხიდები წაღებულია, ველოდებით ვერტმფრენს”, – ამბობს ქეთი მაისურაძე „ფორმულასთან“ რომელიც „სანსეტ შოვში“ იმყოფება.

ცნობისთვის, რაჭაში, შოვში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი არიან ადამიანები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა სტიქიის ადგილზე უკვე მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგთან „ვაგნერის“ მებრძოლების გადასროლა მიმდინარეობს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავეცკის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანის დესტაბილიზაციის მიზნით, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგთან კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლების გადასროლა მიმდინარეობს.

Reuters-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება პოლონეთის პრემიერმა ლიეტუვას პრეზიდენტთან, გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისივე თქმით, ნატოს წევრებმა უნდა გააცნობიერონ, რომ პროვოკაციების რიცხვი გაიზრდება, რადგან „ვაგნერის“ ჯგუფი განსაკუთრებით საშიშია.

ამასთან, ლიეტუვას პრეზიდენტის თქმით კი, „ვაგნერელების“ რაოდენობა ბელარუსში უკვე 4 000-ს აღემატება.

“ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა მარტო ეროვნულ დონეზე მიღებულ ზომებზე, არამედ იმაზეც, რა უნდა გავაკეთოთ, ვითარება, რომ გართულდეს, ბელარუსთან საზღვრების ჩაკეტვის ჩათვლით. ეს გადაწყვეტილება პოლონეთსა, ლიეტუვას და ლატვიას შორის უნდა იყოს კოორდინირებული”, – დასძინა ნაუსედამ.

“მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და ტურბულენტური გარემოს ფონზე, კიდევ უფრო იზრდება ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მნიშვნელობა”

ვაფასებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დიდ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, როგორც საგარეო და ეკონომიკური საფრთხეებისგან დაცვის კუთხით, ისე ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებებით , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დიდი ენერგია და თავდადებაა უსაფრთხოების და სტაბილურობის უკან, რომელსაც საქართველოს უსაფრთხოების სამსახური უზრუნველყოფს.

,,ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ეს თავისით ხდება, მაგრამ ვინ, თუ არა ჩვენ, კარგად ვიცით, რამხელა ენერგია, თავდადება და თავგანწირვაა ამ უსაფრთხოების და სტაბილურობის უკან, რამდენი ადამიანის გმირობა დგას ჩვენი ქვეყნის მშვიდობის და უსაფრთხოების სადარაჯოზე, რამდენი თქვენგანის ძალისხმევა და სამშობლოს სიყვარული დგას კედლად საფრთხეების პირისპირ.

მეორე მხრივ, ის, რომ ვიღაცას შეიძლება ეგონოს, რომ ეს თავისით ხდება, ესეც თქვენს პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

დღევანდელ მსოფლიოში არსებული გამოწვევებისა და ტურბულენტური გარემოს ფონზე, კიდევ უფრო იზრდება ძლიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მნიშვნელობა. ჩვენ არაერთხელ გავხდით ჰიბრიდული ომის სხვადასხვა სახის ტაქტიკის საქართველოს წინააღმდეგ გამოყენების მომსწრენი. ამის ნათელი გამოვლინებაა ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციაზე მიმართული სხვადასხვა დეზინფორმაციული კამპანია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებაა. ასეთ მოწყვლად საერთაშორისო გარემოში, როდესაც სხვადასხვა თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით ხდება ფაქტების მიზანმიმართული დამახინჯება და გაყალბება, რეალობის მიჩქმალვა და საზოგადოებისთვის ხელოვნურად შექმნილი აღქმების თავზე მოხვევა, კრიტიკული მნიშვნელობა ენიჭება ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გამართულ მუშაობას, რაშიც დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“რაკი ზახაროვა დაეთანხმა “ქართული ოცნების” მოსაზრებას, ტოლობის ნიშნის დასმა პრინციპულად და კატეგორიულად მიუღებელია” – მიხეილ სარჯველაძე

რაკი ზახაროვა დაეთანხმა “ქართული ოცნების” მოსაზრებას, აქედან გამომდინარე იგივეობის და ტოლობის ნიშნის დასმა პრინციპულად და კატეგორიულად მიუღებელია – ეს არის მანიპულაციური აზროვნების შეთავაზება საზოგადოებისთვის, რაც ამორალურობაა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც მარია ზახაროვას განცხადების კონტექსტში ოპოზიციის შეფასებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ოცნებისა” და რუსეთის ხელისუფლების განცხადებები იდენტურია.

რაც შეეხება თავად ზახაროვას განცხადებას, სარჯველაძე აცხადებს, რომ მისი კომენტარების ვერც მიზანშეწონილობას ხედავს და ვერც აუცილებლობას.

“მე ვთვლი, რომ არც აუცილებლობაა, არც მიზანშეწონილია, რომ ზახაროვას განცხადებებზე კომენტარები ვაკეთოთ, რადგან არ მგონია, რომ მისი შინაარსით ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებდეს. შეიძლება ეს იყოს საინტერესო ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ არა პოლიტიკური შეფასებების თვალსაზრისით.

რაც შეეხება ვისი მოსაზრება შეიძლება ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს იმ პარტიის მოსაზრებებს, რომელსაც მე წარმოვადგენ, არ მგონია, ეს თავისთავად უარყოფითად ან დადებითად მოქმედებდეს ჩვენი არგუმენტების სისწორეზე. რაკი ზახაროვა დაეთანხმა (ჩვენს) მოსაზრებას, აქედან გამომდინარე იგივეობის და ტოლობის ნიშნის დასმა პრინციპულად და კატეგორიულად მიუღებელია. ეს არის მანიპულაციური აზროვნების შეთავაზება საზოგადოებისთვის, რაც არის ამორალურობა, რადგან მსჯელობას, რომელსაც ავითარებს “ქართული ოცნება”, აქვს თავისთავადი ღირებულება, მართებულია და თუკი მას ისეთი ვინმე დაეთანხმება, ვინც შეიძლება საზოგადოებისთვის ავტორიტეტი არ იყოს, ეს მსჯელობა არ უკუღმართდება. აქედან გამომდინარე, დასკვნები მარტივად გაკეთებადია, მათ შორის, იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რაც საზოგადოებამ ნახა და გარკვეულ კითხვის ნიშნებს ბადებდა, მათ შორის პოლიტიკური პარტიების მცდელობასთან დაკავშირებით, რომ ხელოვნური პროტესტის ტალღები იქნას აგორებული და ვიწროპარტიული მიზნებით გამოყენებული. აქედან გამომდინარე მსჯელობა, რომ რაკი ზახაროვა დაეთანხმა მოსაზრებას, ტოლობის ნიშანი დაისვას, კატეგორიულად და პრინციპულად მიუღებელია,” – განაცხადა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბათუმში რუსი ტურისტებით საკრუიზო ლაინერის ჩასვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ამ აქციას ქვეყნის შიგნით არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდა და მას “რადიკალური ოპოზიცია დასავლელი სპონსორების მოთხოვნით აწყობს.”